„ზელენსკი, ადრე თუ გვიან, მოლაპარაკებაზე დათანხმდება“ - კვირის პალიტრა

„ზელენსკი, ადრე თუ გვიან, მოლაპარაკებაზე დათანხმდება“

ბრიტანულმა გაზეთმა "ფაინენშალ თაიმსმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორის ცნობით, ორბანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს გაუგზავნა კონფიდენციალური წერილი, რომელშიც საუბარია ტრამპის გეგმაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, უკრაინასა და რუსეთს მოსთხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკება... ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც­ მედია ტრამპის ე.წ. სამშვიდობო გეგმაზე წერს. ამ სტატიაში­ საინტერესო ის არის, რომ ეყრდნობა ორბანის წერილს, რომელიც მან მოსკოვში­ ვიზიტის შემდეგ დაწერა, და ამტკი­ცებს, რომ "ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას სწრაფად მოსთხოვს­ რუსეთს­ და უკრაინას, ინაუგურაციამდეც კი, იმავდროულად, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის პროპორცია მნიშვნელოვნად შეიცვლება და თანაც ევროკავშირისთვის არასასიამოვნოდ". ორბანის მოსკოვში ვიზიტის წინ "პოლიტიკო" ტრამპის ყოფილ მრჩევლებზე დაყრ­დნობით იუწყებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი, სავარაუდოდ, პუტინს შესთავაზებს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართო­ებაზე, ანუ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებაზე, რაც პუტინის გაცხადებული მიზანია. ამასთან, "პოლიტიკოს" თანახმად, ტრამპი მზად იქნება პუტინთან მოლაპარაკება გამართოს და ომის დასრულების სანაცვლოდ მას უკრაინის ტერიტორიები­ დაუთმოს. "როიტერსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპი განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვით, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს­, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდება. მათივე ცნობით, ეს არის ტრამპის ორი მთავარი მრჩევლის, კიტ კელოგისა და ფრედ ფლეიცის, 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების საბჭოში შტაბის უფროსების, გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, ცეცხლი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს არსებული ფრონტის ხაზების საფუძველზე შეწყდება. ცხადია, უკრაინისთვის ეს სცენარი მიუღებელია და ეს არაერთგზის განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. თუმცა 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია,­ რომ ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ისინი შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან პირისპირ შეხვედრაზე განიხილავენ, რა გზით შეიძლება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. გარდა ამისა, ზელენსკიმ ბრიტანულ BBჩ-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც თქვა, რომ თუ დასავლელი მოკავშირეები­ სიძლიერეს შეინარჩუნებენ, რუსეთთან ომის "ცხელი ფაზა" შესაძლოა ამ წლის ბოლომდე დასრულდეს... ამის პარალელურად, დასავლურ მედიაში გახშირდა სტატიები, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ევროკავშირსა და უკრაინას სერიოზული პრობლემები ელოდებათ და საჭიროა ამაზე ახლავე დაიწყონ ფიქრი. რას ნიშნავს ყოველივე ეს ომის დასრულებისთვის და რა შანსია, რომ ზელენსკის მოუწიოს პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამ და ასეთ შემთხვევაში, რა კონსენსუსის მიღწევაა მოსალოდნელი, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

sharashenidze_35d62.png

- თუ ამერიკა ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინას დახმარებას­ შეუწყვეტს, უკრაინა, რა თქმა უნდა, ვეღარ იომებს. ტრამპმა შეიძლება ევროპელებს უთხრას, ახლა თქვენ დააფინანსეთო. ევროპელები, ცხადია, ეტყვიან, ამას მარტო ჩვენ ვერ შევძლებთო და მაშინ ზელენსკი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სხვა გზა არ იქნება. მოლაპარაკების მაგიდასთან კი რა შეიძლება გადაწყდეს - ცეცხლის შეწყვეტა და მეტი არაფერი, ანუ კორეული სცენარი. ყოველივე­ უკვე რთული მოსალაპარაკებელი იქნება და მათ შორის, რუსეთთანაც, იმიტომ, რომ კრემლი არ შეწყვეტს არაოკუპირებული უკრაინის ნატო­ში არშესვლის საკითხის გატანას. პუტინისთვის ეს დარჩება წითელ ხაზად­ და, თუკი ნატოში უკრაინის შესვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დარჩება, შესაძლოა პუტინმა ომი არც შეწყვიტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხია და არა ცეც­ხლის შეწყვეტა, რადგან ცეცხლი ოდესმე შეწყდება, აი, მერე რა დაემართება უკრაინას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- დღევანდელი გადასახედიდან, რა იქნება­ დასავლეთისთვის წითელი ხაზი რუსეთთან დათმობაში?

- ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ მოლაპარაკების დაწყების­ დროს რა ფორმაში იქნება რუსეთი. ასევე­, რა ფორმაში იქნება რუსულ-ჩინური ურთიერთობა, რადგან რუსეთმა ჩინეთთან, ასე ვთქვათ, პარტნიორობით შედარებით უმტკივნეულოდ გადააგორა სანქციები.

- აშშ-ის უარის შემთხვევაში, რამდენ ხანს შეძლებს ევროპა უკრაინის დახმარებას?

- ამერიკის გარეშე ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამერიკისა და ევროკავშირის დახმარება ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ამიტომ მარტო ევროკავშირი ვერაფერს შეძლებს. ევროპაში, ალბათ, ბევრი პოლიტიკოსი ოცნებობს,­ რომ ზელენსკი დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან, მით უმეტეს, საფუძველი ექნებათ სათქმელად, ტრამპი აღარ ეხმარება უკრაინას და ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებითო. ალბათ, ემზადებიან კიდეც ახალი რეალობისთვის, რომელსაც მოასწავებს ტრამპის დიდი ალბათობით გაპრეზიდენტება. ევროპას ამჟამად უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა და დიდი ინდუსტრიული კომპლექსი რომ ჰქონდეს, მაშინ მოახერხებს უკრაინის დაფინანსებას, მაგრამ ევროპის ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული გერმანიაზე, მისი ეკონომიკის ზრდა კი თითქმის განულებულია. ძალიან დაარტყა სწორედ ამ ომმა, რადგან მანამდე სტაბილურად სარგებლობდა შედარებით იაფი რუსული გაზით, რომელიც ახლა შეწყვეტილია, კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთანაც და ახლა ესეც გადახედვის პირასაა. აქედან გამომდინარე, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ არის ისეთი კარგი, როგორიც იყო ომამდე. რაც შეეხება ევროპის ინდუსტრიულ კომპლექსს, რა თქმა უნდა, ევროკავშირი იმით არის კარგი, იმიტომ ვითარდება და არის სამოთხე, რომ ნაკლებ ფულს ხარჯავს შეიარაღებაზე. ის ფულს აბანდებს განათლებაში, სოციალურ უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურაში. ამიტომაც მისი შესაძლებლობები ამერიკასთან მნიშვნელოვნად მცირეა. შესაბამისად, საბოლოოდ იქით მივდივართ, რომ ზელენსკი, ადრე თუ გვიან, მოლაპარაკებაზე დათანხმდება. თუ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ვითარება უკრაინის სასიკეთოდ შეიცვლება, სხვა საკითხია, მაგრამ დრო ამისთვის ძალიან ცოტაა. ფრონტის ხაზზე ჯერ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. F-16-ებიც ვერა და ვერ მისცეს და რომც მისცენ, შეძლებს სასიკეთო ცვლილებების შეტანას? უკრაინას რა დახმარებაც გამოუყვეს, ჩემი აზრით, მომავალი წლის ზაფხულამდე ეყოფა, მაგრამ თუკი ტრამპი აპირებს შეუწყვიტოს დახმარება, ადრე თუ გვიან, ეს რეალობა­ ხომ დადგება? უკრაინას ამ პირობებში, ალბათ, ექნება კიდევ ერთი წელი და რაღაც თუ არ მოახ­ე­რხა, ან რაღაც­ თუ არ მოხდა რუსეთში, ვგული­სხმობ პოლიტიკურ არასტაბილურობას, მაშინ მივდივართ სწორედ ტრამპის გეგმამდე - ორივე მხარე დაითანხმოს, ალბათ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე...

ამჟამად ვერც ერთი მხარე ვერ მიიწევს წინ და თუკი ეს სტატუს-კვო შენარჩუნდება, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვე­ვაში რუსეთი წაიღებს უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილს. ოღონდ ისევ ვიტყვი - მნიშვნელოვანია, რა ბედი ელის უკრაინის დანარჩენ ნაწილს. თუ უკრაინა შედის ნატოში­ და რუსეთი ამას ხელს ვერ უშლის, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს მაინც რუსეთის დამარცხებაა. ამხელა უკრაინის 80% მაინც ხელუხლებელი რჩება და ეს ხომ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია საბოლოოდ დაკარგა და რაც მთავარია, მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

- ასეთ შემთხვევაში აღმოსავლეთ უკრაინაში სამართლებრივად რა იქნება, რუსეთი აკონტროლებს თუ იერთებს?

- რა თქმა უნდა, მიიერთებს და ამას აცხადებს კიდეც.

- ეს ხომ რუსეთისთვის დამატებითი ხარჯია და წავა ამაზე?

- მაინც რუსეთზე იქნება ჩამოკიდებული და არ ურჩევნია, მისი იყოს და ის მაინც ჰქონდეს სათქმელი თავისი ხალხისთვის, აი, ტერიტორია შევიერთეთო?

- მაშინ ეს ვითარება არც კორეის მსგავსი იქნება და არც გერმანიის. ასეთ მოცემულობაში როგორი იქნება საერთაშორისო დღის წესრიგი და უკრაინას, თუნდაც სამომავლოდ, გაერთიანების რა პერსპექტივა რჩება?

- რა თქმა უნდა, განსხვავებული ქეისია. კორეას ჰგავს იმით, რომ არც ერთი მხარე არ აღიარებს მეორეს. ყველა ომი ოდესმე მოლაპარაკებით მთავრდება. დაუსრულებელ ომს ვერავინ ვერ ქაჩავს, მათ შორის, ვერც რუსეთი. არც მას აქვს ამოუწურავი რესურსი, მაგრამ თავისი ხალხი არ ენანება, მანამდე კი უკრაინას ამოეწურება. უკრაინის ფრონტზე მყოფი მამაკაცების ასაკი საშუალოდ 43 წელია. ეს მეტყველებს, რომ პრობლემები აქვს. ბევრი გაექცა ომს. არც ის ვიცით, რეალურად რამდენი კაცია დაღუპული უკრაინის მხარეს.­ თუკი გაცდენილია 100 ათასს და, ალბათ, ასეცაა,­ ეს დიდი დანაკარგია უკრაინისთვისაც. იმედია, უკრაინაშიც ხვდებიან ამას. სხვა საქმეა, საჯაროდ რას ამბობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამაზე მაინც მიდის მუშაობა.

რუსა მაჩაიძე