რა ხდება უკრაინის ფრონტზე და რა სამი სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს საქართველო?!
რა ვითარებაა ამჟამად უკრაინის ფრონტზე და ომის გაგრძელების როგორი სცენარია მოსალოდნელი, ამის შესახებ გენშტაბის ყოფილი უფროსი, სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება.
- როგორც იკვეთება, რუსებისთვის მთავარი მიმართულება პოკროვსკია, თუმცა ვოვჩანსკსა და ზაპოროჟიეს რაიონში ცდილობენ წინ წაწევას. უნდა ითქვას, რომ რუსებს დიდი წინსვლა არც აქვთ. თავად განსაჯეთ, რუსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე - პოკროვსკიზე რუსებმა მთელი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ სამ კილომეტრზე წაიწიეს ანუ თვეში მხოლოდ ერთი კილომეტრით. ეს ის ტემპი არ არის, რაც თანამედროვე ტიპის შეიარაღებულ ძალებს შეეფერებათ მსგავსი ამოცანების შესასრულებლად, როგორც წესი, 4-6 დღე საკმარისია. არის ინფორმაცია, რომ პატარ-პატარა დასახლებების დაბრუნება ისევ დაიწყეს, ისეთების, რუკაზეც კი რომ არ არის აღნიშნული. დანაკარგი, რა თქმა უნდა, უკრაინელებსაც აქვთ, მაგრამ რუსების დანაკარგთან ახლოსაც ვერ მივა. რუსების შეიარაღებული ძალები კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგანან -
ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში რუს სამხედრო მოსამსახურეებს სასმელი წყალი არ ჰყოფნით. როგორც წესი, ზაფხულის სიცხისა და დაძაბული ბრძოლების დროს წყლის მოხმარება უფრო იზრდება. ერთ ჯარისკაცს დღეში ლიტრ-ნახევარი წყალი მაინც სჭირდება, თავად რუსების მონაცემებით კი ერთ ჯარისკაცზე 14 დღის განმავლობაში 18 ლიტრი წყალია გათვლილი, ისიც პლასტიკის ბოთლებით. მზეზე გაჩერებული პლასტიკის ბოთლები ცალკე პრობლემაა. ჯარისკაცებს წყალი საჭმლის მოსამზადებლადაც სჭირდებათ, სარეცხის გარეცხვაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. 18 ლიტრი წყალი დასალევად მხოლოდ 12 დღე ეყოფა. შესაბამისად, ხშირად უწევთ მდინარეებისა და ჭების დაბინძურებული წყლის სმა, რაც ტიფს იწვევს. დაზუსტებით ვიცი, რომ ტიფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა რუსულ არმიაში და დაღუპულებიც არიან.
- ომის სურათის როგორ განვითარებას ელოდებით.
- ომის სურათი საინტერესოდ ვითარდება. ბოლო დროს ძალზე გააქტიურდა უკრაინა. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ბელგოროდში კომენდანტის საათი გამოცხადდა, იქ არავის უშვებენ დაჯავშნული მანქანებისა და ჯავშანჟილეტების გარეშე. შეიძლება ითქვას, რუსებმა ბელგოროდი მოსახლეობისგან თითქმის დაცალეს და ნაცრისფერ ზონად გამოაცხადეს. სულ ცოტა ხნის წინ ყირიმის უბესა და ნოვორისიისკის საწვავის სათავეს ათეულობით უკრაინულმა დრონმა შეუტია. რა შეიძლება შეიცვალოს? მე არ ვიცი, პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, მაგრამ უკრაინას რაც აქვს მოთხოვნილი, ის დიდწილად მიღებული აქვს. ბოლოს 2 ნახევარი მილიარდი დოლარის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება გადაწყდა უკრაინული არმიისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, კონფლიქტი ხანგრძლივი ომისა და გამოფიტვის ფაზაშია გადასული. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ვინ როგორ შეძლებს დაკარგული რესურსების შევსებას - რუსეთი ირანიდან და ჩრდილო კორეიდან ცდილობს დანაკარგის შევსებას, უკრაინა - დასავლეთიდან.
- შესაძლოა დასავლეთში რადიკალურად შეიცვალოს პოლიტიკური მოცემულობა, რაც თავისთავად შეცვლის სამხედრო მოცემულობასაც. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელსაც არჩევნების მოგების დიდი შანსი აქვს, ამბობს, რომ დაასრულებს ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომსაც. ასევე ვრცელდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაც, რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერს მშვიდობას, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას და რუსები ამას მიესალმებიან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების სცენარი?
- ერთია წინასაარჩევნო განცხადებები, ხოლო მეორე პრეზიდენტის რანგში გაკეთებული. სამხედრო თვალსაზრისით, ამერიკის მიერ უკრაინის დათმობა არანაირ კონტექსტში არ ჯდება. სულაც არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ომის სწრაფად დასრულებას უკრაინის დათმობის ხარჯზე აპირებს.
- რა უნდა გააკეთოს ტრამპმა ისეთი, რომ ომი უკრაინის სასარგებლოდ და სწრაფად დაასრულოს?
- ამისთვის ერთადერთი საშუალებაა უკრაინის დახმარების გაძლიერება. დღეს დასავლეთი უკრაინას ნამდვილად ეხმარება, ეფექტური, მაგრამ საკმაოდ მოძველებული, 70-იანი, 90-იანი წლების სისტემებით. თანამედროვე მოდელის იარაღის მიწოდების შემთხვევაში უკრაინულ არმიას ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ექნება. არ არის გამორიცხული, ტრამპის ინიციატივით უკრაინელი პრეზიდენტი მართლაც დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ გაცილებით უკეთესი პირობებით, ვიდრე პუტინი აყენებს. ვფიქრობ, საუბარი იქნება უფრო ცეცხლის შეწყვეტაზე, ვიდრე ომის საბოლოო დასრულებაზე.
- ჩვენ გვახსოვს ზელენსკის განცხადება, რომ არ შეიძლება მკვლელი პუტინის ნდობა, რომ ამ დროს აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ დაისვენოს და თავიდან შეუტიოს უკრაინას.
- არც ასეა საქმე.
თუ უკრაინა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრდა, უკრაინული არმია კიდევ უფრო გაძლიერდა და უფრო თანამედროვე იარაღით აღიჭურვა, რუსეთს ნამდვილად არ მიეცემა ხელახალი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა.
- თუმცა დასავლურ მედიაში განიხილება სცენარი, რომლის მიხედვითაც, ტრამპი უკრაინას, საქართველოს და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს უთმობს რუსეთს.
- ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის, აზრს მოკლებული და აბსურდული სცენარია. რატომ უნდა წავიდეს ტრამპი ასეთ დათმობაზე? რა უნდა იყოს მიზანი? კარგი, ვთქვათ გაგიჟდა ტრამპი და დათმო, ნატოს წევრი თურქეთი იქ არ არის? ან ევროპის ინტერები სად არის? ჩინეთთან დამეგობრებული რუსეთის გაძლიერება რატომ უნდა აწყობდეს ტრამპს, რომელიც ჩინეთს ამერიკის უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევს? ერთადერთი, რაც შეიძლება ტრამპმა გააკეთოს, რუსეთი ბოლომდე არ დაასუსტოს, რომ მერე ამით ისევ ჩინეთმა არ ისარგებლოს და კიდევ უფრო არ გაძლიერდეს. საქართველოსა და უკრაინის დათმობის აზრს, უბრალოდ, ვერ ხედავ.
- როგორ გგონიათ, რუსების იმედი, ტრამპის გაპრეზიდენტებისა რას ეფუძნება?
- ერთი ასეთი კითხვა მაქვს - რა შეიძლება დათმოს რუსეთმა იმის სანაცვლოდ, თუ ამერიკა სამხრეთ კავკასიას დათმობს, უკრაინა?! ხომ აბსურდამდე მივდივართ? თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანს რას უშვრებიან? ამერიკა არც 90-იანი წლების საქართველოა და არც სადამ ჰუსეინის ერაყი და იქ ერთი პირი, თუნდაც პრეზიდენტი, ერთპიროვნულად ვერ იმოქმედებს.
- ამ მოცემულობაში საქართველო როგორ უნდა ხედავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და რისთვის უნდა ემზადებოდეს?
- ახლა საქართველო უნდა ემზადებოდეს რამდენიმე სხვადასხვა სცენარისთვის - რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი პერიოდისთვის, პუტინის შემდგომი რუსეთისთვის, რეგიონში არსებული ვითარების გამწვავებისთვის. საქართველოს წინაშე დღეს ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.
ხათუნა ბახტურიძე