„ოპოზიციას გამარჯვების სურვილი არა აქვს“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიციას გამარჯვების სურვილი არა აქვს“

"მიმდინარეობს ქართველი ერის ინტე­რესების ღიად ხელყოფა, პოლიტიკური­ პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა ქართველი ერის ინტერესების ღალატია", - ასე აფასებს ოპოზიციურ ველზე მიმდინარე პროცესს პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი. შეგახსენებთ­, რომ ცოტა ხნის წინ პარტია­ "ლელო", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" გაერთიანდნენ და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ოპოზიციური ველიდან­ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამზე მეტი პოლიტიკური ცენტრი იბრძოლებს, რაც ანალიტიკოსების­ აზრით, მმართველი­ გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა - საქართველოს გადარჩენის­თვის"; "ახალი", "დროა" და "გირჩი" - მეტი თავისუფლება"; პარტია "ლელო", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" - ამ სამი პოლიტიკური პლატფორმის მიღმა კიდევ არაერთი პროდასავლური პარტიაა და შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკური პლატფორმა­ შეიქმნება. ანალიტიკოსების აზრით, მხოლოდ ოთხი პოლიტიკური პლატფორმაც რომ შეიქმნას და მათგან რომელიმემ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახოს, ეს "ქართული ოცნების" ინტერესებს­ მოემსახურება­. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები წინასაარჩევნოდ და რა შეიძლება მოხდეს 26 ოქტომბრის შემდგომ, ანალიტიკოსი­ მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება:

- შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ოპოზიციას გამარჯვების სურვილი არა აქვს, მათ ქმედებაში გამარჯვებისკენ სწრაფვის ლოგიკა არ იკვეთება. გამარჯვება რომ უნდოდეთ, გაერთიანებაზე იზრუნებდნენ და ერთიანი ძალით შეეცდებოდნენ "ქართული ოცნების" დამარცხებას.

- აბა, რისთვის იბრძვიან?

- რაც დრო გადის, უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიცია ცდილობს ისარგებლოს "ნაცმოძრაობის" დასუსტებით და მოიპოვოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. შესაბამისად, ისინი იბრძვიან არა "ქართული ოცნების", არამედ "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ. ამ გადასახედიდან ოპოზიციური ძალების მოქმედებები, რომლებიც აუხსნელი და ლოგიკას მოკლებულად გვეჩვენება, გასაგები ხდება. რაც დრო გავა, ეს უფრო ცხადად გამოიკვეთება.

- ოპოზიციის ნაწილი შიშობს, რომ "ნაცმოძრაობასთან" ერთობის შექმნის შემთხვევაში­ საკუთარ ელექტორატს და შესაბამისად იდენტობასაც დაკარგავს. ამასთან, არ სურთ მმართველ გუნდს "ნაციონალებთან" ერთად "ერთ ქვაბში­ მოხარშვის" შესაძლებლობა მისცენ.

- არის ამაში ლოგიკა, მაგრამ სიმართლე მაინც არ არის. საჯაროდ არ იტყვიან, მაგრამ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანების იმიტომ ეშინიათ, რომ ერთობაში საკუთარ ინტერესებს ვერ ხედავენ. ისინი ხომ სინამდვილეში ერთმანეთის კონკურენტები არიან?!

"ნაციონალური მოძრაობა" 12 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების"­ დიდი პატერნალიზმით სარგებლობდა. ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობდა "ნაცმოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად დაეტოვებინა ოპოზიციურ ველზე, რადგან იცოდა, ამ პარტიას, მისი წარსულის­ გათვალისწინებით, ხმები არ ეყოფ­ოდა არჩევნებში გასამარჯვებლად და თუ კარგად მოუვლიდა, გააბატო­ნებდა ოპოზიციურ ველზე, "ქართული ოცნება" გარანტირებულად გამარჯვებული პოლიტიკური ძალა იქნებოდა. ბოლო დროს მოვლენები ისე განვითარდა, რომ "ნაცმოძრაობამ" დაკარგა შესაძლებლობა სასარგებლო ყოფილიყო ივანიშვილისთვის. ამიტომ მან ეს პროექტი დახურულად გამოაცხადა. ამას მიხვდნენ სხვა ოპოზიციური ძალები და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის გაიმართა ბრძოლა. იმ რიტორიკით, რომ თითქოს გამარჯვებისთვის ცალ-ცალკე ბრძოლა ჯობს, ქართველი ერის ინტერესების ხელყოფა ღიად მიმდინარეობს.

- "ნაცმოძრაობა" რისთვის იბრძვის, არსე­ბული სტატუსის შესანარჩუნებლად?

- რასაკვირველია! "ნაცმოძრაობის" ბოლო 12-წლიან ისტორიას თუ დავაკვირდებით, ის არასდროს იბრძოდა გამარჯვებისთვის. ამ პარტიის ერთადერთი მიზანი­ სტატუსის შენარჩუნება იყო და არის.

- რა ხეირია მთავარი ოპოზიციური ძალისთვის წლების განმავლობაში ერთი და იმავე სტატუსის შენარჩუნება?

- საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ხელისუფლებისგანაც ბევრი ფარული "პრეზენტი" მოჰყვება­ - ბიზნესის მფარველობით დაწყებული, სოლი­დური სახელმწიფო დაფინანსებით დამთავრებული, დასავლეთის დიდი ფინანსური მხარდაჭერა და ყურადღება. შესაბამისად, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის ბრძოლას ნამდვილად აქვს მოტივაცია.

ამ სტატუსისთვის ბრძოლა დაუნდობელი­ იქნება, ასეთი ლოგიკით პოლიტიკური პროცესების წარმართვა კი რეალურად ერის ინტერესების ღალატია, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ღალატს ხმაურიანი განცხადებებით შენიღბავენ.

- ყველას ერთ ქვაბში ხარშავთ თუ გამონაკლისსაც ხედავთ?

- ნეტავ ვხედავდე, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვხედავ! ოპოზიციურ ველზე ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ ვატყობ იმის ნებასა და შესაძლებლობას, რომ "ქართულ ოცნ­ებას" შეუქმნას საფრთხე. ნახეთ, რა მარტივად ჩაიშალა ზურაბიშვილის ინიციატივა, მისი ქარტია ფარატინა ქაღალდად დარჩა. ოპოზიციური ერთობის ერთადერთი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის ინტერესი. პრობლემა ის არის, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტა შიდაპოლიტიკურ პროცესებში ისეა ჩართული, რომ ქართული ოპოზიციისთვის არ სცალია. "ქართულ ოცნებასთან" ერთი ერთზე დარჩენილი ოპოზიცია აცნობიერებს, რომ საკუთარი რესურსებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაუპირისპირდება. ივანიშვილს ახლა ოპოზიცია ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის, მისი მთავარი პრობლემა ახლა გლობალური მასშტაბით ერთმანეთთან დაპირისპირებულ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ბალანსის მოძებნაა.

- ცხადად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გადაწყვიტა ურთიერთობის დალაგება. რამდენად სწორია მისი არჩევანი?

- ივანიშვილის არჩევანი მართლაც ცხადია. როგორც ჩანს, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მას მოეჩვენა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და ღია ფსონი დადო. აქ ერთი გარემოებაა საინტერესო - ივანიშვილს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაედო ეს ფსონი. ტრამპზე ფსონის დადება ნიშნავს დაპირისპირებას ამერიკის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, რომელსაც ძალიან მარტივად შეუძლია დიდი ზიანის მიყენება როგორც პირადად ივანიშვილისთვის, ასევე მისი პოლიტიკური ძალისთვის. როგორც ჩანს, ტრამპის გარემოცვა, რომელიც მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს ეძებს, ივანიშვილთან კონტაქტზე თავად გამოვიდა და ფსონის დადებაც ამის შედეგი იყო.

xazaraze-1721589290.jpg

- ეს მაინც ძალიან დიდი რისკია.

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ტრამპზე თავდასხმის შედეგად მისმა რეიტინგმა სულ რაღაც 2%-ით მოიმატა, რაც ბევრს არაფერს ნიშნავს. მსოფლიო ანალიტიკოსები, მათ ანალიზზე დაყრდნობით კი ბიძინა ივანიშვილი, ვარაუდობდნენ, რომ ტრამპის მხარდაჭერა 8-10%-ით გაიზრდებოდა, როგორც 4 წლის წინ ბრაზილიის პრეზიდენტ ჯაილ ბოლსონარუზე და 10 წლის წინ როლანდ რეიგანზე თავდასხმის­ შემთხვევაში. თუმცა მაშინ სერიოზული ჭრილობები, ოპერაციები და რეანიმაციები იყო, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა. ამიტომ მხარდამჭერთა რიცხვმაც მცირედით მოიმატა და შესაბამისად, ის რისკები, რაც ტრამპის საარჩევნო კამპანიას ახლდა, ისევ ძალაშია.

- რა რისკებს გულისხმობთ?

- ხაფანგს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუგო ტრამპს - ნიუ-იორკის სასამართლოს 11 ივლისს ტრამპის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა მის დადასტურებულ თაღლითობასთან დაკავშირებით, მაგრამ 18 სექტემბრისთვის გადადეს. საყოველთაო შეფასებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ რესპუბლიკელებს კანდიდატის გამოცვლის საშუალება მოუსპონ. 11 ივლისს რომ ტრამპი დაეჭირათ, სამაჯური გაეკეთებინათ ან სხვაგვარად შეეზღუდათ, რესპუბლიკელები კანდიდატს გამოცვლიდნენ და საარჩევნო კამპანიას სრულფასოვნად ჩაატარებდნენ. 18 სექტემბერს რომ ტრამპი­ შეზღუდონ, მისი რეიტინგიც დაეცემა და აღარც კანდიდატის გამოცვლის დრო და საშუალება იქნება. არადა, ნიუ-იორკის სასამართლოში გადაწყვეტილებას იღებენ მოსამართლეები, რომლებიც დემოკრატების უპირობო მხარდამჭერები არიან. ნიუ-იორკში, ჯორჯიასა და სხვა შტატებისგან განსხვავებით, მათ აბსოლუტური დომინაცია აქვთ. ამასთან, დემოკრატებს ბაიდენის კანდიდატურის გამოცვლის შანსიც აქვთ. ტრამპის ბედი ორ ფაქტორზეა დამო­კიდებული - დემოკრატებმა­ ბაიდენი არ უნდა გამოცვალონ და 18 სექტემბერს სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს. თუ ეს ორი ფაქტ­ორი არ იმუშავებს, ტრამპის გაპ­რე­ზიდენტების შანსი ძალიან დიდია.

სულ სხვაგვარად მოქმედებს ზელენსკი, ის ტრამპის ბანაკში გადასახტომად მთელ რიგ კომბინაციებს­ ქმნის.

უკრაინაში ზელენსკის მოწინააღმდეგე გუნდი ისედაც ტრამპისტების დაჯგუფებაა, რომლებსაც მთელი რიგი თანამდებობები წინასწარ აქვთ განაწილებული. მათი ნაწილი უკრაინაშია, ნაწილი - უცხოეთში. ზოგიერთს პირადად ვიცნობ. ახლა ზელენსკი მათ ველზე ფარულად თამაშს ცდილობს, ბიძინა კი ძალიან დიდ რისკზე წავიდა.

- ზოგიერთი ვერსიით, ივანიშვილი ასეთ რისკზე პროდასავლური ელექტორატის შენარჩუნების მიზნით წავიდა.

- კი ბატონო. ჩემი ინფორმაციით, ერთი თვის წინ ამერიკელებმა საქართველ­ო­­ში­­­ კვლევა ჩაატარეს - გაირკვა, რომ ქართულ მედასავლეთეებში ტრამპისტები­ დემო­კრატების­ მხარდამჭერებზე ცოტა ნაკ­ლ­ები არიან - 45X55-ზეა. მე ყურადღება გავამახვილე იმ რისკებზე, რაც შეიძლება ივანიშვილის რიტორიკას მოჰ­ყვეს, თუ მან აქცენტები არ შეცვალა.­ არა მგონია, ერთი-ორმა განცხადებამ ივანიშვი­ლს­­­ სერიოზული რისკები შეუქმნას, მაგრამ­ თუ ასე გაგრძელდა, დემოკრატების ადმინისტრაციისგან ძალიან მკვეთრი პასუხები­ იქნება. ვფიქრობ, ივანიშვილი­ შეეცდება­ გაანელოს, როგორც საკუთარი, ასევე "ოცნ­ების" პოლიტიკოსების რიტორიკის სიხისტე.

- თუ ივანიშვილს მართლაც ტრამპის მომხრეებმა სთხოვეს მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირება, რა შეიძლება შეეთავაზებინათ გაწეული რისკის საფასურად?

- ძალიან სწორი კითხვაა. ეს, რა თქმა უნდა, ტრამპის კი არა, მისი მომხრეების ინიციატივა იქნებოდა. რაც შეეხება საფას­ურს, ეს იქნებოდა მომავალი პოლიტიკური­ ცხოვრების იმდაგვარად დალაგება, როგო­რადაც ივანიშვილმა თავის სიტყვაში წარმოაჩინა - თქვა, რომ 6 თვეც უნდა გაეჭირვებინათ და დასავლეთთან ურთიერთობა­ დალაგდებოდა, დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების გასაღები კი ვაშინგტონშია.

თუ მართლა დედას არ აგინებ, ევროპული­ ქვეყნების ლიდერებს, ყველაფრის მოგვარება შეიძლება ვაშინგტონში. სავარაუდოდ, ივანიშვილს დაჰპირდნენ, რომ მისი ყველა ფინანსური და პოლიტიკური პრობლემა დემოკრატების გადარჩევასთან ერთად დამთავრდება. ეს ძალიან სერიოზული სტიმული იქნებოდა ივანიშვილისთვის.

2-1721589291.jpg

- რა უნდა ქნას ივანიშვილმა, თუ ხელი­სუფლებაში დემოკრატები დარჩებიან?

- ივანიშვილს, როგორც ძალიან ფრთხილ ადამიანს, წესით, უნდა ჰქონდეს გეგმა ბე. აი, რაში მდგომარეობს ის, ამაზე პასუხი უახლოესი დღეების ან კვირების განმავლობაში განვითარებულმა პოლიტიკურმა­ პროცესმა და "ქართული ოცნების" რიტორიკამ უნდა მოგვცეს. ეს მართლაც საინტერესო ამბავია. უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში საქართველოში­ ამაზე საინტერესო პროცესი არ იქნება, ოპოზიციის ქმედებაში კი ვერავითარ ინტრიგას ვერ დავინახავთ... ერთადერთი შიდა საფრთხე, რაც ბიძინა­ ივანიშვილს ამერიკის ხელისუფლებაში დემოკრატების დარჩენის შემთხვევაში შეიძლება შეექმნას, არჩევნებით უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოსვლაა. სხვა საფრთხე ივანიშვილს ქვეყანაში არ ემუქ­რება, მხოლოდ რუსთაველზე გამართული მიტინგები "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკული არ არის. ხალხის მიტინგები­ მთელ ქვეყანაში კი საფრთხეა ივანიშვილისთვის, მით უფრო, თუ ქუჩაში გამოსულ ხალხს ამერიკის ადმინისტრაცია დაუჭერს მხარს.

- სანამ ამერიკაში გადაწყდება, ვინ დარჩება­ ხე­ლისუფლებაში, მანამდე საქართველოშია­ არჩევნები. შესაბამისად, ბაიდენის ადმინისტრა­ც­იას შეუძლია ივანიშვილს პრობლემები შეუქმნას.

- დიახ, "ქართული ოცნებ­ის­თვის"­ 26 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს შორის სახიფათო ათი დღეა. ამ დროის განმავლობაში მმართველი გუნდისთვის სერიოზული პრობლემების შექმნაა შესაძლებელი, მაგრამ იცით, საქმე რაშია? ამერიკის პოლიტიკურ ელიტას არჩევნებამდე ათი დღით ადრე გონება ებინდებათ და საკუთარი არჩევნების იქით არაფერი აინტერესებთ. ამიტომ ივანიშვილისთვის ეს ათი დღე რისკის შემცველი არ არის.

- არჩევნებში დამარცხების შემთხვევაშიც კი დემოკრატები ხელისუფლებაში 20 იანვრამდე­ დარჩებიან.

- დიახ, მაგრამ ამერიკის ფუნდამენტური პოლიტიკური ტრადიცია ასეთია - არჩევნებში დამარცხებული სახელისუფლებო ძალა საგარეო პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. როგორც ჩანს, ივანიშვილს ესეც გათვალისწინებული აქვს.

- საბოლოოდ რას ელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან?

- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კლასიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის­ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში განვითარებულ მოვლენებს. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების­ შემთხვევაში რისკის წინაშე დგას როგორც ოპოზიცია, ასევე ივანი­შვილი - საქართველოში დიდი პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნება. ისეთი დიდი რისკებია, რომელთაც ქართული პოლიტიკური და ექსპერტთა წრეები ვერ აცნობიერებენ, პროცენტების დათვლით არიან დაკავებული და ის კი არ იციან, რომ ეგ პროცენტები შეიძლება ოხრად დარჩეთ.

ხათუნა ბახტურიძე