„ომი თუ მშვიდობა“ VC „რუსეთი თუ დასავლეთი“ - კვირის პალიტრა

„ომი თუ მშვიდობა“ VC „რუსეთი თუ დასავლეთი“

საარჩევნოდ ქართული პოლიტიკური­ ლანდშაფტი, ფაქტობრივად, დალაგებულია. "ქართული ოცნება" ისევ შეიერთებს­ დასავლეთის სალანძღავად გამოყოფილ "ხალხის ძალას" და ერთი­ანი სიით გამოვა. მათ ხელახლა გაერთიანებას იმით ხსნიან, რომ "ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს მხარდამჭერების მობილიზებას. ოპოზიცია კი თავს უკვე გამარჯვებულად აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ძლიერი ე.წ. მესამე ძალა იკვეთება და არც რაიმე ახალი უთქვამთ. მათი საარჩევნო მესიჯებიც, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ისევ ისეთია, რაც აქამდე გვესმოდა­. "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ისევ ომით აშინებს და ბონუსად ე.წ. სუვერენიტეტის დაცვას ამატებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის უნდა გაკეთდეს. არჩევანი კი საზოგადოებამ უნდა გააკეთოს და რომლის მესიჯი უკეთ იმუშავებს, ცხადია, არჩევნ­ებზე­ გამოჩნდება. პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ­ საყვარელიძე­ ამ მესიჯებს საერთა­შორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს.

- ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო მესიჯები გამოკვეთილია. "ოცნების" "ომი თუ მშვიდობა", ოპოზიციის "რუსეთი თუ დასავლეთი", როგორ იმუშავებს ეს მესიჯები?

- ამაზე პასუხისთვის გამოკვლევებია საჭირო... პირადად მე მეორე მესიჯი უფრო წამგებიანად მეჩვენება, რადგან ძალიან ადვილად გასაბათილებელია. უკვე თქვა კიდეც ზოგიერთმა ანალიტიკოსმა, რომ ხელისუფლებას ამ ყბადაღებული კანონის გარდა, არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც მიუთითებს რუსულ მიმართულებაზე. ეს კანონიც რამდენად არის ამის მაჩვენებელი, ძნელი სათქმელია, რადგან რაიმე კანონის მიღებით პოლიტიკური ორიენტაციის ჩამოყალიბება არ ხდება. თვითონ რუსულ სინამდვილეშიც ჯერ არსებობდა პუტინის დიქტატურა და მერე ამ დიქტატურამ თავის­ ინსტრუმენტად შექმნა ის კანონი, თორემ კანონს რომ შეექმნა დიქტატურა, ასეთი რამ ძალიან იშვიათია.

- გვითხრეს, რომ ამ კანონის მიღებით­ ვშორდებით დასავლეთს და როცა მაინც იღებ, ლოგიკურად ხომ ნიშნავს, რომ რუსეთის გავ­ლენის სფეროში რჩები? გარდა ამისა,­ დასავლეთის მტრად გამოცხადება, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ არის ის ნაბიჯები, რაც სწორედ ამ არჩევანის წინაშე გვაყენებს - დასავლეთი თუ რუსეთი?

- ჩინეთთან ურთიერთობა ბუნებრივია საქართველოსთვის, როგორც ევრაზიული ხიდის ფუნქციის შემსრულებელი ქვეყნისთვის. ბოლო ხანებში დიდი ყურადღება მიიპყრო ტრამპმა. მისი გამოსვლა რესპუბლიკელების ყრილობაზე ძალიან საყურადღებო იყო, განაცხადა, ჩინეთს უნდა ვებრძოლოთო, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტად ვინც დაასახელა, იმან თქვა, მომავალ წლებში ამერიკის კონცენტრაცია აღმოსავლეთ აზიისკენ იქნებაო. ეს იმ მხრივ არის საინტერესო, რომ ტრამპი იყო ის ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტობის დროს საქართველოში ვიზიტით გამოუშვა მაშინდელი სახელმწიფო მდივანი პომპეო, რომელმაც ანაკლიაზე თქვა, აქ ჩინეთი არ დავინახოო. ასევე ტრამპის დროს დაინიშნა საქართველოში ელჩად კელი დეგნანი, რომელიც საზღვაო კანონმდებლობის სპეციალისტია - ანუ აშშ-ის ყურადღება კონცენტრირებული იყო საქართველოს საზღვაო­ პოტენციალზე. ამიტომ არის ზოგიერთი ნიუანსი მნიშვნელოვანი ტრამპის გამოსვლაში. მან თქვა, ჩვენ კონფრონტაციას ჩინეთთან არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია, ჩინეთს ეკონომიკურად ვაჯობოთო. ჩინეთი ხომ ამერიკისთვის­ მტრად იმის გამო აღიქმება, რომ ამერიკის კონკურენტია ეკონომიკაში. ტრამპმა ეს ასპექტი ასე შემოატრიალა, რაშიც არის კონკურენტი, იმაში უნდა ვაჯობოო. ტრამპის გამოსვლის ერთ-ერთი ნაწილი­ ის იყო, რომ მთელი წარმოება უნდა დაუბრუნდეს ამერიკას, რათა გახდეს ისევ ისეთი ძლიერი ქვეყანა თავისი საწარმოო პოტენციალით, როგორიც იყო ოდესღაც. აი, ამის შემდეგ მოაყოლა ჩინეთის ამბავი. თუკი სამომავლოდ ამერიკის პოლიტიკა არ იქნება კონფრონტაციული, მაშინ საქართველოსთვისაც მომგებიანი და სამშვიდობო ხაზია.­ თუკი კონფრონტაცია გაგრძელდება, მაშინ ამერიკა სულ იქნება იმის მოთხოვნაში, რომ ჩაიჭრას ჩინეთთან გზა, ეს კი ჩვენ არ გვაწყობს. გავიხსენოთ, რომ "ქართული ოცნების"­ ნაბიჯები ჩინეთისკენ ფარულად გადაიდგა, ჩინური "მატარებელი" ისე შემოვიდა, არავინ იცოდა. მერე აქედან ღარიბაშვილის დელეგაციაც ისე წავიდა, ყველამ იცოდა, რომ სპორტულ ღონისძიებაზე იყვნენ წასული და ამ დროს გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა - ანუ საქართველო აშკარად არიდებდა და არიდებს დღესაც თავს ჩინეთთან ურთიერთობის აფიშირებას და ამის ერთადერთი მიზეზი ამერიკული პოლიტიკაა. ასე რომ, რადგან საქართველო ეშმაკობს, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ფაქტორის გამოჩენა მისთვის არ არის შემთხვევითი. სავარაუდოდ, ჩინეთიც­ ეშმაკობს, რადგან­ ახლახან ჩინეთის საელჩოს თავის განცხადებაში არ უხსენებია არც აბრეშუმის გზა, არც ანაკლია და არც არაფერი - ანუ ახდენს იმის აფიშირებას­, რომ გვაქვს ჩვეულებრივი მშვიდობიანი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ასე რომ, ეს დიდი "სპილოები" გაჩერებული არიან. ამერიკაში "სპილოს" ბედი ჯერ არ გარკვეულა, არჩევნები უნდა გაიმართოს, ჩინური "სპილო" კი გაჩერებულია.

ტრამპმა თუ გაიმარჯვა, როგორც ამბობს, შეაჩერებს ომს, ამან შეიძლება შეცვალოს ძალიან ბევრი რამ და მათ შორის, მოხსნას საქართველოსთვის ომის თემაც. ივანიშვილმა ბოლო გამოსვლისას სათქმელი ბოლომდე არ მიიყვანა და ეს ბუნებ­რივია, რადგან ამ ტიპის გამოსვლებში ოპტიმისტური უნდა იყოს, გაუგებრობა და ორაზროვნება არ უყვარს საჯარო გამოსვლებს და, თუკი ამ სათქმელს ბოლომდე მიიყვანდა, ალბათ, იტყოდა, გააჩნია, ამერიკის არჩევნებში რა მოხდებაო. თუკი ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობა იქნება, საქართველოს ფუნქცია სად არის? საქართველოს, როგორც დაინტერესებულ მხარეს, შეუძლია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს რაღაცები შესთავაზოს. გავიხსენოთ რომ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი საქართველომ შესთავაზა ამერიკას და მერე ამერიკამ დაიწყო ლაპარაკი, სად გადის ჩვენი ინტერესებიო. ასე რომ, ეს არ არის იშვიათობა, როდესაც პატარა ქვეყანა დიდს კარნახობს, რა გააკეთოს ისეთი, რაც დიდსაც აწყობს და პატარასაც. ერთ-ერთი ფუნქცია საქართველოს მომავალ სამყაროში სწორედ ეს იქნება. ომი თუ გაჩერდება, რაზეც ივანიშვილი ლაპარაკობდა, არ ნიშნავს, რომ მსოფლიო ისევ ისეთი იქნება, როგორიც მანამდე. ყველა ამბობს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდება. თუ დამყარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ახალი ფუნქცია უნდა იპოვოს და ეს არის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური მიზანი მომავალი საქართველოსთვის. ასე რომ, ომის დასრულება არ ნიშნავს გულხელდაკრეფილ ყოფნას. პირიქით, მერე იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური მუშაობა სჭირდება.

- მაშინ ოპოზიციას რისი იმედი აქვს? ოპოზიციური ფლანგი თავს უკვე გამარჯვებულად აცხადებს და თუნდაც არჩევნებამდე არ იმუშავებს მათი მესიჯი?

- ეგ უძველესი ფორმულაა, რომლის ერთ-ერთი აქტიური დამცველი კისინჯერი იყო, რომ დიდმა "სპილოებმა" ერთმანეთს არ უნდა ებრძოლონ. აზიური ანდაზაა, სპილოები რომ იბრძვიან, ჭიანჭველები უნდა გაშორდნენ იქაურობასო. ცხადია, ჩვენ ვერ გავშორდებით, რადგან ჩვენს თავზე იბრძვიან - ანუ ამ დაპირისპირების ცენტრში ვართ. თუკი აღმოჩნდება, რომ ამ "სპილოების" ბრძოლა დადგა დღის წესრიგში, მაშინ ერთმანეთს ეჯახება ორი ძალიან დიდი ქვეყანა და მათმა ჯახმა შეიძლება მსოფლიო წაიყოლიოს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ამერიკაში არჩევნები რითი დამთავრდება და ამერიკელები უკვე სამოქალაქო ომზე ლაპარაკობენ, რაც აგრეთვე წაიყოლიებს მსოფლიოს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ლამის მსოფლიო ომი გამოიწვია. არის კრიზისები, რომლებიც მსოფლიოსთვის ხდება. ამ ფონზე კი უფრო მეტად უნდა ველოდოთ, რომ დიდი ქვეყნები ერთმანეთს არ დაეჯახებიან. ისევე როგორც აშშ და სსრკ ერთმანეთს უშუალოდ არ დაეჯახა და უამრავ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჰქონდათ შეჯიბრება სწორედ იმიტომ, რომ ეს კატასტროფა არ მომხდარიყო. ამიტომ სავარაუდოა, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაც საღი აზრით განვითარდება, ერთმანეთთან დაჯახების გარეშე.

რუსა მაჩაიძე