ცუდი მშვიდობის მცდელობა, რომელიც შესაძლოა უფრო დიდი ომით დასრულდეს?!
მსოფლიოს ლიდერები დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის მოძრაობის ტრაექტორიას, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით შეხვდა ზელენსკის, სი ძინპინს, პუტინსა და ტრამპს. "დიდი დონალდი" ორბანისთვის "ბოლო გაჩერება" იყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებს წარუდგინა უკრაინაში ომის შეწყვეტის გეგმა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკება. ორბანი მიიჩნევს, რომ კიევი-მოსკოვის მოლაპარაკებაში ამერიკისა და ევროკავშირის გარდა, ჩართული უნდა იყოს ჩინეთი და გლობალური სამხრეთის ქვეყნები (აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის წამყვანი სახელმწიფოები). კონკრეტულად არ არის ცნობილი, არის თუ არა დეტალიზებული გეგმაში, რომელმა მხარემ რა უნდა დათმოს ან რა უნდა მიიღოს. ალბათ, ამაზე დღეს მსჯელობა სისულელეა. თუმცა უცხოელ ექსპერტებს ყველაზე რეალურად შემდეგი სქემა მიაჩნიათ - მხარეები ჩერდებიან იმ პოზიციებზე, სადაც დღეს იმყოფებიან, და იწყება ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი ანუ ომი კონსერვდება.
რა თქმა უნდა, ორბანი პუტინისადმი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსად მიიჩნევა ევროკავშირში. უნგრეთისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, ორბანის გეგმას ნაკლებად სერიოზულად აღიქვამდნენ ევროპის დედაქალაქებში, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ორბანის მეგობარი და მოკავშირე ტრამპი. "დიდმა დონალდმა" ბაიდენთან დებატებისას თქვა (და შემდეგ რამდენჯერმე გაიმეორა), თუ პრეზიდენტი გახდება, უკრაინაში ომს 2025 წლის 20 იანვრამდე დაასრულებს.
მძიმე მშვიდობა თუ არაპროგნოზირებადი ომი?!
რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის ტრამპის პოზიცია, მეორე მხრივ კი, ბაიდენისა და მისი მოკავშირე ევროპელი ლიდერების. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: "ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად უკრაინის დასახმარებლად, მით მალე დასრულდება ეს ომი. პარადოქსი ის არის, პრეზიდენტ პუტინს მიაჩნია, რომ ჩვენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვართ ხანგრძლივი დახმარებისთვის, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაშინ გვექნება პირობები კონფლიქტის მოგვარებისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის დრო და ადგილი არის უკრაინა" - ანუ ამ ლოგიკით, როდესაც პუტინი მიხვდება, რომ უკრაინას დასავლეთი და ნატო მტკიცედ უდგას გვერდში და არ აპირებს უკან დახევას, ფარ-ხმალს დაყრის და... დიახ, საინტერესოა, რას იზამს შემდეგ? ყველა მიტაცებულ მიწას (ყირიმის ჩათვლით) დაუბრუნებს უკრაინელ ხალხს და ნებით დაიხევს უკან?
არა, რა თქმა უნდა! იმიტომ, რომ ეს არის ის რუსეთი და პუტინი, რომელთაც ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანური მსხვერპლი (საკუთარიც და სხვისიც), ბავშვთა საავადმყოფოების დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტა. ეს რუსეთი ფარ-ხმალს დაყრის მხოლოდ მაშინ, თუ ისე დაულეწავს ვინმე თავ-ყბას, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აღარ შერჩეს - ანუ უკრაინის არმიამ ისეთი დარტყმა უნდა მიაყენოს რუსულ ჯარს, რომ საერთოდ ჩამოიშალოს ყველაფერი, პუტინის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქროს და ის დასავლეთს ზავს შეეხვეწოს.
რეალურია თუ არა დღეს ასეთი სცენარი, თუ გავითვალისწინებთ ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას?! სამწუხაროდ, არა. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, შესაძლოა ეს მოხდეს არცთუ ახლო მომავალში, ოღონდ იმ პირობით, რომ გაათმაგდება დასავლური დახმარება და უკრაინას მისცემენ უფლებას, რომ ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით რუსეთს იქ დაარტყას, სადაც ჩათვლის საჭიროდ. დიახ, როგორ შეიძლება გამარჯვებაზე ლაპარაკი, როდესაც უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის უფლებას არ აძლევენ. ჩხუბში ერთ-ერთ მებრძოლს ცალი ხელი რომ შეუკრა, აქვს მას გამარჯვების შანსი?
როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმისტურ სცენარზე, იქ არც პესიმისტური უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, იმაზე, რომ პუტინის ურდოებმა ფრონტის გარღვევა მოახერხონ და კიევს კიდევ ერთხელ დაემუქრონ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ტრამპს არაერთი მოკავშირე გამოუჩნდეს იმაში, რომ არაპროგნოზირებად ომს ცუდი მშვიდობა სჯობს, თან მან განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდა, უკრაინის დახმარებას იმ პირობით გააგრძელებს, თუ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდება. თუ არადა, დახმარებაზე ევროპამ ინერვიულოსო, ასე გამოუვიდა ტრამპს. ტრამპმა თუ მუქარა აასრულა, ეყოფა ევროკავშირს იმის რესურსი, რომ სრულად ჩაანაცვლოს ამერიკა?! ძალიან, ძალიან ძნელი იქნება.

რას იზამენ ზელენსკი და პუტინი?
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ოფიციალური კიევის პოზიცია. რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ამ ეტაპზე არსებული სიტუაციის მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება არცთუ მოmგებიანია. ეს არ იქნება გამარჯვება, უკრაინული მხარის გაცხადებული პოზიციის მიხედვით, გამარჯვებად ჩაითვლება უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენა 1991 წლის ფარგლებში. ზელენსკი ტრამპის განცხადებას ასე გამოეხმაურა: "თუ დონალდ ტრამპს შეუძლია ომი შეაჩეროს 24 საათში, ისმის კითხვა: რა იქნება საფასური და ვინ გადაიხდის? თუ მას სურს ეს 24 საათში გააკეთოს, მარტივი გზაა ჩვენ გვიბიძგოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდეთ და დავნებდეთ, აღარ იქნება სანქციები, პუტინი წაიღებს მიწებს და თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს თავის საზოგადოებაში. ჩვენ ამას არასდროს დავთანხმდებით. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, ვინც ამას გაგვაკეთებინებს". რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტმა სწორედ ასეთი განცხადება უნდა გააკეთოს. თუმცა... ომი ნიშნავს უზარმაზარ რესურსს, რომელიც ამერიკის გარეშე, დიდი ალბათობით, არ იქნება, ასეთ დროს კი თავს ზემოთ ძალა არ არის. ასე რომ, ზელენსკი შესაძლოა მართლაც აიძულონ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. პუტინიც, დიდი ალბათობით, გაიპრანჭება და დათანხმდება სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, იმ სცენარით, რასაც ზელენსკი წინასწარმეტყველებს.
როდის არ ვისაუბრებდით ამაზე?!
დასავლეთის სტრატეგია, რომ სანქციებით მოეხრჩოთ რუსეთი, არ გამართლდა. თუმცა როგორ შეიძლებოდა გამართლებულიყო, როდესაც უკრაინის მოკავშირე ქვეყნები კვლავ აგრძელებენ აღებმიცემობას რუსეთთან (ამაზე არაერთხელ დაიწერა თავად დასავლურ პრესაში) - თვითონაც ხეირობენ და მოსკოვსაც ახეირებენ - შემდეგ ამ ფულით მოსკოვი ტანკებს აკეთებს და უკრაინის ფრონტზე გზავნის. ბოლო ცნობებით, საბერძნეთი რუსული გაზის შესყიდვას აოთხმაგებს. ფაქტია, ვერ დაიგეგმა სანქციები ისე, რომ რუსეთში სერიოზული რყევები გამოეწვია. ელემენტალურად, პუტინმა მთელი ჩრდილოვანი ფლოტი შექმნა და ძალიან კარგად ახერხებს ნავთობით ვაჭრობას... რა თქმა უნდა, არ გამართლდა ასევე ზოგიერთი ძალიან ოპტიმისტის პროგნოზები იმის შესახებ, რომ ფრონტზე ამდენი დაღუპულის შემხედვარე რუსი საზოგადოების ნაწილი ამბოხდებოდა და კრემლს აიღებდა. რუსეთის საზოგადოების ნაწილი პუტინს უჭერს მხარს, თავისი მსხვერპლი არ ადარდებს და სხვისი უხარია, მეორე ნაწილი კი ისეა დაშინებული, თავის ფიქრებსაც კი აკონტროლებს.
თუმცა იყო უკრაინის ფრონტზე პერიოდები, როდესაც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა ისეთი გარდატეხის შეტანა, რომ დღეს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბარი უკრაინელებისთვის ასეთი მძიმე არ ყოფილიყო. კერძოდ, 2022 წლის დამდეგს რუსეთს ჩაეშალა კიევის აღების გეგმა და დიდი დანაკარგიც განიცადა, იმავე წლის ზაფხულ-სექტემბერში უკრაინის არმია მძლავრ კონტრშეტევაზე გადავიდა და ხარკოვთან რუსულ ურდოებს სულ კუდით ქვა ასროლინა. ალბათ, მაშინ იყო ძალიან კარგი მომენტი, რომ უკრაინას მძლავრი შეიარაღება მიეღო დასავლეთისგან და დეზორგანიზებული რუსული არმიისთვის უფრო მეტი ტერიტორია გამოეგლიჯა, თუმცა... ვერ გაითვალისწინეს, რომ ომში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები, ოპერატიულობა და მოწინააღმდეგისთვის ამოსუნთქვის შესაძლებლობის არმიცემა გადამწყვეტია... დაიწყო ხანგრძლივი იწილობიწილო, რომლის პარალელურად, ლამის ერთი წლის განმავლობაში, ისე ანონსდებოდა უკრაინის მძლავრი კონტრშეტევა, თითქოს ფილმის პრემიერა ყოფილიყოს. ამასობაში რუსეთმა შეძლო რესურსების მობილიზება და თავდაცვითი ხაზების აგება. სამწუხაროდ, უკრაინული კონტრშეტევა უშედეგოდ დასრულდა.
ომი-მშვიდობა-ომი
წარმოვიდგინოთ, რომ ტრამპმა და მისმა მომხრე ევროპელმა ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომის დაკონსერვება შეძლეს. ნიშნავს თუ არა ეს გრძელვადიან მშვიდობას? ალბათ, არა. სანამ კოლექტიური პუტინია რუსეთის ხელისუფლებაში და მოსკოვს იმპერიული კბილები არ დასძვრება, პლანეტაზე მშვიდობაზე საუბარი ზედმეტია.
პუტინის მიზანია უკრაინის მთლიანად თავის კონტროლში მოქცევა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, სამშვიდობო პაუზას ის გამოიყენებს იმისთვის, რომ მოახერხოს რესურსების მობილიზება, "გადააწყოს" ჯარი, შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანოს და ახალი ძალებით შეუტიოს უკრაინას, თან ამის გაკეთებას სწრაფად შეეცდება, რათა ძალის მოკრების საშუალება არ მისცეს უკრაინას. თავის მხრივ, ძნელი წარმოსადგენია, რომ უკრაინელები ოდესმე შეეგუონ უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვას.
ასე რომ, სანამ პუტინი კრემლში ზის, მშვიდობის იმედი ნუ ექნებათ ნურც ვაშინგტონში და ნურც ბრიუსელში, ხოლო პეკინში რისი იმედი აქვთ, ეს ცალკე სტატიის თემაა.
გიორგი კვიტაშვილი