პარიზამდე ისევ ფეხბურთია - კვირის პალიტრა

პარიზამდე ისევ ფეხბურთია

სანაკრებო ფეხბურთით მიღებული ემოციები თანდათან კარგავს ძალას. ამაში, გარკვეულწილად, საკლუბო ფეხბურთიც არის "დამნაშავე" - გასულ კვირას ხომ ევროთასების გათამაშება დაიწყო. სამწუხარო ტრადიცია არც წელს დარღვეულა: სამი ქართული კლუბიდან, რომლებმაც უკვე ითამაშეს, ერთმა უკვე დაასრულა ასპარეზობა, ბათუმის "დინამომ" კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადაინაცვლა კონფერენსლიგაზე, სადაც ასევე ითამაშებენ ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "იბერია 1999". გაგვახარა ფეხბურთელ ქალთა ნაკრებმა, გასულ კვირას ზაფხულის მესამე ტესტმატჩი ავსტრალიაში ითამაშეს ბორჯღალოსნებმა - ბევრი იბრძოლეს, ლელოებიც გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც უძლიერეს მეტოქეს დარჩა. თუმცა წლის მთავარი სპორტული მოვლენა რამდენიმე დღეშია - 26 ივლისს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება!

მინუს ერთი

პირველივე ეტაპის შემდეგ "დინამოების" გარეშე დავრჩით. უფრო სწორად, თბილისის "დინამო" გამოეთიშა ევროთასების წლევანდელ გათამაშებას, მისმა ბათუმელმა სეხნიამ კი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლა და ორიოდე დღეში მონტენეგროს ჩემპიონის - "დეჩიჩის" წინააღმდეგ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელები ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდნენ ბულგარულ "ლუდოგორეცთან": რაზგრადში 1:3 წაგების შემდეგ ანდრეი დემჩენკოს გუნდმა "აჭარაბეთ არენაზე" 1:0 გაიმარჯვა, ასპარეზობას გამოეთიშა. მასპინძლებს თამაშის დამატებით დროში გადაყვანის არაერთი შანსი ჰქონდათ, ერთადერთი გოლის ავტორმა მამუჩაშვილმა მეორეც ბურთიც გაიტანა, თუმცა... ხორვატმა არბიტრმა გოლი გაურკვეველი მიზეზით გააუქმა! ბათუმელებმა კიდევ არაერთხელ შეუტიეს სახიფათოდ და გოლის გატანაც რამდენჯერმე მართებდათ. სამწუხაროდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და 24 ივლისს აჭარის მთავარ სტადიონს უკვე "დეჩიჩი" ესტუმრება (ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს ჩემპიონი უელსურ თNშ-თან დამარცხდა).

როგორც უკვე ვთქვით, ბრძოლას აგრძელებს ქუთაისის "ტორპედოც": სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ტირანას", თუმცა ალბანეთში გამართული საპასუხო მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის ერთად­ერთი გოლი თამაშის დაწყებიდან მალევე გავიდა - ქუთაისელთა ნორვეგიელმა ლეგიონერმა იონსენმა მე-3 წუთზე გაიტანა და დარჩენილი 90 წუთის განმავლობაში ანგარიში აღარც შეცვლილა. 25 ივლისს "ტორპედო" კვიპროსულ "ომონიას" ესტუმრება.

ისტორიაში დარჩენილი "დინამო"

სამწუხარო ტრადიციას აგრძელებს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამო". ქვეყნებისა და კლუბების ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება (თუნდაც იმიტომ, რომ გულშემატკივრის დიდმა ნაწილმა პირველად გაიგო ამ "სახელგანთქმული" კლუბების არსებობის შესახებ!), ბოლო წლების განმავლობაში იმდენ მაჩანჩალა კლუბს დავეხმარეთ ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. გვესმის და ვხედავთ, რომ წლებია, "დინამო" აქცენტს მისივე საფეხბურთო აკადემიის აღზრდილებზე აკეთებს და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ევროთასების ყველა გათამაშებასაც პირტიტველა, გამოუცდელი ჭაბუკების იმედად იწყებს, მაგრამ რეიტინგს, პრესტიჟს, პოტენციურ შემოსავალს რომ თავი დავანებოთ, თავმოყვარეობაც ხომ არსებობს?! მით უმეტეს, როცა ისეთ კლუბზეა ლაპარაკი, ათწლეულების განმავლობაში, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები რომ იყო, ქართული ფეხბურთის სახე, წარსული, აწმყო და... მომავალიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო! სამწუხაროდ, წლებია, თბილისის "დინამო" მხოლოდ იმედგაცრუებასთან, მარცხსა და მისი ხელმძღვანელების ლანძღვა-გინებასთან ასოცირდება...

ამჯერად, მათთვის ისტორიული შედეგი მონტენეგროს პატარა, მოკრძალებულ კლუბს - "მორნარ ბარს" ვაჩუქეთ. ასაკით თბილისის "დინამოს" ტოლი კი არის (1923 წელს დაარსდა), მაგრამ არათუ ქომაგმა, ამ კლუბის სახელი ფეხბურთში ჭიპმოჭრილმა ჟურნალისტებმაც კი პირველად გავიგეთ. პოდგორიცაში 1:2 დამარცხების შემდეგ თბილისურმა კლუბმა მდგომარეობის გამოსწორება საკუთარ მოედანზე სცადა. იმის მიუხედავად, რომ პირველივე წუთებიდან კაცნაკლული დარჩნენ (უგრეხელიძე მე-20 წუთზე გააძევეს), მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა. სამწუხაროდ, სალიას გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა - მეორე ტაიმში ზორიჩმა გაათანაბრა და "მორნარმა" დარჩენილ ნახევარ საათშიც მოახერხა მისთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება...

ფაქტია, რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ წლები გადის, სულ გვესმის, რომ საფეხბურთო აკადემია ჩინებულად მუშაობს, რომ თბილისის "დინამომ" ქართულ ფეხბურთს უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გაუზარდა და სხვ. კი ბატონო, გაუზარდა და ამისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ... მერე როგორ გაგრძელდა ეს ამბავი? ამ ფეხბურთელებით რა სარგებლობა ნახა კლუბმა ან მისმა ბიუჯეტმა? რა შედეგს ვხედავთ ეროვნულ ჩემპიონატში და მით უმეტეს, ევროთასებზე?!

"კლასკვიკები", "მორნარები" თუ "ტირანები" (ჩვენთვის, ყველა "ტირანია"!) ყოველ წელს იცვლებიან, თბილისის "დინამო" კი რჩება... დიახ, რაც არ უნდა უსიამოვნოდ ჟღერდეს, დღეს მისგან მხოლოდ ისტორიაა დარჩენილი.

P.S. უეფას კონფერენსლიგის გათამაშებაში მეორე წრიდან - 25 ივლისს ჩაერთვება თბილისის "იბერია 1999", რომელიც პირველ მატჩში ალბანურ "პარტიზანს" უმასპინძლებს.

sakartvelos-kal-pexburtelta-nakrebis-istoriuli-plei-opi-1721590964.jpg

გოგონების ისტორიული შედეგი

კარგია, რომ ახალ ისტორიას მხოლოდ სხვა ქვეყნებს არ "ვჩუქნით" - ჩვენც ვწერთ! გასულ კვირას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში პირველად გავიდა საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ნაკრები. შესარჩევი ქვეჯგუფის ბოლო ტურში ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი ლიეტუვას ესტუმრა, დრამატულ ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა და სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ლიეტუვასთან მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა გოგონებმა მეტი მომენტი შექმნეს და 88-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლებაც დაიმსახურეს: მაიკო ბებიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებს ჩვენთვის ისტორიული პლეი-ოფის საგზური მოუტანა. უკვე ცნობილია ჩვენი მეტოქეც - ორრაუნდიანი პლეი-ოფის პირველ ეტაპზე, ოქტომბრის ბოლოს, ქართველი გოგონები ირლანდიას დაუპირისპირდებიან, გამარჯვებული კი ნოემბერში შეხვდება სლოვაკეთი-უელსის წყვილში გამარჯვებულ ნაკრებს.

olimpiuri-nakrebis-samosis-prezentacias-didi-azhiotazhi-mohqva-1721590964.jpg

ოლიმპიადა იწყება

მიმდინარე კვირას კი ოთხწლეულის მთავარი სპორტული მოვლენა - პარიზის ოლიმპიური თამაშები დაიწყება. ოფიციალურად, ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნება, ქართველი სპორტსმენები კი საქმეში მომდევნო დღიდან ჩაერთვებიან.

ოლიმპიური ნაკრების (რომლის გამოსასვლელმა ფორმამაც წელსაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია) შემადგენლობაში 28 სპორტსმენია: ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), შოთა მიშველიძე (ძალოსნობა), ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა), გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ნინო სალუქვაძე (სროლა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), ლაშა გურული (კრივი), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი), ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა), ანა ნიჟარაძე (ცურვა), ნოე ფანცხავა (ცურვა), გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ილია სულამანიძე (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო), სოფიო სომხიშვილი (ძიუდო);

ტრადიციულად, ყველაზე მეტი მონაწილე ძიუდოში გვყავს. ძიუდოისტები იასპარეზებენ გუნდურ (შერეულ) ტურნირშიც. 27 ივლისს პირველი ნერვიულობაც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლის გამო მოგვიწევს - 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მედალს ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი შეუტევს. იმავე დღეს დაიწყებს ოლიმპიადას ჩვენი კიდევ ერთი იმედი - მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ასევე ლეგენდარული ნინო სალუქვაძე, მოკრივე ლაშა გურული და მოცურავე ანა ნიჟარაძე.

ამ კვირის განრიგი ასეთია (რაღაცები შესაძლოა შეიცვალოს):

შაბათი. 27 ივლისი

ძიუდო. 60 კგ. ვაჟები

გიორგი სარდალაშვილი

12:00-დან (თბილისის დრო): წინასწარი

19:49-დან: ფინალური ბლოკი

ფარიკაობა. ხმალი. ვაჟები

სანდრო ბაზაძე

12:25-დან: 1/32 ფინალი

21:50-დან: ნახევარფინალი

23:55-დან: ფინალი

ცურვა. 100 მ. ბატერფლაი

ანა ნიჟარაძე

13:00-დან: კვალიფიკაცია

22:30-დან: ნახევარფინალი

სროლა. 10 მ. ქალები

ნინო სალუქვაძე

14:30-დან: კვალიფიკაცია

კრივი. 63.5 კგ. ვაჟები

ლაშა გურული

19:06:დან 1/16 ფინალი

23:36-დან: 1/16 ფინალი

კვირა. 28 ივლისი

ძიუდო. 66 კგ. ვაჟები

ვაჟა მარგველაშვილი

12:00-დან: წინასწარი

19:18-დან:

ფინალური ბლოკი

ცურვა. 100მ. გულაღმა.

ვაჟები

ნოე ფანცხავა

13:00-დან: კვალიფიკაცია

23:37-დან: ნახევარფინალი

კრივი. 92 კგ. ვაჟები

გიორგი ყუშიტაშვილი

13:48-დან: 1/16 ფინალი

22:16-დან: 1/8 ფინალი

სროლა. 10 მ. ქალები

ნინო სალუქვაძე

14:00-დან: ფინალი

ცურვა. 100 მ. ბატერფლაი

ანა ნიჟარაძე

22:45-დან: ფინალი