ჩინური რაკეტები ქართული არმიისთვისაც? - კვირის პალიტრა

ჩინური რაკეტები ქართული არმიისთვისაც?

საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გაღრმავება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შეიძლება არ მოსწონდეთ როგორც ჩვენს გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს, ასევე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გავლენიან პოლიტიკურ წრეებს, მაგრამ ეს უკვე შემდგარი ფაქტია და ეტყობა, პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება.

ყოველივე ამის გამო იბადება კითხვა: რამდენად პერსპექტიულია ქართული არმიის არსენალში ისეთი კლასისა და ტიპების ჩინური შეიარაღება, რომელიც ასე აკლია ქართულ არმიას და რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში შეგნებულად არ გვაწვდიდნენ?

ლაპარაკია შორი მოქმედების შეიარაღების სისტემებზე, ე.წ. გრძელ მუშტზე, შორსმსროლელ საარტილერიო დანადგარებსა და 300 კმ-მდე ფრენის სიშორის მქონე სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც შეიარაღებაში აქვს საქართველოს ოთხივე მეზობელ ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების განკარგულებაში არსებული "ხმელეთი-ხმელეთი" კლასის ყველაზე შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ისრაელში ნაყიდი LAR-160-ებიდან გაშვებული 160 მმ კალიბრის უმართავი რაკეტები მხოლოდ 45 კმ-ს თუ სწვდებიან.

თუკი განვლილ ორ ათეულ წელში, როდესაც საქართველოს სამივე ხელისუფლებას დასავლეთის გავლენიან პოლიტიკურ წრეებთან ბევრად უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ნატოს წევრი ქვეყნები ძალზე ფრთხილად უდგებოდნენ ქართული არმიის თანამედროვე შეიარაღებით გადაიარაღებას (აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთს ქართული არმიისთვის ნებისმიერ შეიარაღების გადაცემაზე თითქმის ათწლიანი არაოფიციალური ემბარგოც კი ჰქონდა გამოცხადებული, რათა... კრემლი არ გაღიზიანებულიყო), ახლა მით უმეტეს, საერთოდ წარმოუდგენელია, ბაიდენის ადმინისტრაციამ ქართული არმიისთვის რაიმე გამოგზავნოს, რადგან უკვე სამწუხარო ფაქტია - ამერიკულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობა გაიყინა.

აშშ-თან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის აღდგენა და უფრო გაღრმავებაც არ არის გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუკი ნოემბრის არჩევნებზე დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს (რისი პირიც უკვე გამოჩნდა). მიუხედავად მისი არაორდინარულობისა და საკამათო მოქმედებებისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ტრამპი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც 2016-2020 წლებში ნება დართო ქართული არმიისთვის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებისა" და საზენიტო "სტინგერების" მოყიდვაზე, რაც მანამდე არც ბუში-უმცროსსა და არც ობამას არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას მხარს უჭერდნენ.

"გრძელი მუშტის" აუცილებლობაზე ქართული არმიის არსენალში უკვე ათწლეულებია ვწერთ, თანაც მაშინ, როცა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს (ისრაელის "ლორა" და ბელარუსულ-ჩინური "პოლონეზი") და სომხეთს (რუსული "ისკანდერ-მ" და შეიძლება მალე ინდური რაკეტებიც) უკვე აქვთ 300 კმ-ზე და უფრო შორს მფრენი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები (ასევე მეზობელ თურქეთსა და აგრესორ რუსეთს) და მათი "გრძელი მუშტი" სიგრძეში თითქმის 10-ჯერ აღემატება ქართული არმიის არტილერიისა და რაკეტების მიზნამდე მიღწევის მანძილს.

2-chin-1721591259.jpg
"ჩინგორი" ანუ "ჩინური დიდგორი" - ჩინეთის ნაჩუქარი სამხიდიანი სატვირთოების ბაზაზე აწყობილი შეჯავშნული მანქანები ქართული არმიისთვის...

თუ რა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ომებში მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სამიზნეების რაც შეიძლება შორი მანძილიდან ზუსტად დაზიანებას (ისე, რომ შენი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები არ მოხვდნენ საპასუხო ცეცხლის არეალში), კიდევ ერთხელ დაადასტურა ფართომასშტაბიანმა ომმა უკრაინაში, თუმცა ამის ჩვენსავე თავზე გამოსაცდელად აგვისტოს რამდენიმედღიანი ომიც გვეყო.

მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სომხეთთან ნორმალური მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობა აქვს საქართველოს და ეს, რა თქმა უნდა, სჯობს დაპირისპირებასა და ომებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულმა არმიამ არ უნდა იფიქროს გადაიარაღებასა და გაძლიერებაზე - ში ვის პაცემ, პარა ბელლუმ - "გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის" - ამ ლათინურმა ფრთიანმა გამოთქმამ განვლილი საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ დაამტკიცა თავისი მართებულობა.

თანამედროვე მსოფლიოში შეცვლილია პოლიტიკური თამაშების წესები, წინა პლანზე ძალის უპირატესობა გადმოდის და მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა პატარა საქართველოს დიდ მტრებთან გამკლავება, ჩვენი სამშობლოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად აუცილებლად უნდა ვიფიქროთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე - კრიტიკულ მომენტში სანამ სხვა სახელმწიფოებს დასახმარებლად მიმართავ, იმის ძალა და რესურსი უნდა გქონდეს, რომ მომხდური რამდენიმე დღით მაინც შეაჩერო.

რუსეთ-უკრაინის სამწლიანმა ფართომასშტაბიანმა ომმა გამოკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რისი გაძლიერებითაც უფრო სუსტ ქვეყანას ხანგრძლივ პერიოდში შეუძლია ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ბევრად ძლიერ მომხვდურ სახელმწიფოს, კერძოდ, საჰაერო შეტევისთვის მართვადი შეიარაღების გამოყენება კამიკაძე-დრონებისა და რაკეტების სახით, როდესაც თითოeული შეტევა თითქმის თითოეულ განადგურებულ სამიზნეს უტოლდება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პირველი "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ (როდესაც დასავლეთი საბჭოთა იმპერიის ჩამოშლას ზეიმობდა, "ჩამოეძინა" და რუსეთის სამხედრო აღზევება გამოეპარა) ძალიან წაიწია წინ მრავალრიცხოვანი არმიის გადაიარაღებაში და უფრო მეტიც - გახდა მსოფლიოს საიარაღო ბაზრის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მოთამაშე, რადგან თანამედროვე შეიარაღებას რუსეთზე და მით უმეტეს აშშ-ზე, ისრაელსა თუ საფრანგეთზე იაფად ყიდის.

ჩინური იარაღის ხარისხი, ჩინური წარმოების ავტომანქანების არ იყოს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც ჩინური დრონები მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანიც კი გახადა - რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარე ყოველდღიურად ჩინური წარმოების დეტალებისგან აწყობილ ათასობით კამიკაძე-დრონს იყენებს.

სწორედ ჩინური წარმოების შორსმფრენი "ხმელეთი-ხმელეთი" კლასის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები ქართული არმიის არსენალში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ქართული არტილერიის "გრძელ მუშტს", რომლისთვისაც მიზნებს ასევე ჩინური სადაზვერვო დრონები ზუსტად მონიშნავდნენ.

ისტორიული რაკურსი - რითი დაეხმარა ჩინეთი ქართულ არმიას

ჩინეთ-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის.

მოვიყვან 22 წლის წინანდელი "კვირის პალიტრის" ჩემივე სტატიიდან "ქართულ არმიას შორეული ჩინეთიც ეხმარება" ამონარიდს, რომელშიც საქართველო-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობაზე კომენტარი ვთხოვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაშინდელ სამხედრო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ატაშეს საქართველოში, უფროს პოლკოვნიკ სუი ჩანძიუნს: "ჩინეთის ხელისუფლება გარკვეულ დახმარებებს უწევს ქართულ არმიას, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. დღემდე ჩვენ ქართულ მხარეს უსასყიდლოდ გადავეცით ფორმის შესაკერი საკმაო რაოდენობის ქსოვილი, აგრეთვე სამზარეულო ინვენტარი და ლოგინის თეთრეული. ყოველივე ეს რამდენიმე ათასი კაცისთვის იყო გათვალისწინებული და მისი საერთო ღირებულება 1 მლნ დოლარს აღწევდა, მაგრამ ჩვენი დახმარება მარტო ამით არ ამოიწურება. დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს საზღვაო პორტში შემოვა ჩინური სატვირთო გემი (უკვე ზღვაშია), რომელიც ქართულ არმიას საჩუქრად ჩამოუტანს 18 ცალ 6-ტონიან საარმიო სატვირთო ავტომობილს და მათ სათადარიგო ნაწილებს. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელობა ყოველთვის მომხრეა გააღრმაოს თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთობები საქართველოს სამხედრო ძალებთან".

ეს რაც პრესაში გამოქვეყნდა, არაოფიციალურ საუბრებში კი ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლები უფრო გულღიანი იყვნენ - ქართული არმიის სასადილოებს სპეციალური ლანგრები გადავეცით, რომ იქ წვნიანიც ჩაესხათ და სხვა საჭმელიც დაედოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ლანგრის მხოლოდ ორიოდე "უჯრა" თუ იყო შევსებული. ცუდია, რომ ასე მწირად კვებავენ თქვენთან ჯარისკაცებსო, გულს ხსნიდა შევარდნაძის დროინდელი ქართული ჯარის კვების პრობლემებზე ჩინელი პოლკოვნიკი.

რამდენიმე წლის შემდეგ, 2005 წელს, ჩინეთის ახალი სამხედრო ატაშე არაოფიციალურ საუბარში ვერ მალავდა დიდ წყენას, თქვენი თავდაცვის მინისტრი სპეციალურად არ მხვდება, მიუხედავად ჩემი არაერთი მიმართვისა, ასეთი დამოკიდებულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ დაუშვებელიაო.

ჩინეთმა ქართულ არმიას აჩუქა სამხიდიანი სატვირთო ავტომობილები, საბჭოთა "ზისების" გაუმჯობესებული ასლი, თავად ის "ზისები" (შემდგომში კი "ზილად" წოდებული) კი საბჭოთა კონსტრუქტორებმა სტალინის დავალებით იმ ამერიკული "სტუდაბეკერებიდან" გადმოიღეს, რომლებსაც აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს ლენდ-ლიზით უგზავნიდა საბჭოთა არმიას.

მოგვიანებით, ჩინური სატვირთოების ბაზაზე თბილისის ტანკსარემონტო ქარხანაში რამდენიმე სამხიდიანი შეჯავშნული "ჩინგორი" ანუ "ჩინური დიდგორი" დაამზადეს, რომლებსაც ქართველი სამხედროები 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო გამოფენებზე აჩვენებენ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ჩინური რაკეტები სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიებში

სომხეთის არმია პირველი გახლდათ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომლის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1999 წელს შევიდა ჩინური WM-80 ტიპის ზალპური ცეცხლის რვა რეაქტიული სისტემა - თითოეულს 273 მმ კალიბრისა და 505 კგ მასის რვა რაკეტის გაშვება შეეძლო 80 კმ მაქსიმალურ მანძილზე.

აზერბაიჯანი, რომელიც წლების განმავლობაში აპროტესტებდა ჩინეთის მიერ სომხეთისთვის შორსმსროლელი სარაკეტო დანადგარების მიყიდვას, 2018 წელს თავად გახდა ათი ბელარუსული Полонез-ის მფლობელი - სინამდვილეში ოთხღერძიან შასიზე დამონტაჟებული ჩინური А-200 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, რომელიც 301 მმ კალიბრისა და 750 კგ მასის რვა რაკეტას 200 კმ-მდე უშვებდა.