რა ვადით გაიცემა შემაკავებელი და დამცავი ორდერები - კვირის პალიტრა

რა ვადით გაიცემა შემაკავებელი და დამცავი ორდერები

ამჯერად შეკითხვებს პასუხობს სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.

გამარჯობა. და სად უნდა შევიტანო განცხადება სესხების ხანდაზმულობაზე?

- სესხის ხანდაზმულად ცნობაზე უნდა მიმართოთ სარჩელით სასამართლოს. სარჩელს უნდა დაურთოთ თან სესხის ხელშეკრულება, გადახდის ქვითრები. სესხი ხანდაზმულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან გასულია სამ წელზე მეტი და ასევე თუ ბოლო ჩარიცხვიდან გასულია სამ წელზე მეტი. ე.ი. ჯერ უნდა მოხდეს ხელშეკრულების დეტალური შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოთ სასამართლოს.

მაქვს მიწის ნაკვეთი, რომლის არც ნახაზი მაქვს და არც კოდი. არანაირი საბუთი არ გამაჩნია. ამ ვითარებაში შესაძლებელია თუ არა მისი გადაფორმება?

- გააჩნია, რომელი წლიდან ფლობთ ქონებას, ინახება თუ არა არქივში რაიმე სახის საბუთები. უპირველესად მიდით იუსტიციის სახლში და მოიძიეთ ძველი საბუთები. თუ არაფერი არსებობს და არავის სახელზე არ არის, შეგიძლიათ გაფორმებაზე მიმართვა მფლობელობიდან გამომდინარე. თუმცა ამ შემთხვევაშიც წლებია მნიშვნელოვანი. საინტერესოა, შენობა-ნაგებობა არის თუ არა მიწის ნაკვეთზე, მნიშვნელოვანია მომიჯნავე ნაკვეთი ხომ არ არის თქვენს სახელზე.

სესხი ავიღე 2011 წელს ბანკ "კონსტანტაში", რომელიც აღარ არსებობს. შემდეგ გადავიდა "თიბისიში“. მე პირადად შვილის გარდაცვალების გამო გავხდი შრომისუუნარო და ვეღარ გადავიხადე, ამის გამო წლებია ჩემს სესხს ახდევინებენ თავდებს. როგორ შეიძლება თავი დავიხსნა ამ უბედურებისაგან?

- "თიბისიმ" თუ შეიძინა სესხი, ესე იგი, მას ნამდვილად ჰქონდა და აქვს მოთხოვნის უფლება. სესხის შეძენა ნიშნავს, რომ "თიბისზე" გადავიდა უფლებებიც. როცა მსესხებლისგან ამოღება ვერ ხდება, უკვე მოთხოვნებს უყენებენ თავდებს, რადგან თავდებობა ნიშნავს, რომ მან იკისრა პასუხისმგებლობა.

2007 წელს გამრიცხეს უნივერსიტეტიდან, სადაც მქონდა შესატანი 700 დოლარი. რა თქმა უნდა, არ შევიტანე, რადგან გარიცხული ვიყავი და დღემდე ყადაღა მადევს. როგორ მოვიქცე? კიდევ მაქვს ადმინისტრაციული ჯარიმა, 550 ლარი, და გადაუხდელობის გამო დამადეს ინკასო. მაინტერესებს ამ ორი ვალდებულებისგან როგორ გავთავისუფლდე? პირველი ვალი, რის გამოც მადევს ყადაღა, დაძველებულია, თითქმის 17 წელია გასული და 17 წელია ვარ დაყადაღებული. ბანკით ვერ ვსარგებლობ და ვერც მუშაობას ვიწყებ, რადგან ხელფასი დამიყადაღდება. როგორ მოვიქცე?

- უნივერსიტეტის ვალის გამო თუ გედოთ ყადაღა, ეს უქმდება 10 წლის შემდგომ - ანუ თუ გასულია 17 წელი, თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოთ ყადაღის მოხსნა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმას, 5 წლის მერე იხსნება ყადაღა, რადგან ის ხდება ხანდაზმული. ორივე შემთხვევაში მეტი დეტალი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაქვთ დასაზუსტებელი და გირჩევთ ყველაფერი გაარკვიოთ ადგილზე, მათ შორის გააკეთოთ ოფიციალური მიმართვა.

ფინანსური ბიუროდან მირეკავენ მე და ჩემს ნაცნობებს, მედავებიან "ვივუსის" სესხს, რომელიც დაფარული მქონდა, თან საუბარია 8-9 წლის წინანდელ სესხზე. ამ შემთხვევაში ვის მივმართო?

- თუ სესხი დაფარული გქონდათ, მიდით ადგილზე და წარუდგინეთ ამონაწერები. თუ ამ ყველაფრის მერე ისევ გაგრძელდა თქვენი შეწუხება, დაუკავშირდით ეროვნულ ბანკს. მათ არა აქვთ უფლება ურეკონ თქვენს ახლობლებს და შეგიძლიათ ახლავე მიმართოთ როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე შს სამინისტროს. მესამე პირზე ინფორმაციის გაცემა არც ერთ ბანკს არ შეუძლია და დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება, რომ სხვებთან ვეღარ გაბედონ აღნიშნული კანონდარღვევა.

დიდი ხანია სწრაფი სესხები მაქვს გაკეთებული. თავიდან ვიხდიდი, მაგრამ 5-6 წელია რაც არ გადამიხდია, ხანდაზმულია უკვე, მაგრამ კიდევ მირეკავენ, თან მარტოხელა დედა ვარ, ქირით ვცხოვრობ. როგორ შევძლებ კრედიტინფოს გასუფთავებას?

- სესხი ხანდაზმულია სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სამი წლის შემდეგ და ასევე ბოლო ჩარიცხვიდან სამი წლის გასვლის შემდეგ. შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ სარჩელით და მოითხოვოთ სესხის ხანდაზმულად ცნობა, თუ არის ზემოთ აღნიშნული გარემოებები.

ორი კვირაა რაც განვქორწინდი და შეიძლება ბავშვები ერთი კვირით მამის გარეშე ქვეყნიდან გავიყვანო? აიდი-ბარათები გვაქვს სამივეს.

- აიდი-ბარათებით ბავშვებს წაიყვანთ მხოლოდ თურქეთში, სხვა ქვეყნებში სავალდებულოა ბავშვებს ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის აღებასაც ორივე მშობლის თანხმობა სჭირდება. თუ მამა არ მოგცემთ თანხმობას, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს მამობის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით.

საკმარისია თუ არა ანდერძის არსებობა ან კანონით მემკვიდრეობა იმისათვის, რომ გარდაცვლილის ქონება გადავიდეს მემკვიდრეზე, ანუ ჩემს სახელზე?

- იმისათვის, რომ გარდაცვლილის ქონება გადავიდეს მემკვიდრეზე, საჭიროა მემკვიდრემ სამკვიდრო ქონება მიიღოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.

შემაკავებელი ორდერი გაიცემა 1 თვემდე ვადით, დამცავი ორდერი კი - 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებითაც არა უმეტეს 3 თვისა, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ. მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის ან პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისთვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/ პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლზე ან მისი ოჯახის სხვა წევრზე ძალადობის საფრთხე. აგრეთვე, თუ მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლზე ან მისი ოჯახის სხვა წევრზე ძალადობის საფრთხე ან ქალზე ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით არასრულწლოვნის) ინტერესებს.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები