„რამდენადაც სიმაღლისაკენ მიიწევს ადამიანი, იმდენად ლაღია ბუნებით და სიძნელეები ვერ აშინებს“ - კვირის პალიტრა

„რამდენადაც სიმაღლისაკენ მიიწევს ადამიანი, იმდენად ლაღია ბუნებით და სიძნელეები ვერ აშინებს“

ბეტონში გამომწყვდეული თბილისი, ყველაფრის მიუხედავად, სუნთქავს, მართალია, უჭირს, მაგრამ მაინც. ეს მათი დამსახურებაა, ვინც ხეს ხელი არ დაადო და არ მოჭრა, ვინც "კბილებამდე" ამობეტონებულ ეზოებშიც კი ნერგი დარგო. თუმცა ხეებსაც აქვთ ასაკი ან დაავადება, რის გამოც უნდა მოჭრა. ასე როდის ხდება? როდესაც უკვე დაზიანებული ხე ადამიანსაც დააზიანებს, როდესაც საცხოვრებელ სახლებშია ფესვებით "შეჭრილი".

რა არის ხის მოჭრისთვის საჭირო? საფრთხის შესახებ შეატყობინო ქალაქის მერიას, მოვიდნენ სპეციალისტები, შეაფასონ ხის მოჭრის აუცილებლობა და ამის ნებართვა გასცენ. თუმცა არსებობს ამასთან დაკავშირებული რთული ამბავიც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხის სიმაღლე 30-35 მეტრს აღწევს (დაახლოებით 9-სართულიან კორპუსს) და ე.წ. კალათიანი ავტომანქანებით მუშაობა შეუძლებელია, რადგან ხეს შუა ნაწილამდეც ვერ მისწვდება. ასეთ შემთხვევაში ისეთი ხისმჭრელის მოძიებაა საჭირო, რომელსაც არაფრის ეშინია, რომელიც ამ სახიფათო პროფესიის "ავაზაა" და ხეზე დაცოცავს. სამაგიეროდ, ხალხის დალოცვა მუდამ დასდევს... შესაძლოა ასეთი დალოცვა 9-სართულიანი კორპუსის სიმაღლეზე გამოკიდებულ სერგო­ სიმონიას­ სულაც არ ესმის, მაგრამ იცის, რომ სანამ ხეზეა, მასზე ლოცულობენ. "მიწაზე დაბრუნებულს" კი გახარებული ხალხი ეუბნება, კიდევ კარგი, ჩამოხვედი, თორემ შენი შემხედვარე, ვინ იცის, რამდენჯერ მოვკვდიო.

- ბევრს უთქვამს, სანამ შენ მაღლა იყავი, ვლოცულობდი, რომ მშვიდობით ჩამოსულიყავიო. ზოგჯერ სუფრაც დაუხვედრებიათ, შენი მშვიდობით ჩამოსვლა უნდა დავლოცოო...

ამ საქმეს აუცილებლად ორი კაცი სჭირდება, ერთი რომ ხეს ჭრის, მეორე დაბლა უნდა იდგეს. ხეზე ასულს ხის ტოტების უსაფრთხოდ ჩამოყრაში უნდა დაეხმაროს, უნდა უკარნახოს ქვემოდან, სად რას დააზიანებს ჩამოვარდნილი ტოტი; ხერხისთვის საწვავიც უნდა ააწოდოს, თუ მუშაობა დიდხანს გაგრძელდა. ხანდახან ხის მოჭრაზე მთელი დღე ვმუშაობთ,­ იმდენად ხშირი და ძნელად მოსაჭრელი ტოტები აქვს.

- რა შემთხვევაში შეიძლება ხის მოჭრა?­ ვინ ადგენს, რომ ხე მოსაჭრელია? ისეთი გადახრილი ვეება ხეებია თბილისში, გაიფიქრებ, აგერ-აგერ გადაყირავდებაო.

- ნათქვამია, ხის სიძლიერე ფესვებით იზომებაო. ხე რაც არ უნდა გადახრილი იყოს, თუ ფესვები ღრმად აქვს გადგმული, იოლად არ გადაყირავდება. გამხმარი ხე ძალიან საშიშია, არავინ იცის, სტიქია როდის გადაამტვრევს და ვის შეიწირავს. ასეთი ხეების მოჭრაზე გული არ მტკივა. ისეთი ხეების მოჭრა მიძნელდება, ჯანმრთელი და ძლიერი ფესვები რომ აქვს, მაგრამ მაინც მოსაჭრელია, რადგან შენობებს ანგრევს. მაგალითად, ფიროსმანზე მოჭრეს ჭადარი, რომელიც ერთდროულად ორ იტალიურ ეზოს აყირავებდა ფესვებით. ხეების მოჭრაზე ხშირად მოსახლეობასაც სტკივა გული, მაგრამ სხვა გზა არ არის.

- ასეთი მამაცები, ვინც 30-40-მეტრიან სიმაღლეზე ხეს დაკიდებული ჭრით, ალბათ, არც ისე ბევრი ხართ.

- ბევრი ნამდვილად არა ვართ, დაზიანებული ხეები კი მრავლად არის. მაგალითად, ვაჟას პროსპექტის მიმდებარედ მქონდა შემთხვევა, უზარმაზარი სიმაღლის ხის მოსაჭრელად 4 საათის განმავლობაში დამჭირდა ზედ ყოფნა. მთავარია, არ შეგეშინდეს. ხეზე შიშით თუ ახვედი, თითქოს ისიც გრძნობს და არ გიშვებს. თუმცა ჩემს გულსაც გაჰკრავს ხოლმე შიში. შეიძლება ზედ კენწეროში გავიფიქრო, ნეტავ ეს ოხერი თოკები ხომ მყარად გადავნასკვე, ხომ მაგრად ვარ მიბმული-მეთქი! ან ნეტავ ეს ტოტი მყარია, ხომ გაუძლებს ჩემს სიმძიმეს-მეთქი! რომ ვრწმუნდები ყველაფერიც კარგად არის, ისევ ვშლი ფრთებს ჩიტივით.

- ეს არ გაგიჭირდებათ, მით უფრო 30-40 მეტრზე, ჰაერში ფრენის შეგრძნება უსათუოდ იქნება. თუმცა ამ დროს თოკების მყარად შეკვრა არ უნდა იყოს იოლი. ეს ხომ ცალი ხელით უნდა გააკეთო, მეორით კი ხის ტოტზე უნდა იყო ჩაფრენილი.

- უმეტესად ასეა, თუმცა არა ყოველთვის. ჭრისას ტანზე თოკების დახვევა ხშირად ვარჯიდანვე იწყება. არის ხალხი, რომელიც 9-სართულიანის სიმაღლეზეც კი ხეზე თოკების გარეშე ადის და მუშაობს.

- როგორ?!

- ხეზე აცოცებული, ცდილობს ისეთი­ ტოტი იპოვოს, რომელზეც "ჩამოჯდება",­ ცალ ხელს ვარჯს შემოხვევს და მეორე ხელით მოჭრის. ამისთვის ძლიერი ხელია საჭირო, ბენზოხერხი საათობით რომ გეჭიროს. ისე კი ხერხი ყოველთვის წელზე შემოხვეულ თოკზე უნდა გეკიდოს.

ზოგიერთი ტოტი იმდენად მძიმეა, მის თოკზე გამობმას დიდი შრომა სჭირდება. ამიტომ ვათვალიერებთ, ხის რომელი კუთხიდან ჯობს მოჭრილი ტოტის გადაგდება, რომ დაბლა რაიმე არ დააზიანოს.

- რომელი ხეა ყველაზე ძნელი მოსაჭრელად?­

- ჭადარი, რადგან ძალიან მკვრივი­ მერქანი აქვს. ყველაზე მარტივი სამუშაო­ ნაძვია. ცუდია რომ ნაძვების დაავადებამ ბევრი ნაძვი მოგვაჭრევინა. ხელოვნურად გაშენებული რომ იყო, ამიტომაც ვერ გაუძლეს დაავადებებს. ნაძვი სუსტია.

- ამჟამად რომელ ხეებს ემუქრება ხმობის საფრთხე?

- თუთებს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ძველი და მაღალი თუთებია გარეუბნებში. თუმცა მხოლოდ ხნოვანობის გამო არ ვჭრით. თუთას ფესვების ღრმად გადგმა ახასიათებს და ბევრი სახლი დაბზარა...

ვისურვებდი, ბევრმა ბავშვმა ისწავლოს ხეზე ცოცვა. დედებს ნუ გეშინიათ, არაფერია საშიში, რამდენადაც სიმაღლისაკენ მიიწევს ადამიანი, იმდენად ლაღია ბუნებით და სიძნელეები ვერ აშინებს. ისე, ხის ჭრაზე უმეტესად დასავლეთ საქართველოდან ვმუშაობთ, სადაც ყველგან მაღალი ხეა და ჩვენც ყველგან დავცოცავდით. რა ვიცოდით, თუ პროფესიად გვექცეოდა.

ეთერ ერაძე