ნოე ჟორდანია - „ჩვენ მუდამ ვირჩევდით დასავლეთს“ - კვირის პალიტრა

ნოე ჟორდანია - „ჩვენ მუდამ ვირჩევდით დასავლეთს“

1920 წლის იანვარში ევროპის მოწინავე სახელმწიფოებმა ანუ ანტანტის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტო ცნო. 14 იანვარს გაიმართა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა, რომელსაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ სხდომას სიტყვით მიმართა, რომლითაც კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია: "ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი. მთელმა ევროპამ, განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება! და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. და ამას გავამართლებთ, თუ ჩვენ შემდეგშიაც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე; თუ ჩვენ არ გადავსცდებით იმ გზას, რომელზედაც ვიდოდით დღევანდლამდის.

დასავლეთი და აღმოსავლეთი - აი ეს კითხვაა ჩვენ წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე. როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან - იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს, ჩვენ მუდამ ვირჩევდით დასავლეთს"...

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლი­ტიკასა და მის თავმჯდომარეზე, პუბლიცისტსა და თეორეტიკოს ნოე ჟორდანიაზე გვესაუბრება:

n-1721594192._ჟორდანია.jpg

- ჩვენი საზოგადოების ნაწილი ნოე ჟორდანიას უარყოფითად აფასებს იმიტომ, რომ 1899-1900 წლებში მას მწვავე პოლემიკა­ ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. მისი აზრით, ილია იყო თავადაზნაურული კლასის­ ინტერესების დამცველი და რეაქ­ციონერი. ნოე ჟორდანია პრიორიტეტს მშრომელი მასების დაცვას ანიჭებდა და მოვლენებს კლასობრივი ბრძოლის­ თვალსაზრისიდან აფასებდა. მეორე, რის­ გამოც საზოგადოება დაეჭვებულია ჟორდანიას­ პიროვნებაში, ის არის, რომ 1907 წელს ილიას მკვლელებში ორი სოციალ-დემოკრატი იყო გარეული (ბერბიჭაშვილი და ვინმე იმერლიშვილი,­ მებრძოლი ჯგუფის მეთაური). მერე გაირკვა, რომ ისინი ბოლშევიკი სოციალ-დემოკრატები იყვნენ და არა მენშევიკი. ნოე ჟორდანიამ თავის გამამართლებელი სტატიაც­ კი გამოაქვეყნა გაზეთში "ჩვენი გზა". წერდა,­ რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები არაფერ შუაში იყვნენ ილიას მკვლელობასთან.

ნოე ჟორდანიას ცხოვრება და მოღვა­წეობა შეიძლება სამ პერიოდად დავყოთ: 1917 წლამდე, 1917-1921 წლები და ემიგრაციის პერიოდი გარდაცვალებამდე (1953 წელი). ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომელთა აღიარებული ლიდერიც ნოე ჟორდანია იყო, კლასობრივი ბრძოლის პოზიციაზე იდგნენ და ყველას ებრძოდნენ (არა მარტო რუსეთის მონარქიას), ყველა­ ქართულ ეროვნულ პარტიას და ქართული სახელმწიფოს აღდგენის მოწინააღმდეგენი იყვნენ. 1917 წელს მისი პოზიცია, ისევე, როგორც ქართველი სოციალ-დემოკრატებისა, რადიკალურად შეიცვალა - ისინი სათავეში ჩაუდგნენ საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა, და 1917-1918 წლებში საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა მოითხოვეს. საბჭო ჯერ იბრძვის საქართველოს სახელმწიფოს აღდგენისთვის ავტონომიის ფორმით და 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს სახელით აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას. შეიძლება ასე ითქვას, ჟორდანიამ ადრინდელი ცოდვები იმით გამოისყიდა, რომ სამი წლის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ანუ პირველ რესპუბლიკას.

- მაინც რით იყო გამორჩეული პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის კოალიციური მთავრობა და მისი მეთაური?

- ჟორდანია თანამებრძოლებთან ერთად ძალიან უნარიანად გაუძღვა ქვეყანას, ჩამოაყალიბა სახელმწიფო სტრუქტურები, შექმნა სამინისტროები... სხვათა შორის, ყოველთვის ეშლებათ - მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო ნოე რამიშვილი (ამავე­ დროს, შს მინისტრიც). მისი პრემიე­რ­მინი­სტრობა ხანმოკლე იყო - 1918 წლის 26 მაისიდან 24 ივნისამდე. ჟორდანიას თანაპარტიელებმა, სოციალ-დემოკრატებმა, დააყენეს საკითხი და ის აირჩიეს მთავრობის თავმჯდომარედ, ნოე რამიშვილი კი გადადგა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა კოალიციური იყო. ის ოთხი პარტიით დაკომპლექტდა, სადაც წამყვანი უმრავლესობა სოციალ-დემოკრატები იყვნენ - 8 მინისტრიდან 4 მათი იყო, 2 მინისტრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან, 1 - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან და 1 - სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან. ეს იყო დროებითი მთავრობა, რომელიც პასუხს აგებდა საქართველოს პარლამენტის წინაშე. კოალიციური მთავრობა საქართველოს 8 თვის განმავლობაში მეთაურობდა. პრობლემა ის იყო, ეს პირველი მთავრობა აირჩია­ პარლამენტმა, რომელიც ნოე ჟორდანიას დაკომპლექტებული იყო. 1918 წლის ბოლოს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, პარიზში უნდა გამართულიყო დიდი საზავო კონფერენცია, სადაც გამარჯვებულ ქვეყნებს უნდა შეედგინათ მსოფლიოს ახალი რუკა ანუ დამარცხებულების ხარჯზე გადაენაწილებინათ მსოფლიო. კონფერენციაზე საქართველოსაც უნდოდა დელეგაციის გაგზავნა, თანაც სასურველი იყო საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ლეგიტიმურ მთავრობას გაეგზავნა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ჩვენი რესპუბლიკა დე ფაქტო და დე იურე ეცნოთ. 1919 წლის იანვარში საქართველოში გაიმართა პირველი საყოველთაო არჩევნები, სადაც მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა, და აირჩია დამფუძნებელი კრება, ამ უკანასკნელმა კი - პირველი რესპუბლიკის რიგით მეორე მთავრობა, რომელიც უკვე ერთპარტიული იყო, მთლიანად სოციალ-დემოკრატებისგან შედგებოდა. ახლა უკვე ყველა მინისტრიც სოციალ-დემოკრატი იყო და თითოეული მინისტრის დაქვემდებარებაში რამდენიმე სამინისტრო შედიოდა. ასე რომ, საყოველთაო არჩევნებით არჩეულმა მთავრობამ პარიზში სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნა დელეგაცია ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატის კარლო ჩხეიძის მეთაურობით. დელეგაციაში შედიოდა ასევე სოციალ-დემოკრატი ირაკლი წერეთელი. მასში არაოფიციალურად სხვა წევრებიც იყვნენ, სხვადასხვა დარგის ცნობილი წარმომადგენლები (ივანე ჯავახიშვილიც, რომელიც არაოფიციალურად იყო მთავრობის მთავარი ექსპერტი ისტორიის, სიმბოლიკის არჩევის, საზღვრების საკითხებში.). საქართველოს მაშინდელი მთავრობა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ ქართველ მეცნიერებთან, კულტურის წარმომადგენლებსა და სხვა ყველასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, მათგან იღებდა კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე. დამფუძნებელი კრების დიდი უმრავლესობა სოციალ-დემოკრატების იყო და მიუხედავად ოპოზიციის მცირერიცხოვნობისა, მაშინდელი დამფუძნებელი კრების ოქმები რომ ნახოთ, სავსეა პოლემიკით, ურთიერთშელაპარაკებით, ეს იყო ძალიან ცოცხალი დამფუძნებელი კრება და რიგ საკითხებში უმრავლესობა­ ოპოზიციურ სპექტრს უსმენდა ხოლმე. ერთ მაგალითს მოვიყვან: ეროვნულ-დემოკრატმა­ გიორგი გვაზავამ წამოაყენა წინადადება, რომ დამფუძნებელ კრებასთან სხვა კომისიებთან ერთად ყოფილიყო საგარეო საქმეთა კომისიაც. თავდაპირველად უარი უთხრეს, ის არ მოეშვა და თვეების მერე მესამედ წამოაყენა იგივე წინადადება. სოციალ-დემოკრატებმა ამ კომისიის შექმნა საჭიროდ ჩათვალეს და ჩამოყალიბდა კიდეც. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავმჯდომარედ არა უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელი, სოციალისტ-ფედერალისტი სვიმონ მდივანი დაინიშნა - ესეც დამოუკიდებელი მთავრობის დემოკრატიული თვისება. სოციალ-დემოკრატები უმრავლესობაში რომ იყვნენ, სწორედ მათი დამსახურება იყო, ვინაიდან ეს პარტია მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო.

- რით იყო განპირობებული მათი პოპულარობა?

- ისინი იცავდნენ გლეხების, მუშების ინტერესებს, ასევე სამოქალაქო მშვიდობის პოლიტიკას - ანუ ეს იყო შერეული პოლიტიკის გამტარებელი მთავრობა. ისინი ხომ სოციალისტები იყვნენ, მაგრამ ჟორდანიამ შეიმუშავა თეორია, რომ სოციალიზმი მაშინვე არ უნდა დამყარებულიყო. პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომელიც ნელ-ნელა, ევოლუციურად გაატარებდა სოციალურ რეფორმებს და ათეული წლების­ განმავლობაში გარდაიქმნებოდა სოციალისტურ სახელმწიფოდ. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ბოლშევიკური რუსეთის მსგავსი, უნდა ყოფილიყო ევროპული სოციალისტური თეორიული მოდელის ქართული ნაირსახეობა ანუ ის, რასაც დღეს ევროსოციალიზმს უწოდებენ. ნოე ჟორდანია ევროპაში ნასწავლი კაცი იყო, დაამთავრა ვარშავის ვეტერინარიული ინსტიტუტი, ისმენდა ლექციებს მიუნხენის, ჟენევის, პარიზის უნივერსიტეტებში, ხვდებოდა მაშინდელ ევროპული მარქსიზმის და სოციალისტური მოძრაობის ცნობილ წარმომადგენლებს, რომლებიც მერე საქართველოშიც იმყოფებოდნენ. მაგალითად, ევროპული სოციალიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი კარლ კაუცკი, რომელიც აქ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა და საქართველოზე წიგნიც გამოსცა. ეს წიგნი ევროპაში ძალზე პოპულარული იყო. ევროპელი სოციალისტებისთვის ქართული რესპუბლიკა იყო პირველი მაგალითი. 1920 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა ევროპის სოციალისტური მოძრაობის ლიდერთა დელეგაცია. ნოე ჟორდანიამ ევროპულ დელეგაციას მიმართა: თქვენ ჩვენი მასწავლებლები ხართ და ბედნიერი ვართ, რომ საქართველოში ჩამოხვედითო, რაზეც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა რამზეი მაკდონალდმა უპასუხა, არა, ჩვენ კი არა, ამჟამად თქვენ ხართ ჩვენი მასწავლებლები, იმიტომ, რომ მსოფლიოში თქვენ დაამყარეთ პირველი დემოკრატიული ტიპის­ სოციალისტური სახელმწიფოო. სოციალ-დემოკრატებმა ეკონომიკურ სფეროში კი გაატარეს სოციალური რეფორმები, გააუმჯობესეს გლეხთა და მუშათა მდგომარეობა, მაგრამ საქართველოში დაშვებული იყო კერძო ბიზნესი, კერძო საკუთრება. მათ არ ჩამოურთმევიათ ქონება კაპიტალისტებისთვის, უბრალოდ, შეზღუდეს კაპიტალისტური სისტემის მთელი რიგი ნორმები - ქარხნის ან ფაბრიკის მფლობელს არ შეეძლო თავის ნებაზე გაეთავისუფლებინა მუშა. ამისთვის არსებობდა სტრუქტურა, რომელიც ზღუდავდა მუშების ერთპიროვნულად გათავისუფლებას, ქარხნის მფლობელს უნდა დაესაბუთებინა, რის საფუძველზე აკეთებდა ამას. ვიდრე დამფუძნებელი კრება კონსტიტუციას მიიღებდა (1921 წლის 21 თებერვალი), ძირითადად, სოციალური ხასიათის კანონმდებლობა (მათ უამრავი კანონი გამოსცეს) არსებობდა. ისინი ზრუნავდნენ საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენაზე, ოღონდ მშრომელი უმრავლესობის პრიორიტეტით. გარდა ამისა, ისინი იყვნენ ეროვნული რეფორმების პირველი გამტარებლები საქართველოში. მარტო ის რად ღირს, რომ ნოე ჟორდანიას მთავრობამ მიიღო ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის კანონი. 1918 წლიდან დაფიქსირდა ქართული ენის სახელმწიფოებრიობის სტატუსი. ასევე, სოციალ-დემოკრატებს უზარმაზარი წვლილი მიუძღვით უნივერსიტეტის გახსნაში (რომელიც 1918 წლის დასაწყისში, დამოუკიდებლობამდე გაიხსნა).

მთავრობის ლიდერების უმრავლესობა პატრიოტი იყო, მაგ. აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი - ეს რკინის კაცი... ზღაპარია ის შეხედულება, რომ თითქოს სოციალ-დემოკრატები პატრიოტები არ იყვნენ. მათ თანამედროვე ქართული სახელმწიფო აღადგინეს და თუ ოდესღაც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენლობაში იყვნენ, მხოლოდ პოლიტიკური ვითარების გამო. მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოსთვის მოკავშირე და მფარველი არ არსებობდა, ამიტომ იძულებულნი იყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაერთიანებულიყვნენ (1918 წლამდე). ეს უფრო იძულებითი ნაბიჯი იყო, ვიდრე ნებაყოფლობითი. ასე რომ, ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ქართველ სოციალ-დემოკრატებს, რომლებმაც უნარიანად უხელმძღვანელეს თანამედროვე პირველ ქართულ სახელმწიფოს. ისინი ყოფილი რევოლუციონერები იყვნენ, რომლებიც არაერთხელ დააპატიმრეს, ჟორდანია რამდენჯერმე იჯდა ციხეში (ორჯერ 1900-იან წლებში, მესამედ - 8 თვე რუსეთის ციხეში). ისინი მონარქიას ებრძოდნენ, თავგანწირული ხალხი იყო. როცა სათავეში მოვიდნენ, მერეც პატიოსნად ცხოვრობდნენ. ნოე ჟორდანია მოგონებებში წერს, ლობიოს­ დედაჩემი მიგზავნიდა სოფლიდანო. დანარჩენებიც თავს ნებას არ აძლევდნენ, სხვებზე კარგად ეცხოვრათ. ეს პოლიტიკური ელიტა - გეგეჭკორები, წერეთლები, ჩხეიძეები ბოლომდე პატიოსან ხალხად დარჩა, სიმდიდრე და ფული თავზე არავის გადასდიოდა.

არსებობს ერთი ასეთი გადმოცემა: როცა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ქართული დელეგაცია ჩავიდა, ჩოხა-ახალუხში იყვნენ გამოწყობილი და შესვენებაზე სარკეებიან დარბაზში მათ ყურადღება მიაქცია ერთმა ინგლისელმა პოლიტიკოსმა. მას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლოიდ ჯორჯისთვის უკითხავს, ესენი ვინ არიანო, მას კი უპასუხია, ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომელსაც შეუძლია მთელი ევროპა მინისტრებით მოამარაგოსო.

- რა ჰქონდა მხედველობაში ლოიდ ჯორჯს?

- რუსეთის პირველი რევოლუციის ლიდერი (რომელმაც ნიკოლოზ მეორე ჩამოაგდო) იყო ქართველი სოციალ-დემოკრატი კარლო ჩხეიძე - ძველი პეტერბურგის და მერე სრულიად რუსეთის საბჭოების თავმჯდომარე, ანუ არაოფიციალური ხელისუფლების ლიდერი. შემდეგ დროებითი მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი იყო ირაკლი (კაკი) წერეთელი, დიდებული ორატორი, მას რუსეთში რუსეთის რევოლუციის ციცერონს უწოდებდნენ. როცა ამიერკავკასიის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა (თვე-ნახევრის განმავლობაში ითვლებოდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად), მისი მთავრობის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი.

ბოლშევიკებიც გავიხსენოთ - ბოლშევიკური გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი იყო იოსებ სტალინი და ავადსახსენებელი სერგო ორჯონიკიძეც. ეს ლიდერები საყოველთაოდ ცნობილები იყვნენ ევროპაში. ამას გულისხმობდა ლოიდ ჯორჯი. აკაკი ჩხენკელს, რომელიც შვეიცარიაში იმყოფებოდა, თბილისიდან ნოე ჟორდანია სწერდა, დელეგაცია უნდა ჩავიდეს პარიზში­ და ვინ გამოვგზავნოო. ჩხენკელი პასუხობს: კაკი წერეთელი და კარლო ჩხეიძე გამოგზავნეთ, პარიზში ბავშვებმაც კი იციან მათი სახელებიო.

იყო ერთი სოციალ-ფედერალისტი - თედო ღლონტი, რომელიც შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც გახლდათ (1937 წელს დახვრიტეს), რომელიც ამბობდა, საქართველოს ინტელექტუალური კრიზისი აქვს და ეს კრიზისი სიმცირეში კი არა, სიჭარბეშიაო - ანუ ძალიან ბევრი ჭკვიანი კაცი გვყავსო. სხვა პარტიების წარმომადგენლებიც საყოველთაოდ ცნობილი ხალხი იყო, მარტო ვარლამ ჩერქეზიშვილი რად ღირს, რომელიც საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ასეთი ხალხი გვყავდა, რომელთაც ხელმძღვანელობის უნარით იმდენად გამოიჩინეს თავი, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა და ხელისუფლება დღევანდელი და მომავალი ხელისუფლებებისთვის მისაბაძი უნდა იყოს.