„აჭარაში ბუნება ხომ ზღაპარია, მაგრამ ამაზე დიდი ზღაპარი­ არიან ადამიანები“ - კვირის პალიტრა

„აჭარაში ბუნება ხომ ზღაპარია, მაგრამ ამაზე დიდი ზღაპარი­ არიან ადამიანები“

ნათელა გრიგალაშვილი - ფოტოდოკუმენტალისტი უნიკალურად მეტყველი­ სინამდვილით, რომელიც შეხედვისთანავე­ გიპყრობს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 2024 წელს სწორედ ის გახდა ანდრე მოზერის სახელობის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი შვეიცარიის ფოტოფესტივალზე! ფოტოგრაფმა ჯილდო მაღალმთიანი აჭარის ფოტოსერიისთვის­ დაიმსახურა, რითაც საქართველო კიდევ უფრო ცნობილი გახადა: ფოტოგრაფს მთელ მსოფლიოში იცნობენ, საიდანაც უამრავი ადამიანი სწერს, იქ გვინდა წასვლა, სადაც ფოტოებს იღებ, როგორ უნდა ჩამოვიდეთო. რა თქმა უნდა, მშვენიერია ნებისმიერი ფოტო, რომელსაც ფოტოგრაფი საქართველოში იღებს, მაგრამ მთიან აჭარას მართლაც გამაოგნებელი ხიბლი აქვს, რაც, ალბათ, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ ნათელა გრიგალაშვილმა აჩვენა ჩვენს საზოგადოებას იმ დღიდან, როდესაც აჭარაში პირველად ჩავიდა, 2013 წელს, როდესაც ზურგჩანთითა და ხელში ფოტოაპარატით ირგვლივ გარემოს სილამაზით დატყვე­ვებული იმზირებოდა. ჩვენც სწორედ­ ამაზე ვესაუბრეთ: უპირველესად მაღალმთიანი აჭარის "შოკზე". ფოტოებზე, ჯილდოებსა და უცხოეთში გამოცემულ წიგნებზე, რომლებსაც ფოტოგრაფს ევროპაში სიამოვნებით უბეჭდავენ უსასყიდლოდ.

image4-1721594552.jpeg

- თქვენი საქართველოს ფოტოები "ნიუ-იორკ თაიმსით" დაწყებული, უამრავ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება, ასევე წიგნებიც, მაგრამ ჯილდო, რომელიც წელს მიიღეთ, მართლაც განსხვავებული იყო: უამრავი ფოტოგრაფი ოცნებობს ანდრე მოზერის ჯილდოზე.

- ხელოვანს ძალიან სჭირდება აღიარება, მით უფრო, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფები გვყავს. ანდრე მოზერის ჯილდო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ აჭარის ფოტოსესია ასე შეაფასეს... მე ყველაფერი მიყვარს, რასაც ვიღებ, ყველგან ჩემი სიცოცხლის ნაწილს ვდებ. საქართველოს კუთხეებიდან განსაკუთრებით აჭარა მიყვარს. მასთან 11 წლით ვარ დაკავშირებული და კიდევ მინდა ვიარო­, გავაგრძელო იქაურობის გადაღება. სულ მენატრება. ან კი როგორ შეიძლება­ არ მომენატროს, ფიქრებით იქ ვარ. თუ ისე მოხდა, ზაფხულში ჩავედი, მერე იმაზე ვფიქრობ, ზამთარშიც ჩავიდე; თუ ზამთარში ვიყავი, შემოდგომაზე მინდა ჩასვლა და ა.შ. იქ ყველა სეზონს ზღაპრული ფერი აქვს, რადგან ხალხია ზღაპარივით ტკბილი და საყვარელი. პირველად 2013 წელს ავედი ხულოში მეგობართან ერთად და მაშინვე ვთქვი გულში, აქ არის ჩემი "მე", აუცილებლად უნდა დავბრუნდე-მეთქი. მაღალმთიანი აჭარა იმ ძალიან სუფთა და ბუნებრივ ხიბლში გაბრუნებს, რომელსაც ადამიანები ვტოვებთ ბავშვობაში და მერე სულ გვენატრება. ასეთი მხარეა აჭარა­. როდესაც პირველად ჩავედი, ოქტომბერი იყო, მხოლოდ ერთი დღით ვიყავი და სამუდამოდ დამამახსოვრდა ის "აჭარული" ოქტომბრის მზე, რომლითაც ყველაფერი იყო გამთბარი: ქედებიც, ჭალებიც და ადამიანებიც. რთველი ჰქონდათ, - ამ სახელს მხოლოდ ყურძნის რთველს კი არა, მოსავლის აღებას ეძახიან, დიდი და პატარა­ მუშაობდა მთელი გულით, როგორც ყოველთვის მუშაობენ აჭარლები, მაგრამ უცხოებს დაგვინახავდნენ თუ არა, მოგვაშურებდნენ და ხილით გვივსებდნენ ჩანთებს, თან შინ გვეპატიჟებოდნენ. გვეუბნებოდნენ, უცხოები ხართ და, ალბათ, მშივრები იქნებით, ამიტომ შინ შემობრძანდით, მშიერს ვერ გაგიშვებთ, მაგ ცოდვას ვერ წავიღებთ საიქიოშიო.

დიდ ცოდვად მიაჩნიათ, თუ მშიერი კაცი ნახეს და არ გაუმასპინძლდნენ. უცხო სოფელში რომ მოვხვდები, მეუბნებიან, მოდი, ისადილე, მაგ ცოდვას ნუ დაგვადებ, მშიერი გაგიშვათო. იცით, როგორ მეთბილება და მიყვარს ეს სიტყვები? იქ ბუნება ხომ ზღაპარია, მაგრამ ამაზე დიდი ზღაპარი­ არიან ადამიანები. იცით, რამდენჯერ მქონია შემთხვევა, ჩავსულვარ უცხო კუთხეში ფოტოების გადასაღებად და იმ დღეს ერთი ფოტოც არ გადამიღია. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები არა გადასაღებად, არამედ სულ სხვა სურვილით მომიახლოვდნენ, თავიანთი გულისნადების ჩემთვის გასანდობად. მეც ვზივარ და მხოლოდ ვესაუბრები. ამით იმასაც ვეუბნები, რომ მათიანი ვარ, მათ გვერდით. ფოტოაპარატს უშინაურდებიან და ბუნებრივები ხდებიან. ასეა ყველგან, სადაც წავსულვარ, მთელ საქართველოში. თუ არ გიყვარს, თუ არ ენდე და გენდნენ, როგორ გადაიღებ.

image13-1721594552.jpeg

რა ასაზრდოებს ადამიანს? სიყვარული და ზრუნვა, რასაც მეორე ადამიანი იჩენს მის მიმართ. იცით, რა მიყვარს? როდესაც აჭარაში ვბრუნდები და ნაცნობები მომეგებებიან ხმაში გაბნეული ზრუნვით, სად ხარ აქამდე, რატომ დაიგვიანეო?! აი, ასეთი რამეები კვებავს სულს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ისეთი კომფორტული პირობები, აჭარაში მაინც მშვიდად გრძნობ თავს. დილით მშვიდად დგები, ღამით მშვიდად წვები, რადგან ირგვლივ სიმყუდროვეა და შენზე ზრუნავენ. რამდენჯერმე უთქვამს ჩემს აჭარელ მასპინძელს, ამ დილით შენს ოთახთან გავლა კი მინდოდა, მაგრამ გეძინა და დავანებე თავიო. ამაზე მე ვნერვიულობ, ის კი მამშვიდებს, მერე რა მოხდა, ახლა გავივლიო. წამოიდგინეთ, ასეთივე მზრუნველები არიან ბავშვებიც, ეხმარებიან უფროსებს. გაოცდებით, როდესაც 2 წლის ბავშვი წამოავლებს ხელს ჯოხს და ოჯახს ფრინველის ან პირუტყვის გარეკვაში ეხმარება.

- არადა, უმეტესობა ბავშვებს შრომას ვაშორებთ, გვეცოდებიან, ჯერ პატარები არიანო.

- არ არის სწორი. ისე ჩანს, თითქოს აჭარაში ბავშვები მეტისმეტად არიან ჩართული შრომაში, მაგრამ არა! მეტისმეტად ჩართული კი არ არიან, ისინი შრომას სწავლობენ. როდესაც საქმეს მოილევენ, მერე ჟივილ-ხივილით გარბიან სათამაშოდ. მათი ბევრი რამ მომწონს, თუნდაც უფროს-უმცროსების დამოკიდებულება, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა. ანგელოზებივით ზრუნავენ ერთმანეთზე. ეს ბუნების კანონია, რათა ადამიანმა სწორად იცხოვროს, ჰარმონია ჰქონდეს სხვა ადამიანებსა და ბუნებასთან.

- იმიტომაც არის, რომ აჭარლის ნაშრომი­ ასე გულმოდგინეა. ამას ყველგან შეამჩნევ, თუნდაც იმ ადგილებში, სადაც ეკომიგრანტებად გადასახლდნენ მეწყრის გამო.

image5-1721594552.jpeg

- კი, მეც მინახავს. დუხობორების სოფლებშიც ხომ ცხოვრობენ აჭარლები და იცით, როგორ გამოარჩევ? აჭარლებს ბოსტანი აქვთ. არადა, ნიადაგია ისეთი, იფიქრებ, აქ ბოსტანი ვერ გაკეთდებაო. შრომაა ყველაფერი, რომელსაც ხედავ და გსიამოვნებს. რამდენიმე წლის წინ პანკისსა და აჭარაში მცირე პროექტი მქონდა, ბავშვებს ფოტოხელოვნებას ვასწავლიდი და მაშინაც სულ ვაკვირდებოდი ბავშვების საქციელს და ვფიქრობდი, რა კარგია, რომ ამათთან ვარ, აქეთ რამდენ რამეს მასწავლიან-მეთქი.

- წარმომიდგენია, როგორ უყვარხართ, თქვენი ფოტოები როგორ მოსწონთ. ბავშვების ფანტასტიკური ფოტოები გაქვთ.

- კი, ყველას მოსწონს. აი, იმ სერიიდან, შვეიცარიაში ჯილდო რომ მიიღო, ერთი ფოტო მაქვს: ქალი, რომელიც თივის ზვინს დგამს. ეს ფოტო იმდენად გავრცელდა, რომ პერსონაჟმა მითხრა, უი, ამას არ ველოდი, მთელმა მსოფლიომ მნახაო­. მეც მის ქმარს ვკითხე, ხომ არ გეწყინათ, ეს ფოტო რომ გავრცელდა-მეთქი, და არაო, ისე მითხრა, მივხვდი, არ სწყენია. მერე ქალი მეკითხება, ხომ არ გინდა ისევ ავიდე თივის ზვინზეო?

- იქაურ ქალებზე ზოგჯერ ამბობენ, მამაკაცებზე ბევრს შრომობენო.

- ქალებს თავიანთი საქმე აქვთ, კაცებს­ - თავიანთი. მამაკაცები პირუტყვს უვლიან, შეშას ჩეხენ... იცით, ქალაქი ხანდახან პოდიუმს მაგონებს, სადაც ქალიც და კაციც რაღაცნაირად თითქოს მაყურებელზეა დამოკიდებული. აი, ბუნებასთან ჰარმონია კი პოდიუმს არ საჭიროებს, არც კრიტიკას, ის ალაღებს და ათამამებს ადამიანებს.

- მითხარით, ფოტოს გადასაღებად უფრო მეტს ვივლი, მაგრამ ფინანსები არ მყოფნისო. ასე რატომ არის? თქვენ ხომ საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანი ხართ.

- კი, ასეა. მორიგი რამდენიმედღიანი­ გასვლისთვის ფულს მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებ ხოლმე­ და ძალიან ცოტა ხანს მყოფნის. არადა, მინდა მეტი ვიმუშაო, ორი კვირით კი არა, ერთი თვით მაინც წავიდე გადასაღებად. საერთაშორისო­ აღიარება ფოტოგრაფისთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა უცხოეთიდან იყოს მცირე შემოსავალი, თორემ სამშობლოდან ხელშეწყობა არ არის. ფოტოგრაფიისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაა საქართველოში. ერთხელ იძულებული გავხდი ტურიზმის დეპარტამენტისთვის სამგზავრო თანხა მეთხოვა და უფროსმა გაოცებულმა­ შემომხედა, შენისთანა 400 ფოტოგრაფი მოვა აქ და წარმოიდგინე, რა მოხდება, ყველას რომ მოვუსმინოო. არადა, ფოტოგრაფია ისტორიას ყველაზე ზუსტად ასახავს. ძველ ფოტოებზე ხომ მთელ სამყაროს ვკითხულობთ­, ზუსტად ასე იქნება დღევანდელი ფოტოები ათეული წლების შემდეგ. ამიტომაც მინდა ეს ისტორია შევინახო.