„შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა“
პაოლო იაშვილის შთამომავალი, მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი გია ნიჟარაძე იაშვილების ოჯახის წარსულსა და დღევანდელობაზე გვესაუბრა:
- პაოლო იაშვილის ერთადერთი შვილი, დედაჩემი, მედეა იაშვილი 1925 წელს, 1-ლ მაისს თბილისში დაიბადა. მედეას დედა თამარ ოქრომჭედლიშვილი-იაშვილი გახლდათ. თამარის მამა, ინჟინერი გიორგი ოქრომჭედლიშვილი, ხე-ტყის მრეწველი იყო, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგის, ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობრისა და თანამოაზრის ილია ოქრომჭედლიშვილი-სერებრიაკოვის შვილი. მოგეხსენებათ, მეფის რუსეთში გვარებს უცვლიდნენ, ილია ოქრომჭედლიშვილი დააქვეითეს და გვარი ოქრომჭედლიშვილიდან სერებრიაკოვად გადაუკეთეს. გიორგის მეუღლე ულამაზესი ნინო გეგიძე-ოქრომჭედლიშვილი ძალიან განათლებული ქალი, უცხოურ ენებს ფლობდა. ასეთი მშობლები ჰყავდა პაოლო იაშვილის მეუღლეს.
ბაბუაჩემი დღესასწაულების დიდოსტატი იყო და ადვილი წარმოსადგენია, ერთადერთ ქალიშვილს როგორ ანებივრებდა. ზაფხულობით ბაბუაჩემის მშობლიურ სოფელში მიდიოდნენ, საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. ბაბუაჩემს ერთი და, ოთხი ძმა ჰყავდა და ისინი თავიანთი შთამომავლებით რომ შეიკრიბებოდნენ, დაახლოებით ორმოცი კაცი მოგროვდებოდა ხოლმე. აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება ყვირილას ხეობასა და რაჭის ქედზე...

- სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გაგრძელდა...
- დედა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, სანამ ერთ უბედურ დღეს საშინელება არ დატრიალდა... პაოლოსაც ის შეეხო, რაც მაშინ საქართველოსა და მთელ საბჭოთა კავშირში ხდებოდა: საშინელი რეპრესიები, სხვაგვარად მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანების დევნა. პაოლო იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ მიხვდა, თუ არა თვითმკვლელობა, მის ოჯახს საშინელი დღეები დაუდგებოდა, მის სახელსაც ძალიან დიდი ჩრდილი მიადგებოდა და 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის სახლში თავი სანადირო თოფით მოიკლა.
პაოლომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილები დატოვა, მათ შორის ერთი დედაჩემისთვის. დედა მაშინ 13 წლის იყო... "ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მაპატიე, გემუდარები ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა, ყველა ჩემი ახლობელი. მეტი წერა აღარ შემიძლია, მშვიდობით მამიკო!"
- როგორ გაგრძელდა მედეა იაშვილის ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ?
- დედა ამ საშინელი ტრაგედიის მერე ერთი თვე არაადეკვატური იყო. ადვილი წარმოსადგენია, 13 წლის ბავშვისთვის რაც იქნებოდა ასეთი მამის დაკარგვა. როდესაც ჩეკისტები ჩვენს სახლში მოვიდნენ, ბებია და დედა ტახტზე დააგდეს და ტირილის, ხმის ამოღების უფლებაც არ მისცეს.
პაოლო იაშვილი თავის უზადო ნიჭთან ერთად, ცოტა არ იყოს, არაორგანიზებული კაცი იყო. სიცოცხლეში არც გამოუცია საკუთარი ლექსები. ამხელა ნიჭს ქაღალდის ნაგლეჯებზე ფანტავდა, უამრავი ექსპრომტი, გამოუქვეყნებელი ლექსები, თარგმანები და მიმოწერა ჰქონდა... წარმოიდგინეთ, როგორი მეგობრები ჰყავდა, ჯერ კიდევ პარიზით დაწყებული, როდესაც ლუვრის ხელოვნების ცენტრში პიკასოსთან, მოდილიანსა და სხვებთან ერთად სწავლობდა. მისი მეგობრები იყვნენ ცნობილი რუსი პოეტებიც. ტიციან ტაბიძესთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან, კოლაუ ნადირაძესა და სხვებთან ერთად 1915 წელს დააარსა „"ცისფერი ყანწები"... ეტყობა, ბოლოს ნებისყოფა მოიკრიბა, ყველაფერი მოაწესრიგა და როდესაც ჩეკისტები ჩვენს სახლში მოვიდნენ, ფასდაუდებელი, უნიკალური მასალებით სამი უზარმაზარი ჩემოდანი გაავსეს. დღემდე უცნობია, ამ მასალებს რა ბედი ეწია. ნაწერებს ნახატები, სხვა მნიშვნელოვანი ნივთებიც გააყოლეს...
ცოტა ხანში ბებიაჩემი ინსტიტუტიდან გარიცხეს, დედა სკოლაში რომ მივიდა, სკოლის დირექტორი გაკვეთილზე შებრძანდა“ და დედას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აქედან გაეთრიე, შე ტროცკის ნაბიჭვაროო... შემდეგ დედამ 42-ე სკოლა დაამთავრა, მისი კლასი დედაჩემისნაირი "ხალხის მტრის" შვილებისგან“ იყო შემდგარი. დახვრეტილი, გადასახლებული მშობლების შვილები სწავლობდნენ... "ხალხის მტრის" ხატმა რეაბილიტაციამდე დიდხანს იმუშავა... მამაჩემი, ჯუმბერ ნიჟარაძე, რომელიც ცნობილი კალათბურთელი იყო, კარიერის ბოლოს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს, ტურნეში უნდა წასულიყვნენ და ჩეკისტებმა თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოხსნეს როგორც "ხალხის მტრის" სიძე.
ბაბუას დიდი ბინა ჰქონდა, რომელიც თავის დროზე ჩემმა დიდმა ბაბუამ, ჯიბრაელ იაშვილმა უყიდა ჯაფარიძის ქუჩაზე. ბაბუას თვითმკვლელობის შემდეგ ოჯახს ბინიდან ერთი ოთახი დაუტოვეს. ჩვენ იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, სულ ოთახ-ნახევარი გამოდიოდა, სადაც დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი უფროსი ძმა, მე და ბებიაჩემის პოლონელი გამზრდელი ვცხოვრობდით. შემდეგ ნელ-ნელა ბინის ნაწილი დავიბრუნეთ, მაგრამ ბოლომდე ვერა. დღეს იქ ვეღარ ვცხოვრობთ, რადგან სახლი ავარიულია, გამაგრებას აღარ ეშველა.
- რეპრესიები პაოლოს ძმებსაც შეეხო...
- 1924 წელს, პაოლოს ძმა, ჭუნია იაშვილი დახვრიტეს შორაპანში აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ჩემს დიდ ბებიას, ბაბილინა მდივანს, პაოლო მისი სახელით სწერდა წერილებს. თითქოს ის ირანში იყო გადაპარული... შემდეგ პაოლოს კიდევ ერთი ძმა, კონსტანტინე დახვრიტეს. ყველაზე უმცროსი ივანე (ტუპია) იაშვილი, დააპატიმრეს, ხოლო უფროსი ძმის, მიხეილ იაშვილის შვილი, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ნოდარ იაშვილი 1940 წელს დაიჭირეს. იმხანად კომუნისტებს ციხეებში "საოცარი პრაქტიკა"“ ჰქონდათ. ათკაციან საკანში ას კაცს გამოამწყვდევდნენ. შემდეგ ტიფით დაავადებულს შეუშვებდნენ და... ნოდარ იაშვილი იმან გადაარჩინა, რომ ციხის უფროსმა იცნო. ნოდარის მამა, მიხეილ იაშვილი, ექიმი იყო, ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. მას თურმე ციხის უფროსის შვილი გადაურჩენია და ციხის უფროსმაც თავი ვალდებულად ჩათვალა, ნოდარი იმ საშინელი საკნიდან გამოეყვანა. ამის შემდეგ ციმბირში 15 წლით გადაასახლეს. ნოდარმა იქ არაჩვეულებრივ უკრაინელ ქალზე იქორწინა. ჩემი ბიძაშვილი, მიშა იაშვილი, 1954 წელს ციმბირში დაიბადა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ...
- დედა ძალიან წარმატებული იყო და ულამაზესი ოჯახიც შექმნა.
- დედამ წარმატებით ჩააბარა ჯერ სამედიცინო ინსტიტუტში, შემდეგ კი უცხო ენების ინსტიტუტში. მამა და დედა ულამაზესი წყვილი იყო. მშობლებს ორი შვილი ვყავდით, ჩემი უფროსი ძმა, მერაბ ნიჟარაძე და მე... დედა მკაცრი და იმავდროულად, მოსიყვარულე იყო. სულ ამბობდა, რომ ძალიან გაუმართლა და უბედნიერესი იყო, რადგან რძლები ძალიან მოსწონდა და უყვარდა. ჩემი ძმის, მერაბ ნიჟარაძის მეუღლე, მაკო ღოღობერიძე და ჩემი მეუღლე - ქეთევან ფანცხავა... მართლაც ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, ნამდვილი მეგობრები იყვნენ... საბედნიეროდ, სამივე შვილიშვილს მოესწრო - ჩემს ქალიშვილს, თამარს, მერაბის ტყუპს - სანდროსა და ანკას. 1992 წლის 27 მარტს დედა გარდაიცვალა. ჩემი ქალიშვილი რვა წლის იყო, ხოლო ტყუპი - ხუთი წლის. ჩვენი შვილიშვილებიდან უმეტესობა ბიჭია. ანკას ორი ვაჟი ჰყავს - ლუკა და დემეტრე. ანკას მეუღლე გიორგი ჩხეიძე, ადრე სპორტის ჟურნალისტი იყო, შემდეგ ხატვის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა და დღეს ძალიან სერიოზული მხატვარია. სანდროს მეუღლე ყველასთვის ცნობილი რუსკა მაყაშვილია, მათი შვილები არიან ილია და ქალბატონი კატო... კატო ჩვენთვის ღვთის საჩუქარია, ამდენ „"ბანდიტში"“ ერთი ულამაზესი და სასწაული გოგო. ჩემი ქალიშვილი თამარი კარდიოლოგია. ორი ბიჭის - ალექსანდრესა და ანდრეას დედაა. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს - გუგა კენჭაძე, რომელიც კარდიოქირურგია.