გარემოს დაბიძნურებისთვის ჯარიმაა დაწესებული, მაგრამ... რატომ არ ხდება კანონის აღსრულება
ბევრს სათვალავიც კი აერია, რამდენჯერ შევიდა გარემოს დაცვის კანონში ცვლილებები. თუმცა მის სრულყოფილად აღსრულებას არაფერი ეშველა. შესაძლოა ქალაქებსა და სხვა დასახლებულ ცენტრებში გარემოს დაბინძურება შემცირდა, მაგრამ უფრო დასუფთავების სამსახურების შრომით. სხვა მხრივ, როგორც ყოველთვის, ახლაც შეხვდებით კორპუსების ფანჯრებიდან გადმოყრილ ნაგვის პარკებს, ნაგვით ამოვსებულ პატარა მდინარეებს, სანაპიროებზე გაფანტულ ნარჩენებს; ზღვაში ამოტივტივებულ ჭუჭყს, ტრასებზე პოლიეთილენის პარკებით "შემოსილ" ჭალებს... არადა, გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმაა დაწესებული. ამასთან, არსებობს "ნარჩენების მართვის შესახებ" კანონი, რომელიც ბოლო წლებში უფრო გამკაცრდა. თუ რატომ არ მოქმედებს სათანადოდ კანონი, ამის შესახებ "მწვანე ალტერნატივის" წევრს ირაკლი მაჭავარიანს ვესაუბრეთ.
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ ზაფხულში დედაქალაქიდან გასული ადამიანი უფრო ხედავს, რამხელა ზიანს აყენებენ ადამიანები ნარჩენებით დაბინძურებით გარემოს. მაგალითად, ქუთაისის შესასვლელთან, ტრასაზე, სახეზე ამეფარა ცელოფანი, რომელიც წინ მიმავალი ავტომანქანიდან ისროლეს. როგორც ვიცი, ავტომანქანიდან გადმოგდებული ნაგვის გამო ჯარიმა გამკაცრდა, მაგრამ მოქალაქეები, ჩანს, ამას არაფრად აგდებენ.
- ჯარიმის რომც არ გეშინოდეს, რატომ უნდა დაანაგვიანო გარემო, სადაც ცხოვრობ? მაგრამ საქმე ის არის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში არიან უპასუხისმგებლო და დამნაშავე ადამიანები. სახელმწიფომ კი მათი ქმედებები უნდა აღკვეთოს.
ჩვენს სახელმწიფოში არსებობს კანონი, "ნარჩენების მართვის კოდექსი", რომელიც წლების განმავლობაში მკაცრდებოდა, მაგრამ სახელმწიფოს ნაკლებად აქვს პოლიტიკური ნება მისი აღსრულებისთვის. თუ რატომ, ავხსნი, თუმცა მანამდე გეტყვით, რა სასჯელია დაწესებული ისეთი "ელემენტარული რამეებისთვის", რასაც ლამის ყოველდღე ვხვდებით გარემოში. მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, პოლიეთილენის პარკის ან სიგარეტის ნამწვის გადმოგდებაზე. თუ რამდენიმე წლის წინ ჯარიმა 120 ლარი იყო, ახლა ჯარიმდება 250 ლარით; საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან ნაგვის გადმოყრა ჯარიმდება 200 ლარით; 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (ნაგვით სავსე პარკის დაგდება ღია სივრცეში) ჯარიმდება 80 ლარით; 5 ერთეულამდე საბურავის (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გადაყრა ჯარიმდება 500 ლარით; გარემოს დანაგვიანება 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, შუშის ნამსხვრევის, ნემსებისა და სხვა მსგავსი მჩხვლეტავი ნივთებით ჯარიმდება 500 ლარით.
როგორც ვხედავთ, ჯარიმა არც ისე მცირეა და არა მგონია, ჩვენს მოსახლეობას მისი გადახდის ფუფუნება ჰქონდეს, თუნდაც ერთხელ რომ დაჯარიმდეს გარემოს დაბინძურებისთვის. სამწუხაროდ, კანონს სრულყოფილად არ აღასრულებენ. იწერება რამდენიმე ასეული საჩვენებელი აქტი და ამით ამოიწურება ყველაფერი. ჩემთვის ამის "სანიმუშო" მაგალითია, როდესაც ავტომანქანიდან ნარჩენის გადმოგდებაზე კანონი მიიღეს და კახეთში რომელიღაც გზაზე ერთი კაცი დააჯარიმეს სიგარეტის ნამწვის გადმოგდებისათვის, რაც დიდი ზარ-ზეიმით განაცხადეს მედიაში. ამ დროს კი თბილისის კორპუსებიდან უამრავი მობინადრე ყრის და ყრიდა ნაგვით სავსე პარკებს და სიგარეტსაც. სხვათა შორის, არაერთისგან გამიგონია, რომ კორპუსიდან გადმოგდებულმა სიგარეტის ნამწვმა კინაღამ დაწვა. არა მხოლოდ ეზოები, სადარბაზოებია გადავსებულია ნარკოტიკის მიღებისას გამოყენებული შპრიცებით და არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამის ჩამდენს კანონით მოსთხოვს პასუხს.
თბილისის არაერთ უბანსა და ქუჩაზე სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით ბუნკერები დგას და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მოსახლეობას შიგ დახარისხებული ნარჩენები ჩაეყარა, რომელიც მერე სასარგებლო ნივთიერებებად გადამუშავდება და ისევ მოსახლეობას მოხმარდება. ამიტომაც დაიხარჯა არცთუ მცირე თანხა ამ ბუნკერებში და დაიდგა კიდეც, მაგრამ ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმო რომ არ არსებობს, ამ ნარჩენს ვინ გადაამუშავებს?
ფუფუნებაა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კანონი უზენაესია ყველასთვის. ღვედის შეკვრაზეც ამბობდენ, ღვედს როგორ შევიკრავთ, გადაკოჭილები როგორ ვივლითო, მაგრამ როდესაც სახელმწიფომ გამოიჩინა ნება, რომ კანონი აღსრულებულიყო, ახლა ნებისმიერი მძღოლი ნებისმიერს ეტყვის, რომ ავტომანქანაში ჩაჯდომისას ღვედი აუცილებლად უნდა შეიკრას. მთავარია, კანონის შესრულების ნება იყოს და არა მოსახლეობასთან კეკლუცობა იმით, რომ "ჰუმანურ" სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც არავინ დააჯარიმებთ. რომელ კანონის შესრულებაზეა საუბარი, როდესაც პრაქტიკულად ყველა არჩევნების წინ სახელმწიფო კონტროლიორებსაც კი მიუთითებს, რომ უბილეთოდ მგზავრობისას არავინ დააჯარიმონ. უფრო მეტიც, კონტროლიორები იმ დღეებში არც ჩანან ქუჩებში. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მის ნებაზე, რაც არა მხოლოდ გარემოს დაბინძურების, არამედ ბევრ სხვა საკითხშიც არ ჩანს.
ეთერ ერაძე