"ბევრჯერ მიტირია და მიყვირია, გადამარჩინეთ-მეთქი, მაგრამ..." - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელიც ნარკოტიკების ტყვე აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

"ბევრჯერ მიტირია და მიყვირია, გადამარჩინეთ-მეთქი, მაგრამ..." - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელიც ნარკოტიკების ტყვე აღმოჩნდა

ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში არ არსებობს. ასევე არა გვაქვს განახლებული ინფორმაცია ინიექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ. თუმცა სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ყოველწლიურად მატულობს როგორც მომხმარებლების, ასევე ზედოზირებით გარდაცვლილთა რიცხვიც. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გომელაურმა რამდენიმე თვის წინ თქვა, ნარკოტიკების ზედოზირებას ყოველწლიურად საქართველოში 30-40 კაცი ეწირება, მაგრამ ამას არ ეთანხმებიან ნარკოპოლიტიკის ექსპერტები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს სტატისტიკა რეალობასთან ახლოს არ არის, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება, მაგრამ ოჯახი ერიდება გაახმაუროს, რომ გულის შეტევის მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.

ნარკოლოგები ნარკომომხმარებლებს მოუწოდებენ დატესტვის გარეშე არ გამოიყენონ არანაირი ნივთიერება და რაც მთავარია, ურჩევენ მუდმივად თან იქონიონ "ნალოქსონი", მედიკამენტი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ოპიოიდების დოზის გადაჭარბებისას, სწრაფად გამოჰყავს ადამიანი უგონო მდგომარეობიდან და უზრუნველყოფს სუნთქვის აღდგენას. მთავრობის დადგენილებით, 2022 წლიდან გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას პრეპარატის შეძენა რეცეპტის გარეშე შესაძლებელია, მაგრამ როგორც ნარკომომხმარებლები ამბობენ, "ნალოქსონის" მარაგი, გარდა სააფთიაქო ქსელებისა, უნდა იყოს გასართობ სივრცეებშიც, სადაც ძალიან მაღალია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და ზედოზირების რისკი.

ბოლოდროინდელი ზედოზირების შემთხვევები, სავარაუდოდ, გამოწვეულია ე.წ. ქუჩის მეტადონით, ამიტომ სპეციალისტები ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. როგორც ამბობენ, ბევრმა არც იცოდა, თუ ქუჩის მეტადონს მოიხმარდა, რადგან ის ვიზუალურად ბევრ სხვა ნივთიერებას ჰგავს. მეტადონი ძლიერი ოპიოიდია, რომელიც ამ ნივთიერების არამომხმარებელმა რომ მიიღოს, შესაძლოა ზედოზირებით დაიღუპოს.A მართალია, 2017 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურს მოეხსნა ვალდებულება, რომ ზედოზირების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შს სამინისტროს, მაგრამ დღემდე არსებობს სტიგმა, რომ "სასწრაფოსგან" პოლიციაც შეიტყობს ამ ინფორმაციას და სისხლისსამართლებრივ სასჯელს ვერ ასცდებიან. ეს კი მეტწილად საბედისწეროდ მთავრდება ხოლმე.

ჩვენი რესპონდენტი წლებია მოიხმარს ნარკოტიკს, ზედოზირებაც გამოცადა, მაგრამ ამბობს, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე გამოვიძახო "სასწრაფო" და პოლიციამ ციხეში 260-ე მუხლით გამიშვასო. ის ადასტურებს, რომ ბაზარზე დაბინძურებული ნარკოტიკების გამო ხდება ზედოზირებები.

დავითი:

- წლებია ნარკოტიკის მომხმარებელი ვარ. თავიდან კლუბური ნარკოტიკებით დავიწყე, დღეს კი წამლის გარეშე არ შემიძლია. კლინიკაშიც დამაწვინა დედაჩემმა, 4000 ლარზე მეტი გადავიხადეთ, მაგრამ იქიდან გამოსულმა ორ კვირაში ისევ გავიკეთე წამალი. ახლა რამდენიმე თვეა მეტადონის პროგრამაში ჩავერთე და ცოტა დავისვენე, რადგან მანამდე გამუდმებით იმაზე ფიქრი მიწევდა, სად მეშოვა წამლის ფული.

- ამბობენ, ძალიან ადვილია ნარკოტიკის შეძენაო.

- გამოიწერ ინტერნეტით, გადაიხდი ფულს, გიგზავნიან აპლიკაციას და გიდებენ კონკრეტულ ლოკაციაზე. ონლაინგასაღება უფრო მეტად იცავს გამსაღებელსაც და შემძენსაც, რადგან ერთმანეთთან შეხება არა აქვთ. გამსაღებელი დებს, შენ მიდიხარ ლოკაციაზე და იღებ. მქონია შემთხვევა, როცა მივსულვარ მითითებულ მისამართზე და არ დამხვედრია წამალი. აფერისტები მრავლად არიან, ცდილობენ გამოგძალონ ფული. მქონია შემთხვევა ჩემი წამლის ძიების დროს სხვისთვის განკუთვნილი წამალიც მინახავს, მაგრამ ხელი არ მიხლია, რადგან ვიცი, ვიღაცას როგორ სჭირდება. ბევრმა შეიძლება ამას ანგარიში არ გაუწიოს და თვითონ წაიღოს. მერე მიდის ამის გამო გარჩევები. როგორც ვიცი, დამდებებს დიდ ფულს უხდიან რეალიზატორები - 700-დან 2.000 დოლარამდე, გააჩნია, რა რაოდენობას დაალაგებენ სხვადასხვა ადგილას.

ინტერნეტით ყველანაირი ნარკოტიკი იყიდება: ჰეროინი, მეტადონის კრისტალი, ამფეტამინის ჯგუფის სინთეზური და ნახევრად სინთეზური ნივთიერებები, ამფეტამინი, მეტამფეტამინი. კოკაინი, კლუბური ნარკოტიკები, "ექსტაზი"... ყველას თავისი ფასი აქვს. ე.წ ქუჩის მეტადონის ერთი გრამი 1.200 ლარი ღირს, მაგრამ ძალიან ცოტაა საკმარისი, რომ ზედოზირება გამოიწვიოს. ვაგროვებთ ხოლმე ფულს, ვყიდულობთ და ვინაწილებთ. ბოლო დროს მასიურად შემოვიდა მეტადონის კრისტალი, რომელიც ხშირად ზედოზირებას იწვევს. პრობლემა ისიც არის, რომ ძალიან დაბინძურებული ნარკოტიკები იყიდება და დიდი რისკია მისი მოხმარება. ამიტომ ყველას ვურჩევ ტესტირების გარეშე არ გამოიყენონ. როგორც გითხარი, ახლა მეტადონის მომხმარებელი ვარ, მაგრამ ხშირად არ მყოფნის და რაც შემხვდება, ვამატებ ხოლმე. ჩემი ბევრი ნაცნობი და მეგობარი დაიღუპა ნარკოტიკით, ამიტომ ახლა უფრო ფრთხილად ვარ და ხშირად ვტესტავ, თუმცა დატესტვის გარეშეც გამიკეთებია. ახლახან მეგობარი დამეღუპა ზედოზირებით. ქუჩის მეტადონის მომხმარებელი იყო. გამიკვირდა, რადგან კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელი იყო.

- თქვენი მეგობრები არ ცდილობენ გადაჩვევას?

- ბევრს უნდა, მაგრამ საშუალება არა აქვს. პროგრამები არის, მაგრამ ძალიან ძვირია, 4.000-5.000 ლარი ღირს. დედაჩემი საზღვარგარეთ იყო წასული, ჩამოვიდა და მიმკურნალა, მაგრამ მაინც არა მაქვს შედეგი. "ლომკას" ვეღარ ვუძლებ, ფსიქიკაც დამენგრა, ძალიან გაღიზიანებული ვარ. ბევრჯერ მიტირია ცხარე ცრემლით, მიყვირია, მითხოვია, დამეხმარეთ, გადამარჩინეთ-მეთქი, მაგრამ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. მაქსიმუმ წამლის გარეშე 5 დღე გამიძლია, მერე ისევ ვიწყებდი ახალი გზების ძებნას. ვერ აღვწერ, როგორი საშინელი ტკივილი გაქვს ამ დროს ადამიანს. სხეულზე ვიღაც რომ მოგეკაროს, ეგეც არ შეგიძლია, მთელი სახსრები გტკივა. ძალიან გინდა გაძლო, მაგრამ ვერ იმორჩილებ ნერვებს, ვერ ერევი ტკივილს. კუჭიც აშლილი გაქვს, გული გერევა, გაქვს ჰაერის უკმარისობა, არითმია, გგონია, ლამის ამოგივარდება გული. რომც გინდოდეს, ნარკოტიკს ნებით ვერ გადააგდებ, იმდენად ძლიერია ტკივილი. ისე ხარ გაღიზიანებული, ყველას ეჩხუბები, სახლში ამტვრევ ყველაფერს, მოკლედ, ყველაფერზე წამსვლელი ხარ წამლის გამო.

- თქვენ რა ასაკიდან მოიხმართ ნარკოტიკს?

- მე სტაჟიანი მომხმარებელი ვარ, არასრულწლოვანი ვიყავი. თავიდან არ ვეკარებოდი ოპიოიდებს, მაგრამ მერე რომ გავსინჯე, იმაზეც გადავედი. ახლა ჩემი ორგანიზმი შეჩვეულია. კლუბურ ნარკოტიკს უფრო გართობისთვის იყენებენ, მაგრამ ისიც ხშირად დაბინძურებულია ოპიოიდებით. ამას მერე ორგანიზმი ვერ უძლებს და ხშირად იღუპებიან. ვინც კლუბურს მოიხმარს და მერე ოპიოიდებს, მათ უჭირთ დოზის განსაზღვრა და ამიტომ იღუპებიან ზედოზირებით.

პირველად რომ მოვიხმარე, მეც ცუდად გავხდი, მაშინ "ნალოქსონი" ჰქონდა ჩემს მეგობარს და მან გამომიყვანა მდგომარეობიდან. 10 წუთში აბსოლუტურად ფხიზელი ხდები. ამიტომ, რაც სწრაფად გაიკეთებ, უკეთესია.

კლუბურ ნარკოტიკზე "ნალოქსონი" ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ როცა ნივთიერება დაბინძურებულია ოპიოიდებით, მაშინ "ნალოქსონი", იგივე "ნარკანი" ერთადერთი გამოსავალია.

არამარტო კლუბებში, როცა მეგობრების წრეში გართობა გინდა, მაშინ მოიხმარ ნარკოტიკს. იწყებ ფიქრს იმაზე, როგორ გინდა დროის გატარება, თანაც ისე იქცევი, გინდა მეგობრების გარდა არავინ შეგამჩნიოს, რომ მომხმარებელი ხარ. ცდილობ ოჯახის წევრებთანაც არ „დაიწვა. მოგწონს, რომ იკეთებ, „კაიფში“ გართობა გსიამოვნებს, მერე როცა აანალიზებ, ხვდები, რომ უკვე კარგა ხანია იკეთებ და დოზაც უფრო მეტი და მეტი გჭირდება. აცნობიერებ, რომ ეს უკვე ჩვევად გექცა, გაორებული ხარ, იცვლება შენი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ. რეალური ცხოვრება მიმზიდველია მხოლოდ წამლის გაკეთების შემდეგ. მერე ისე ეჩვევი, წამალი უკვე მხოლოდ იმიტომ გჭირდება, რომ "ნორმაში"“ იყო, ამიტომ მთელი არსებით ცდილობ ახალ-ახალი დოზის მოპოვებას.

- ოპიოიდების ზედოზირება გქონიათ?

- მქონია, სხვა ნივთიერებებითაც, მაგრამ ის იმდენად საშიში არ არის. ჩემს მეგობრებსაც ბევრჯერ ჰქონიათ ზედოზირება.

ნარკომომხმარებლისთვის კარგია, რომ ნარკოტიკი ხელმისაწვდომია. თუმცა, როცა ასაღებად მიდიხარ, ძალიან ფრთხილობ, რადგან შეიძლება დაგიჭირონ და 12-წლიან "სროკზე" წასვლა ვის უნდა. როცა ასეთი შიშია, "სასწრაფოსაც" იმიტომ არ ურეკავენ ზედოზირების დროს. მეც არ გამოვიძახებ, იმ იმედით დავრჩები, რომ გადავრჩები. მე პირობითი სასჯელი მაქვს და თუ ისევ დამიჭერენ, ციხე არ ამცდება. ისე, ოპიოიდებით ზედოზირების დროს დარეკვასაც ვერ ასწრებენ, ისე იღუპება ადამიანი. ბევრი ნაცნობი დაღუპულა ზედოზირებით, მაგრამ უთქვამთ, გულმა უმტყუნაო, ოჯახები მალავენ ხოლმე. როცა მეგობარი გეღუპება, განიცდი, ამბობ, აღარ გავეკარებიო, მაგრამ მალევე გავიწყდება და მაინც ეძებ წამალს. ბევრი ვიცი, გამოსვლა უნდათ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ გამოდიან. ასეთებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს და ყველას თვალში არ უნდა ვიყოთ კრიმინალები. ეს პროგრამებიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პოლიცია არ უნდა იჭერდეს ნარკომომხმარებლებს და მაშინ უფრო ხშირად გამოიძახებენ "სასწრაფოსაც" და უფრო მეტი გადარჩება. ვფიქრობ ეფექტიანი გზაა დეკრიმინალიზაცია და რეაბილიტაცია.

სპეციალისტის რჩევები

დატესტვის გარეშე არ მოიხმაროთ არანაირი სუბსტანცია, არ მიიღოთ სუბსტანცია მარტო, რადგან დიდი რისკია ცუდად გახდეთ. თუ შეუძლოდ გახდით თქვენ ან თქვენი მეგობარი და ეჭვი გაქვთ ზედოზირებაზე, არ დააყოვნოთ სასწრაფო დახმარების გამოძახება. ოპიოიდების ზედოზირების ნიშნებია: შენელებული ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება, პულსის შესუსტება, თვალის ძლიერ შევიწროებული გუგები, ტუჩებისა და თითების გალურჯება, კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე, მოძრაობების შენელება, ცნობიერების დაბინდვა, არაბუნებრივად ღრმა ძილი, უსიცოცხლოდ მოდუნებული კიდურები, გულისრევა და ღებინება, გონების დაკარგვა.