„თუ ცოფი კლინიკურად გამოვლინდა, ეს უკვე განაჩენია“ - კვირის პალიტრა

„თუ ცოფი კლინიკურად გამოვლინდა, ეს უკვე განაჩენია“

11 ივლისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - 45 წლის სოფო ალავიძე გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 45 წლის ქალი ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. იმავე თვეში ლეკვი მოკვდა, ქალს კი ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით, შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს ლეტალური შედეგით დასრულდა. სოფო ალავიძის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალი ცოფით მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. სოფო ალავიძის შვილი ნინო ვაწაძე აცხადებდა, რომ დედას ცხოველები ძალიან უყვარდა, ქუჩის ძაღლებსაც უვლიდა, ერთ-ერთი მათგანი კი ცოტა ხნის წინ მოკვდა.

"დაღუპულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ოჯახის სხვა წევრებსაც და ჩვენ არაფერი გვჭირს. მუნიციპალიტეტი თავს არიდებს­ პასუხისმგებლობას, რომ ძაღლები უპატრონოდ არიან ამბროლაურის ქუჩებში და სავარაუდოდ, აუცრელებიც. დედაჩემს კონტაქტი ჰქონდა ქუჩის ძაღღლებთანაც. ერთი მისი სამსახურის წინ იყო და ისიც მოკვდა. არ გამოვრიცხავ, რომ იმ ძაღლმა გაკაწრა", - ამბობს გარდაცვლილის შვილი. ოჯახი გამორიცხავს, რომ სოფო ალავიძე თავისი ლეკვისგან დაინფიცირდა.

ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე ყველა ღონისძიება გატარდა, სოფელში გამოცხადდა კარანტინი და ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაციაც ჩატარდა.

მარინა ენდელაძე, ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი: - ცოფის ვირუსი ადამიანის სხეულში ხვდება მაშინ, თუ ის დაკბინა, დაკაწრა ან დადორბლა დაავადებულმა ცხოველმა. დარწმუნებული თუ არა ვართ, რომ ცხოველი ჯანმრთელია, ასეთი კონტაქტის შემდეგ თავის დაზღვევის­ მიზნით უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია.

ათდღიანი დაკვირვების პერიოდში ცხოველს თუ ცოფი გამოუვლინდა, აცრების დაწყება შესაძლოა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდეს.

- შესაძლებელია, რომ ცოფიანი ცხოველისგან დაკბენილი ან გაკაწრული ადამიანი თვეების­ ან წლის შემდეგ გარდაიცვალოს?

- ცოფს ხანგრძლივი კლინიკა აქვს, ოღონდ გააჩნია, სად არის ნაკბენი ან ნაკაწრი. ინკუბაციური პერიოდი 1 წელი და მეტიც შეიძლება იყოს, გააჩნია ნაკბენი­ ან ნაკაწრი სად არის, თუ ახლოსაა თავის­ ტვინთან - სახეზე, ზედა კიდურებზე, გულმკერდზე, მაშინ ინკუბაციური პერიოდი უფრო ხანმოკლე იქნება. დაზიანება თუ შორსაა, ვირუსი ნერვულ დაბოლოებებს მიჰყვება, ის უნდა მოხვდეს თავის ტვინში და ამიტომ შეიძლება ხანგრძლივი დროის შემდეგ მივიღოთ შედეგი. თავის ტვინის დაზიანების შემდეგ დაავადების პროცესი შეუქცევადია და მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ცოფის საინკუბაციო პერიოდი, წესისამებრ, ერთიდან სამ თვემდეა, მაგრამ შესაძლოა უფრო ხანმოკლე - ერთ კვირამდე ან ხანგრძლივი, ერთ წლამდე აღმოჩნდეს. ამ ქალის შემთხვევიდან, თებერვლიდან, 6 თვეა გასული და ეს სრულიად ნორმალური ინკუბაციური პერიოდია.

- გავრცელებული მოსაზრებით, ფაქტიდან 10 დღის მერე ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, ასეა?

- გააჩნია ნაკბენს, თუ თავის ტვინთან ახლოს, სხეულის ზედა ნაწილში ან თითებზეა, მაშინ 10 დღეზე ადრე უნდა გაკეთდეს ვაქცინა, შეიძლება საჭირო იყოს იმავე ან, მაქსიმუმ, მეორე დღესვე. ნაკბენი თუ შორსაა, მაშინ შეიძლება 10 დღის ფარგლებში­ მიაკითხონ ანტირაბიულ კაბინეტს. ცხოველი,­ რომელიც ცოფითაა დაავა­დებული, 9-10 დღე ცოცხლობს. თუკი "ეჭვმიტანილი" არის ოჯახის ცხოველი და პარალელურად აცრილია, სხეულის ზედა ნაწილში არ არის ნაკბენი ან ნაკაწრი, ამასაც აუცილებლად უნდა დაკვირვება, რათა ცხოველი 10 დღის განმავლობაში მაინც იყოს ცოცხალი. თუკი ცხოველი უცხოა, გაქრა თვალსაწიერიდან და დაკვირვება შეუძლებელია, მაშინვე უნდა დაიწყოთ ვაქცინაცია. მაშინაც კი, თუ იცით, ვისია ძაღლი - მეზობლის, ქუჩის, იქვე მოძრაობს და არ არის აცრილი, ვაქცინაცია მაინც იწყება­. თუ ცხოველი 10 დღე ცოცხალი დარჩა, მერე ვაქცინაცია (რომელიც ეტაპობრივად კეთდება) შეწყდება.

- ცოფი ადამიანიდან ადამიანზე გადადის?

- ცოფი ცხოველიდან ადამიანზე (კბენის,­ დაკაწვრისა და დადორბლის შემთხვ­ევაში) გადადის. ადამიანიდან ადამიანზე გადასვლა ძალზე იშვიათია.

- რამდენ დღეში იკვეთება დაავადების ტიპური კლინიკური ნიშნები და რა სიმპტომები აქვს..

- როგორც უკვე გითხარით, გააჩნია, რომელ უბანზეა კბენის, ნაკაწრის ან დადორბვლის შემთხვევა. თუ ის თავის ტვინთან ახლოსაა, სხეულის ზედა ნაწილებში, სიმპტომები შეიძლება ერთ კვირაშიც გამოვლინდეს. თუ საშუალო ინკუბაციური პერიოდია და ის შეიძლება წლამდეც გახანგრძლივდეს. თავიდან შეიძლება იყოს ინტოქსიკაციური გამოვლინება, ცხელება, რაც, ზოგადად, ვირუსებს ახასიათებს. დაავადების კლინიკური ნიშნებია ჰიდროფობია და აეროფობია, ანუ წყლისა და ჰაერის შიში, გაძლიერებული ნერწყვდენა - ჰიპერსალივაცია და ა.შ. თუ ცოფი კლინიკურად გამოვლინდა, ეს უკვე განაჩენია.

- ბრძანეთ, შინ თუ გყავთ ცხოველი და აცრილია, მაინც დაკვირვების საგანი უნდა გახდესო, რატომ?

- წესით, აცრილი ცხოველი უსაფრთხოა, თუ მისი აცრისას ყველა პირობა­ იქნება დაცული - ვაქცინა თუ კარგია, აცრის კალენდარი თუ არ არის დარღვე­ული (ცხოველი ზუსტ დროს, წელიწადში ერთხელ ერთსა და იმავე თვეს უნდა აიც­რას), რა თქმა უნდა, არ არის სარისკო, მაგრამ მაინც დასაკვირვებელია ადამიანი.

- ამბობენ, ცოფის მატარებელი ძაღლი უფროა, ვიდრე კატაო...

- ორივე ინფიცირდება, უბრალოდ, ძაღლებში უფრო ხშირია ცოფის შემთხვევები. არის ზაზუნებისგან გადადების შემთხვევებიც. ცოფის მატარებლები და გამავრცელებლები, ძირითადად, ღამურები არიან, თუმცა საქართველოში ეს არ არის აღწერილი. ათდღიანი კარანტინი ეხება მხოლოდ ძაღლსა და კატას. სხვა ცხოველები­ (კურდღელი, ზაზუნა) ცოფის გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე არიან გადამდებნი. მათთან კონტაქტის შემდეგ აცრის სრული კურსია ჩასატარებელი. ვაქცინაცია აუცილებელია, ვინაიდან ეს გახლავთ ის დაავადება, რომელსაც, თუ განვითარდა, პროგნოზი ძალიან ცუდი აქვს, ამიტომ არ შეიძლება რისკზე წასვლა. დღეს ყველამ იცის, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ანტირაბიულ კაბინეტს, სადაც პაციენტს ზუსტად ეტყვიან, რა შემთხვევაშია აცრა საჭირო. სამწუხაროდ, ცოფის წინაშე მედიცინა უძლურია, ამიტომ უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს, ცოფის აცრა უნდა ჩატარდეს ყველა შემთხვევაში, თუ დაავადების განვითარების თუნდაც სულ მცირე თეორიული შანსი არსებობს.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა

ცოფის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, დაავადება არ იკურნება. ადამიანსა და ცხოველში პროფილაქტიკური ჩარევის გარეშე ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი, სამწუხაროდ, ყოველთვის ლეტალურად მთავრდება. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.