რას გვიქადის „მზის ალერგია“ - კვირის პალიტრა

რას გვიქადის „მზის ალერგია“

ალერგიას უამრავი უსიამოვნება და დიდი ზიანი მოაქვს, ამიტომ მისგან თავდაცვა და პრევენცია აუცილებელია. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც ალერგიულ რეაქციას იწვევს, მათ შორის შეიძლება იყოს მზის სხივებიც. ალერგიის ამ ფორმას ხალხმა "მზის ალერგია" დაარქვა. გვესაუბრება დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე.

- რას უნდა დავაბრალოთ ალერგიის შემთხვევების მომრავლება ბოლო წლებში?

- ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: ჰაერის დაბინძურება, არაჯანსაღი გარემო, საეჭვო ხარისხის გენმოდიფიცირებული საკვები, მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი - ეს ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ბევრ დავადებას იწვევს. მათ შორის ერთ-ერთი ალერგიაა. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საეჭვო ხარისხის კოსმეტიკური ნაწარმიც. მოკლედ, ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ ადამიანი მიდრეკილია ალერგიისკენ, ფრთხილად უნდა იყოს. არის ხალხი, რომელიც ამპულებით დადის, რადგან შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება დაეწყოს და ნემსს დროულად თუ არ გაიკეთებს, შეიძლება ყველაფერი ლეტალური შედეგით დასრულდეს...

ალერგიის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს: სუნამოები, დეზოდორები, სარეცხი საშუალებები, რომლებიც მავნე ნივთიერებებს შეიცავს, და მცენარეებიც კი... რისკის წინაშეა დიასახლისი, რომელიც სარეცხ საშუალებას იყენებს, ან ხელოსანი, რომელსაც საღებავებსა და სამშენებლო მასალასთან აქვს ყოველდღიური კონტაქტი. ამიტომ გონივრულად იქცევა ის, ვინც ხელთათმანებს იკეთებს და ცდილობს საღებავებსა და ქიმიურ ხსნარებთან ნაკლები შეხება ჰქონდეს. ზოგჯერ ალერგიული რეაქცია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი იძულებულია სამსახურზე უარი თქვას.

- რა არის "მზის ალერგია" და რა იწვევს მას?

- ეს იმ დაავადებათა ჯგუფია, რომელშიც გარდა ქიმიური ნივთიერებებისა, მზის სხივებიც მონაწილეობს. ხალხში ამ უსიამოვნო მოვლენას "მზის ალერგიას" უწოდებენ, მაგრამ უფრო ზუსტად რომ განვსაზღვროთ, ეს არის ფოტოალერგიული რეაქცია მზის სხივებზე.

არსებობს არაერთი ნივთიერება, რომლებთანაც უშუალო კონტაქტის შემდეგ ალერგიული რეაქცია არ ვლინდება, სანამ ზემოქმედებაში არ შევა მზის სხივებთან. შესაძლოა ეს იყოს სუნამო, სარეცხი საშუალება, სადეზინფექციო ხსნარი, ან ადამიანი შეიძლება ისეთ მედიკამენტებს სვამდეს, რომელიც ალერგიულ რეაქციას აძლიერებს.

მზის ალერგიას სპეციალისტები იმუნურ დარღვევებსაც უკავშირებენ, ზოგჯერ "დამნაშავეა" არა მარტო საყოფაცხოვრებო ქიმია და სამკურნალო პრეპარატები, არამედ საკვები დანამატებიც... ჰიგიენის საშუალებები, კოსმეტიკური და პარფიუმერიული ნაწარმი - ლოსიონები, სუნამოები, ოდეკოლონები და დეზოდორანტები - მოკლედ, ჩამონათვალი ვრცელია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ნივთიერებები წლების განმავლობაში გროვდება ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის, კანში და მზის სხივებისადმი მომატებულ მგრძნობე­ლობას იწვევს. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კანის მდგომარეობას, რადგან ალერგიის განვითარების რისკს ბევრი­ რამ ზრდის, მათ შორის, დერმატიტი. ალერგიის დროს კანზე ჩნდება წითელი გამონაყარი, რომელსაც თან ქავილიც ახლავს. რაც უფრო ძლიერია მზის ზემოქმედება, მით უფრო ძლიერია საპასუხო რეაქცია. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო აძლიერებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მედიკამენტების მიღება, ან მცენარეებთან კონტაქტი. მაგალითად, ლეღვი ერთი შეხედვით უწყინარი მცენარეა, მაგრამ მის ფოთოლთან შეხებამ შეიძლება ალერგია უფრო გაამწვავოს.

- როგორია "მზის ალერგიის" სიმპტომები?

- მისი სიმპტომები დაახლოებით ასეთია: მცირე ზომის გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ბუშტუკები, კანის ზედაპირის აქერცვლა ან ქერქით დაფარვა - ყველა ეს სიმპტომი თავს იჩენს მხოლოდ მზის სხივების ზემოქმედების ადგილზე. ამ სიმპტომების გამოვლენისთვის შეიძლება საკმარისი იყოს რამდენიმე წუთი ან რამდენიმე საათი. ამიტომ, თუ მზისგულზე ყოფნის შემდეგ შეამჩნევთ უჩვეულო გამონაყარს და ეს სიმპტომები გახანგრძლივდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ქავილის შედეგად შეიძლება ორგანიზმში ინფექცია შეიჭრას და მდგომარეობა უფრო გართულდეს.

- ახლა ზღვის სეზონია და როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც ალერგიისკენაა მიდრეკილი, მაგრამ გარუჯვა სურს?

- ყველაზე კარგი გამოსავალია, თუ მზეზე დიდხანს არ გაჩერდება. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ პლაჟზე წასვლის წინ არ გამოიყენონ კოსმეტიკური საშუალებები - როცა მზეზე გადიხართ, ყველა კოსმეტიკური საშუალება უნდა მოიშოროთ, გარდა მზისგან დამცავი კრემისა. რატომ? - არ არის გამორიცხული, მასში შემავალმა ზოგიერთმა ნივთიერებამ, ფოტოტოქსიკური ან ფოტოალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. სწორედ ასე ყალიბდება დერმატიტი ანუ კანის დამწვრობა.

ალერგიული რეაქციის შედეგად დაწყებული ქავილი შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. მცენარეებსა და ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტს ემატება მზის გამოსხივება და ყველაფერი ერთად მწვავე ალერგიულ რეაქციას იწვევს.­ არის ჯგუფი ადამინებისა, რომლებსაც ასეთი რეაქცია ყოველ გაზაფხულზე აქვთ - უჩნდებათ გამონაყარი, რომელსაც ძლიერი ქავილი ახლავს. ზოგიერთი მათგანი მზეს თანდათან ეჩვევა და ზაფხულის თვეებში მზეზე ასეთი რეაქცია აღარ აქვს, ზოგს კი ეს მდგომარეობა უნარჩუნდება. ალერგიული რეაქცია ზოგჯერ ტუჩებზე კანის დახეთქვითა და აქერცვლით ვლინდება, რაც ე.წ. მზის ალერგიის ერთ-ერთი კომპონენტია.

- ალბათ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ვინ არის?

- პირველ ყოვლისა, ისინი, ვინც მზეზე ადვილად იწვება, განსაკუთრებით, თეთრი კანის მქონე ადამიანები და წითურები.

ძალიან თეთრი კანი მზეზე ყველაზე ნაკლებად არის დაცული. რაც უფრო მწვავეა მზე, მით უფრო მწვავეა ალერგიული რეაქცია და ყველაზე მწვავე სიტუაცია იქმნება იმ უბნებზე, რომელთაც მზესთან უშუალო კონტაქტი აქვთ. ამიტომაა მიღებული გარუჯვა მხოლოდ დილის ან საღამოს საათებში. თუნდაც ალერგია არ გაწუხებდეთ, სასურველია, მაინც თანდათან მიაჩვიოთ კანი მზეს - ეს მთავარი წესია. ელემენტარული სიფრთხილეა საჭირო, რომ მდგომარეობა არ გამწვავდეს, მაგრამ ღია ფერის ადამიანები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც მზეზე ადვილად არ იწვება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ მაღალი სინჯისა და ხარისხის მქონე მზისგან დამცავი კრემი. წყლიდან რომ ამოხვალთ, არ უნდა დაიზაროთ და თავიდან უნდა შეიზილოთ, რადგან წყალი მზისგან დამცავს კრემს იოლად აშორებს. შეგახსენებთ, რომ ე.წ.

მზის ალერგიას მარტო სიწითლე და ძლიერი ქავილი კი არა, კიდევ ერთი უსიამოვნება ახლავს: ის ადგილები, სადაც კანი ზიანდება, მერე ლაქებად რჩება, რეაბილიტაციასაც დიდი დრო სჭირდება.

- როდის ეუბნებით პაციენტს, რომ მზეზე დიდხანს არ უნდა გაჩერდეს?

- როცა ის მკურნალობს და ისეთ მედიკამენტებს სვამს, რომლებიც ალერგიას ამწვავებს. ამავე რეკომენდაციას ვაძლევ იმათ, ვისაც ღია ფერის კანი აქვს და მზეზე კი არ ირუჯება, პრაქტიკულად, იწვება... და კიდევ: უმრავლესობას ჰგონია, ნამზეური მიიღო და ახლა თავი ქუდში აქვს, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა - ადამიანს რუჯი რომ აქვს, მაშინ უფრო ფრთხილად უნდა იყოს და მზისგან დამცავი კრემი უფრო გულმოდგინედ უნდა წაისვას, რათა დამწვრობა არ მიიღოს, ან სახესა და სხეულზე ლაქები არ დარჩეს.

ხათუნა ჩიგოგიძე