აფხაზები სომხების წინააღმდეგ
"აფხაზეთში სომეხი საზოგადოების გავლენა იზრდება, რაც უკიდურესად მიუღებელია... სომეხი ეროვნების ხალხს უნდა შეეზღუდოს არჩევნებში კენჭისყრის უფლება და ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების დაკავება", - ოკუპირებულ აფხაზეთში ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციების ცნობილი ორგანიზატორი, ჯანსუღ ადლეიბა გამოდის. როგორც ამბობს, ოფიციალურმა ერევანმა საგარეო კურსი შეცვალა, დასავლეთის პოლიტიკას უჭერს მხარს, წელს პირველად დაუჭირა მხარი გაეროს რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას შეეხება, თანაც წლებია არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამიტომ სომხების აფხაზეთში ყოფნა არავის უხარია. უფრო მეტიც, ადლეიბას აზრით, აფხაზეთში სომხების პოლიტიკური აქტიურობა "რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის" შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.
მართალია, ადლეიბას ამ აპარტეიდულ გამოხდომას ამჯერად ძალიან ცოტამ აუბა მხარი და პირიქით, მას შეახსენეს, რომ "რესპუბლიკის კონსტიტუციით" თანაბარი უფლებები აქვს ყველას, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა, გარდა ამისა, სომხებს აფხაზების გვერდით "ქართველი ნაციონალისტების" წინააღმდეგ ომში დიდი წვლილი აქვთ. ამიტომ ამგვარი განცხადებები მიუღებელია, თუმცა აფხაზეთში ანტისომხური განწყობები არსებობს და პრეტენზიები დროდადრო იჩენს ხოლმე თავს.
"ვფიქრობ, როგორ გავაძევოთ სომხები..."
ჯანსუღ ადლეიბა ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლებს ხშირად მართავს. გასულ ზამთარს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა კიდეც. ის რადიკალური გამოსვლებით გამოირჩევა. დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია "ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა - თავისუფლება". ადლეიბა ამჯერად ეთნიკურ სომხებს გადასწვდა და ერთი კვირის განმავლობაში "სომხურ საკითხს" ორი ფეისბუკპოსტი მიუძღვნა. პირველად გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც ითხოვს, რომ აფხაზეთში ეროვნებით სომხებს პოლიტიკური აქტიურობა უნდა შეეზღუდოთ.
"სომხეთი მხარს უჭერს დასავლეთის პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან აფხაზეთში დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის, რუბენ ტატულიანის გავლენაშია. ტატულიანი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწეა, მას აქვს დიპლომატიური პასპორტი და არის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე. წელს სომხეთის წარმომადგენლებმა ლტოლვილების შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ამასთან, სომხეთი მრავალი წელია არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამ დროს კი აფხაზეთში სომეხი საზოგადოების გავლენა იზრდება, რაც აფხაზებისთვის უკიდურესად მიუღებელია! ამასთან დაკავშირებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა "თავისუფლება" ხელისუფლებას მიმართავს, მოახდინონ რეაგირება და ეს საკითხი გადაწყდეს აფხაზეთის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ! სომეხი ეროვნების ხალხს არ აქვს მორალური და იურიდიული უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა და დაიკავოს მაღალი თანამდებობები ხელისუფლებაში! ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს, სხვა გზა არ გვაქვს", - წერს ადლეიბა ფეისბუკზე, რასაც აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეაქცია მოჰყვა. მას ჯერ ე.წ. კონსტიტუციის მე-12 მუხლი შეახსენეს, რომლის თანახმად, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შემდეგ კი სომხების ბრძოლა "ქართველების წინააღმდეგ ომში" 1992-1993 წლებში.
"ამ თანასწორობამ გააერთიანა ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთის სამამულო ომში, როდესაც სხვადასხვა წარმოშობის ხალხი აფხაზებთან ერთად გვერდიგვერდ იბრძოდა ნაციონალისტური ლოზუნგებით მოსული ქართული ჯარის წინააღმდეგ. მათ შორის, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა და აფხაზეთის გმირის მაღალი წოდება დაიმსახურა, ბევრი იყო ეროვნებით სომეხი. ეს ფაქტი მოწმობს ჩვენი სომეხი მოქალაქეების მორალურ უფლებას, იამაყონ აფხაზეთის მოქალაქეობით... ადლეიბას და მისი მხარდამჭერების მიერ გაჟღერებული საჯარო განცხადება არის დისკრიმინაციული და ამცირებს ეროვნებით დაფუძნებულ ადამიანთა ჯგუფის ღირსებას. მსგავსი ქმედებები აკრძალულია აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და უნდა შეწყდეს", - წერია ორგანიზაციებისა და პარტიების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ფეისბუკპოსტის კომენტარებში მას ისიც შეახსენეს, რომ სომხეთის გარდა, სხვა ქვეყნებსაც არ უღიარებიათ მათი "დამოუკიდებლობა", თუმცა ამ ქვეყნების მოქალაქეებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და აქვთ ხმის მიცემის უფლება, ამიტომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოზიციისა და სომხური დიასპორის უფლებების ერთმანეთთან დაკავშირება დისკრიმინაციულია.
ადლეიბამ რამდენიმე დღეში მეორე ანტისომხური პოსტიც გამოაქვეყნა. "აფხაზეთი გადატვირთულია სომხებით, ვფიქრობ, როგორ გავაძევოთ. სომხეთმა არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ნუ გეგონებათ, რომ აქ თქვენი ყოფნა ვინმეს უხარია".
მას ამ ანტისომხურ გამოსვლებში მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. "სომხებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო და აფხაზეთი არ უნდა გახდეს სომხეთი... რატომ არ გვაღიარებს სომხეთი? ყველას ჩვენი მიწა უნდა"...
"აფხაზები სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ამით ვერავინ ვერ უნდა ისარგებლოს. ბევრ სხვა ერს სურდა და სურს აფხაზეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, მაგრამ ისტორიამ აჩვენა, თუ როგორ მთავრდება ეს. აფხაზი ახალგაზრდებისთვის საცხოვრებელი ადგილები აღარ არის და ჩვენ სხვა არ გვჭირდება!" - წერენ აფხაზები.
რატომ მოახდევინეს აფხაზებმა სომხებს ბოდიში
ოკუპირებულ აფხაზეთში სომხების მიმართ პრეტენზიები დროდადრო იჩენს ხოლმე თავს. ჯერ კიდევ მაისში აფხაზებისა და სომხების დაპირისპირების მიზეზი გულრიფშის რაიონის ერთ-ერთი დიდი სოფლის შესასვლელში აღმართული აბრა გახდა. ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელ ცკიბინის შესასვლელში ადგილობრივებმა სტელის რესტავრაციის დროს აღადგინეს აბრა, სადაც მითითებული იყო სოფლის საბჭოთა სახელწოდება - შაუმიანოვკა. სოფელს ეს სახელი სომეხი ბოლშევიკი მეთაურის სტეფან შაუმიანის პატივსაცემად ერქვა (შაუმიანი 1918 წელს მეთაურობდა ანტისაბჭოთა ამბოხების ჩახშობას ბაქოში, შემდეგ კი ის 26 კომისართა შორის დახვრიტეს. საბჭოთა პერიოდში მისი სახელი ეწოდა ბევრ ქალაქს, სოფელსა თუ ქუჩას მთელ კავკასიაში). შეცვლილი აბრის ფოტოები ფეისბუკზე გავრცელდა და აფხაზების დიდი აღშფოთებაც გამოიწვია - წერდნენ, რომ "ამ ადამიანებმა გამოავლინეს უპატივცემულობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობენ... ეს პროვოკაციას ჰგავს, რომელიც შექმნილია ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებისთვის". შედეგად, სოფლის მოსახლეობას აბრის აღებამ და ბოდიშის მოხდამ მოუწიათ. აფხაზეთის სომეხთა თემმა გამოაქვეყნა განცხადება: "სოფელ ცკიბინის მოსახლეობა ბოდიშს უხდის რაიონის გამგეობას". მოგვიანებით აფხაზეთის სომხურმა თემმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აბრის აღმართვა კერძო ინიციატივა იყო და "იზიარებს განგაშსა და შეშფოთებას ქვეყნის ყველა ტიპის დასახლებაში ტოპონიმიკის თვითნებურად შეცვლის გამო".
სომხური საკითხი აფხაზეთში მგრძნობიარე თემაა... დე ფაქტო პარლამენტში 35 "დეპუტატია" და არჩევა ხდება მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით. ე.წ. არჩევნებში სამი საარჩევნო ოლქი სომხებს ენიჭება, "პარლამენტში" კი ეთნიკურ სომხებს 3 გარანტირებული ადგილი მუდმივად აქვთ.
არაოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში სომხები სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია თვით აფხაზების შემდეგ, თუმცა ამას აფხაზები არ აღიარებენ. დე ფაქტო სტატისტიკით, 2011 წელს აფხაზეთის მოსახლეობა 244 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 125 ათასი (50.7%) აფხაზი, ხოლო 41 875 (17.19 %) სომეხი იყო. ამ მონაცემებით სომხები 2%-ით ნაკლები არიან, ვიდრე ქართველები. თუმცა სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ეს სტატისტიკა არასწორია და დღეს აფხაზეთში 67 000-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს. მათი ნაწილი საუკუნეების წინ თურქეთიდან ლტოლვილების შთამომავლები არიან, ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს, ნაწილი კი აფხაზეთის ომის შემდგომ დასახლდა, უმეტესად სოჭიდან და მთიანი ყარაბაღიდან.
„სომეხთა გავლენა - სამომავლო ბომბი აფხაზეთში“
ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - როდესაც აფხაზებმა ბოლოს მოსახლეობის აღწერა ჩაატარეს, დაწერეს, რომ აფხაზეთში დაახლოებით 245 000 კაცი ცხოვრობდა, აქედან დაახლოებით 130 000 აფხაზი იყო. არადა, საბჭოთა დროს აფხაზეთში 90 000-ზე მეტ აფხაზს არასდროს უცხოვრია. ამ მონაცემებზე თავად აფხაზებიც იცინოდნენ, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა და ფეიკი. მე სომხური ორგანიზაციების მონაცემებს უფრო ვენდობი, რომლის მიხედვით, აფხაზეთში 67 ათასზე მეტი სომეხია. შესაძლებელია მეტიც იყვნენ... აფხაზებს არ აწყობთ სომხების დიდი რაოდენობის დაფიქსირება. დროდადრო მათში იღვიძებს ფაშისტური სულისკვეთება, როგორიც ჰქონდათ და აქვთ ქართველების მიმართ. ისინი ვერ იტანენ ვერავის, ვინც არ არის აფხაზი. ვერ იტანენ ვერც სომხებს და ვერც რუსებს, უბრალოდ, რუსები და სომხები სჭირდებათ. ადლეიბას ეს განცხადება აფხაზების დიდი ნაწილის გამოძახილია. აფხაზებს მართლა ეშინიათ დემოგრაფიული სურათის შეცვლის, რის წინაშეც დღეს ისედაც დგანან. მაგალითად, გაგრის რაიონში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს, აფხაზი კი ნაკლებად. ეს სომეხი მოსახლეობა, ძირითადად, აფხაზეთის ომის შემდგომ არის შესული სოჭიდან, კრასნოდარის მხარიდან. სოჭში 2014 წლის ოლიმპიადის დროს რუსეთის ხელისუფლებას რაღაც ტერიტორიები დასჭირდა, ადგილობრივ სომხებს კომპენსაციები გადაუხადეს და ტერიტორიები დაათმობინეს. სწორედ მაშინ გადასახლდნენ ეს ოჯახები აფხაზეთში. თუმცა ოლიმპიადის გარეშეც ბევრი სომეხი გადასახლდა კრასნოდარის მხარიდან აფხაზეთში. სომეხი მოსახლეობა ცდილობს მეტი პოლიტიკური ძალა შეიძინოს, შესაბამისად, აფხაზეთში ახლობლებს ეპატიჟებიან და ხელს უწყობენ დასახლებაში. სომხებს, ძირითადად, ბიზნესები აქვთ და გარკვეული გავლენითაც სარგებლობენ. ამიტომ აფხაზებს უწევთ ადგილობრივ პოლიტიკაში სომხები გაითვალისწინონ. ბოლო წლებში ყარაბაღელმა სომხებმაც დაიწყეს დასახლება აფხაზეთში და ეს აფხაზებს აშინებთ. შიგადაშიგ წამოყოფენ თავს და აპროტესტებენ, არ გვინდა ყარაბაღიდან სომხების გადმოსახლება, ეს დემოგრაფიულ მაჩვენებელს შეცვლისო, დღეს კი უკმაყოფილება მიჩუმებულია, საჯაროდ უკმაყოფილებას მხოლოდ აქა-იქ თუ გამოხატავენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთის ომის დროს სომხებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი აფხაზების მხარეს ბრძოლაში. ომამდე, როდესაც აფხაზთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა დაიწყო, მათ სომხებიც აფინანსებდნენ, ომის დროს კი აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ.
- რამდენად მოსალოდნელია, რომ ჩუმი უკმაყოფილება ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს?
- ამის შანსი არის. ახლა სომეხი მოსახლეობა არ არის იმდენად აქტიური, რომ აფხაზების ამ ე.წ. დამოუკიდებლობას რაიმე პრობლემა შეექმნას, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. აფხაზეთში სომეხთა თემის გავლენა იზრდება. ამიტომ, თუ სომეხი მოსახლეობა გადაწყვეტს, ისინი უკვე იმდენი არიან, რომ პოლიტიკაში მეტი წილი ეკუთვნით და რატომ უნდა ჰქონდეთ აფხაზებს პირველობა, შესაძლოა დაპირისპირების დიდი ტალღა აგორდეს. შეიძლება სომხური ფაქტორი რუსებმაც გამოიყენონ, რათა აფხაზები დააშოშმინონ. ამიტომ სამომავლოდ ეს ბომბი არსებობს.
- ვინ არის რუბენ ტატულიანი, რომლის გავლენაზეც საუბრობს აფხაზი ოპოზიციონერი და რა კავშირი აქვს ბჟანიასთან? აფხაზეთში 2022 წელს დიდი სკანდალი იყო - გაირკვა, რომ ძალიან ბევრ სომეხს აფხაზური პასპორტი მისცეს და მათ შორის იყო ტატულიანიც. მაშინ ითქვა, რომ კრიმინალური ავტორიტეტისთვის პასპორტის მიცემა უკანონო იყო და ეს საკითხი ე.წ. პროკურატურას უნდა შეესწავლა.
- ტატულიანი სოჭში ცხოვრობს, ის კრიმინალია და ბიზნესებსაც ფლობს, დიდი ფულის პატრონია. მას სერიოზული გავლენა აქვს განსაკუთრებით კრასნოდარის ოლქში. რადგან ეროვნებით სომეხია, ალბათ, აფხაზეთის სომხებთანაც დაახლოებულია. მას ნებისმიერთან ექნება კავშირი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში. ის რუსეთთანაა მიბმული და არა ერევანთან და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს, თუკი კრემლმა აფხაზურ პოლიტიკაში სიტუაციის არევა გადაწყვიტა.
- აფხაზეთში ბოლო დროს რა ურთიერთობაა აფხაზებსა და სომხებს შორის?
- სერიოზული გამწვავება არ ყოფილა. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა სომხებმა შეცვალეს სოფლის სახელწოდება და აბრაც გააკეთეს. ამაზე აფხაზებმა რეაგირება მოახდინეს, სომხები აიძულეს ბოდიში მოეხადათ.
- გაეროში დევნილების დაბრუნების რეზოლუციაზე ერევნის მხარდაჭერამ იმოქმედა თუ არა აფხაზებისა და სომხების ურთიერთობაზე?
- როცა სჭირდებათ, აფხაზები მსგავს ამბებს აყვედრიან ხოლმე სომხებს. თუმცა გაუგებარია, ოფიციალურმა ერევანმა თავისი ინტერესების ხარჯზე რატომ უნდა გაითვალისწინოს სეპარატისტული ხელისუფლების ინტერესები?!
ეკატერინე ბასილაია