"მალე ეს მიწა ჩვენი აღარ იქნება" - კვირის პალიტრა

"მალე ეს მიწა ჩვენი აღარ იქნება"

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა­ ასლან ბჟანიამ მაინც გაბედა და აფხაზებში უკიდურესად არაპოპულარული "აპარტა­მენტების კანონის" მიღება დაიწყო.­ სოხუმში­ საპროტესტო აქციის ფონზე კანო­ნ­პროექტი ე.წ. საპარლამენტო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა, ოღონდ ამჯერად შეცვლილი სათაურით და შინაარსით - პირველ ჯერზე რუსებისთვის საპილოტე პროგრამით მხოლოდ 10 000 ბინა აშენდება არა მთელ აფხაზეთში, არამედ აღმოსავლეთ ნაწილში, ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, სკანდალურ კანონს ე.წ. პარლამენტი ამ კვირაში მიიღებს.

"ვინც კანონს ხმას მისცემს, ყველა გამოცხადდეს მოღალატედ", "უცხოელებისთვის­ ბინების აშენება სასიკვდილო განაჩენია აფხაზი ეთნოსისთვის", "ეს ეთნიკური კატასტროფაა, მალე ეს მიწა ჩვენი აღარ იქნება", "გვაქვს უფლება გამოვაცხადოთ საყო­ველთაო დაუმორჩილებლობა" - აცხადებენ აფხაზები: ომის ვეტერანები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიცია, ჟურნალისტები, ყველა, გარდა თავად ბჟანიას გუნდისა.

დიდი პროტესტი "საკომიტეტო" სხდომის პარალელურად

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საკომიტეტო მოსმენაზე აღმოსავლეთ აფხაზეთში რუსებისთვის ბინების მშენებ­ლობის პროექტი უნდა განხილულიყო და მეორე დღეს, 17 ივლისს, "პარლამენტის" შენობის წინ აღმართულ დიდ შავ ღობესთან­ გასაპროტესტებლად ხალხი შეიკრიბა. ჟურნალისტები და ომის ვეტერანების ნაწილი შეეცადნენ ე.წ. კომიტეტის სხდომაზე დასწრებას, თუმცა ყველა გამოაძევეს. ამიტომ მთელი დღის განმავლობაში დიდი ხმაური და საპროტესტო შეძახილები იყო შენობის გარეთ, დიდი რკინის ღობესთან, რომელიც 2 თვის წინ დე ფაქტო ხელისუფლებამ სახელდახელოდ დაამონტაჟა და ახლა ძალიან გამოადგა მომიტინგეების ძალადობრივი შეჭრისგან თავ­დასაცავად. იყო მილიციასთან დაპირისპირება, ღობეზე გადაძრომის მცდელობა, აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ ჰაერშიც კი გაისროლა, რის გამოც მოგვიანებით დააკავეს.

ე.წ. კომიტეტის სხდომას 8 "დეპუტატი" ესწრებოდა. განხილვას ზედამხედველობდა თავად "პრეზიდენტი" ასლან ბჟანიაც, რაც უჩვეულო იყო - ე.წ. კომიტეტის სხდომებს­ ბჟანია არასდროს დასწრებია. შედეგი ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი. ე.წ. ეკონომიკისა და რეფორმების კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. ამის შემდეგ ბჟანიამ და სხვა მონაწილეებმა შენობა ფარული გასასვლელით დატოვეს. სოხუმში ითქვა, რომ კანონის მიღების პირველი ეტაპის "წარმატ­ებით" მიღების შემდეგ ბჟანია მოსკოვში გაფრინდა, რათა კრემლს ანგარიში ჩააბა­როს. აფხაზური მედიის ცნობით, აპარტამენტების შესახებ კანონის უპირობო მიღება მოსკოვისთვის ბჟანიას ლოიალურობის ტესტია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კრემლისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის გადაბარებას აფხაზები არავის აპატიებენ და ბჟანიასთვის ამ რუსული გამოცდის ჩაბარება პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება. ბჟანიას მომხრე "დეპუტატმა" თემურ შერგელიამ "ქართული­ ფაქტორის" გამოყენებაც­ სცადა, რომ თუ გალში ქართველ მოსახლეობაზე მეტი რუსი იქნება, ქართულ ენას რუსული­ ჩაანაცვლებს და ეს აფხაზეთის სახელმწიფოს გააძლიერებს. თუმცა მისმა ანტიქართ­ულმა არგუმენტმა აფხაზებზე არ იმოქმედა. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ყველა, ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერს, გამოცხადდება მოღალატედ, რადგან ეს ნიშნავს აფხაზეთის ანექსიას და ეთნიკურ კატასტროფას.

"ჩვენ უნდა ავიცილოთ აფხაზეთის დასახლება უცხოელებით", - ამბობს ოპოზიციის ლიდერი ადგურ ლაგვილავა.

"უცხოელებისთვის ბინების აშენება აღმოსავლეთ აფხაზეთში სასიკვდილო განაჩენია ეთნოსისთვის. ეს მიწა ჩვენი აღარ იქნება, სახელმწიფო განადგურდება", - აცხადებს ომის ვეტერანი ბატალ ჯაპუა.

"კრიმინალური ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ. მათ კარგად იციან, რომ ეს არის დანაშაული სახელმწიფოს და აფხაზი­ ხალხის წინაშე", - ამბობს აქტივისტი იოლა­ნდა ოტირბა.

"არ დავუშვებთ, რომ ასლან ბჟანიამ გაყიდოს აფხაზეთი! გამოცხადდება სამოქალა­ქო დაუმორჩილებლობა, კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას დავიცვათ კონსტიტუცი­ური წესრიგი!" - აცხადებს ომის ვეტერანი და ყოფილი "დეპუტატი" ლეონიდ ჩამაგუა.

მომიტინგეებს მიმართა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ და მათ პირობა­ მისცა, რომ "პარლამენტი" კანონს მალულად არ მიიღებს. საზოგადოებას წინასწარ ეცოდინება განხილვის ზუსტი დრო და ყველაფერი წარიმართება­ გამჭვირვალედ. კანონპროექტის შემდეგი განხილვა გაიმართება ოჩამჩირეში, 19 ივლისს. კანონის გასაპროტესტებლად ხალხი ოჩამჩირეშიც შეიკრიბა. განხილვისას ერთმანეთს ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერები­ და ბინების მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ.

რას გულისხმობს ე.წ. აპარტამენტების კანონის ძველი და ახალი ვარიანტი

დე ფაქტო ხელისუფლება უკვე 2 წელია ცდილობს ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღებას, რომელიც უცხოელებს (კერძოდ­, რუსებს) აფხაზეთის ტერიტორიაზე ბინების აშენებისა და შეძენის ნებართვას აძლევს. დღემდე აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის უფლება არა აქვთ. თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, რუსებისთვის საცხოვრებლის მიყიდვსა სხვადასხვა ჩრდილოვანი სქემით მაინც ახერხებენ. მოსკოვმა მოითხოვა, რომ რუსებისთვის ბინების მიყიდვა ლეგალური­ გახდეს და ორი წლის წინ ასლან ბჟანიამ წარადგინა კანონი "აპარტოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც ითვალისწინებდა რუსების მიერ 30 000 აპარტამენტისა და აპარატოტელის, მცირე ფართობის ბინე­ბის მშენებლობას აფხაზეთის მთელ ტერი­ტორიაზე, სადაც რუსებს უნდა ეცხოვ­რათ. მშენებლობისთვის გათვალისწინებული იყო 300 ჰა მიწა. კანონპროექტის მიხე­დვით, აპარტამენტებს კომერციული სტატუსი ექნება. ბინის ფლობის უფლება არ გულისხმობს აფხაზეთის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას,­ ეს კი ნიშნავს,­ რომ ბინის მფლობელ რუსს აფხაზეთის პასპორტი არ ექნება და წელიწადში 180 დღეზე მეტ­ხანს ვერ დაჰყოფს აფხაზეთში. ამით აფხაზეთის "ხელისუფლება" ცდილობს აფხაზები­ დაარწმუნოს, რომ რუსების სამუდამოდ დასახლების საფრთხე არ არსებობს. ამ არგუმენტის პასუხად, "აპარტამენტების" მოწინააღმდეგე აფხაზები ამბობენ, რომ პასპორტების მიღება რუსებს არ გაუჭირდებათ, ეს მოხდება კორუფციით ან "ხელისუფლების"­ მიერ კიდევ ერთი ახალი კანონის შემოგდებით. 30 000 ბინა ნიშნავს 90 000-ზე მეტი უცხოელის დასახლებას და ეს იქნება აფხაზეთის კოლონიზაციის ახალი­ ეტაპი. ეს დაარღვევს დემოგრაფიულ ბალანსს და აფხაზები უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

დიდი წინააღმდეგობის გამო ასლან ბჟანიას გუნდმა კანონპროექტი ოდნავ შეცვალა და 16 ივლისს "პარლამენტში" ხელახლა შეიტანა. გადაწყდა, რომ რუსებისთვის ბინები აშენდება აღმოსავლეთ აფხაზეთში - ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში, იქ, სადაც ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. საპილოტე პროგრამით, თავდა­პირველად 150 ჰექტარ მიწაზე უნდა აშენდეს 10 000 ახალი ბინა რუსები­სთვის. ახალ კანონპროექტს ჰქვია კანონი "აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ღონისძიების შესახებ". ბჟანია ამტკიცებს, რომ ბინების აშენების ნებართვა და მათი შემდგომი მიყიდვის შესაძლებლობა უცხოელებზე მნიშვნელოვნად გააცოცხლებს აფხაზეთის ამ რეგიონების ეკონომიკას.

სრული შეღავათი რუსებისთვის

სანამ "აპარტამენტების კანონს" ხელა­ხლა გააცოცხლებდნენ, რამდენიმე კვირაა სოხუმში­ განიხილავდნენ კიდევ ერთ რუსულ მოთხოვნას - რუსი ინვესტორებისთვის­ უპრეცედენტო შეღავათების დაწესებას. საუბარია აფხაზურ-რუსული შეთანხმების პროექტზე, რომლის მიხედვით, თუკი აფხაზე­თში რუსი ბიზნესმენი 2 მილიარდი რუბლის ინვესტიციას დაიწყებს, ის უნდა გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისაგან. კერძოდ, გათავისუფლდეს საბაჟო გადასახადისგან აფხაზეთში იმ სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანისას, რაც პროექტისთვის იქნება საჭირო; ბიზნესის ამოქმედების შემდეგ 8 წლის განმავლობაში გათავისუფლდეს ქონებისა და მოგების გადასახადისაგან; ინვესტორს აქვს უფლება შემოიყვანოს უცხოელი მუშახელი; ეძლევა უფლება ის მიწის ნაკვეთი, სადაც ობიექტი იქნება განთავსებული, საკუთრებაში ჰქონდეს; ეს ბიზნესი იქნება რუსული­ კომპანიის ფილიალი და ამოქმედებიდან 8 წლის გასვლის შემდეგაც გადასახადებს გადაიხდის არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის­ ბიუჯეტში. თუ აფხაზური მხარე არ გაითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პუნქტს, ინვესტორს უფლება ექნება მოით­ხოვოს აფხაზეთის მთავრობისგან მისთვის­ მიყენებული ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურება.

მოსალოდნელია, რომ როგორც ე.წ. აპარტამენტების შეცვლილ კანონს, ისე ამ აფხაზებისათვის კაბალურ შეთანხმებას ე.წ. პარლამენტი საზაფხულო შვებულების დაწყებამდე, 1-ლ აგვისტომდე მიიღებს.

„აფხაზების პატრონი ამ წუთში არავინ არის“

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - ბჟანიაზე მოსკოვიდან არნახული ზეწოლაა, რომ აპარტამენტ-ოტელების საკითხი გაიტანოს. ორი წელია ბჟანია ცდილობს ამ საკითხის გატანას და ბოლოს ეს ყველაფერი იმით შენიღბა, რომ ბინები აშენდება არა აფხაზეთის ელიტურ საკურორტო ზონაში, არამედ ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამას არავინ ჭამდა, იმიტომ, რომ თუ კანონი მიიღეს, მერე ყველაფერი სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდება. კრემლს სულ არ აინტერესებს გალის ტერიტორია, მათ ზუსტად საკურორტო ადგილები სურთ: ბიჭვინთა, სოხუმი, გულრიფში. ბჟანიას ეს უსუსური ხრიკი არ გამოუვიდა, მაგრამ აფხაზების რისხვა მაინც მიიღო. გასულ ოთხშაბათს ჩატარდა კომიტეტის სხდომა, სხვათა შორის, მხოლოდ ერთი წავიდა წინააღმდეგი და ისიც სომეხი "დეპუტატი". ამის მერე ოპოზიცია კინაღამ შეიჭრა "პარლამენტის" შენობაში. თუმცა გამოვიდა "პარლამენტის" სპიკერი და პირობა მისცა შეკრებილებს, რომ "პარლამენტის" სხდომა ჩატარდება ღიად და ყველას მიეცემა განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ამ კანონს აუცილებლად მიიღებენ, ბჟანიას "ხელისუფლებას" სხვა გამოსავალი არა აქვს. რუსები მუდმივად ტრანშებით ზემოქმედებენ და თუ კანონი არ მიიღეს, აფხაზები დაფინანსების გარეშე დარჩებიან. აფხაზები თავიანთივე დაგებულ ხაფანგში გაებნენ. იმდენი ქნეს წლების განმავლობაში ამ თავიანთი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის თამაშით, რომ საბოლოოდ აქამდე მივიდნენ. აფხაზეთში დემოგრაფიული სურათი კატასტროფულია. ჯერ ერთი, სომხური ეთნოსის რაოდენობა თითქმის აღემატება აფხაზებს, ამას ემატება სხვა ეთნოსებიც. განსაკუთრებით გასტარბაიტერები შუა აზიიდან, რომლებიც მერე სახლდებიან აფხაზეთში და აფხაზ ქალებზე ქორწინდებიან. ახლა ამას უნდა დაემატოს 30 000 ბინის მფლობელი.

რამდენიმე კვირაა ე.წ. პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი აფხაზურ-რუსული შეთანხმება, რომელიც რუსი ინვესტორებისთვის ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს. საინვესტიციო შეღავათების თემა წამოიწია მაშინ, როდესაც დაიწყო სოხუმის აეროპორტის მშენებლობა. რუსებმა მიაღწიეს იმას, რომ ანალოგიური უპრეცედენტო შეღავათები მიეღო ინვესტორს, ვინც აეროპორტს ააშენებდა, და აფხაზები ამას დათანხმდნენ. ახლა ამან ტოტალური სახე მიიღო. პოლიტიკა ასეთია - გუშინ მხოლოდ აეროპორტის მშენებლობაზე მოითხოვეს შეღავათები, დღეს - ყველაფერზე. ეს პროტესტს იწვევს, თუმცა მხოლოდ საქმეში ჩახედული ადამიანები გამოხატავენ აღშფოთებას. თავიანთ თავს დააბრალონ. აფხაზები უკვე აცნობიერებენ, რომ მათი პატრონი ამ წუთში არავინ არის. ამიტომ მათი ხტუნვა არის ქარიშხალი ჭიქაში. პოლიტიკოსების უმრავლესობას შვილები რუსეთში ჰყავს, ბიზნესი რუსეთში აქვთ და ა.შ. ამიტომ ღიად რუსებს არ ადანაშაულებენ, თუმცა სოციალურ ქსელებში უკვე წერენ, რუსებს უნდათ მცოცავი ანექსიით ნაწილ-ნაწილ დაიპყრონ აფხაზეთი, ჩვენი არაფერი იქნება და ისედაც დემოგრაფიულად მილევადი ერი, საერთოდ აღარ დავრჩებითო.

ეკატერინე ბასილაია