ტყვია, რომელმაც შეძრა მსოფლიო - კვირის პალიტრა

ტყვია, რომელმაც შეძრა მსოფლიო

"მადლიერი ვარ, რომ ის (ტრამპი) უსაფ­რ­თხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის, მისი ოჯახისთვის,­ ყველასთვის, ვინც მიტინგს ესწრებოდა... ჯილი და მე მადლობას ვუხდით საიდუმლო სამსახურს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამერიკაში ასეთი­ ძალადობის ადგილი არ არის. მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ თავდასხმის დასაგმობად".

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი,

14 ივლისი, 2024წ.

"ამ ინციდენტმა გააცოცხლა ყველაზე საშინელი აჩრდილები ქვეყანაში, სადაც 4 პრეზიდენტი მოკლეს"

გამოცემა "ელ-პაისი"

"ამერიკული პოლიტიკის ბნელი დღე"

14 ივლისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეტლერში პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ყოფილ პრეზიდენტთან შესახვედრად 50 000 კაცს მოეყარა­ თავი და უმრავლესობა სასურველ კანდიდატს დილიდან ელოდა. შეგახსენებთ, რომ პენსილვანია სწორედ ის შტატია, სადაც წინასაპრეზიდენტო არჩევნებზე ყოფილ­ პრეზიდენტს ჯო ბაიდენმა მოუგო. სწორედ პენსილვანიაზე აკეთებდა აქცენტს დონალდ ტრამპი, როცა აცხადებდა, რომ ათასობით ყალბი ბიულეტენი იქნა გამოყე­ნებული. შტატში ჯო ბაიდენმა ტრამპი მხოლოდ 1.2%-ით დაჯაბნა.

მიტინგი სულ 5-6 წუთის დაწყებული იყო, ყოფილი პრეზიდენტი ამომრჩევლებს არალეგალურ მიგრაციაზე ესაუბრებოდა, როცა მოულოდნელად რამდენჯერმე ტკაცუნის ხმა გაისმა. ყურში დაჭრილ დონალდ ტრამპს დაცვა გადაეფარა და ტრიბუნიდან მის გაყვანას შეეცადა. თავდამსხმელის ნასროლ ტყვიას მხოლოდ ერთი სანტიმეტრი დააკლდა პრეზიდენტობის კანდიდატის მოსაკლავად. სამიზნე გადარჩა, თუმცა მის უკან მდგომებს არ გაუმართლათ. ტრამპისთვის ნასროლი ტყვია ერთ ამომრჩეველს თავში მოხვდა და იქვე მოკლა, ორი კი დაიჭრა.

სროლის ხმამ მომიტინგეებში დაბნეულობა გამოიწვია, და არა მარტო მომიტინგეებში, დაბნეული იყო ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურიც, რომელმაც არ იცოდა, რა მოემოქმედა (ეს ვიდეოჩანაწერშიც კარგად ჩანს).

თავდამსხმელი, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს 3 ტყვია ესროლა, მეზობელი სახურავიდან რამდენიმე წამში კონტრსნაიპერმა მოკლა.

მალევე პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ შემთხვევა ტრამპის გარემოცვამ მოაწყო ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგის ასამაღლებლად. თუმცა მომხდარის გამო ჯერ კიდევ გონზე მოუსვლელ ამერიკელებს მორიგი შოკი ჯერ კიდევ წინ ელოდათ. "ნიუ-იორკ თაიმსის" გვერდზე გამოჩნდა ფოტო, რომლის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი, პულიცერის პრემიის ორგზის მფლობელი დაგ მილზი გახლდათ. "მე ვიღებდი, როდესაც სროლა დაიწყო, ისე მოხდა, რომ თითი ფოტოაპარატზე მეჭირა და სროლის დროს გადაღება გავაგრძელე, არ ვიცოდი, მოხვდა თუ არა რამე ობიექტივში, მაგრამ როცა ფოტოები ნოუთბუქში გადავიტანე, დავინახე ტყვია, რომელიც ტრამპის თავს უახლოვდებოდა. ნამდვილად ტყვია იყო, რადგან ის არც წინა კადრში იყო და არც უკვე შემდეგში".

სწორედ აწ უკვე ლეგენდარული ფოტოთი დაადგინეს სპეციალისტებმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ნამდვილად ტყვია ესროლეს, ხოლო მანძილი, საიდანაც ესროლეს, სულ რაღაც 110-120 მეტრი აღმოჩნდა, თავდამსხმელი კი 20 წლის პენსილვანიელი თომას მეთიუ კრუქსი აღმოჩნდა, იარაღი კი, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტის მოკვლას აპირებდა, თანამედროვე სპორტული შაშხანა AR-15.

მოყვარული მონადირე გარეუბნიდან

თომას მეთიუ კრუქსი არასდროს ყოფი­ლა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. საარჩევნო სიაში რესპუბლიკური­ პარტიის ამომრჩევლად ირიცხებოდა (წელს პირველად მონაწილეობდა არჩევნებში), თუმცა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემო­კრატიული პარტიისთვის გადაურიც­ხავს 15 დოლარი. 2022 წელს Dდაამთავრა საშუალო სკოლა, სადაც დიპლომთან ერთად 500-დოლარიანი პრემიაც მიიღო მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში­ თავის გამოჩენისთვის. კრუქსი, რომელიც არაერთხელ გამხდარა თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი, სკოლის სროლის გუნდში ჩარიცხვაზე ოცნებობდა, თუმცა შესარჩევი ტური ვერ გაიარა - თვალი დაუწუნეს. ის, რომ მაშინ მისი გამომცდელები მწარედ შეცდნენ, 14 ივლისს დაამტკიცა, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ლამის მოკლა 110-120 მეტრიდან, რამდენიმე სპეცსამსახურის ცხვირწინ.

კრუქსი ექიმ-დიეტოლოგის თანაშემწედ მუშაობდა მოხუცთა თავშესაფარში, თავისუფალ დროს ნადირობდა, იყო ადგილობრივი სასროლეთის კლუბის წევრიც.

14 ივლისს, სანამ დონალდ ტრამპს ესროდა, მაღაზიაში შეიარა და 50 ტყვია იყიდა, მამის შაშხანა ჰქონდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თომას მეთიუ კრუქსი მარტო მოქმედებდა და მისი კავშირები რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან ან რაიმე იდეოლოგიასთან არ გამოვლენილა. ვინაიდან თავად კრუქსი ცოცხალი აღარ არის, ვერ გავიგებთ, რა მიზანი ამოძრავებდა.

საიდუმლო სამსახური VS პენსილვანიელი "ქოფაკები"

რაკიღა პრეზიდენტობის კანდიდატი გადარჩა, მეტიც, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზეც მიიჩქაროდა და თავდამსხმელიც მოკლეს, გაჩნდა კითხვა, როგორ მოახერხა 20 წლის ბიჭმა ყველას თვალწინ ყოფილი პრეზიდენტისთვის სროლა? არის თუ არა ეს საიდუმლო სამსახურის სრული ჩავარდნა?

ამერიკელ საზოგადოებას აქაც დიდი იმედგაცრუება ელოდა. გამოძიების მასალებში გაჩნდა თვითმხილველთა ჩვენებები.­ მაგალითად, ერთი მათგანი, რომელსაც მიტი­ნგის მახლობლად წვეულება ჰქონია, ადასტურებდა, რომ მან შეამჩნია, როგორ მიძვრებოდა შეიარაღებული კაცი სახურავზე,­ რის შესახებაც აცნობა იქვე მყოფ პოლი­ციის თანამშრომელს, თუმცა "მათ არაფერი მოიმოქმედეს". მალე სოციალურ ქსელებში გამოჩნდა პოლიციასთან მსგავსი დიალოგების ამსახველი სხვა ვიდეოც, რამაც უფრო გაამწვავა ვნებათაღელვა საზოგადოებაში.

ტრამპს, როგორც აშშ-ის ყველა პრეზიდენტს, ფედერალური კანონის თანახმად, საიდუმლო სამსახური სიცოცხლის ბოლ­ომდე იცავს. ამჟამად, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც საჯარო შეხვედრებზე ხშირად დადის, ეკუთვნოდა დამატებითი გაძლიერებული დაცვაც. როგორც ამბობენ, დამატებითი დაცვის პროცესი გაჭიანურდა, რის გამოც ბატლერში ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პირველი ლედის, ჯილი ბაიდენის პირადი დაცვის ნაწილიც ზრუნავდა.

თუ ცნობილ ჟურნალისტ ტიმ მაკმილანს­ დავუჯერებთ, რომელიც ჟურნალისტობამდე როგორც პოლიციის თანამშრომელი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და ვიცე-პრემიერ ჯიმ ჩეინის გამოსვლების დროს თანამშრომლობდა საიდუმლო სამსახურთან: "აშშ-ის საიდუმლო სამსახურს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რამდენიმედონიანი მოდელი აქვს. შიდა ანუ პირველი დონე ითვალისწინებს პირად დაცვას (სწორედ ისინი ჩანდნენ მიტინგის ცნობილ კადრებში). მეორე დონე უზრუნველყოფს იმ საფრთხეების გამოვლენასა და პრევენციას, რაც შეიძლება ბრბოდან მოდიოდეს. უსაფრთხოების მეორე დონეს შეადგენენ ადგილობრივი და სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც დროებით არიან მიმაგრებული დაცვას; მესამე - უკვე გაფართოებული ეშელონი მუშაობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც შორი მანძილიდან­ მოდის. ეს შეიძლება იყოს კონტრსნაიპერული და კიბერნეტიკული მხარდაჭერა, ასევე მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვა".

გამოდის, თუ საიდუმლო სამსახურის მოდელს გავითვალისწინებთ, კონტრსნაიპერებმა იმიტომ ვერ შეამჩნიეს მეზობელ სახურავზე თავდამსხმელი, რომ ისინი შორ მანძილზე ანუ 150 მეტრის იქით იყვნენ პასუხისმგებლები. ამას ისიც მოწმობს, რომ კონტრსნაიპერს, რომელიც ამაღლებულ ადგილას იმყოფებოდა, თავდამსხმელისთვის­ სასროლად სამიზნის დაბლა დაწევამ მოუწია (ეს ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს).

შესაძლოა "ჩავარდნა" შუა დონეზე მოხდა, სადაც ჩართული არიან ადგილობრივი სამართალდამცავები. საიდუმლო სამსახურსა­ და სამართალდამცავ ორგანო­ებს საერთო ღონისძიების მიმდინარეობისას ერთმანეთთან უშუალო კავშირი არა აქვთ. მიტინგის დროს პოლიციის თანამშრომელს რომც ნდომოდა მიღებული ინფო­რმაციის გადაცემა საიდუმლო სამსახურისთვის, ეს მხოლოდ დისპეტჩერის მეშვეობით უნდა გაეკეთებინა. სანამ გაირკვეოდა, ხომ არ იყო სახურავზე შეიარაღებული პირი უსაფრთხოების დაცვის რომელიმე სამსახურის თანამშრომელი, რა თქმა უნდა, ეს დროს წაიღებდა. სავარაუდოდ, შესაძლოა ასეც მოხდა კიდეც.

სანამ ყოფილი პრეზიდენტის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, საქმეში ჩართული ყველა სპეცსამსახური ცდილობს კოლეგებზე გადაბრალებით თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და რაც მნიშვნელოვანია, არავის სურს წლობით ნაშენები რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენოს, ისევე როგორც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელში­ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მიერ მძევლების აყვანის დროს მოხდა, როცა მთელმა მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ თურმე ყოვლისშემძლე "მოსადიც" ცდება.

ამასობაში ამერიკის დროშის ფონზე სისხლიანი დონალდ ტრამპის გამარჯვების ჟესტმა მსოფლიო მოიარა და რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ კანდიდატათაც დასახელდა ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. გახდება თუ არა 20 წლის თომას მეთიუ კრუქსის ტყვია ტრამპისთვის პრეზიდენტის სავარძლის გარანტია, ამას გვიანი შემოდგომა გვიჩვენებს.

მოვკლათ პრეზიდენტი

1865 წლის 14 აპრილს ვაშინგტონში ფორდის თეატრში მსახიობმა ჯინ უილკ ბუტმა აბრაამ ლინკოლნი დაჭრა. აშშ-ის პრეზიდენტი მეორე დღეს გარდაიცვალა.

1881 წლის 2 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმზ გარფილდი სასიკვდილოდ დაჭრა ჩარლზ გიტმა. პრეზიდენტის ბრძოლა სიცოცხლისთვის ამაო გამოდგა და ის ჭრილობის გართულების გამო 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

1912 წლის 14 ოქტომბერს პროგრესული პარტიის კანდიდატს თეოდორ რუზველტს საარჩევნო კამპანიის დროს ჯინ ნევინ შრენკმა ესროლა. დაჭრის მიუხედავად, პრეზიდენტობის კანდიდატმა 90-წუთიანი სიტყვა მაინც დაასრულა. თუმცა ეს საპრეზიდენტო რბოლის მოგებაში ვერ დაეხმარა.

1933 წელს მაიამიში ფრანკლინ რუზველტს ინაუგურაციის წინ სიტყვით გამოსვლისას ჯუზეპე ზანგარმა ხუთჯერ ესროლა, თუმცა მიზანს ააცილა და მხოლოდ რუზველტთან ახლომდგომები დაჭრა. მათ შორის ჩიკაგოს მერიც.

1963 წლის 22 ნოემბერს დალასში ესროლეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის, რომელიც იმ დღესვე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მკვლელის ვინაობა დადგენილია, - ლი ჰარვი ოსვალდი - პრეზიდენტ კენედის მკვლელობა ყველაზე ბურუსით მოცულ დანაშაულად დარჩა თანამედროვე ამერიკის ისტორიაში.

1968 წლის 5 ივნისს ლოს-ანჯელესში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი რობერტ ფიცჯერალდ კენედი სირიელი მიგრანტის სერჰან სერჰანის ტყვიას ემსხვერპლა. პოლიტიკოსი მეორე დღეს გარდაიცვალა.

1972 წლის 15 მაისს პრეზიდენტობის კანდიდატი ალაბამის გუბერნატორი საჯარო გამოსვლისას დაჭრა ართურ ბრემერის ტყვიამ. გუბერნატორი გადარჩა, თუმცა მთელი ცხოვრება ხეიბრის ეტლში გაატარა.

1881 წლის 30 მარტს ჯონ ჰირკლი-უმცროსმა რონალდ რეიგანს ესროლა. აშშ-ის პრეზიდენტი ლიმუზინიდან ასხლეტილმა ტყვიამ დაჭრა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.