ქალი, რომელმაც ტრამპი უნდა შეაჩეროს - კამალა ჰარისი: დონალდის შვილი დონალდის წინააღმდეგ და წერილი სალომე ზურაბიშვილს - კვირის პალიტრა

ქალი, რომელმაც ტრამპი უნდა შეაჩეროს - კამალა ჰარისი: დონალდის შვილი დონალდის წინააღმდეგ და წერილი სალომე ზურაბიშვილს

21 ივლისის საღამოს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში ყველასათვის მოულოდნელად დაწერა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა და რესპუბლიკელებს ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„დღეს მინდა, ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ წელს ჩვენი პარტიის ნომინანტი იყოს. დემოკრატებო - დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდი, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯო ბაიდენი აღნიშნავდა, რომ საარჩევნო რბოლაში ბოლომდე დარჩებოდა:

„მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი. ვერავინ გამაგდებს. არ მივდივარ“, - ციტირებდა BBC-ი ბაიდენს.

კამალა ჰარისი, რომლის მხარდაჭერისკენაც პრეზიდენტმა საზოგადოებას მოუწოდა, აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტია.

"მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს იკავებს და იმედი მაქვს, არა - უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ“, - განაცხადა 2020 წელს კამალა ჰარისმა, როცა ის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.

kamila-1721605263.png

კამალა დეივი ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში დაიბადა.

ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომელიც ძალიან მიზანდასახული და მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით დედის მადლიერია:

"ქალი, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ჩემს აქ ყოფნაზე, დედაჩემი შამალა გოპალან ჰარისია, მადლობა მას ამისთვის...", - აღნიშნა კამალამ ინაუგურაციაზე.

როგორც ცნობილია, კამალას მშობლები - შამალა და დონალდი მაშინ დაშორდნენ, როცა გოგონა 5 წლის იყო. შამალა გოპალანის მშობლებს არ მოსწონდათ სიძე და ამ ქორწინების წინააღმდეგენიც იყვნენ. დაშორების შემდეგ კამალა დასთან ერთად, დედასთან იზრდებოდა.

kamala2-1721605263.jpg

კამალას ბებიას სურდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კამალას დედა სახლში დაბრუნებულიყო და ტრადიციების მიხედვით შეექმნა ოჯახი, თუმცა შამალამ მომავალი მეუღლე დონალდ ჰარისი გაიცნო, რომელიც ბერკლის უნივერსიტეტში სასწავლებლად იამაიკიდან ჩავიდა. სულ მალე წყვილს გოგონები: კამალა, შემდეგ კი - მაია შეეძინათ.

განქორწინების შემდეგ, შამალა მაკგილის უნივერსიტეტში ასწავლიდა, ამიტომ ბავშვები რამდენიმე წლის განმავლობაში დედასთან ერთად, კანადაში ცხოვრობდნენ.

კანადაში გადასვლამდე კი გოგონა დედასთან და დასთან ერთად არცთუ სახარბიელო უბანში, ბერკლიში ცხოვრობდა, სადაც რასების დესეგრეგაციის კანონის მიღების შემდეგ, სკოლაში სწავლის საშუალებაც მიეცა. იმ პერიოდში ფერადკანიანთა უბნებიდან ბავშვებს ავტობუსებით იმ სკოლაში ატარებდნენ, სადაც ყველას შეეძლო სწავლა, განუჩევლად რასისა.

1986 წელს კამალამ ჰოვარდის უნივერსიტეტი დაასრულა, სადაც პოლიტოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში კამალას მამა სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა, კამალამ თავად აირჩია ჰოვარდის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას ის აქტივისტებთან ერთად სხვადასხვა საკითხს აპროტესტებდა.

200810181004-kamala-harris-school-photo-1721605988.jpg

მისი პროფესიული კარიერა 1990 წლიდან იწყება, როცა კალიფორნიის შტატში პროკურორის თანაშემწე გახდა.

2003 წელს ის სან-ფრანცისკოს პროკურორად აირჩიეს, საზოგადოების ყურადღება კი მაშინ მიიპყრო, როცა დევიდ ჰილის სიკვდილით დასჯა არ მოითხოვა - ჰილს პოლიციელ აიზეკ ესპინოზას მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ამ გადაწყვეტილების გამო, მას კალიფორნიის იმდროინდელი სენატორებიც დაუპირისპირდნენ, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, კამალა 2010 წელს კალიფორნიის გენპროკურორი გახდა. ის პირველი ქალი იყო, ვინც ამ პოსტზე აირჩიეს.

2016 წელს, როცა ბარბარა ბოქსერის შემდეგ ახალი სენატორი უნდა აერჩიათ, კამალაც ჩაერთო არჩევნებში და პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა, რომელმაც კალიფორნიის სენატორის პოსტი დაიკავა. ის არჩევნებში „დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სენატში კამალა ჰარისი ტრამპის პოლიტიკის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი. სენატში მოხვედრის დასაწყისშივე კამალამ ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული დაიმსახურა. მას „დემოკრატების ამომავალი ვარსკვლავიც“ კი შეარქვეს.

dims-1721605892.apnews.jpg

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, კამალა ჰარისს დემოკრატების პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსთა რიგებს მიაწერენ. ეკოლოგიის დაცვის გარდა, ის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია. მხარს უჭერს მსხვილი ფინანსური ობიექტებისთვის გადასახადების გაზრდას.

კამალა ჰარისი უკრაინას ღიად უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ უკრაინაზე დახმარება უნდა გაგრძელდეს.

ჰარისმა საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს წერილიც გამოუგზავნა:

„ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის.

შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება.

ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ "უცხოური აგენტების" კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება, მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“ - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

screenshot-2024-07-22-034451-1721605834.png
მეუღლესთან ერთად

2014 წელს კამალა ჰარისი დუგლას ემჰოფზე დაქორწინდა, მათ საერთო შვილი არ ჰყავთ, თუმცა ემჰოფს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.

ჟურნალ Forbes-ის ცნობით, 2024 წლისთვის წყვილის ქონება 8 მლნ დოლარს შეადგენდა.