დღეში 720 მილიონი დოლარი პუტინისთვის - რატომ ვერ მოახრჩო რუსეთი სანქციებმა: "ჩრდილოვანი ფლოტი" და პუტინის ფარული მეგობრები - კვირის პალიტრა

დღეში 720 მილიონი დოლარი პუტინისთვის - რატომ ვერ მოახრჩო რუსეთი სანქციებმა: "ჩრდილოვანი ფლოტი" და პუტინის ფარული მეგობრები

უპრეცედენტო ანტირუსული ემბარგოს მიუხედავად, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მოსკოვის წინააღმდეგ არის შემოღებული, რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტი, პრაქტიკულად, არ დაზარალებულა. მართალია, მოსკოვის შემოსავლები რამდენადმე შემცირდა, უკრაინის ომის დაწყებიდან, მაგრამ მაინც საკვირველ სტაბილურობას აჩვენებს“, - წერს აშშ-ის ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) სტატიაში სათაურით - ქ„რუსული ნავთობისგან მიღებული შემოსავლები პუტინის ომს ძველებურად აფინანსებს: სანქციების ეფექტი არადამაკმაყოფილებელია“ (ავტორი - ქეით ჯონსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთმა მოახერხა და სწრაფად შეცვალა თავისი ენერგორესურსების ექსპორტის მიმართულება - ორიენტაცია ევროპიდან აზიისაკენ აიღო, განსაკუთრებით - ჩინეთისა და ინდოეთისაკენ.

არადა ევროპამ, რომელმაც დემონსტრაციულად თვითონ თქვა უარი რუსულ გაზზე და ნავთობზე, ჩუმ-ჩუმად აგრძელებს შესყიდვებს ტანკერების მეშვეობით, რათა საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნები შედარებით იაფი რუსული ნავთობით და გაზით დაიკმაყოფილოს. რასაკვირველია, ამით ის ირიბად ეხმარება კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთის შემოსავლები ენერგომატარებლების ექსპორტიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე დღეში, დაახლოებით, 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სანქციების გამო 2024 წლის ივნისისათვის შემოსავლები დღეში 720 მილიონ დოლარამდე შემცირდა და ეს რიცხვი გასაკვირად სტაბილური რჩება ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

საინტერესოა, რომ გასულ ივნისის თვეში რუსეთმა მიმდინარე საგარეო-სავაჭრო ოპერაციებში დადებითი სალდო აჩვენა, რაც რუსული ექსპორტის კარგ მდგომარეობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, ეს იმას მოწმობს, რომ სანქციების ომი, ისევე, როგორც ბრძოლის ველზე წარმოებული, აშკარად ჩიხში შევიდა.

„სანქციები ისე ეფექტიანად არ მოქმედებენ, როგორსაც ჩვენ ველოდით“, - ამბობს „ფორინ პოლისის“ ჟურნალისტთან საუბარში პეტრას კატინასი, აშშ-ის ენერგეტიკული კვლევების ცენტრის (CREA) ანალიტიკოსი.

რასაკვირველია, სანქციებმა რუსული ექსპორტის ზოგიერთი სეგმენტი მნიშვნელოვნად დააზარალა. მაგალითად, ბუნებრივი გაზის ექსპორტის გიგანტი „გაზპრომი“, რომელსაც მოგებიანი ევროპული ბაზარი აღარ აქვს. აზიური ბაზარი (უმეტესად ჩინური) თავისი მოთხოვნებით ევროპულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მართალია, „გაზპრომი“ ინარჩუნებს ზოგიერთ მოგებიან მიმართულებას (მაგალითად, „თურქული ნაკადის“ მილსადენს თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის), მაგრამ საბოლოო ჯამში, ბუნებრივი გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები მაინც ძალიან შემცირდა. რაც შეეხება ნავთობს, მისი ექსპორტის მოცულობა თითქმის უცვლელი დარჩა და უფრო მეტიც - რიგ შემთხვევებში გაიზარდა კიდეც, ომამდელ დონესთან შედარებით.

დასავლეთის ძირითადი მცდელობა, რუსეთის შემოსავლებისათვის ხელის შეშლის მიზნით, იმაში მდგომარეობდა, რომ რუსული ნავთობის გაყიდვის ფასი ერთ ბარელზე 60 დოლარი ყოფილიყო. გამოჩნდნენ ქვეყნები, რომლებიც თანახმა იყვნენ, რომ ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასი 30 დოლარი ღირებულიყო. თავდაპირველად სქემა მუშაობდა, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა მოახერხა და „ოპეკ“-ში მეგობრების დახმარებით ნავთობის მსოფლიო ფასები ასწია.

კრემლი ამაზე არ შეჩერებულა და დაიწყო ტანკერების ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენება, რომლებზეც სანქციები არ ვცელდებოდა. პეტრას კატინასის თქმით, რუსების მიერ გაყიდული ყოველი 5 ბარელი ნავთობიდან 4 ბარელი ამ ფლოტის მეშვეობით გადაიზიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს ამ შემთხვევაში არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ვაშინგტონი ცდილობდა, რომ შემოეღო გარკვეული სანქციები ცალკეული ტანკერების მიმართ, მაგრამ ამით რუსეთის ვაჭრობა 2023 წლის ოქტომბრიდან მხოლოდ 5%-ით შემცირდა. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, აშშ-ის ასეთი მოქმედებით შეიძლებოდა ნავთობზე მსოფლიო ფასები გაზრდილიყო, რაც ძალზე არასასურველი იქნებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.

მაგრამ საკითხი მხოლოდ ნავთობის ექსპორტით არ ამოიწურება: რუსეთი აფართოებს თხევადი გაზის ექსპორტს, რომლის მომხმარებლები არიან საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია. მიმდინარე წელს, 2023-თან შედარებით, რუსული თხევადი გაზის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა. მიზეზი ისაა, რომ რუსული თხევადი გაზის ფასი ბევრად იაფია,

რადგანაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, 2024 წლის ბოლომდე რუსული გაზის მიმართ არანაირი ზომები არ იქნება მიღებული, უნგრეთი, დიდი ალბათობით, მათ დაბლოკავს.

მოკლედ, დასავლელი პოლიტიკოსებისათვის ცუდი ამბავი ისაა, რომ უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთის ენერგეტიკული მანქანა ჯერჯერობით საკმაოდ კარგად მუშაობს და თავის ამოცანებს ასრულებს. როგორც პეტრას კატინასი ამბობს, დასავლეთის მოქმედება არასრულფასოვანია, სანქციები რუსეთს ბევრ ხვრელს უტოვებს, რითაც კრემლი წარმატებით სარგებლობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო