"განსაკუთრებული ზიზღი და აგრესია ჰქონდა ებრაელების მიმართ, არადა, ბებია ებრაელი ჰყავდა. მისი მსხვერლებიც..." - ვინ არის "მეთაური ყასაბა"? - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში სასტიკ დამნაშავეზე?
ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს. მას ბრალად სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის დაგეგმვა ედება. 20 წლის ჩხიკვიშვილის ცნობილი მეტსახელებია: "მეთაური ყასაბი"; "მიშკა", "ყასაბი".
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, სავარაუდოდ, "მანიაკური მკვლელობის კულტის" ლიდერია. ეს ორგანიზაცია ცნობილია, როგორც Maniacs Murder Cult - საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, კერძოდ, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც "არასასურველად" მიიჩნევენ.
“მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბრალდებული საბურთალოზე, N161-ე სკოლაში სწავლობდა და თანაკლასელები მას მიშოს ეძახდნენ. სკოლის წარმომადგენელი კი “მეთაური ყასაბის“ შესახებ შოკისმომგვრელ დეტალებს ჰყვება:
“ფიზიკურად რომ შეხედავდით, ვერ წარმოიდგენდით, რომ ეს ბავშვი ბუზსაც კი ააფრენდა, ისეთი იყო თავისი ვიზუალით... მე ვატყობდი, რომ რთული ბავშვი იყო. ძალიან შემაშფოთა ერთმა ფაქტმა, როდესაც ბავშვებმა მითხრეს, რომ საშინელ ვიდეოებს გვიგზავნისო. მერე გაირკვა, რომ ის ვიდეოები ჰქონდა, რომელიც ძირითადად მკვლელობებს, სისხლს ეხებოდა“, - აცხადებს რესპოდენტი.
სიუჟეტში ნაჩვენებია ვიდეომასალის მონაკვეთი, რომელსაც ბრალდებული თანაკლასელებს უგზავნიდა. ყველა მათგანი შემზარავია: ნაჩვენებია, როგორი სისასტიკით კლავენ ტერორისტები უდანაშაულო მოქალაქეებს. იმავე ჩათში, ჩხიკვიშვილი აგზავნიდა მიმებს და ხუმრობებს მასობრივ მკვლელობებზე.
“საშინელი პრეზენტაცია გააკეთა რუსულის პედაგოგთან. მერე გვქონდა ამის განხილვა. თვითონ განგაში ატეხა ქალბატონმა. სხვათა შორის, პატრული გამოვიძახეთ. საპატრულო პოლიციის განყოფილებაში იყო საუბარი, რომ ეს ისეთ არხებზეა შესული, რომელთან წვდომაც ყველას არ უნდა ჰქონოდა. პრეზენტაცია იყო თავისი არჩეული თემა - ტერორიზმი.“
საქმის თანდართულ მტკიცებულებებში არის მიმოწერაც, რომელშიც ბრალდებული წერს, რომ სძულს აზიელები.
“ქუჩაში ვიღაც არაქართველს ფოტოებს უღებდა. იმან პოლიციაში დარეკა. რომ ველაპარაკე, რატომ გააკეთა - არაფერი, უბრალოდ, ფოტო გადავუღეო. იცით, როგორ გამოიყვანა თავი? რომ ვითომ ხუმრობდა. მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ ბავშვს პრობლემები ჰქონდა. სკოლის მოთხოვნით ჩართული იყო უკვე საპოლიციო განყოფილება. იმიტომ, რომ მშობლებთან ჩვენ, ფაქტობრივად, კომუნიკაცია ვერ დავამყარეთ.