გაიცანით ბიჭი, რომელიც ბარსელონის საუკეთესო მეკარე 9 წლის ასაკში გახდა: "ჩემი ცხოვრება აქ არის და საქართველოში დაბრუნება არც განიხილება" - კვირის პალიტრა

გაიცანით ბიჭი, რომელიც ბარსელონის საუკეთესო მეკარე 9 წლის ასაკში გახდა: "ჩემი ცხოვრება აქ არის და საქართველოში დაბრუნება არც განიხილება"

საბა სეფიაშვილი 9 წლის ასაკში გახდა ბარსელონის საუკეთესო მეკარე.

ეს არა მარტო მისი პირადი ტრიუმფია, არამედ საამაყოა საქართველოსთვის. საბამ თავისი უნიკალური ნიჭითა და დაუღალავი შრომით შეძლო და თავი მოაწონა მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს.

მისი ოცნებაა შეხვდეს თავის გმირსა და მისაბაძ მაგალითს, გიორგი მამარდაშვილს. გიორგის წარმატებული კარიერა და უნიკალური თამაში საბასთვის დიდი შთაგონებაა. მიზნად დაისახა, გიორგი მამარდაშვილის მსგავსი წარმატებული მეკარე გახდეს... ეს ყოველდღიურად უბიძგებს, უფრო მეტი იმუშაოს და იბრძოლოს. საბას კარიერის დასაწყისს, თან ახლავს საერთაშორისო აღიარება.

ფეხბურთის გუნდმა Estrella Damm-მა, რომელიც ცნობილია თავისი მხარდაჭერითა და წახალისებით ახალგაზრდა ტალანტების მიმართ, საბა სათამაშოდ მიიწვია. ეს ადასტურებს მის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს.

"ეს იყო უდიდესი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ საბას Estrella Damm-ის გუნდისგან მოწვევა ჰქონდა, - ამბობს საბას ბებია, - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მისი ოცნებების განხორციელებისკენ და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გზაზე".

საბას უნარები, რეაქციები და თამაში არა მარტო მის თანატოლებს, არამედ უფროსებსაც აღაფრთოვანებდა. მწვრთნელები აღნიშნავენ, რომ საბას აქვს იშვიათი უნარი, შეამჩნიოს და მყისიერად უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს, რაც მას მოედანზე ნამდვილ "კედლად" აქცევს. ამ პატარა ბიჭს ნამდვილად დიდი მომავალი აქვს, - გვითხრა მისმა მწვრთნელმა.

საბას ოჯახიც მუდამ მხარში უდგას. როგორც მამა იხსენებს, ის პატარაობიდანვე გატაცებული იყო ფეხბურთით და მისი წარმატებები სიამაყის მიზეზს ნამდვილად აძლევს. საბას მაგალითი მოწმობს, რომ ტალანტები, რომელთაც აქვთ ძლიერი ნებისყოფა და სიყვარული თავისი საქმის მიმართ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ მის წინაშე დიდი კარიერული პერსპექტივები და ახალი გამოწვევებია. ეს ტიტული მისთვის მხოლოდ დასაწყისია. შეიძლება ითქვას, რომ ოდესღაც ის აუცილებლად გახდება ქართული ფეხბურთის სიამაყე და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მისი დიდი ოცნება - მამარდაშვილთან შეხვედრა - დამატებითი მოტივაციაა საიმისოდ, რომ უფრო მეტს მიაღწიოს.

- საბა, რამდენი წლის ჩამოხვედი ესპანეთში და საქართველოზე რა იცი?

- ესპანეთში ძალიან პატარა ჩამოვედი. საქართველო არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ლამაზია. ქართული სამზარეულო ძალიან მომწონს. ბებო ხშირად გვიმზადებს ქართულ კერძებს. ყველაზე მეტად ხინკალი მიყვარს.

- რატომ აირჩიე ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთზე რას გვეტყვი?

- ფეხბურთი ძალიან მომწონდა და პატარაობიდან დავიწყე სიარული, "მარტინენც" - ამ კლუბში ვთამაშობდი. მათი დამსახურებით მოვედი აქამდე. ჩემი მწვრთნელის დიდი დამსახურებაა, რომ ახლა უკვე ბევრად მაღალ საფეხურზე ავედი და რა თქმა უნდა, არ ვჩერდები, მწვერვალისკენ მივიწევ.

ყველა ქართველი ფეხბურთელი ვიცი. ჩემი ოცნებაა ქართველ მეკარესთან, გიორგი მამარდაშვილთან შეხვედრა. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მინდა მასთან ერთად თამაში.

- შენს ყოფილ გუნდზეც გვიამბე.

- ჩვენ ვიყავით და დღემდე ერთი დიდი ოჯახი ვართ, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და ყველა დღეს მათთან ერთად ვატარებ, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სტადიონზე ვარჯიშით არ შემოიფარგლება. არასოდეს მიგრძნია მათგან, რომ მე ემიგრანტი ვარ.

- საქართველოში დაბრუნებას და თამაშს თუ აპირებ?

- მე აქ ვიზრდები, ჩემი ცხოვრება აქ არის, აქ ვსწავლობ, ვთამაშობ და საქართველოში დაბრუნება არც განიხილება. რაც შეეხება სამომავლოდ საქართველოს ნაკრებში თამაშს, როდესაც დიდი გავიზრდები, თუ მექნება შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად დავთანხმდები.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან