ბიზნესი, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი - კრემლის სტრატეგია: სადაც ტანკი ვერ გავა, იქ გზას გაჭრის "მაყუთი" - კვირის პალიტრა

ბიზნესი, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი - კრემლის სტრატეგია: სადაც ტანკი ვერ გავა, იქ გზას გაჭრის "მაყუთი"

რამდენიმე დღის წინა ბლოგის ერთ–ერთმა აქტიურმა მკითხველმა ამგვარი შეკითხვა დამისვა: „როდის ამთავრებთ ინდოეთის თემასო“? ათწლეულების მანძილზე საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების განსაკუთრებული აქტიურობა ინდოეთში ძალზე წააგავს მათ ფარულ ოპერაციებს საქართველოში: ბევრი მსგავსება– პარალელია, ამიტომაც ჯერ-ჯერობით არ მეთმობა „ინდოეთის თემა“. დღეს სპეცსამსახურების დაფინანსებაზე ვისაუბროთ. ძლიერი სპეცსამსახური „ძვირი სიამოვნებაა“, მით უფრო, დღეს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. მუდმივად მზარდი ბიუჯეტი სპეცსამსახურის მუშაობის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით იხარჯება, მათ შორის განსაკუთრებით გასაიდუმლოებულია აგენტურული აპარატის დაფინანსებისა და ოპერატიულ–ტექნიკური ღონისძიებების ჩატარებაზე გაწეული ხარჯები.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე მათ „ფარულ ხარჯებს“ (ხშირად „მე–9 მუხლით გაწეული ხარჯებსაც“ ) ვუწოდებთ. სპეცსამსახურის ბიუჯეტის „ფარული ხარჯების“ მშრალი ციფრების მიღმა საიდუმლო სამსახურის აგენტურული და ოპერატიულ–ტექნიკური ოპერაციებია დაშიფრული. თუმცა ვინც „კითხვა“ იცის და ანალიზის უნარიც აქვს, მისთვის სავსებით შესაძლებელია ამ ოპერაციების დეტალებში გარკვევა.

საბჭოთა იმპერიის შექმნის პირველივე წლებიდან „პროლეტარული სპეცსამსახურების“ დასაფინანსებლად „ბოლშევიკ–კომუნისტები“ მრავალ მეთოდს იყენებდნენ. 1920-იანი წლების ბოლოს შავი დღეები დაუდგა საბჭოთა კავშირს: მომავალი იმპერია უცხოური ვალუტის დიდ დეფიციტს განიცდიდა. ფინანსურად ვეღარც „მოძმე“ კომუნისტურ პარტიებს ეხმარებოდნენ „კომუნისტური ინტერნაციონალის (კომინტერნი)“ ხაზით. საბჭოთა დაზვერვასაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა უცხოური ვალუტის რესურსები: უცხოეთში ფარული ოპერაციების დასაფინანსებელი და აგენტურის შესანახი ვალუტა არ ჰყოფნიდათ. ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი ისევ „ჩეკისტებმა“ მოძებნეს: მათ საზღვარგარეთის რეზიდენტურები და აგენტურა . . . თვითდაფინანსებაზე გადაიყვანეს.

ევროპისა და აშშ-ის დიდ ქალაქებში „სოკოებივით“ მომრავლდა კომერციული ფირმები, „ექსპორტ–იმპორტის საზოგადოებები“, ბანკები და სადაზღვევო კანტორები: ყველა ისინი მოსკოვის ფულით იქმნებოდა საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლების ან აგენტების მიერ. მათ უნდა გამოეჩინათ ბიზნესის ნიჭი, მოგებაზე ემუშავებინათ ფირმა და მიღებული შემოსავლიდან დაეფინანსებინათ კავშირზე მყოფი აგენტურა. მთელ სავაჭრო–ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობას „ცენტრი“ მკაცრად აკონტროლებდა. უცხოური ვალუტის მიღების გარდა, ამ გზით მოხერხდა საბჭოთა დაზვერვის ასობით არალეგალური აგენტის ( ხშირად ცოლ-ქმრად შენიღბული წყვილის) დამკვიდრება უცხო ქვეყნებში, სადაც ისინი ათწლეულების მანძილზე ასრულებდნენ მოსკოვის დავალებებს.

კაპიტალისტურ ქვეყნებში მოქმედი „მოძმე“ კომუნისტური პარტიების ფარული დაფინანსების მიზნით, საბჭოთა/რუსეთის ხელისუფლება ფართოდ იყენებდა და იყენებს ლეგალური ბიზნესის საშუალებით „ფულის გათეთრების“ მეთოდს. კვლავ ინდოეთის მაგალითზე ვნახოთ, თუ როგორ აფინანსებდა საბჭოთა რეჟიმი ინდოელ პოლიტიკოსებს, მინისტრებსა და ჟურნალისტ-ექსპერტებს.

საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ–ერთი სრულიად საიდუმლო დოკუმენტიდან ცხადი ხდება, თუ როგორ აფინანსებდა მოსკოვი ფარულად ინდოეთის კომუნისტურ პარტიას. 1959 წელს ინდოელი კომუნისტების ლიდერი აჯოი გოში (1909–1962) ნიუ–დელიში ფარულად შეხვდა საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს რადომირ ბოგდანოვს, რა დროსაც განიხილეს საბჭოთა კავშირსა და ინდოეთს შორის ექსპორტ–იმპორტის ბიზნესის შექმნა . . . ინდოეთის კომუნისტური პარტიის ფარული მონაწილეობით. სქემა საკმაოდ მარტივი იყო: ინდოეთის რიგითი მოქალაქე, ვინმე „რაჯა“ (სინამდვილეში ამ ქვეყნის კომუნისტური პარტიის ფარული წევრი, რომელიც კა-გე-ბეს დოკუმენტში ოპერატიული მეტსახელით „DED“ არის მოხსენიებული) აფუძნებს კომერციულ ფირმას, რომელსაც შემდეგ საოცრად

gosh-1721714779.jpg

აჯოი გოში

„უმართლებს“ და დებს ძალზე მომგებიან ხელშეკრულებას პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის (ანუ ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ წევრი რომელიმე ქვეყნის) სახელმწიფო კომპანიებთან (სინამდვილეში კი ექსპორტ–იმპორტის ოპერაციებში საბჭოთა კავშირი იყო ჩართული). მიღებული მოგება სხვადასხვა გზით ინდოეთის კომუნისტური პარტიის განკარგულებაში ხვდებოდა. სულ მალე „რაჯა კომპანის“ (პირობითი სახელწოდებაა) წმინდა მოგებამ წლიურად 3 მილიონ რუპიას მიაღწია, საიდანაც ნაწილი ინდოელი კომუნისტების საარჩევნო კამპანიებზე დაიხარჯა, უფრო დიდი ნაწილი კი, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოხმარდა, რაზეც მოსკოვი „თვალს ხუჭავდა“ . საბჭოთა კომუნისტები ინდოელი კოლეგების ფარული დაფინანსებისთვის სხვა ხერხსაც იყენებდნენ. კერძოდ, საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო „Новости“–ს ინდოეთის ბიურო აფორმებდა ბეჭდვითი მომსახურების ხელშეკრულებას ინდოეთის კომუნისტური პარტიის გამომცემლობასთან და არსებული ტარიფებზე 50 პროცენტით მეტს უხდიდა. ხომ მარტივია და ეფექტიანი? კომუნისტური პარტიის ფარულ დაფინანსებასთან ერთად, საბჭოთა რეჟიმი აფინანსებდა ინდოეთის მმართველი პარტიის, „ინდოეთის ეროვნულ კონგრესის“ იმ წევრებსაც, რომლებსაც გავლენა ჰქონდათ პრემიერ–მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუზე. არსებული საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კა-გებე, კრემლის დავალებით, ცდილობდა ნერუს ერთ–ერთი ყველაზე სანდო თანამებრძოლის, 1957 –1962 წლებში ინდოეთის თავდაცვის მინისტრის, კრიშნა მენონის (1896–1974) ფარულ დახმარებას, რათა ის ნერუს „პოლიტიკური მემკვიდრე“ და ინდოეთის შემდეგი პრემიერ–მინისტრი გამხდარიყო.

bes-1721714754.jpg

ინდოეთის თავდაცვის მინისტრი კრიშნა მენონი და პრემიერ–მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ, ნიუ–დელი, 1962 წლის 25 ოქტომბერი.

1962 წლის მაისში კა-გე-ბეს რეზიდენტს ნიუ დელიში ბორის სოლომატინს დაევალა გაეტარებინა აქტიური ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა ინდოეთში კრიშნა მენონის პოზიციის განმტკიცებას და მისი პირადი პოპულარობის გაზრდას. ეს „აქტიური ზომები“ გულისხმობდა ინდოეთის გაზეთებსა და ჟურნალებში კრიშნა მენონის მხარდამჭერი სტატიების დაფინანსებას. ინდოეთის თავდაცვის მინისტრიც, მოსკოვისადმი მადლიერების ნიშნად, პრემიერ–მინისტრ ნერუს ბრიტანულთან შედარებით საბჭოთა იარაღის უპირატესობაში არწმუნებდა.

1962 წლის ზაფხულში სწორედ მენონმა დაარწმუნა ნერუ ბრიტანული ზებგერითი

1-1721714838.jpg

საბჭოთა МиГ-21

2-1721714856.jpg

ბრიტანული Lightning

რეაქტიული გამანადგურებელი „Lightning“ ის ნაცვლად, საბჭოთა „МиГ-21“- ის შეძენის აუცილებლობაში. სწორედ ესაა „გავლენის აგენტის“ კლასიკური ხელწერა! ბრიტანელები კი დარჩნენ „გაღიმებული“.

კრიშნა მენონი, მოსკოვის დახმარებით, მართლაც გახდებოდა ინდოეთის პრემიერ– მინისტრი, რომ არა 1962 წლის 20 ოქტომბერი, როდესაც ინდოეთ–ჩინეთის „სასაზღვრო ომი“ დაიწყო და ერთი თვის შემდეგ მაო ძედუნის გამარჯვებით დასრულდა. მანამდე თავდაცვის მინისტრი კრიშნა მენონი არწმუნებდა მთელ ინდოეთს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია და ჩინეთს, თუ თავდასხმას გაბედავს, სწრაფადვე დავამარცხებთო. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და პრემიერ–მინისტრი ნერუ იძულებული გახდა 1962 წლის 31 ოქტომბერს კრიშნა მენონი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. ამის მიუხედავად, კრემლი ჯიუტად ცდილობდა თავის პროტეჟს დახმარებოდა: კა-გე-ბეს რეზიდენტს ნიუ დელიში კვლავ დაევალა ინდოეთის გაზეთებსა და ჟურნალებში კრიშნა მენონის მხარდამჭერი სტატიების დაფინანსება. ჩანს იმდენად მნიშვნელოვანი „გავლენის აგენტი“ იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომ ინდოეთის პარლამენტის წევრად მისი არჩევისთვის კა-გე-ბემ პარლამენტში მთელი თავის აგენტურა დარაზმა, თუმცა მხოლოდ 1969 წელს მიაღწია მიზანს და „ინდოელ რასპუტინად“ და „ბოროტ გენიოსად“ წოდებული კრიშნა მენონი, ინდოეთის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერის წყალობით, პარლამენტის დეპუტატი გახდა და უკვე მოხუცი (თუმცა „გავლენის აგენტს“ ასაკი როდის აქვს) კრიშნა მენონი პარლამენტის ტრიბუნიდან უტევდა საბჭოთა კავშირის მტრებს.

5465-1721714711.jpg

კამბოჯის პრინცი ნოროდომ სიანუკი, ინდოეთის თავდაცვის მინისტრი კრიშნა მენონი და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო. ნიუ–დელი, 1958 წელი.

ინდოეთი იმდენად „გემრიელი ლუკმა“ იყო საბჭოთა იმპერიისთვის, რომ კა-გე-ბეში ინდოელი „გავლენის აგენტების“ თუ „კანდიდატების“ დიდი სია არსებობდა და 1962 წლის ოქტომბერში, კრიშნა მენონის „დაკარგვის“ შემდეგ, პირველ პოზიციაზე ინდოეთის მთავრობის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი გულზარილალ ნანდა (1898–1998) „დაწინაურდა“. კრემლი უკვე მას განიხილავდა ინდოეთის მომავალ პრემიერ–მინისტრად და ფსონს მასზე დებდა.

nanda-1721714676.jpg

გულზარილალ ნანდა

1964 წლის 27 მაისს პრემიერ–მინისტრ ნერუს გარდაცვალების შემდეგ მოსკოვის პროტეჟე ინდოეთის დროებით პრემიერ–მინისტრად აირჩიეს. მოსკოვიდან კა-გე-ბეს ნიუ–დელის რეზიდენციამ კვლავ სასწრაფო დავალება მიიღო: ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ ნანდას პრემიერ–მინისტრად ასარჩევად. თუმცა 1964 წლის 9 ივნისს ინდოეთის პრემიერ–მინისტრად ლალ ბაჰადურ შასტრი აირჩიეს, რომელიც მალევე, 1966 წლის 11 იანვარს ტაშკენტში დღემდე ბოლომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. ამის შემდეგ კი დაიწყო ინდირა განდის და მისი დინასტიის ერა და საბჭოთა სპეცსამსახურების შეუზღუდავი მოქმედებების წლები. პოლიტიკური და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი „ვერ ამჩნევდა“ მის ირგვლივ „მოფუთფუთე“ ვერც კა-გე-ბეს აგენტ პარლამენტარებსა და მინისტრებს, ვერც მისი პარტიის ბიუჯეტის შევსების „მოსკოვურ წყაროებს“.

„მიტროხინის არქივში“ აღნიშნულია, რომ ინდირა განდის პარტიის ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა 1971 წლიდან იყო გადაბირებული კა-გე-ბეს მიერ (ოპერატიული მეტსახელი „RERO“) და ასრულებდა, როგორც „აგენტი ინფორმატორის“ (აწვდიდა პოლიტიკურ ინფორმაციას) , ასევე „აგენტი გადამბირებელის“ (არჩევდა გადაბირების კანდიდატებს) ფუნქციებს, რისთვისაც მას წელიწადში 100 000 რუპიას უხდიდნენ. მისი კურატორი იყო რეზიდენტის მოადგილე, საბჭოთა საგარეო დაზვერვის მომავალი ხელმძღვანელი ლეონიდ შებარშინი.

რაც შეეხება უშუალოდ ინდირა განდის პარტიის დაფინანსებას: საარქივო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ბანკნოტებით სავსე ჩემოდნები რეგულარულად მიჰქონდათ პრემიერ –მინისტრის ყველაზე ერთგული მინისტრისა და შეთავსებით „შავი სალაროს ხაზეინის“ ლალით ნარაიან მიშრას (1922–1975) სახლში. „მიტროხინის არქივიდან“ დასტურდება სულ მცირე ერთი ფაქტი, როდესაც ლეონიდ შებარშინმა 2 მილიონი რუპია პირადად მიუტანა სახლში ლალით ნარაიან მიშრას.

1975 წლის 2 იანვარს ლალით ნარაიან მიშრაზე განხორციელდა თავდასხმა: ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ის მძიმედ დაშავდა და მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ, „ცენტრის“ დავალებით კა-გე-ბეს ნიუ დელის რეზიდენტურამ „აქტიური ღონისძიებების“ ბიუჯეტიდან, ლალით ნარაიან მიშრას ქვრივს 70 000 რუპია გადასცა.

გასული საუკუნის 60–80 იან წლებში ინდოეთში მოქმედი აგენტურის დასაფინანსებლად, კა-გე-ბე წარმატებით იყენებდა „ბიზნეს პროექტების“ ლეგენდასაც. საწყის კაპიტალს გადასცემდნენ სანდო, უკვე მრავალჯერ შემოწმებულ აგენტს, რომელიც თავის სახელზე ხსნიდა ფირმას (ეს ძირითადად საამშენებლო ბიზნესი, ვაჭრობა და კაფე-ბარ-რესტორნები იყო) და კა-გე-ბეს რეზიდენტურის მკაცრი კონტროლის პირობებში (ამ ბიზნესს საქმიანობაზე მეთვალყურედ სხვა აგენტი იყო მიჩენილი) მუშაობდა. მიღებული მოგების დიდ ნაწილს ინდოელი „აგენტ–ბიზნესმენი“ რეზიდენტურას უბრუნებდა, რომელიც ამ თანხებს აგენტურის და ოპერატიულ–ტექნიკური ოპერაციების დასაფინანსებლად იყენებდა. ეს სქემა მომგებიანი იყო, როგორც ოპერატიული თვალსაზრისით (კონსპირაციის დაცვის მხრივ) ასევე ფინანსურადაც. ამიტომ უკვე ათწლეულებია, რაც ლეგალური ბიზნესის არხებით „ფულის გათეთრების“ მეთოდს წარმატებით იყენებენ კა-გე-ბეს ბოროტი საქმეების გამგრძელებელი რუსეთის სპეცსამსახურები.

(მეათე ნაწილის დასასრული)