"ვინ რა იცის, ჩემს გულში რა ქარიშხალია - გამუდმებით ცუდის მოლოდინში ყოფნა საშინელებაა. ტელეფონზე შემოსული ზარიც მაშინებს, ტელევიზორის ჩართვაც, სტუმარი რომ მოდის, იმასაც შიშით ვუყურებ, ცუდი არაფერი მითხრას..." - კვირის პალიტრა

"ვინ რა იცის, ჩემს გულში რა ქარიშხალია - გამუდმებით ცუდის მოლოდინში ყოფნა საშინელებაა. ტელეფონზე შემოსული ზარიც მაშინებს, ტელევიზორის ჩართვაც, სტუმარი რომ მოდის, იმასაც შიშით ვუყურებ, ცუდი არაფერი მითხრას..."

ხშირად ვწერთ ჩვენ საქართველოსა თუ უკრაინაში მებრძოლების შესახებ,

მათ გმირულ სულისკვეთებასა და თავდადებაზე, თუმცა ყურადღების მიღმა გვრჩება ქალები, რომლებიც მათ ზურგს უმაგრებენ. ერთხელ ერთმა უაღრესად ღირსეულმა კაპელანმა, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ ასეთი რამ მითხრა: "ჯარში ისეთ მამაკაცებს უჭირთ, რომლებსაც ჭირვეული ცოლები ჰყავთ. აგვისტოს ომის დროს ზოგიერთ ჯარისკაცს ცოლი ურეკავდა და ეჩხუბებოდა, სახლში დაბრუნდი, ცოლ-შვილს მიხედეო. ზოგი გამუდმებით ეწუწუნება, მარტო ნუ მტოვებო. ცოლის ჭკუაზე მოსიარულე ჯარისკაცს მომავალი არა აქვს". ახლა სწორედ იმ ქალბატონზე გვინდა გიამბოთ, რომლის მეუღლემ ჯერ საქართველოს არმიის ჯარისკაცის სტატუსით მოიარა კოსოვო, ავღანეთი, ერაყი, შემდეგ კი ისევ საქართველოს სახელით, მაგრამ მოხალისეს სტატუსით ჩაერთო იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემი რესპონდენტი უკრაინაში მებრძოლის, ქართული ბატალიონის "შერეკილების" მეთაურის ავთო ქაჯაიას მეუღლე ია კვეკვესიაა.

- ავთოს ბავშვობიდან ვიცნობ, კლასელები ვიყავით. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. უკვე 18 წელია ცოლ-ქმარი ვართ, 16 წლის სალომე და 12 წლის სანდრო გვყავს. შემიძლია ვთქვა, რომ ავთო სკოლის მერხიდან პატრიოტი იყო, იმთავითვე გათავისებული ჰქონდა, რომ რუსეთი მტერი გახლდათ. პროფესიული არჩევანიც თავისი მოწოდებიდან გამომდინარე გააკეთა. ყოველთვის პრინციპული იყო, სამსახურის დაკარგვის შიშით კომპრომისზე არასდროს წასულა. თავისი პრინციპული ხასიათის გამო ჯარიდან წამოსვლამაც მოუწია, მაგრამ ეს არ განუცდია. თქვა, რომ რაღაცას მოიფიქრებდა...

- გაგიხარდათ, როდესაც ჯარიდან წამოვიდა?

- არა, რას ამბობთ, როგორ უნდა გამხარებოდა, როდესაც ვიცოდი, ავთოსთვის რას ნიშნავდა ჯარი? მე ყოველთვის განვიცდიდი, როდესაც ის სამშვიდობო მისიებში მიდიოდა, მაგრამ არასდროს მითხოვია შინ დარჩენა, რადგან ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის საბრძოლო გამოცდილების მიღება. 2008 წლის აგვისტოს ომი მეხის გავარდნასავით იყო... ის რამდენიმე დღე თვალი არ მომიხუჭავს. რა თქმა უნდა, გამიხარდა, ქმარი შინ მშვიდობით რომ დამიბრუნდა, მაგრამ თავად განადგურებული იყო. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ შემოაღო კარი და იქვე გაჩერდა... რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ახლოს ვერ მივეკარეთ, მერე მითხრა, - ეს ყველაფერი გამხადე და მომაშორეო... რამდენიმე დღე ხმას არ იღებდა, თითქოს ღიმილი დაივიწყა... იმის მერე კიდევ უფრო მეტად შეიძულა რუსეთი, რუსები... ყველაფერი ეზიზღება, რაც რუსულს უკავშირდება. მანამდე, 2004 წელს ცხინვალის კონფლიქტშიც მონაწილეობდა, მაგრამ აგვისტოს ომმა მაინც სხვაგვარი დაღი დაასვა, თითქოს გული გაეყინა... რა თქმა უნდა, მეც ძალიან განვიცადე ეს ამბავი. თუმცა ვიფიქრე, რომ მსგავსი აღარაფერი მოხდებოდა და ჩემს ქმარს ომში წასვლა აღარ მოუწევდა, თუმცა ვცდებოდი... რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, გულზე შემომეყარა, იმ წუთიდანვე ვიცოდი, წავიდოდა... ერთადერთი, რაც შემიძლია, მისი გამხნევება, მისთვის ლოცვა და ჩვენს შვილებზე ზრუნვაა.

- ერთი შეხედვით ძალიან მშვიდი ადამიანი ჩანხართ...

- დიახ, სწორად შენიშნეთ, ერთი შეხედვით მშვიდი ვჩანვარ; იძულებული ვარ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ცხოვრება გავაგრძელო, ისევ ავთოსთვის, ჩვენი შვილებისთვის. ყველაფერი ეს დიდი ძალისხმევის ფასად მიჯდება. ვინ რა იცის, ჩემს გულში, რა ქარიშხალია - გამუდმებით ცუდის მოლოდინში ყოფნა საშინელებაა. ტელეფონზე შემოსული ზარიც მაშინებს, ტელევიზორის ჩართვაც, სტუმარი რომ მოდის, იმასაც შიშით ვუყურებ, ცუდი არაფერი მითხრას. განსაკუთრებით, ტელეფონზე შემოსული უცხო ზარები მაშინებს, თითოეულ ასეთ ზარზე ტანში ელდა მივლის, ცივი ოფლი მასხამს. ეს ძალიან რთულია... ყველაფრის მიუხედავად, სიამაყის განცდაც მაქვს, უდიდეს ძალას ვგრძნობ... ჩემს თავს თავადვე შემოვუძახებ ხოლმე, - ია, უნდა გამაგრდე, ყველაფერი უფლის ნებაა, ღმერთი კი არ გაგწირავს-მეთქი. კიდევ კარგი, ემოციების მართვას ვახერხებ, თორემ ჩემმა შვილებმა იმის ნახევარიც რომ იცოდნენ, რას განვიცდი, ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდათ.

- უკრაინაში მებრძოლები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში მათ ოჯახებს უთვალთვალებენ, ავიწროებენ. თქვენს შემთხვევაში რა ხდება?

- შევიწროების რა მოგახსენოთ, მაგრამ თვალთვალს ვგრძნობ, ამის გამო საცხოვრებელი ადგილიც კი შევიცვალე. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომლის გამოც მშვიდად ცხოვრებას ვერ ვახერხებ.

- ალბათ გული გწყდებათ, როდესაც ამბობენ, რომ ქართველები უკრაინაში ფულის გამო იბრძვიანო.

- ძალიან! ნეტავ იცოდნენ ამ ბრალდების ავტორებმა, რა უსამართლოდ ირჯებიან. არც კი ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ სიმართლე ნამდვილად ის არის, რომ რაც ავთო უკრაინაშია, ჩვენ მას აქეთ ვეხმარებით. ის ფულისთვის კი არა, შვილების უკეთესი მომავლისათვის იბრძვის. ჩვენი თაობა თუ არ დაამარცხებს რუსეთს, ჩვენს შვილებს მოუწევთ ამის გაკეთება. ჩვენ კი ძალიან გვინდა, ჩვენი სანდრო წარმატებული ფეხბურთელი იყოს და იარაღის ნაცვლად, ბურთი ეჭიროს ხელში. სხვათა შორის, კარგად თამაშობს. სალომე მოდელია, ხელოვნება აინტერესებს, კარგად სწავლობს. იმისათვის, რომ თავიანთი უნარების რეალიზება მოახერხონ, თავისუფალ და ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული.

- გასაგებია, რომ მეუღლეს მხარს უჭერთ, მაგრამ თავად თუ იზიარებთ მის შეხედულებებს, იდეოლოგიას?

- რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რუსეთია. ასე რომ არ იყოს, ალბათ გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის ატანა. როცა იცი, შენი ქმარი შვილების უკეთესი მომავლისთვის, სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის, შენც უფრო ძლიერი ხდები, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და ცდილობ, შენი წილი ომი შენ მოიგო. ძალიან არ მინდა, ჩემი ქვეყანა რუსული გავლენის ქვეშ დარჩეს. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ ასე მოხდება, აზრი აღარ ექნება ამ ქვეყანაში შვილების მომავალზე ფიქრს. რუსული ჭაობი, კორუფცია და დიქტატურა ჩვენი მსგავსი, უბრალო ადამიანების შვილებს განვითარებისა და უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემს.

- რისი იმედი გაქვთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი?

- დარწმუნებული ვარ, ცივილიზებული სამყარო, გმირი უკრაინელი ხალხი და მათთან ერთად, ქართველი მებრძოლები გააჩერებენ ამ რუსულ მონსტრს.

- შვილების პოზიცია როგორია?

- შვილებიც მშობლების პოზიციას იზიარებენ. სალომე პროტესტის ნიშნად, რუსულს არ სწავლობს. სანდროს ჯერ არ დასჭირვებია ამ კუთხით პროტესტის გამოხატვა, არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდა და გერმანული აირჩია. სალომეს არ ჰქონდა არჩევანი, მაგრამ არ ეპუება.

- არ ფიქრობთ, რომ მტრის ენის ცოდნა საჭიროა?

სალომე ქაჯაია:

- იმდენი კი ვიცი, რუსებს რომ ვეჩხუბო. არა, მართლა არ მიყვარს რუსები, რუსული არც ენა მინდა, არც ლიტერატურა და არც მუსიკა. ეს ერი ჩემთვის ბოროტებასა და სიკვდილთან ასოცირდება.

- ასე მამის გავლენით საუბრობ?

- ბავშვობიდან მესმის, რომ მამა რუსების წინააღმდეგ იბრძვის, რომ რუსებმა მამაჩემის მეგობრები დახოცეს და ა.შ. გარდა იმისა, რომ მამაჩემის ბრძოლას მხარს ვუჭერ, ისტორიიდანაც ვიცი, რომ რუსები ჩვენთვის მშობლიური ენის წართმევას ცდილობდნენ, ხალხი ბევრჯერ მოგვიკლეს, ჩვენი ეკლესიები შეურაცხყვეს... გამუდმებულ ომებს აწარმოებენ, თავიანთ ქვეყანას ვერ აშენებენ და მაინც სხვის მიწებზე უჭირავთ თვალი. ფიქრობენ, რომ რუსეთის საზღვარი არსად მთავრდება. დიდი ბოროტებაა ასეთი აზროვნება.

- სკოლაში იციან, მამა რომ უკრაინაში იბრძვის?

- კი, იციან და ისინიც მხარს უჭერენ.

- თუ ქვეყანას დასჭირდება, შენც აიღებ იარაღს ხელში?

- არც კი დავფიქრდები.

სამშობლოს დასაცავად იარაღის ხელში ასაღებად მზად არის სანდროც, რომელიც მოკრძალებული ხასიათის გამო ინტერვიუში ვერ ჩაგვერთო, თუმცა გვითხრა, რომ მამას მხარს უჭერს და ძალიან ენატრება. მისი ყველაზე დიდი ოცნება, რუსეთის უკრაინაში დამარცხება, მამის შინ დაბრუნება და დიდი ფეხბურთის თამაშია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ბავშვებს სურვილების ასრულება და თავისუფალ საქართველოში ბედნიერი მომავალი ვუსურვოთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"