პირველი მსოფლიო ომის აჩრდილი: საჰაერო ბრძოლა ტყვიამფრქვევებით - როგორ ანადგურებენ უკრაინელები სიკვდილის მანქანებს - კვირის პალიტრა

პირველი მსოფლიო ომის აჩრდილი: საჰაერო ბრძოლა ტყვიამფრქვევებით - როგორ ანადგურებენ უკრაინელები სიკვდილის მანქანებს

პირველი მსოფლიო ომიდან ერთ საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, 21-ე საუკუნის ევროპის ყველაზე დიდ,რუსეთ-უკრაინის ომშიც გამოიყენება ბრძოლის ანალოგიური ტაქტიკა, იქნება ეს სანგრებიდან პოზიციური ბრძოლები, ტანკსაწინააღმდეგო საინჟინრო დაბრკოლებები, „დრაკონის კბილების“ სახით თუ...საჰაერო ბრძოლები ტყვიამფრქვევით ხელში...

პირველი მსოფლიო ომის დროს ავიაციის საბრძოლო ნათლობა შედგა - ადამიანები უმარტივესი საფრენი აპარატებით ჰაერში მე-20 საუკუნის დასაწყისში აიჭრნენ და ათიოდე წელში პილოტებმა ამ უმარტივესი თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენება დაიწყეს - ხელყუმბარებისა და მომცრო ბომბების ხელით ჩამოყრა მოწინააღმდეგის სანგრების თავზე...

მაგრამ მალევე მოწინააღმდეგე მხარეების ფანერისგან დამზადებული აეროპლანები უკვე ჰაერშიც შეებრძოლნენ ერთმანეთს - მათი პილოტები ერთი ხელით თვითმფრინავს მართავდნენ, მეორეში კი - რევოლვერი ეჭირათ და ცდილობდნენ, როგორმე მოეხვედრებინათ ტყვიები საჰაერო მტრისთვის...

როდესაც აეროპლანებში მეორე ადგილიც გამოჩნდა, იქ მჯდომი საჰაერო დამკვირვებლები უკვე ხელის ტყვიამფრქვევით შეაიარაღეს, რამაც გაზარდა საჰაერო ორთაბრძოლაში წარმატების მიღწევის შანსი..

მას შემდეგ საავიაციო შეიარაღება მუდამ ვითარდებოდა - ჯერ ტყვიამფრქვევები თვითმფრინავებზე დაამაგრეს და ისინი წინ ისროდნენ მექანიკური სინქრონიზატორის გამოყენებით, რათა თავისივე ხრახნი არ გაეხვრიტათ, შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ტყვიამფრქვევები ავტომატურმა საავიაციო ქვემეხებმა ჩაანაცვლეს, მათ უმართავი საავიაციო რაკეტებიც დაემატა, მაგრამ საჰაერო ორთაბრძოლის საუკეთესო შეიარაღებად იქცა სითბური და რადიოლოკაციური დამიზნების მართვადი საავიაციო რაკეტები, რომლებსაც დღეს მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნის ჩამოგდება უკვე რამდენიმე ასეული კმ-ის სიშორეზეც კი შეუძლიათ...

და ამ ყველაფრის შემდეგ... უკრაინის ცაში კვლავ გამოჩნდნენ ხრახნიანი თვითმფრინავები, რომლებშიც პილოტის უკან მჯდარი სამხედრო კაბინიდან კვლავ ხელის ტყვიამფრქვევს გადმოყოფს და ისვრის...

1-iaki-1721725799.png
პირველი მსოფლიო ომის დროს უკრაინის ცაში ასეთი საჰაერო ბრძოლებიც ხდებოდა...

ნუთუ მართლაც ისე გაუჭირდათ უკრაინელ გენერლებს, რომ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი საჰაერო ბრძოლის ტაქტიკა დააბრუნეს უკრაინის ცის დასაცავად?

უკრაინის არმიას ბევრად უფრო ძლიერი, აგრესორი რუსეთის მრავალრიცხოვანი საოკუპაციო ძალების მოგერიება მართლაც ძალიან უჭირს, თუმცა ტყვიამფრქვევიანი მსროლელის გამოჩენა ხრახნიანი მოძველებული თვითმფრინავების, სასწავლო-სავარჯიშო Як-52-ების უკანა კაბინებში გამოიწვია არა ამან, არამედ - მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადაზვერვო და კამიკაძე-დრონების მასობრივად გამოყენებამ...

ასევე, ხრახნიანი და შიდაწვისძრავიანი ირანულ-რუსული „შაჰიდი“/„გერანი“ უკრაინის ცაში შეჭრისას დაბალ სიმაღლეზე არა უმეტეს 150-170 კმ/სთ- ის სიჩქარით მიფრინავს და მათ მასობრივ ჩამოგდებაში კარგად დახელოვნდნენ უკრაინული მობილური საზენიტო ჯგუფები -პიკაპების ძარაზე დამონტაჟებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევითა და ძლიერი პროჟექტორის გამოყენებით, ისინი წარმატებით „ნადირობენ“ ასეთ „შაჰიდებზე“...

პრინციპში, „შაჰიდების“ ჩამოგდება Як-52-ების უკანა კაბინიდან გადმოყოფილი ПКМ-ის ტყვიამფრქვევის ჯერებითაც შეიძლება, თუკი სპორტული „იაკი“ მას გვერდში ამოუდგებოდა, მაგრამ „შაჰიდი“ აღჭურვილია 50 კგ-იანი საბრძოლო ქობინით (რომელშიც ათი ათასობით გამზადებული დამაზიანებელი ელემენტია მოთავსებული) და ასეთი „შაჰიდის“ ჩამოგდებისას მისი ქობინის დეტონაციის შემთხვევაში, გვერდზე მიმყოლ „იაკ“-საც ძალიან ცუდი ბედი ეწევა -უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა МиГ-29 ზებგერითი რეაქტიული გამანადგურებლიდან, ახლო მანძილიდან გახსნილი ქვემეხის ცეცხლით კი ჩამოაგდო „შაჰიდი“, მაგრამ მისი ქობინის დეტონაციამ და გატყორცნილმა ნამსხვრევებმა ისე დააზიანა ახლოს მფრენი „მიგის“ კაბინა, რომ უკრაინელ პილოტს სასწრაფოდ მოუწია კატაპულტირების განხორციელება...

თუკი კამიკაძე-შაჰიდთან ახლო საჰაერო ბრძოლის გამართვა საშიში არის, სამაგიეროდ, ტყვიამფრქვევიანი „იაკი“ პირდაპირ ზედგამოჭრილი აღმოჩნდა რუსული სადაზვერვო დრონების, იმავე „ორლანებისა“ და „ზალას“ აღმოსაჩენად და ჩამოსაგდებად, რომლებსაც საბრძოლო ქობინების ნაცვლად ოპტიკურ-ელექტრონული სადაზვერვო აპარატურა უყენიათ.

რუსული სადაზვერვო დრონი „ორლანი“, როგორც წესი, 2-3 კმ-ის სიმაღლიდან (ან კიდევ უფრო მაღლიდან) ზვერავს უკრაინის არმიის პოზიციებს და მისი ჩამოგდება მობილური საზენიტო ჯგუფების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით არაეფექტიანი ხდება, რადგან 12,7 მმ კალიბრის ტყვია დამიზნებით 1,5 კმ სიმაღლემდე თუ აღწევს ცაში.

2-iaki-1721725673.jpg
ერთი საუკუნის შემდეგ, ისევ უკრაინის ცაში, ანალოგიური საჰაერო ბრძოლები მეორდება: სასწავლო-სავარჯიშო Як-52-ების უკანა კაბინიდან გადმოყოფილი ტყვიამფრქვევიდან რუსულ სადაზვერვო „ორლანს“ აგდებენ - „ორლანის“ ვიდეოკამერამ ამ ბოლო წამების დაფიქსირება მოასწრო...

3 კმ სიმაღლემდე „მუშაობს“ საზენიტო „იგლა“ თუ „სტინგერი“, მაგრამ მათი სითბური დამიზნების სისტემას ძალიან უჭირს მცირეგაბარიტიანი, შიდაწვისძრავიანი დრონების „ჩაჭერა“, ხოლო თუკი დრონს საერთოდ ელექტროძრავა უყენია, მაშინ მისი ჩამოგდება სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტით თითქმის შეუძლებელი ხდება, რადგან ელექტროძრავები მინიმალურ სითბურ ეფექტს იძლევიან.

ყველაფერი ამის ფონზე, ბევრად უფრო ეფექტიანი და ამასთან უფრო იაფი აღმოჩნდა ჰაერში სპორტული „იაკით“ ბარაჟირება, მტრის სადაზვერვო დრონის აღმოჩენა, უკანა კაბინიდან ტყვიამფრქვევის გადმოყოფა და პირველი ორი-სამი ჯერით თუ არა, მეოთხე-მეექვსე ჯერებით მისი დაზიანება/ჩამოგდება...

გასაგებია, რომ ეს მეთოდი ძნელად იმუშავებს ფრონტის ხაზის სიახლოვეს, რადგან ნელა მფრენი „იაკი“ საუკეთესო სამიზნე გახდება მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისათვის, სამაგიეროდ, ზურგში, სტრატეგიული ობიექტების თავზე, რომელთა საჰაერო დაზვერვას დრონებით ცდილობს მტერი, ტყვიამფრქვევიანი „იაკები“ შეუცვლელნი ხდებიან...

ოდესის თავზე ასეთმა ტყვიამფრქვევიანმა „იაკმა“ რამდენიმე რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო და მანამდე, თუკი რუსი სამხედრო ბლოგერები დასცინოდნენ უკრაინელებს, მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობას მოუწოდეს უკრაინული „ნოუ-ჰაუს“ განადგურება -მართლაც მალევე ოდესაზე რუსული აერობალისტიკური „ისკანდერების“ მორიგი თავდასხმა განხორციელდა, იმ აეროდრომზე, რომლის ანგარებშიც ეს „იაკები“ ეგულობოდათ...

3-iakii-1721725661.png
ჰაერში დაზიანებულ რუსულ სადაზვერვო „ორლანებს“ ხშირად დასაშვები პარაშუტი ეხსნებათ...

დრონები რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ორივე მხარისთვის უდიდეს თავისტკივილად გადაიქცა. რას აღარ იყენებენ დრონებისგან თავდასაცავად - რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებებს, სპეციალურ ბადეებს, საფანტიან სანადირო თოფებსაც კი...

მაგრამ, როგორც ჩანს, დადგა დრო... დრონების საჰაერო ბრძოლების დასაწყებად, როდესაც დრონი მზვერავის, ბომბდამშენის, კამიკაძის, რადიორეტლანსლატორის, საჰაერო დამნაღველისა თუ ტვირთების მიმწოდებლის შემდეგ... საავიაციო გამანადგურებლის ფუნქციასაც შეითავსებს და პირდაპირი დაჯახებით ან მასზე დამონტაჟებული ცეცხლსასროლი იარაღით საჰაერო ბრძოლებს გამართავს...

მანამდე კი პირველი მსოფლიო ომისდროინდელი საჰაერო ბრძოლების გამართვა თვითმფრინავის კაბინიდან გადმოყოფილი ტყვიამფრქვევიდან ნასროლი ჯერებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ამასთან, ბევრად იაფი საშუალება რჩება...