ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
"ქრისტე აღსდგა! - ამ სიტყვებში, ვით მისტიკურ ცენტრში, იკვეთება ძველი აღთქმის ყველა რადიუსი, მისი წინასწარმეტყველებანი, სახეები და აღთქმანი... ქრისტე მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა კაცობრიობისა და მთელი კოსმოსის ისტორიის უმთავრესი მოვლენაა. ქრისტეს აღდგომა არის ჩვენი უკვდავების დამტკიცება და მკვდრების მომავალი აღდგინების პირველსახე, ახალი სიცოცხლის დასაბამი და კაცობრიობის ორ ტირანზე - ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე - გამარჯვება" (არქიმანადრიტი რაფაელ კარელინი).
წითელ პარასკევს ადამიანებმა აღასრულეს უდიდესი ბოროტმოქმედება მთელი სამყაროს არსებობის მანძილზე - ჯვარს აცვეს საკუთარი შემოქმედი, უდანაშაულო, უცოდველი და უზაკველი - ღმერთი, რომლის ერთადერთ "დანაშაულს" საკუთარი ქმნილების უდიდესი, გონებისათვის მიუწვდომელი სიყვარული წარმოადგენდა. და რადგანაც ამ ქმნილებებს "დაგვჭირდა ღმერთი, განხორციელებული და მოკლული, რომ გავცოცხლებულიყავით" (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი), უფალიც განხორციელდა, უსჯულოთა ხელთ მიეცა, ჯვარს ეცვა და... აღდგა, რათა მასთან ერთად განეცოცხლებინა ცოდვით დაცემული სამყარო...
პარასკევს იყო გვემა, დაცინვა, შეურაცხყოფა, გაშოლტვა, უმადური და უგუნური ბრბოს არჩევანი, გულისგამგმირავი შეძახილი: "ჯუარს აცუ, ჯუარს აცუ ეგე!", პილატეს ხელთაბანა და გოლგოთა... უსულო ქმნილებებიც კი შეძრწუნდნენ დამცირებული და ჯვარცმული შემოქმედისა და მეუფის ხილვით: მზე დღის სამ საათზე ჩავიდა, მიწა იძრა ამ უსამართლობისგან, მაგრამ ცოდვით დაბნელებული ადამიანების გულები ვერაფერმა მოალბო და შეძრა: წყალი ითხოვა და ძმარი ასვეს, სიბრალულის ნაცვლად დაცინვითა და ყვედრებით აავსეს: თუ მართლა ღმერთია, უშველოსო საკუთარ თავს... მაცხოვარმაც დიდხანს ვერ გაუძლო და სამ საათზე მიიცვალა. ჯვარცმულის ჭრილობებიდან ჩამოდენილი უწმინდესი სისხლის რამდენიმე წვეთი ეპკურა ადამის თავისქალას, რომელიც ზუსტად მაცხოვრის ჯვრის ადგილას იყო დაფლული და რომელიც უფლის მიცვალებისას მომხდარი მიწისძვრის დროს გამოჩნდა. ეპკურა და აღხოცა ცოდვა ადამისა- განაახლა მთელი სამყარო...
შემდეგ კი დაივანა საოცარმა მდუმარებამ: "მეფემ დაიძინა. მიწას შეეშინდა და გაყუჩდა. ღმერთკაცმა დაიძინა... და ჯოჯოხეთი შეძრწუნდა. ღმერთმა ცოტა ხნით დაიძინა და ადამის დროიდან დაძინებულნი მკვდრეთით აღადგინა" (წმინდა ეპიფანე კვიპრელი). შეძრწუნდა ჯოჯოხეთი, რადგანაც მაცხოვარი დიდ შაბათს ჯოჯოხეთში ჩავიდა, რათა მისი მომლოდინე სულებისათვის ეთქვა: "გამოდით, უკუნში მყოფნო, გამოდით და აღსდექით. შენც გიბრძანებ, ადამ: აღსდექ! მე იმისათვის არ შემიქმნიხარ, რომ ჯოჯოხეთში დარჩენილიყავი შებორკილი: აღსდექ მკვდრეთით! აღსდექ და გადი აქედან! აღსდექით და წარვედით აქედან! უკუნეთიდან - საუკუნო სინათლეში, ბორკილებიდან - უფალში, მიწისქვეშეთიდან - ზეცაში!" (წმინდა ეპიფანე კვიპრელი). იქადაგა უფალმა და მისი მსასოებელი ყველა სული წამოყვა მხსნელს და მაცხოვარს თვისას.
შაბათს ჯოჯოხეთში იქადაგა, კვირა დილით კი მენელსაცხებლე დედები, რომელთაც დავიწყებოდათ ქრისტესმიერი სწავლება ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ქრისტეს საფლავისაკენ გაემართნენ, რათა პატივი მიეგოთ თავიანთი მასწავლებლის ცხედრისათვის. იმდენად უყვარდათ, რომ რომაელი ჯარისკაცების შიშიც კი დაძლიეს, რომლებიც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ნაზარეველის საფლავის მცველებად დააყენეს და უბრძანეს, ყველა მოეკლათ, ვინც კი სამარხს მიუახლოვდებოდა. დედებს მხოლოდ ის აწუხებდათ, ვინ დაეხმარებოდა მათ საფლავის ლოდის გადაგორებში. მაგრამ ამ დროს მიწა იძრა და ზეციურმა ანგელოზმა, რომელსაც სპეტაკი სამოსი ემოსა, გადააგორა ლოდი. მისი ხილვით თავზარდაცემული მცველები ძირს მკვდებივით დაეცნენ. ანგელოზმა კი ამცნო დედებს, რომ იგი, ვისაც ისინი ეძიებდნენ, "აღდგა, ვითარცა თქუა"(მათე, 28, 6). "არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს" (მარკოზი, 16, 6). შეშინებულები დედები უკან დაბრუნდნენ და არავის უთხრეს ეს ამბავი. მაგრამ მარიამ მაგდალინელი არ წასულა არსად - საფლავთან ტიროდა, რადგან ეგონა, რომ მოიპარეს ქრისტეს ცხედარი. სწორედ ასე უთხრა ორ ნათლით მოსილ ანგელოზს, რომლებიც უფლის საფლავში დაინახა. როდესაც გამობრუნდა, მკვდრეთით აღმდგარი იესო დაინახა, მაგრამ ვერ იცნო, მებაღე ეგონა და უთხრა: "უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი" (იოანე, 20, 15). მაშინ სახელით მიმართა იესომ და იცნო მარიამმა საყვარელი მოძღვარი, გაიქცა, რომ მთხვეოდა მას, მაგრამ "ჰრქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა" (იოანე, 20, 17). გახარებულ მარიამს მოწაფეებმა არ დაუჯერეს-პეტრე გაიქცა საფლავისაკენ და იხილა სახვეველნი უფლისანი...
მოსაღამოვდა. მოწაფეები ერთად შეკრებილიყვნენ და, ებრაელების შიშით, კარნი მაგრად დაეხშოთ. მაშინ მოვიდა იესო, დადგა მათ შორის და მშვიდობა უსურვა მათ. უსაყვედურა მცირედ- მორწმუნეობა, უჩვენა საკუთარი ჭრილობები და კიდევ ერთხელ გაახსენა წმიდა წერილის სწავლება: "ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინასწარმეტყველთასა და ფსალმუნთა ჩემთვის... და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა მიმართ წარმართთა" (ლუკა, 24, 44, 47).
"ქრისტეს აღდგომამდე სიკვდილი საშინელი იყო ადამიანისათვის, აღდგომის შემდეგ კი ადამიანი თვითონ გახდა სიკვდილისათვის საშიში" (ეპისკოპოსი ილია მინიატისი). ქრისტეს აღდგომის შემდეგ ქრისტიანები თამამად დასცინიან ამ ერთ დროს უძლეველ ჯალათს და მახეს ადამიანთა მოდგმისას. "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი!"მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)