ერთხელ ამერიკაში: "არალეგალების დედოფალი" - არჩევნები, რომელმაც შესაძლოა, მთელი პლანეტის ბედი გადაწყვიტოს - კვირის პალიტრა

ერთხელ ამერიკაში: "არალეგალების დედოფალი" - არჩევნები, რომელმაც შესაძლოა, მთელი პლანეტის ბედი გადაწყვიტოს

„აშშ-ის პრეზიდენტობის ფერადკანიანი კანდიდატის მდგომარეობა უპრეცედენტოა - დღემდე აშშ-ის ისტორიაში არავის დაუწყია საპრეზიდენტო კამპანია ასე გვიან, როგორც მან დაიწყო“, - წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით - „კამალა ჰარისს ქარიზმა და დრო არ ჰყოფნის“. „დიდი რისკია, რომ მან დონალდ ტრამპთან დებატებში მარცხი იწვნიოს, თუმცა პროკურორობის გამოცდილება მას შეიძლება წარმატების მიღწევაში დაეხმაროს“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

აშშ-ში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი რომ გახდე, ამისათვის ორი წესი არსებობს: პირველი - უნდა იყო „შინაური და ჩვენიანი კაცი“ - პარტიისათვის, უნდა დაჯაბნო ოპონენტ-მეტოქეები და ამ მიზნით უნდა ისარგებლო რაღაც, განმასხვავებელი მდგომარეობით - შენი გახმაურებული გვარით, ბიოგრაფიული მომენტებით, სოციალური თუ ეთნიკური მდგომარეობით, თანამდებობით და გავლენიანი მფარველებით (გავიხსენოთ ჯორჯ ბუში და ჯო ბაიდენი, რომლებმაც სწორედ ზოგიერთი ამ გარემოებით ისარგებლეს); მეორე - როგორც თავდაპირველმა აუტსაიდერმა, უნდა გაიმარჯვო მხოლოდ ქარიზმით და „შიშველი თავხედობით“ (ასეთი გზით ისარგებლეს ბარაკ ობამამ და დონალდ ტრამპმა).

კამალა ჰარისი, რომელიც დღეს, ჯო ბაიდენის უარის შემდეგ, დემოკრატიული პარტიის აშკარა ფავორიტს წარმოადგენს, პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში, პირველ ბანაკს მიეკუთვნება. მისი პერსპექტივა რომ უკეთ გავიგოთ, დავიწყოთ მთავარი მომენტით: ჰარისი მის მიერვე შექმნილი სისტემის წარმომადგენელია, იგი არც იდეოლოგი არის და არც წინასწარმეტყველი. აშშ-ის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა კალიფორნიული პოლიტიკის გავლენის შედეგად - იმ პოლიტიკისა, რომელიც სხვა შტატებისათვის უჩვეულოა, ცვალებადი და ორიენტირებულია მომავალზე. როცა 1990-იან წლებში კამალა ჰარისმა პოლიტიკური მოწიფულობის ასაკს მიაღწია, რესპუბლიკური პარტია კალიფორნიის შტატში ჯერ კიდევ ძლიერი და გავლენიანი იყო, მაგრამ, მუშაობდა რა ადგილობრივ პროკურორად ოკლენდში, კამალა ჰარისი უფრო ხშირად ხვდებოდა დემოკრატიული პარტიის ცნობილ წარმომადგენელს - უილი ბრაუნს, რომელიც შიდაპარტიულ პრობლემებს არეგულირებდა ხოლმე და მეტსახელიც შესაბამისი ჰქონდა - „საქმის გამრჩევი“. უილ ბრაუნი მასზე 30 წლით უფროსი იყო და გამოცდილი, ამიტომ დახმარება გაუწია პოლიტიკურ კარიერაში. მოგვიანებით კამალა ჰარისმა უკვე თვითონ შეძლო შტატის გენპროკურორის თანამდებობის დაკავება, მაგრამ დემოკრატიული პარტიისაკენ ლტოლვა შეინარჩუნა. იგი გამოდიოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ... კრიტიკოსებმა კამალა ჰარისი ამბიციურ ოპორტუნისტად მონათლეს და აღნიშნავდნენ, რომ კამალა ჰარისს რაიმე, მკაფიო პოლიტიკური იდეები და რწმენა არ გააჩნდა. მოგვიანებით ამ გარემოებამ მას უარყოფითი სახე შესძინა და ცხოვრებაში დიდხანს გაჰყვა.

თუმცა კამალა ჰარისის ბიოგრაფიაში და კარიერაში საკმაოდ არის ისეთი მოგებიანი და სასარგებლო მომენტები, რომელთა შედეგად იგი ამერიკელებისთვის იმედისმომცემ და სანდო პოლიტიკოსად გადაიქცევა: კამალა იმიგრანტების შვილია, დედამისი (აწ გარდაცვლილი) ინდოეთშია დაბადებული და ამერიკაში ენდოკრინოლოგად მუშაობდა. მამამისი ეკონომისტია, წარმოშობით კუნძულ იამაიკიდან. ორივე მშობელი სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი იყო და ერთმანეთი ბერკლის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნეს, 1960-იანი წლების დასაწყისში. რომელიმე სხვა პოლიტიკოსს რომ ასეთი მშობლები ჰყოლოდა, იგი სწრაფად შეთხზავდა დიდებულ ისტორიას და მასმედიაში ნათელ პიროვნებად გადაიქცეოდა, კამალა ჰარისს კი დრო დასჭირდა ეროვნულ არენაზე გამოსასვლელად. თუ იგი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, აგვისტოში, ოფიციალურად მიიღებს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსს, უნდა ველოდოთ, რომ მოხდება მისი ბიოგრაფიული მომენტების ემოციური გადატვირთვა, ჰოლივუდურ სტილში, ყველა მიღწევის წარმოსაჩენად - როგორც აზიური წარმოშობის მქონე ფერადკანიანი ქალისათვის, რომელიც ბარიერებს ანგრევს.

რამდენად წარმატებული იქნება კამალა ჰარისის კამპანია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, როცა მან გვიანი სტარტი აიღო დემოკრატიულ პარტიაში არსებული ქაოსის ფონზე? რასაკვირველია, თავისი ენერგიისა და ასაკის წყალობით (იგი 59 წლისაა) უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე 81 წლის ჯო ბაიდენი, მაგრამ ეს ნაკლებმნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს. როცა 2017 წელს დემოკრატი კამალა სენატორი გახდა და ვაშინგტონში დამკვიდრდა, იგი უფრო გაწაფდა დებატებში და მოსმენებში - თანაც იმდენად კარგად, რომ ოპონენტ ცნობილ რესპუბლიკელებს მოსვენებას არ აძლევდა, მაგალითად, ბრეტ კავანოს, როცა მას უმაღლესი სასამართლოს წევრად ნიშნავდნენ და ჯეფ სეშნის, აშშ-ის ყოფილ გენერალურ პროკურორს.

2019 წელს დემოკრატმა კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მიღება მოისურვა, მაგრამ მან სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ჯო ბაიდენს და 2020 წლის 8 მარტს მისმა საპრეზიდენტო კამპანიამ კრახი განიცადა. იმავდროულად, კამალა ჰარისმა თავის მომხრეებს მოუწოდა, მხარი ჯო ბაიდენისათვის დაეჭირათ, რომელმაც იგი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. საინტერესოა, რომ ამ ამპლუაში კამალა ჰარისმა გაუძლო მაიკ პენსთან - ცნობილ რადიოწამყვანთან - დებატებს, რომელიც ტელეეკრანზე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ბოლო დრომდე კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის შტაბისათვის ფულის წარმატებულ შემგროვებლად ითვლებოდა და ახლა, საარჩევნო კამპანიიდან ჯო ბაიდენის გასვლის შემდეგ, თავის მიერ შეგროვილ დიდძალ ფულს თვითონვე მოიხმარს.

უნდა აღინიშნოს, რომ კამალა ჰარისს, გარკვეული წარმატების მიუხედავად, ჯერჯერობით მაინც მძიმედ აქვს საქმე, საზოგადოების წინაშე გამოსვლებში, რაც აუცილებელი თანამგზავრია პოლიტიკოსისათვის. არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპთან პირდაპირი ტელედებატები, რომელიც ხალხით სავსე დარბაზში ჩატარდება, მან წააგოს.

რესპუბლიკელებმა უკვე დაიწყეს დემოკრატი კამალა ჰარისის მიმართ მწვავე კრიტიკა, განსაკუთრებით - საშინაო პოლიტიკურ სფეროში. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ არაფერს აკეთებდა აშშ-ის სახელმწიფო საზღვრის დაცვა-განმტკიცების საქმეში, რომელიც მისი როგორც ვიცეპრეზიდენტის მოვალეობაში შედის (სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტსახელი „არალეგალთა დედოფალი“). თუ კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის ყრილობა კანდიდატად დაამტკიცებს, დონალდ ტრამპთან დებატებში მას ცხარე ბრძოლა მოუწევს.

საგარეო პოლიტიკური მიმართულებით იგი ჩრდილოატლანტიკური ტრადიციების ერთგულია და უკრაინის ურყევ მხარდამჭერს წარმოადგენს. მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ფილიპ გორდონი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ცნობილი სპეციალისტია. ასე რომ, კამალა ჰარისი საგარეო პოლიტიკაში ჯო ბაიდენის ხაზს გააგრძელებს, ყოველ შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მაინც.

დონალდ ტრამპისა და მისი მეწყვილის, ჯეიმს დევიდ ვენსის ფონზე, კამალა ჰარისის კონსტრასტი შესამჩნევია: რესპუბლიკელი კანდიდატები ყურადღებას აშშ-ის საშინაო საქმეებზე ამახვილებენ, დემოკრატი კანდიდატი კი - საგარეოზე: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი ხალხის ფუძემდებლურ ინტერესს შეადგენს ის, რომ აშშ-მა ძველებურად შეასრულოს მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოს როლი“, - განაცხადა კამალა ჰარისმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, თებერვალში. მას, როგორც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მრავალი შეხვედრა უნახავს, მრავალ ოპერატიულ თათბირში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ იშვიათად თუ გაუმჟღავნებია პირადი თვალსაზრისი ამა თუ იმ მსოფლიო მოვლენაზე (თუმცა ამაში უცნაური არაფერია, რადგან ვიცეპრეზიდენტები ასე ხშირად იქცევიან).

კამალა ჰარისის მდგომარეობა უპრეცედენტოა: მანამდე არც ერთ ამერიკელ პოლიტიკოსს არ დაუწყია ასე გვიან საპრეზიდენტო კამპანია. ყველაფერი რომ ავწონ-დავწონოთ, პრეზიდენტობის შანსები მისთვის საკმაოდ მცირეა, მაგრამ, თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც ისტორიულად არაპოპულარულ კანდიდატს წარმოადგენს, თანაც - გასამართლებულ დამნაშავეს... ამიტომაც ისეთი პროკურორი, როგორიც კამალა ჰარისია, იოლად გამოამჟღავნებს ტრამპის ტყუილებს და ამერიკელ ამომრჩევლებს ექსპრეზიდენტის მიერ ჩადენილ დანაშაულს პროფესიული დონით გაახსენებს. არჩევნებში გასამარჯვებლად კამალა ჰარისს პარტიის დარაზმვაც მოუწევს, ამომრჩეველთა გულებში ცეცხლის გაჩაღებაც, საკუთარ თავში კი უცნობი ტალანტების გაღვიძება, რომ კამპანია ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს...

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო