"ისეთი ხასიათი მქონდა, რომ სულ "ვჩანდი"... დაქალობა ცოტათი რთული თემაა, რადგან თუ ბავშვობის მეგობარი არ "გამოგყვა", ამ ასაკში დაქალის შეძენა უკვე ძნელია" - კვირის პალიტრა

"ისეთი ხასიათი მქონდა, რომ სულ "ვჩანდი"... დაქალობა ცოტათი რთული თემაა, რადგან თუ ბავშვობის მეგობარი არ "გამოგყვა", ამ ასაკში დაქალის შეძენა უკვე ძნელია"

ქრისტი აბაკუმოვა "პრაიმ ჰაუსის" შემაჯამებელ სეზონში მონაწილეობდა,

ამჯერად კი პროექტში სტუმრის სტატუსით შევიდა. ქრისტის "პრაიმ ჰაუსში" შესვლამდე 2 დღით ადრე ვესაუბრეთ...

- ქრისტი, როგორ ხარ, ზაფხულს როგორ ატარებ?

- თავს ვგრძნობ მშვიდად, კარგად... ბათუმში ორჯერ ვიყავი - ზღვა, მზე... დავისვენე. ცოტა ხნით მამასთან, რუსეთში ჩასვლას ისევ ვაპირებ. ყველაფერი ზუსტად დაგეგმილი არ მაქვს. უბრალოდ ვიცი, რომ ივლისის ბოლოს საზღვარგარეთ მივდივარ...

- ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- სტანდარტულად, ზოგი მაჩერებს - სურათის გადაღება შეიძლებაო? მელაპარაკებიან, "პრაიმ ჰაუსის" შესახებ რაღაცებს მეკითხებიან... 1 წელია, ამ პროცესში ვარ (იღიმის).

- "პრაიმ ჰაუსის" შემაჯამებელ სეზონში შენს მონაწილეობას როგორ შეაფასებ?

- მინდოდა, ამ სეზონში მაყურებლებისთვის სხვანაირი ქრისტი მეჩვენებინა: ყოველთვის ემოციური, ფეთქებადი ხასიათის მქონე არ ვარ. თავშეკავება, "დასტოინად" ყოფნაც შემიძლია. პროექტში მოსაგებად არ შევსულვარ - სხვა მიზანი მქონდა. კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად, მშვიდად გამოვედი - არ ავღელვებულვარ. ხალხისგან საკმაოდ პოზიტიური მესიჯები მივიღე. სხვათა შორის, ახლა "პრაიმ ჰაუსში" სტუმრის სტატუსით შევდივარ.

- რომელ მონაწილეს გულშემატკივრობ?

- როდესაც პროექტში ხარ და გარკვეული პერიოდი სხვა მონაწილეებთან ერთად ცხოვრობ, ყველა მათგანი "შენია". ვგულისხმობ, რომ ჩემთვის ყველა მონაწილე მაინც ახლობელია. ერთად ბევრი რამ გვაქვს გადატანილი. კონკრეტულად 1 ადამიანს არ ვგულშემტკივრობ. ნებისმიერის გამარჯვება გამიხარდება. ვინ იმსახურებს და ვინ - არა, ჩემთვის ეს უკვე ცოტათი სხვა საკითხია...

- პროექტის განმავლობაში, რომელიმე მონაწილეს შენთვის მიუღებელი, უღირსი ქმედება თუ ჩაუდენია?

- კი, ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანის პირად ცხოვრებას ზედმეტად შეეხნენ... არ დავაკონკრეტებ. უბრალოდ, არის საკითხები, რომლებიც პროექტს გარეთ უნდა დატოვო, რადგან ახლა რეალითი შოუში მონაწილეობ და შეგიძლია, იქაური ამბებით იხელმძღვანელო. როდესაც უკვე არგუმენტი აღარ გაქვს და ბოროტებაში გადადიხარ, ჩემთვის მისაღები არ არის...

- შენი და პაატა თედიაშვილის შესაძლო რომანტიკულ ურთიერთობაზე რას გვეტყვი, ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება?

- არა. მოგეხსენებათ, მე და პაატა ერთსა და იმავე სეზონში ვმონაწილეობდით. თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... საერთოდ, მას უკვე ასაკიც ხელს უწყობს და იცის ფლირტი, ქალთან მოპყრობა, ძალიან თავაზიანი, გალანტურია, რაც შეიძლება, ვიღაცამ ფლირტად აღიქვას, მაგრამ პაატას ვიცნობ და ყოველთვის ვიცი, რომ მისი გულთბილი დამოკიდებულება და ყურადღება მეგობრულია.

- როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ?

- გარდატეხის ასაკში საკუთარი თავი ძალიან არ მომწონდა, ბევრი კომპლექსი მქონდა. მგონია, რომ ჩემი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ვარ. არის სიტუაციები, როცა უხასიათოდ ვარ და ჩემს გარეგნობაში რაღაც არ მომწონს. საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი მომწონს, კმაყოფილი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ქალს აქვს ასეთი დღეები, მათ შორის - მეც, როცა გინდა, რაღაც შეიცვალო, არც გარეგნობა მოგწონს, არც - ხასიათი... ამით იმის თქმა მსურს, რომ როცა გოგოს საკუთარი თავი არ მოსწონს, ეს ნორმალურია.

- შენი თმის ფერის ცვლილება ხასიათის ცვლილებას ხომ არ უკავშირდება?

- ახლა სილამაზის სალონში ვარ - თმას ისევ ვიღიავებ, რადგან მუქს ვერაფრით შევეგუე - ქერა მაინც "ჩემია", რა. იყო ეპიზოდები, როცა ქერა თმის ცვლილება მსურდა, სიახლეები მჭირდებოდა და თმა ცოტათი გავიმუქე, მაგრამ ქერა მაინც Iconic-ია (იცინის).

- შენი თმის ბუნებრივი ფერი როგორია და მისი შეცვლა როდის გადაწყვიტე?

- ჩემი თმის ბუნებრივ ფერს "მუქ ქერას" ეძახიან. 14 წლის ვიყავი, როცა მამაჩემთან ჩავედი. მან მითხრა, - რაღაც სიახლე გჭირდებაო და სალონში წამიყვანა. მამის დამსახურებით, მელირება პირველად გავიკეთე და ჩემი თმის ფერის ცვლილებები ასე დაიწყო.

- საქართველოში დაბრუნებულმა დედისგან როგორი რეაქცია მიიღე?

- გაგიჟებული, გაბრაზებული იყო - არასრულწლოვანი ხარ, სკოლაში დადიხარო! თმა ძალიან შეღებილი არ მქონდა - ალაგ-ალაგ, ღია თმის ღერები მქონდა.

- სკოლაში როგორ შეგხვდნენ?

- ძალიან პოზიტიურად. გაუკვირდათ... მაშინ მუხიანში ვსწავლობდი. "დახურული" უბანი იყო. იშვიათად ხდებოდა, რომ 14-15 წლის გოგოს თმა შეეღება.

- საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან ყურადღება როდის იგრძენი?

- ძალიან პატარა, ბავშვი ვიყავი (იცინის). 5 წლამდე რუსეთში ვცხოვრობდი. როგორც მიყვებოდნენ, შეყვარებული საბავშვო ბაღშივე მყოლია. მერე, როცა უკვე გავიზარდე, მეოთხე კლასში ახალ სკოლაში გადავედი. კლასელებისგან დიდი ყურადღება მაშინ ვიგრძენი. ერთ-ერთ კლასელს შევუყვარდი და წლების განმავლობაში, სკოლის დამთავრებამდე ვუყვარდი. დავაკონკრეტებ: ეს ჩემი გარეგნობის გამო არ ყოფილა - ისეთი ხასიათი მქონდა, რომ სულ "ვჩანდი".

- კლასელ ბიჭთან, ვისაც წლების განმავლობაში უყვარდი, დღეს კონტაქტი გაქვს?

- არა. მას დიდხანს ვუყვარდი, უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდშიც. თავად არასდროს მყვარებია. როგორც თანაკლასელი და მეგობარი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ "სხვანაირად" - არა. წლების მერე, როცა გაიზარდა, მე სხვა პირველი სიყვარული მყავდა და ალბათ, გაიაზრა, რომ მასთან არასდროს ვიქნებოდი - როგორც კლასელს და მეგობარს, ისე აღვიქვამდი. შემდეგ თავადაც გაქრასავით, რა...

- გარეგნობაში მკვეთრი ცვლილების სურვილი გაგჩენია?

- კი! ცხვირის დათხელება მინდა. ვინც ტელეეკრანიდან მიცნობს, გარეთ სულ მეუბნება, - ვაიმე, რა სხვანაირი ხარო, რადგან რეალურ ცხოვრებაში სახის უფრო "რბილი" ნაკვთები მიჩანს, მაგრამ რაღაცნაირად, ეკრანი "ამძიმებს". ეკრანზე ჩემი ცხვირი ძალიან არ მომწონს - უფრო მსხვილი, განიერი ჩანს. ეკრანმა დამაკომპლექსა. ამიტომ ცხვირს სიამოვნებით დავიწვრილებდი.

- ამაზე სერიოზულად ფიქრობ თუ მხოლოდ სურვილის დონეზეა?

- ოპერაციის გაკეთების მეშინია და ცხვირიც ძალიან არ მაკომპლექსებს. თუ მივხვდი, რომ უკვე აღარ შემიძლია, ოპერაციას გავიკეთებ.

- ჩაცმულობასთან დაკავშირებული შენი გემოვნება როგორ ჩამოყალიბდა?

- არ ვიცი... ტანსაცმელი ძალიან მიყვარს. კომპიუტერული თამაში არსებობდა, რომელშიც გოგონებისთვის სამოსი უნდა შეგერჩია და ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი, რეალითი შოუს - "ტოპ მოდელი" ვუყურებდი... ალბათ, გემოვნება ასე ჩამომიყალიბდა. კიდევ, დღეს ჩემი ახალგაზრდულად ჩაცმის ინსპირაცია ჩემი 16 წლის და გახლავთ. ის მეუბნება, რა არის ტრენდული...

- მახსოვს, გვითხარი, რომ ბიჭებთან უფრო მეგობრობდი, ვიდრე გოგონებთან. ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა?

- კი. "პრაიმ ჰაუსიდან" გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი სალონის ხელმძღვანელ გოგოსთან, რომელთანაც ვთანამშრომლობ, მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა... გოგონებთან ახლა უკეთესი ურთიერთობები მაქვს, ვიდრე მანამდე მქონდა.

- დაქალები გყავს?

- აი, დაქალობა ცოტათი რთული თემაა, რადგან თუ ბავშვობის მეგობარი არ "გამოგყვა", ამ ასაკში დაქალის შეძენა უკვე ძნელია. გოგონებთან უფრო კარგი დამოკიდებულება და მეგობრობა მაკავშირებს, ვიდრე დაქალობა, ანუ ისე არ ვარ განწყობილი, რომ ვინმეს ოჯახის წევრივით ვენდობოდე.

- მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდები?

- მუსიკას ჩავრთავ, ფიქრებს ჩავუღრმავდები, ყველაფერს კარგად "ამოვიტირებ" და მორჩა, სარკესთან ვჯდები, ვიპრანჭები, ვამბობ, - ქრისტი, ამდენი რამე გამოიარე და ახლა რა დაგემართა-მეთქი?! თავდაჯერება მემატება და დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ, კარგ ხასიათზე მყოფი ვაგრძელებ ცხოვრებას.

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- მუსიკა, ცეკვა, სალონში მისვლა, მაღაზიაში რაღაცის ყიდვა...

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- ნებისმიერი ადამიანი ძლიერიც არის და სუსტიც. ყველას გვაქვს ეპიზოდები, როცა ძლიერებას ვიჩენთ, რთულ პერიოდს გამოვივლით, მაგრამ ზოგჯერ ჩვენში სისუსტე იმარჯვებს და თავს ძლიერად ვერ ვგრძნობთ. მეც ასეთი ადამიანი ვარ, როგორც ყველა: არის სიტუაციები, როცა ვგრძნობ, რომ სირთულე გადავლახე და ძლიერი ვარ, პირად ცხოვრებაში იქნება ეს თუ სამსახურში. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ძლიერი უნდა იყოს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"