საწვავი 3 ლარამდე გაძვირდება? - კვირის პალიტრა

საწვავი 3 ლარამდე გაძვირდება?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი უკვე მეოთხედ გაიზარდა. ყოველ ჯერზე, ერთი-ორკვირიანი ინტერვალებით, საწვავის ფასი 5 თეთრიანი ბიჯებით იზრდებოდა. შედეგად, დღეს საქართველოს საცალო ქსელში საშუალოდ ასეთი ფასებია: სუპერის ტიპის ბენზინი - 2,45 ლარი; პრემიუმი - 2,40 ლარი; რეგულარი - 2,25 ლარი; ევროდიზელი - 2,50 ლარი და დიზელი 2,30 ლარი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საწვავის ფასი ზაფხულისთვის ლიტრზე 3 ლარამდე გაიზრდება.

ნავთობიმპორტიორები და ასოციაცია, რომელიც ამ კომპანიებს აერთიანებს, თავს იმით იმართლებენ, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არასტაბილური ვითარებაა. აქამდე მათი არგუმენტი მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის ზრდა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების სიძვირე იყო. ახლა გაძვირების "გასაპრავებლად" ეს არგუმენტი აღარ გამოდგება, რადგან მიმდინარე წლის აპრილში ნედლი ნავთობი შარშანდელ იმავე დროსთან შედარებით იაფი ღირს. სხვათა შორის, ინფორმაციის მოსაპოვებლად შორს არ წავსულვართ და ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით ვიხელმძღვანელეთ. მაგალითად, გასული წლის 15 აპრილს მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნედლი ნავთობის შემდეგი ფასები აღინიშნა: ბრენტის ტიპის ნავთობი ბარელი 123,45 დოლარი ღირდა, ხოლო ლაითსვიტი - 109,66 დოლარი. დღეისთვის ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი გაცილებით დაბალია და ბრენტის ფასი 118,68 დოლარს, ხოლო ლაითსვიტისა 102,93 დოლარს შეადგენს. ახლა ვნახოთ, როგორი იყო ნავთობპროდუქტების ფასები საქართველოს საცალო ქსელში გასულ წელს და თან ძვირი ნედლი ნავთობის პირობებში. მაგალითად, 2011 წლის 11 აპრილის მონაცემებით საქართველოს საცალო ბაზარზე სუპერის ბენზინი - 2.35 ლარი, პრემიუმი - 2.30 ლარი, ევრო რეგულარი - 2.15-2.17 ლარი, რეგულარი - 2.10-2.15 ლარი, ევროდიზელი - 2.35-2.40 ლარი, დიზელი კი 2.20-2.25 ლარი ღირდა.

რაც შეეხება დიზელისა და ბენზინის საერთაშორისო ფასებს, ე.წ. "პლატსის" მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტონა ბენზინი 1090 დოლარის (არსებული მონაცემებით, მისი ფასი 1200 დოლარის ფარგლებშია) ფარგლებში მერყეობდა, დიზელისა კი 1030-1040 ლარის ფარგლებში იყო. არსებული მონაცემებით, დიზელი საერთაშორისო ბაზრებზე ახლა უფრო იაფია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში და ტონა 1011 დოლარი ღირს. არადა, საქართველოს საცალო ქსელში დიზელი ბენზინზე უფრო ძვირია და მისი ფასი ლიტრზე 2,50 ლარს აღწევს. სხვათა შორის, დიზელის ფასების დინამიკას თუ გადავხედავთ, ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რომელიც თითქმის ყოველ წელს მეორდება, - იანვრიდან მაისის ჩათვლით დიზელის საწვავის ფასი თვიდან თვემდე განუხრელად იზრდება, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას და შესაბამისად დიზელის საწვავზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ. ასე იყო გასულ წელსაც, როცა იანვარში ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 1,95-2,00 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ე.წ. 5-თეთრიანი ბიჯებით ისე გაძვირდა, რომ მაისში უკვე 2,20-2,35 ლარი ღირდა. აშკარაა, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასს დიდწილად სეზონური ფაქტორი განაპირობებს, როცა კომპანიებს მეტი შემოსავლისა და შესაბამისად, მოგების შესაძლებლობა ეძლევათ და ერთნაირი საფასო პოლიტიკის პირობებში ამ შესაძლებლობას საკმაოდ სარფიანად იყენებენ.

მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი: "ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს აქვს ადგილი. კომპანიებს ძველი ფასით, სულ მცირე, სამთვიანი მარაგი აქვთ და საერთაშორისო ბაზარზე გაძვირება საქართველოზე სამ დღეში არ უნდა აისახებოდეს. ასეთ პოლიტიკას სახელმწიფო ლობირებს და კარტელურ გარიგებებზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს.

სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლები, რომლებიც კარტელური გარიგებებისთვის კომპანიების დასჯას ითვალისწინებს. ამ მუხლების გამოყენების უფლება მხოლოდ ფინანსურ პოლიციას აქვს. 2005 წლიდან დღემდე ამ მუხლით არც ერთი საქმე არ განხილულა. ოთხი-ხუთი კომპანია ფლობს ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ბაზრის თითქმის 90%-ს და ფასებს საკუთარი სურვილით აწესებს. შეიკრიბებიან, იმსჯელებენ და ბენზინის ფასს ყველა ერთად 5 თეთრით ზრდის. ერთი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი შესაძლოა ორჯერ გაიზარდოს და ამისთვის ნავთობკომპანიებს პასუხს არავინ მოსთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბაზრებზე ფასები იზრდება, ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე ორთვიან ინტერვალში უნდა მოხდეს, – ამის მარაგები კომპანიებს ნამდვილად აქვთ. ნორმალურ ქვეყნებში ფასს ბაზარი არეგულირებს. ჩვენთან საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიც და კონკურენციაც მკვდარია.

ნავთობპროდუქტების ბაზარზე რამდენიმე კომპანიის განუკითხავი დომინირება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. სოფლის მეურნეობა ძირითადად დიზელზე მუშაობს. მისი ძირითადი შემომტანი "სოკარია". საქართველოში დიზელი რატომღაც ბენზინზე ძვირია, რაც ყოვლად გაუმართლებელია, რადგან მისი წარმოება ბენზინზე იაფი ჯდება; დაბეგვრაც ნაკლებია. ხელისუფლებას ნამდვილად რომ უნდოდეს საქმის გამოსწორება, მერწმუნეთ, მონოპოლია არც ერთ სფეროში არ იარსებებდა".

რაც შეეხება დიზელის საწვავს, მასზე მოთხოვნა ამ პერიოდში პიკს აღწევს და აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლებიდან წითელი ხიდის მიმართულებით მოძრაობა იზრდება. ჩვენი ინფორმაციით, მიმდებარე სოფლების ადგილობრივი მოსახლეობა ამ დროს აზერბაიჯანის საზღვარზე დიზელის შესაძენად მიემართება. მეტწილად ტევადი ავზის მქონე ავტომობილებით გადადიან საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მდებარე ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავით ავზს ავსებენ და უკან ბრუნდებიან. როგორც ყვარლის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვითხრა, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ავტოგასამართ სადგურზე ლიტრი დიზელის საწვავი, შესაბამისი კურსით ლარში, დაახლოებით 0,90 ლარი ღირს. ამიტომ ბევრს საწვავი გასაყიდად გადმოაქვს. კანონით, სამ დღეში ერთხელ საზღვარზე გადასვლა და საწვავის ავზით გადმოტანა ნებადართულია და თუ საწვავს გონივრულ ფასად, ნავთობიმპორტიორებზე იაფად გაყიდი, კარგ მოგებასაც ნახავ. ჩვენი ინფორმაციით, კახეთის რეგიონში დიზელის მოვაჭრე რამდენიმე ასეული კერძო პირია, მაგრამ ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე ისინი, ბუნებრივია, გავლენას ვერ ახდენენ. ფაქტი ერთია, საწვავის საცალო ფასები სავაჭრო ორგანიზებულ ქსელში იმდენად მაღალია, რომ ფასთა სხვაობით წვრილი მოვაჭრეებიც კი კარგად ხეირობენ.

იხილეთ ვიდეო: რატომ იზრდება ხელოვნურად ფასები საწვავზე საქართველოში

(სპეციალურად საიტისთვის)