ცხოველები ომებში - დივერსანტი დელფინები, "დანაღმული" ძაღლი, ციდან დრონის "ჩამომხსნელი" არწივი და ბიოლოგიურ იარაღად ქცეული მწერები
ომები ადამიანების გარდა, ჩვენი პლანეტის ფლორასა და ფაუნასაც აზიანებს და კლავს...
უკრაინის ფრონტის რამდენიმე ასეული კმ-ის გაყოლებით ორივე მოწინააღმდეგე მხარე პირველ რიგში ქარსაცავ ტყის ზოლებს ბომბავს, რადგან როგორც წესი, სწორედ ამ ხეების ქვეშაა ბლინდაჟები გათხრილი...
უკრაინის მსუყე შავმიწა ნიადაგი, რომელზეც მსოფლიოში საუკეთესო ხორბალი და მზესუმზირა მოჰყავდათ, დღეს მთვარის ზედაპირს დაემსგავსა მილიონობით საარტილერიო ჭურვისა და ნაღმსატყორცნის ნაღმის, ათი ათასობით საავიაციო ბომბისა და რაკეტის, მილიარდობით ტყვიის მიწაში ჩავარდნის შემდეგ, რაც ეკოლოგიაზე და შემდგომში მოყვანილი პროდუქტის ხარისხზე კატასტროფულად იმოქმედებს...
ფრონტის ხაზის მიახლოებისას ზურგში ევაკუირებულ უკრაინელ მოქალაქეებს ხშირად თან ვერ მიჰყავთ შინაური ცხოველები და პატრონების გარეშე გაველურებული კატები და ძაღლები საკვებს ბრძოლის ველზეც ეძებენ...მათ შორის დაღუპული მებრძოლების ცხედრების სახითაც...
ამიტომაც,ფრონტის ხაზზე არასდროს არ უნდა გასინჯო თავისუფლად გაშვებული ღორისა და ქათმის ხორცი - ეს ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მახსოვს...
მაგრამ გარდა ამისა, ფაუნის წარმომადგენელებს სამხედროები...რიგით ჯარისკაცებადაც იყენებენ და ისინი ბევრ მებრძოლზე გულადნი გამოდგებიან, როდესაც თავს „წირავენ“ სასიკვდილო დავალებას...
დავიწყოთ ზღვით...
საბრძოლო დელფინების მომზადების პროგრამები აშშ-სა და საბჭოთა კავშირშიც გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და ძალზე გასაიდუმლოებულ პროცესს წარმოადგენდა.
დელფინებს, ძირითად აფალინებს, სამხედრო მეზღვაურები სპეციალური პროგრამით წვრთნიდნენ, რომელშიც შედიოდა დელფინის მიერ საზღვაო პორტებში წყალქვეშა დივერსანტების აღმოჩენა და მათი ლიკვიდაცია დელფინის ცხვირზე დამაგრებული მახვილით, ასევე მაგნიტური ნაღმის წაღება და წყალქვეშა ნავზე მიმაგრება ან სულაც მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი კამიკაძე-დელფინის სპეციალურად შეჯახება მოწინააღმდეგის ხომალდის კორპუსზე...
პენტაგონმა სპარსეთის ყურის პირველ და მეორე ომებში საერთო ჯამში 76 საბრძოლო დელფინი გამოიყენა საზღვაო პორტებში ამერიკული სამხედრო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოწინააღმდეგის წყალქვეშა დივერსანტების შესაძლო თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
გარდა აფალინებისა, ამერიკელმა სამხედროებმა წყალქვეშა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად გაწვრთნეს კალიფორნიული ზღვის ლომებიც, რომლებიც დელფინებზე არანაკლებად სწრაფად პოულობდნენ წყალქვეშა სამიზნეს...
საბჭოთა კავშირი 1975 წლიდან იყენებდა წყალქვეშა დივერსანტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად მომზადებულ საბრძოლო დელფინებს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის გასაკონტროლებლად.
ეხლა კი უკვე რუსეთი ოკუპირებულ სევასტოპოლის პორტის რეიდზე ანთავსებს რკინის ცხაურებს სპეციალურად მომზადებული დელფინებისთვის, რათა ისინი ღია ზღვაში გაუშვან, როგორც კი უკრაინელი წყალქვეშა დივერსანტების გამოჩენის საშიშროება იქნება...
ეს წყალში, მაგრამ რა ხდებოდა ხმელეთზე?
ტანკების ამფეთქებელი ძაღლები - ეს რეალობაა, რისთვისაც მზადება საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1924 წლიდან დაიწყეს და 1935 წელს წითელი არმიის შეიარაღებაში მიიღეს ძაღლები - ტანკების გამანადგურებლების სახელით.
ძაღლებს შემდეგნაირად წვრთნიდნენ - ჯერ დიდხანს აშიმშილებდნენ, შემდეგ ზურგზე ასაფეთქებელი მოწყობილობის იმავე მასის მაკეტს უმაგრებდნენ და ტანკისკენ უშვებდნენ - ტანკის ქვედა, საევაკუაციო ლუკიდან გამოყოფილ ხელში ტანკისტს ხორცის ნაჭერი ეჭირა...
გარდა ამისა, ძაღლებს ასწავლიდნენ რომ ტანკისთვის წინიდან კი არა, არამედ უკნიდან მოევლოთ(რათა ტანკის ტყვიამფრქვევიდან გახსნილი ცეცხლისგან თავი აერიდებინათ) და ხოხვით შემძვრალიყვნენ ტანკის კორპუსის ძირში, რომლის დროსაც ძაღლის ტანზე დამაგრებული 4-5 კგ მასის ნაღმის ვერტიკალური ამფეთქი წამოედებოდა ტანკის ძირს, დეტონაციას განიცდიდა და კუმულაციური ჭავლი ადვილდა გახვრეტდა ტანკის კორპუსის ფსკერის შედარებით თხელ ჯავშანს...
ძაღლი? ძაღლი სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, იღუპებოდა...
გერმანიის თავდასხმის შემდეგ წითელმა არმიამ, როდესაც მოსკოვის მისადგომებთან ძალიან გაუჭირდა, დაიწყო ტანკსაწინააღმდეგო კამიკაძე ძაღლების მასიური გამოყენება და ზოგიერთი ინფორმაციით, ამ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა თითქოს ჰიტლერის არმიის სამასამდე ტანკიც კი ააფეთქეს...
ეს ციფრი გაზვიადებულია, რადგან რეალურად, ნაღმაკიდებული და მტრის ტანკებისკენ გაშვებული ძაღლები სხვდასხვანაირად იქცეოდნენ -ზოგი დამშეული ძაღლი მართლაც უვარდებოდა ტანკს ქვეშ, მაგრამ ბევრიც ,სროლისა და აფეთქებების ხმებით შეშინებული...უბრალოდ უკან გამორბოდა სანგარში საბჭოთა ჯარისკაცებთან და გერმანული ტანკის ნაცვლად, მათ აფეთქებდა...
ამიტომაც, კამიკაძე ძაღლის გაშვებისთანავე, თუკი დაინახავდნენ, რომ ის კუდამოძუებული უკან მორბოდა, საბჭოთა ჯარისკაცები გამალებულ ცეცხლს უხსნიდნენ, რომ სანგარში არ ჩახტომოდათ...
საერთო ჯამში, საბჭოთა „დანაღმული“ ძაღლებით გერმანული ტანკების მასიურად აფეთქების იმედმა არ გაამართლა და ომის ბოლოსკენ ამ სასტიკ მეთოდს აღარც იყენებდნენ.
დღეს, როდესაც მსოფლიოში ასე გაძლიერებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რთულად წარმოსადგენია, რომ დასავლეთის ქვეყნების რომელიმე არმიაში ძაღლი-კამიკაძეების სპეციალურად მომზადება ვინმემ დაიწყოს, თუმცა...
თუმცა ის, რომ ზოგიერთი დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის არმიის ყველაზე გასაიდუმლოებულ სადაზვერვო-დივერსიულ დანაყოფებში შეიძლება ისევ წვრთნიდნენ ძაღლ-ნაღმებს, ოღონდ არა ბრძოლის დროს ამერიკული „აბრამსის“ ქვეშ შესაძვრენად, არამედ იმავე ევროპაში, რომელიმე ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე შესაღწევად და საბრძოლო თვითმფრინავებთან ნაღმის ასაფეთქებლად, ოღონდ არა ტანკსაწინააღმდეგო, არამედ...2-5 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ნაღმის ასამოქმედებლად, რომელიც იმ საჰაერო ბაზიდან აღარაფერს დატოვებს...
სამხედროებმა ზღვისა და ხმელეთის ბინადარი ფაუნის წარმომადგენელბი კი გამოიყენეს თავისი საბრძოლო მიზნებისთვის და მოტყუებით კამიკაძეებად გადააქციეს, მაგრამ რა ხდება ცაში?
საფოსტო მტრედებს, ფრონტის ხაზიდან ზურგში საიდუმლო შეტყობინებების გასაგზავნად ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში იყენებდნენ მასიურად და ამაში ახალი არაფერია, მაგრამ 21-ე საუკუნემ სხვა რეალობა შემოიტანა - უპილოტო საფრენი აპარატების ბრძოლის ველზე მასობრივად გამოჩენის შემდეგ აქტუალური გახდა მათთან ბრძოლის საშუალებების დახვეწა...
სადაზვერვო თუ კამიკაძე-დრონებს საზენიტო რაკეტებით,ტყვიამფრქვევებით, ბადეებით თუ სანადირო თოფებითაც კი ებრძვიან, მაგრამ არცთუ დიდი წარმატებით, ამიტომაც სამხედროების ტვინმა დრონებთან ბრძოლის კიდევ ერთი საშუალება „დაბადა“ - სპეციალურად გაწვრთნილი...მტაცებელი ფრინველები. შევარდენი, ქორი თუ არწივი სპეციალური პროგრამით გაწვრთნის შედეგად, კვადროკოპტერი დრონების პირველი მტერი ხდება, თავის კლანჯებით საიმედოდ ჩაბღუჭავს და აგდებს მას...
თუ ეს სადაზვერვო დრონია, კიდევ არაფერი ,გაწვრთნილი შევარდენი მორიგი გამარჯვების - ციდან „უცნაური ჩიტის“ მონადირების შემდეგ უკან მიფრინდება პატრონთან,ხელზე დააჯდება და გასამრჯელოდ ხორცის გემრიელ ნაჭერსაც მიიღებს...
მაგრამ, თუ „ნანადირევი“ კამიკაძე-დრონი აღმოჩნდა...მაშინ მტაცებელი ფრინველის დრონზე თავდასხმისას დიდი ალბათობით ინიცირდება მექანიკური დეტონატორი, აფეთქება მოხდება და შევარდენი თუ ქორიც კამიკაძედ იქცევა...
საბრძოლო დელფინების, ტანკსაწინააღმდეგო „დანაღმული“ ძაღლებისა თუ დრონებზე მონადირე შევარდენების სპეციალურ სწავლებას და მომზადებას დიდი დრო და მნიშვნელოვანი ხარჯები სჭირდება, ამიტომაც ისინი მასიურად ვერ იქნებიან გამოყენებულნი ომის დროს, თუმცა არსებობს ბევრად უფრო საშიში, მასობრივი განადგურების იარაღის კიდევ ერთი სახეობა-ბიოლოგიური იარაღი...
მასობრივი განადგურების ბიოლოგიურ იარაღად შეიძლება ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმის, ვირუსების, ბაქტერიული ტოქსინების, მათ შორის - ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიში ციმბირის წყლულის, დიზენტერიის, შავი ჭირის, დროებით მწყობრიდან გამომყვანი ქოლერის, ბრუცელოზის, დიფტერიის, ტულარემიის და სხვათა გამოყენება.
ბიოლოგიური იარაღის სახეობაა ენტომოლოგიური იარაღიც, რომელიც მწერების საბრძოლო დანიშნულებით გამოყენებას გულისხმობს.
ენტომოლოგიური იარაღი შეიძლება სამ ტიპად დაიყოს.
პირველი - მწერებს წინასწარ დააავადებენ საშიში პათოგენით და შემდეგ მათ მოწინააღმდეგის პოზიციების თავზე ჭურვებისა და საავიაციო ბომბების გამოყენებით გაფანტავენ. ეს მწერები კბენენ ადამიანებსა და ცხოველებს, რითაც აჩქარებენ ეპიდემიის გავრცელებას.
მეორე - მწერებს, რომლებიც შეიძლება არც იყვნენ წინასწარ დაავადებული, მასობრივად უშვებენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასანადგურებლად.
მესამე - მოწინააღმდეგის სანგრების თავზე დიდი რაოდენობის ფუტკრებისა და კრაზანების გაფანტვის შემდეგ მტკივნეულმა ნაკბენებმა, განსაკუთრებით - თვალების არეში, შეიძლება მოწინააღმდეგის ჯარისკაცები გარკვეული ხნით ბრძოლისუუნაროდ აქციოს.
ადამიანი თავისნაირის გასანადგურებლად საუკუნეების განმავლობაში ახალ-ახალ მეთოდებს იგონებდა და ხვეწდა, ამიტომაც არც იქნება მოულოდნელი,რომ სამხედრო სპეციალისტების საიდუმლო ექსპერიმენტების შედეგად მალე ბრძოლის ველზე...კამიკაძე კატები და მამლებიც კი გამოჩდნენ...