ჩარლი ჩაპლინი: "მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი" - კვირის პალიტრა

ჩარლი ჩაპლინი: "მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი"

16 აპრილს ჩარლზ ჩაპლინის დაბადების დღე იყო. მისი სახელი ნაკლებად არის ცნობილი დღევანდელი ახალგაზრდებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ისინი ამ გენიალური კომიკოსის ფილმებს არ უყურებენ და თუ შემთხვევით მაინც მოჰკრეს თვალი, არ ეცინებათ. თანამედროვე ბრიყვული კომედიებით "ბომბარდირებამ" გავლენა მოახდინა მათ გემოვნებაზე. თუ მაინცდამაინც ჩაეძიები, აღიარებენ, რომ "მისი სტილის" მსახიობებს შორის ყველას ჯობს, "მის სტილში" კი გულისხმობენ ძველს, უკვე ჩავლილს, მოდიდან გასულს.

კინოს განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარებასთან. ამ მხრივ დღევანდელი ბლოკბასტერების შემხედვარეს გასული საუკუნის დასაწყისის "მუნჯი კინო" საყვარელ, გულუბრყვილო ბავშვურ თამაშად შეიძლება მოგეჩვენოს. მიუხედავად ამისა, კინოს განვითარების ყველა ეტაპზე იყვნენ გენიოსები, რომლებიც მათ ხელთ არსებული საშუალებებითაც ახერხებდნენ ხელოვნების შედევრების შექმნას. ასეთები ბევრნი არიან. ჩარლი ჩაპლინი მათ შორის არ არის. მის მიერ შექმნილი "პროდუქცია" არც მუნჯი კინოა, არც ხმოვანი, არც შავ-თეთრი და არც ფერადი, არც ძველი, არც ახალი. შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ ის კინოც არ არის. ეს არის, ეკრანიდან გამხელილი სიყვარული, სევდა, აღტაცება, შიში, სულმოკლეობა, ეშმაკობა, საოცრად მარტივად, გულის ამაჩუყებლად და... გენიალურად გამხელილი. ისე, რომ გული სიამოვნებით გევსება და იცინი გაუთავებლად, მაშინაც კი, როდესაც სევდიან სცენას უყურებ, - ამ დროს თუ არ იცინი, გეღიმება მაინც. რა ჯადოსნობით აღწევს ამას ჩაპლინი?

ვიფიქრე ამაზე და ასეთი რამ მოვიფიქრე: გამოჩენილი პედიატრი ბენჯამინ სპოკი ბავშვის ჯანმრთელობის "გამოცნობის" ერთ უნივერსალურ ხერხს, უფრო სწორად, ტესტს გვთავაზობს, რომელიც ხელოვნურად შექმნილ ყველა ხელსაწყოზე მგრძნობიარე და ზუსტ "მექანიზმზე", ადამიანის შეგრძნებებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, მის ჩასატარებლად სპეციალური განათლება ან ტექნიკა არ არის საჭირო, საკმარისია ბავშვს შეხედო და თუ მისი "დათვალიერება" შენში "ჯანმრთელ სიცილს" გამოიწვევს, დარწმუნებული იყავი, რომ ბავშვს არაფერი აწუხებს და სრულიად ჯანმრთელია.  რაღაც ამგვარი გრძნობა გიპყრობს, როდესაც "მაწანწალას" უყურებ, იმდენად მართალი და გულწრფელია საკუთარ თავთანაც და გარშემო მყოფებთანაც. მისი შეხედვაც საკმარისია, რომ გაგეღიმოს. ხედავ, როგორი სიამაყით დაატარებს თავის ძონძებს, როგორ შეუძლია ამავე ძონძებში გამოწყობილმა სიყვარული აუხსნას ულამაზეს ასულს, ხოლო თავისზე უფრო ძლიერი და მდიდარი "კონკურენტი" დაიფრინოს, ან ეგონოს, რომ დაიფრინა. თავად უქონელმა და ლუკმის საძებნელად უპატრონო ძაღლივით ქუჩაში მოხეტიალემ მასავით უპატრონო პატარა შეიფაროს და გამოესარჩლოს კიდეც, სიზმარში საზოგადოების გულად იქცეს, ცხადში კი სიზმრის ახდენის მოლოდინით ისულდგმულოს, უზარმაზარ მუტრუკს პანღური უთავაზოს და შემდეგ უკანმოუხედავად მოკურცხლოს, საცვლის ნაგლეჯი სპეტაკი ხელსახოცივით საკინძეში ჩაიკეცოს ვითომ, ვითომ...

მისი გმირის მთელი ცხოვრება "ვითომზეა" აგებული, ერთადერთი, რაც ნამდვილად არსებობს და რეალურია ჩაპლინთან, გრძნობებია, ძვირფასი და ამაღლებული გრძნობები. მაწანწალასი არც სახელი ვიცით, არც გვარი, ჩაპლინი თვლის, რომ ეს არ სჭირდება, რაც სჭირდება და ყველა ადამიანისთვისაც აუცილებელია, აქვს. ამაზე ერთ-ერთი ფილმის ფინალში მიგვანიშნებს, როდესაც მაწანწალას ხელისგულის ხაზებით ამოიცნობენ, ისინი შეუმცდარია და უცვლელი. უცნობ ადამიანს თვალის ჩინი დაუბრუნა. არაფრით ჰგავდა სიბნელის დამამარცხებელ ულამაზეს პრინცს, მხოლოდ ხელისგულით იცნეს.

მისი სასცენო ნათლობა დრამატულ შემთხვევას უკავშირდება. დედას, რომელიც მსახიობი იყო, შუა სიმღერის დროს ხმა ჩაუწყდა და გამაყრუებელი სტვენით სცენიდან კულისებში გავიდა, სადაც 5 წლის ჩარლი ელოდა. პუბლიკა არ ცხრებოდა და დარბაზის დირექტორმა, რომელსაც ადრე ნანახი ჰქონდა პატარა ჩარლის ოინბაზობა, ხალხის დასაშოშმინებლად ბიჭუნას ხელი წაავლო და სცენაზე ისროლა. ჩარლი არ დაბნეულა და სიმღერა შემოსძახა. პატარას სითამამით მოხიბლული დარბაზიდან აპლოდისმენტები და ხურდა ფული წამოვიდა. ბიჭმა ხალხს ანიშნა, ფულს მოვხვეტ და შემდეგ გავაგრძელებო, თანაც ეჭვიანი მზერა დირექტორისკენ გააპარა, რომელიც ფულის მოგროვებაში შველოდა, რაც პუბლიკას არ გამოჰპარვია და ძლიერაც გაამხიარულა. ის კი არა, კაცს ხელიც ჩასჭიდა შარვალში და მანამ არ გაუშვა, ვიდრე ფული დედამისს არ გადასცა. ამან სულ გადარია ხალხი. ბოლოს სცენაზე დაბრუნდა და ვირტუოზულად გაიმეორა ცოტა ხნის წინ გათამაშებული დრამა, როდესაც დედამისმა სიმღერის დროს ხმა დაკარგა, და ამით საბოლოოდ მოიგო მაყურებლის გული.

ეს უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი "მაწანწალა" იყო. მას შემდეგ მხოლოდ ფიზიკურად გაიზარდა, პატარა ბიჭის ტანსაცმელიც უზარმაზარ შტიბლეტებში და დაკონკილ სმოკინგში გაცვალა, "შიგნით" კი არაფერი შეცვლილა. "შიგნით" არ შეცვლილა, თორემ ბევრი რამ მის ცხოვრებაში კარდინალურად შეიცვალა. ძალზე მდიდარი და მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული ადამიანი გახდა, უამრავ ცნობილ ლამაზმანთან ჰქონდა რომანი, მრავალჯერ დაქორწინდა, ჰყავდა უამრავი შვილი, სახელმოხვეჭილი მწერლები, მეცნიერები, პოლიტიკოსები ჩარლი ჩაპლინთან დამეგობრებას ესწრაფოდნენ. და მაინც, ყოველთვის იგრძნობოდა მის ხასიათში "მაწანწალას" გულითადობა, სიწრფელე, გაბედულება, სიცოცხლის ხალისი და რაც მთავარია, ამოუწურავი ოპტიმიზმი, მომავლის იმედი.

"შენ ჩემი გვარისა ხარ - ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა, მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან შედარებით, რაც მე მიტირია. სამყარო მარტო ცეკვისა და მუსიკის საუფლო როდია. იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმისი ფულიც არა აქვთ, რომ მომავალი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არავინ ყოფილა ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას, ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს. გიგზავნი ჩეკის წიგნს. ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, მხოლოდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, მესამე შენი არ არის. იგი ეკუთვნის სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება, საკმარისია, მოინდომო", - ეს სიტყვები არც რომელიმე ფილმიდან არის, არც საჯარო გამოსვლიდან. მამა არიგებს თავის მოცეკვავე ქალიშვილს შობა ღამეს გაგზავნილ წერილში.…

წარმატებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაღწია, უამრავ სიკეთეს უნდა უმადლოდეს ამ ქვეყანას, მაგრამ, როდესაც ამერიკელ ოფიციოზს ევროპაში მძვინვარე ფაშიზმის მიმართ, მეტი რომ არ ვთქვათ, ლოიალური დამოკიდებულება შენიშნა, სასტიკად დაუპირისპირდა. ისე, რომ "კომუნისტის" იარლიყი მიაწებეს და ზოგიერთები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მის გაძევებასაც მოითხოვდნენ. მიანიშნებდნენ მის ებრაულ წარმოშობაზეც (რაც არასოდეს უღიარებია), რაზეც ამგვარად პასუხობდა: "სულაც არ არის სავალდებულო, ებრაელი იყოს კაცი, რომ ანტიფაშისტი გახდეს. ამისათვის საკმარისია ჩვეულებრივი და ნორმალური ადამიანი იყოს". 1940 წელს ეკრანებზე გამოდის "დიქტატორი", რომელშიც ჩაპლინი ადოლფ ჰიტლერს ამასხარავებს. "ჩვენ, ყველას ისა გვსურს, ერთმანეთს ვუშველოთ. ასეთია ადამიანის ბუნება. ერთმანეთის ბედნიერებით გვიდგას სული და არა უბედურებით. ერთმანეთის სიძულვილისა და ზიზღისთვის როდი გავჩენილვართ. ამ ქვეყანაზე ყველა დაეტევა. ცხოვრება თავისუფალი და მშვენიერი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გზას ავცდით. სიხარბემ მოშხამა ადამიანის სული. ქვეყანა სიძულვილით დაყო, უბედურებასა და სისხლში შეგვაცურა. ჯარისკაცებო, ნუ დაემორჩილებით ამ მხეცებს, მათ თქვენ ეზიზღებით, ისინი გიმონებენ. ნუ ემორჩილებით ამ ურჩხულს. თქვენ ადამიანები ხართ! გული ადამიანური სიყვარულით გაქვთ გამთბარი! გულს სიძულვილით ნუ გაივსებთ! მხოლოდ იმას სძულს, ვისაც თვითონ არ უყვარს!" - ამ სიტყვებს ჩაპლინის კომედიაში ერთ-ერთი გმირი ამბობს. ასეთია ჩაპლინი და ასეთია მისი სამყარო, გნებავთ, "იდეოლოგია." ამიტომაც გულდასაწყვეტია, რომ მას დღეს ნაკლებად უსმენენ, ნაკლებად მოიწყენენ, იცინიან და მხიარულობენ მასთან ერთად.

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)