ინტერვიუ საიდუმლო სამხედრო ბაზიდან: ყირიმის დაბრუნების გეგმა - ალექსანდრ სირსკი: „დიახ, რუსები ნელ-ნელა წინ მოიწევენ, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

ინტერვიუ საიდუმლო სამხედრო ბაზიდან: ყირიმის დაბრუნების გეგმა - ალექსანდრ სირსკი: „დიახ, რუსები ნელ-ნელა წინ მოიწევენ, მაგრამ..."

საიდუმლო სამხედრო ბაზაში, საბრძოლო მასალების ყუთზე ჩამომჯდარი უკრაინის ჯარების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი ინტერვიუს ჩაწერისას არ პასუხობს კითხვას, თუ როდის მიიღებს ქვეყნის არმია დაპირებული და დიდი ხნის ნანატრი ავიაგამანადგურებლების - F-16-ების პარტიას. როგორც ცნობილია, ჰოლანდიელებმა და სხვა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა „ფალკონებს“ უახლოეს ხანში მიიღებსო, მაგრამ... კონკრეტულად როდის? ამ კვირაში თუ სადღაც აგვისტოში? „მე ვიცი, როდის მივიღებთ, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენთვის თქმა არ შემიძლია“, - მობოდიშებული ღიმილით თქვა გენერალმა, რომელსაც ფრიად რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი - შეაჩეროს და გაანადგუროს მრავალრიცხოვანი რუსული არმია“, - ასეთი შესავალი აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - „მე ვიცი, რომ გავიმარჯვებთ“: უკრაინის მთავარი გენერალი რუსეთთან ომში გარდატეხაზე ლაპარაკობს“ (ავტორი - ლიუკ ჰარდინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომიდან ორწლინახევრის შემდეგ ალექსანდრე სირსკი აღიარებს, რომ რუსებს უფრო მეტი რესურსი აღმოაჩნდათ. მათ ყველაფერი მეტი აქვთ: ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯარისკაცები... თუ ომის პირველ დღეებში ფრონტზე 100 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე იბრძოდა, ამჟამად მათი რაოდენობა 520 ათასია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსათვის - 690 ათასს მიაღწევს (უკრაინის არმიის ჯარისკაცთა რაოდენობა, ტრადიციულად, არ ქვეყნდება).

„როცა საკითხი ტექნიკას ეხება, შეფარდება ერთი - ორზე, ან ერთი - სამზეა, რუსების სასარგებლოდ. ამიტომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო ტექნიკით მომარაგების საკითხი, თანაც, ხარისხიანი სამხედრო ტექნიკით“, - ამბობს მთავარსარდალი. სწორედ იარაღისა და ცოცხალი ძალის უპირატესობით შეიძლება აიხსნას რუსების მცირეოდენი წარმატებები, რომელიც დასავლეთის მიერ იარაღით მომარაგებაში შექმნილ ექვსთვიან წყვეტას დაემთხვა.

გენერალი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინსვლა შეიძლება შეჩერდეს. ამის მაგალითად იგი ასახელებს რუსეთის შეტევის ჩაშლას ხარკოვისა და სუმის ოლქებში, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „თუ კრემლი იმავეს გაიმეორებს ზაპოროჟიეს ოლქში, ჩვენ მას საკადრის პასუხს გავცემთ“.

„დიახ, რუსები [დონბასში] ნელ-ნელა წინ მოიწევენ და ტაქტიკურ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ ბოლო თვეში მათ ვერ შეძლეს „ოპერატიული გარღვევის“ განხორციელება, მაგალითად, რომელიმე მსხვილი ქალაქის აღება“, - ამბობს ალექსანდრე სირსკი.

თავის მხრივ, როგორც გენერალი აცხადებს, კიევს აქვს ყირიმის დაბრუნების რეალური გეგმა: „ეს რეალურია. რა თქმა უნდა, ყირიმის გათავისუფლების ოპერაციის გეგმა სრულიად საიდუმლოა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე გავიდეთ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ის მრავალტანჯვაგამოვლილი ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ“.

ალექსანდრე სირსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის მასირებული და განუწყვეტელი შეტევების შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, პრაქტიკულად, პარალიზებულია. ფლოტმა დატოვა თავისი მთავარი ბაზა - სევასტოპოლი და სხვა ბაზებზე გადანაწილდა. უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) აქტიური გამოყენებით ყირიმში არსებული თითქმის ყველა რადიოლოკაციური და სარაკეტო დანადგარი განადგურებულია. ამჟამად უკრაინის სამიზნედ ქერჩის ხიდი ითვლება, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ამასთან, გენერალმა უარი განაცხადა, პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ხიდი მწყობრიდან გამოვიდეს.

ალექსანდრე სირსკიმ, ასევე, არ უპასუხა კითხვას, თუ რა დანაკარგებს განიცდის უკრაინის არმია, სამაგიეროდ, მან აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის მსხვერპლი უდიდესია. „ჩვენთვის უპირატესია ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნება. ჩვენ არ ვიცავთ ქალაქებისა და სოფლების ნანგრევებს, ბოლო ჯარისკაცის დაღუპვამდე, არ ვცდილობთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გაწირვას უაზრო და უშედეგო შეტევებით“, - ამბობს უკრაინის არმიის მთავარსარდალი, ბრიტანული „გარდიანისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო