რატომ დასცხეს აფხაზებმა სომხებს?! - "აფხაზეთი გადატვირთულია სომხებით, ვფიქრობ, როგორ გავაძევოთ... ნუ გეგონებათ, რომ აქ თქვენი ყოფნა ვინმეს უხარია" - კვირის პალიტრა

რატომ დასცხეს აფხაზებმა სომხებს?! - "აფხაზეთი გადატვირთულია სომხებით, ვფიქრობ, როგორ გავაძევოთ... ნუ გეგონებათ, რომ აქ თქვენი ყოფნა ვინმეს უხარია"

"აფხაზეთში სომეხი საზოგადოების გავლენა იზრდება, რაც უკიდურესად მიუღებელია... სომეხი ეროვნების ხალხს უნდა შეეზღუდოს არჩევნებში კენჭისყრის უფლება­ და ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების დაკავება", - ოკუპირებულ აფხაზეთში ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციების ცნობილი ორგანიზატორი, ჯანსუღ­ ადლეიბა გამოდის. როგორც ამბობს, ოფიციალურმა ერევანმა საგარეო კურსი შეცვალა, დასავლეთის პოლიტიკას უჭერს მხარს, წელს პირველად დაუჭირა მხარი გაეროს­ რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას შეეხება, თანაც წლებია არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამიტომ სომხების აფხაზეთში ყოფნა არავის უხარია. უფრო მეტიც, ადლეიბას აზრით, აფხაზეთში სომხების პოლიტიკური აქტიურობა "რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის" შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.

მართალია, ადლეიბას ამ აპარტეიდულ­ გამოხდომას ამჯერად ძალიან ცოტამ აუბა მხარი და პირიქით, მას შეახსენეს, რომ "რესპუბლიკის კონსტიტუციით" თანაბარი­ უფლებები აქვს ყველას, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა, გარდა ამისა­, სომხებს­ აფხაზების გვერდით "ქართველი ნაციონალისტების" წინააღმდეგ­ ომში დიდი წვლილი აქვთ. ამიტომ ამგვარი განცხადებები მიუღებელია, თუმცა აფხაზე­თში ანტი­სომხური განწყობები არსებობს და პრეტე­ნზიები დროდადრო იჩენს ხოლმე თავს.

"ვფიქრობ, როგორ გავაძევოთ სომხები..."

ჯანსუღ ადლეიბა ოკუპირებულ აფხაზე­თში საპროტესტო გამოსვლებს ხშირად­ მართავს. გასულ ზამთარს დე ფაქტო პრე­ზი­დენტ ასლან ბჟანიას გადადგომის­ მოთხო­ვნით შიმშილობდა კიდეც. ის რადიკა­ლური გამოსვლებით გამოირჩევა. დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია "ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა - თავისუფლება". ადლეიბა ამჯერად ეთნიკურ სომხებს­ გადასწვდა და ერთი კვირის განმავლობაში "სომხურ საკითხს" ორი ფეისბუკპოსტი მიუძღვნა. პირველად გამოაქვეყნა­ მიმართვა, სადაც ითხოვს, რომ აფხაზეთში ეროვნებით სომხებს პოლიტიკური აქტიურობა უნდა შეეზღუდოთ.

"სომხეთი მხარს უჭერს დასავლეთის პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის­ აფხა­ზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რა­დგან­ აფხაზეთში დიდი სომხური დიასპო­რა ცხოვრობს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის, რუბენ ტატულიანის გავლენაშია. ტატულიანი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწეა, მას აქვს დიპლომატიური პასპორტი და არის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე. წელს სომხეთის წარმომადგენლებმა ლტოლვილების შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ამასთან, სომხეთი მრავალი წელია არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამ დროს კი აფხაზეთში სომეხი საზოგადოების გავლენა იზრდება, რაც აფხაზებისთვის უკიდურესად მიუღებელია! ამასთან დაკავშირებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა­ "თავისუფლება" ხელისუფლებას მიმართავს, მოახდინონ რეაგირება და ეს საკითხი გადაწყდეს აფხაზეთის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ! სომეხი ეროვნების­ ხალხს არ აქვს მორალური და იურიდიული­ უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა და დაიკავოს მაღალი თანამდებობები ხელისუფლებაში! ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს, სხვა გზა არ გვაქვს", - წერს ადლეიბა ფეისბუკზე, რასაც აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი­ ორგანიზაციების­ რეაქცია მოჰყვა. მას ჯერ ე.წ. კონსტიტუციის მე-12 მუხლი შეახსენეს, რომლის თანახმად, კანონის წინაშე­ ყველა თანასწორია, შემდეგ კი სომხების ბრძოლა "ქართველების წინააღმდეგ ომში" 1992-1993 წლებში.

"ამ თანასწორობამ გააერთიანა ჩვენი­ მოქალაქეები აფხაზეთის სამამულო ომში, როდესაც სხვადასხვა წარმოშობის ხალხი აფხაზებთან ერთად გვერდიგვერდ იბრძოდა­ ნაციონალისტური ლოზუნგებით მოსული ქართული ჯარის წინააღმდეგ. მათ შორის, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა და აფხაზეთის გმირის მაღალი წოდება დაიმსახურა, ბევრი იყო ეროვნებით სომეხი. ეს ფაქტი მოწმობს ჩვენი სომეხი მოქალაქეების მორალურ უფლებას, იამაყონ აფხაზეთის მოქალაქეობით... ადლეიბას და მისი მხარდამჭერების მიერ გაჟღერებუ­ლი საჯარო­ განცხადება არის დისკრიმინაციული და ამცირებს ეროვნებით დაფუძნებულ ადამია­ნთა ჯგუფის ღირსებას. მსგავსი ქმედებები აკრძალულია აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და უნდა შეწყდეს", - წერია ორგანიზაციებისა და პარტიების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ფეისბუკპოსტის კომენტარებში მას ისიც შეახსენეს, რომ სომხეთის გარდა, სხვა ქვეყნებსაც არ უღიარებიათ მათი "დამო­უკი­დ­ე­ბ­­ლობა", თუმცა ამ ქვეყნების მოქალაქეებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და აქვთ ხმის მიცემის უფლება, ამიტომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოზიციისა და სომხური დიასპორის უფლებების ერთმანეთთან დაკავშირება დისკრიმინაციულია.

ადლეიბამ რამდენიმე დღეში მეორე ანტისომხური პოსტიც გამოაქვეყნა. "აფხაზეთი გადატვირთულია სომხებით, ვფიქრობ, როგორ გავაძევოთ. სომხეთმა არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ნუ გეგონებათ, რომ აქ თქვენი ყოფნა ვინმეს უხარია".

მას ამ ანტისომხურ გამოსვლებში მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. "სომხებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო და აფხაზეთი არ უნდა გახდეს სომხეთი... რატომ არ გვაღიარებს სომხეთი? ყველას ჩვენი მიწა უნდა"...

"აფხაზები სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ამით ვერავინ ვერ უნდა ისარგებლოს. ბევრ სხვა ერს სურდა და სურს აფხაზეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, მაგრამ ისტორიამ აჩვენა, თუ როგორ მთავრდება­ ეს. აფხაზი ახალგაზრდებისთვის საცხოვრებელი ადგილები აღარ არის და ჩვენ სხვა არ გვჭირდება!" - წერენ აფხაზები.

რატომ მოახდევინეს აფხაზებმა სომხებს ბოდიში

ოკუპირებულ აფხაზეთში სომხების მიმართ პრეტენზიები დროდადრო იჩენს ხოლმე თავს. ჯერ კიდევ მაისში აფხაზებისა და სომხების დაპირისპირების მიზეზი გულრიფშის რაიონის ერთ-ერთი დიდი სოფლის შესასვლელში აღმართული აბრა გახდა. ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელ ცკიბინის შესასვლელში ადგილობრივებმა სტელის რესტავრაციის დროს აღადგინეს აბრა, სადაც მითითებული იყო სოფლის საბჭოთა სახელწოდება - შაუმიანოვკა. სოფელს ეს სახელი სომეხი ბოლშევიკი მეთაურის სტეფან შაუმიანის პატივსაცემად ერქვა (შაუმიანი 1918 წელს მეთაურობდა ანტისაბჭოთა ამბოხების ჩახშობას ბაქოში, შემდეგ კი ის 26 კომისართა შორის დახვ­რიტეს. საბჭოთა პერიოდში მისი სახელი ეწოდა ბევრ ქალაქს, სოფელსა თუ ქუჩას მთელ კავკასიაში). შეცვლილი აბრის ფოტოები ფეისბუკზე გავრცელდა და აფხაზების დიდი აღშფოთებაც გამოიწვია - წერდნენ, რომ "ამ ადამიანებმა გამოავლინეს უპატივცემულობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობენ... ეს პროვოკაციას ჰგავს,­ რომელიც შექმნილია ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებისთვის". შედეგად, სოფლის მოსახლეობას აბრის აღებამ და ბოდიშის მოხდამ მოუწიათ. აფხაზეთის სომეხთა­ თემმა­ გამოაქვეყნა განცხადება: "სოფელ ცკიბინის მოსახლეობა ბოდიშს უხდის რაიონის გამგეობას". მოგვიანებით აფხაზეთის სომხურმა თემმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა­, სადაც ნათქვამია, რომ აბრის აღმართვა კერძო ინიციატივა იყო და "იზიარებს განგაშსა და შეშფოთებას ქვეყნის ყველა ტიპის დასახლებაში ტოპონიმიკის თვითნებურად­ შეცვლის გამო".

სომხური საკითხი აფხაზეთში მგრძნობი­არე თემაა... დე ფაქტო პარლამენტში 35 "დეპუტატია" და არჩევა ხდება მხოლოდ მაჟორიტარული­ სისტემით. ე.წ. არჩევნებში სამი საარჩე­ვნო ოლქი სომხებს ენიჭება,­ "პარლამენტში"­ კი ეთნიკურ სომხებს 3 გარანტირებული ადგილი მუდმივად აქვთ.

არაოფიციალური მონაცემებით, აფხაზე­თში სომხები სიდიდით მეო­რე ეთნიკური ჯგუფია თვით აფხაზების შემდეგ, თუმცა ამას აფხაზები არ აღიარე­ბენ. დე ფაქტო სტატისტიკით, 2011 წელს აფხაზეთის მოსა­ხლეობა 244 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 125 ათასი (50.7%) აფხაზი, ხოლო 41 875 (17.19 %) სომეხი იყო. ამ მონაცემებით სომხები 2%-ით ნაკლები არიან, ვიდრე ქართველები. თუმცა სომხური არასამთავ­რობო ორგანიზაციების ცნობით, ეს სტატისტიკა არასწორია და დღეს აფხაზეთში 67 000-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს.­ მათი ნა­წილი საუკუნეების წინ თურქეთიდან­ ლტო­ლვილების შთამომავლები არიან, ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს, ნაწილი კი აფხაზეთის ომის შემდგომ დასახლდა, უმეტესად სოჭიდან და მთიანი ყარაბაღიდან.

წაიკითხე ვრცლად