სენსაცია სომხეთიდან, რომელიც ილჰამ ალიევს გაამწარებს - ფაშინიანი ირანისგან 500 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიიღებს?! - კვირის პალიტრა

სენსაცია სომხეთიდან, რომელიც ილჰამ ალიევს გაამწარებს - ფაშინიანი ირანისგან 500 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიიღებს?!

ირანული საინფორმაციო საშუალება Iran International-ი ავრცელებს მართლაც რომ სენსაციურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი ირანის ისლამური რესპუბლიკისგან, არანაკლებ, ნახევარი მილიარდი დოლარის „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებისა და სხვა შეიარაღების შეძენას აპირებს...

Iran International-ი ინკოგნიტო წყაროზე, რომელიც საქმის კურსშია, დაყრდნობით წერს, რომ უკვე შედგა 500 მლნ დოლარიანი საიარაღო კონტრაქტის ხელმოწერა, ერევანსა და თეირანს შორის, რომელიც ითვალისწინებს სომხეთის არმიისთვის ირანული წარმოების Shahed 136-იდ, Shahed 129-ის, Shahed 197-იდ, Mohajer-ის ტიპის დრონების, ასევე - 3rd Khordad-ის, Majid-ის, 15th Khordad-ის და Arman-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას.

Shahed 136-ი სწორედ ის ირანული კამიკაძე-დრონია, რომლის საშუალებითაც რუსეთი მესამე წელია, ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას და დიდ ზიანს აყენებს მას.

თუკი ნახევარი მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების, ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის ირანული წარმოების დრონები და საზენიტო საშუალებები მართლაც აღმოჩნდება სომხეთის არმიის შეიარაღებაში, ეს ოფიციალური ერევნის სამხედრო-პოლიტიკურ პოზიციებს (მნიშვნელოვნად შესუსტებულს ყარაბაღის ბოლო ომებში წაგების შემდეგ) მეზობელ აზერბაიჯანთან სერიოზულად განამტკიცებს...

1-irani1-1721897176.jpg

თანამედროვე ირანული 15th Khordad-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა ექვს საჰაერო სამიზნეს 120 კმ-ის რადიუსში აგდებს, რითაც ამერიკული „პეტრიოტის“ ძველი მოდიფიკაციის საბრძოლო შესაძლებლობებს უტოლდება...

ოფიციალური ბაქო, რომელიც დიდ გაღიზიანებას გამოხატავს სომხეთისთვის ფრანგული „ბასტიონის“ ჯავშანმანქანების მიწოდებაზეც კი (თანაც საქართველოს ტერიტორიის გავლით), ალბათ, განსაკუთრებულად გამძვინვარდება, თუკი აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცსამსახურებმა მართლაც მოიპოვეს სადაზვერვო ინფორმაციები ირან-სომხეთის 500-მილიონიან გარიგებაზე...

სომხეთი, რომელიც დარწმუნებული იყო და მოელოდა, რომ ყარაბაღისთვის ბრძოლებში რუსეთი გვერდით დაუდგებოდა (როგორც ეს 1992-94 წლებში ელცინის კრემლმა გააკეთა და ერევანს ყარაბაღის გარდა, აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონის ოკუპაციის საშუალება მისცა), მწარედ შეცდა - 2020 წლის 44-დღიანი და 2023 წლის 24-სთ-იანი ყარაბაღის ომებში პუტინის კრემლმა, ერთგვარი, ნეიტრალური პოზიცია აირჩია, რითაც ბევრად ძლიერ აზერბაიჯანის არმიას გზა გაუხსნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენისთვის...

პუტინის დახმარებაზე გულაცრუებული ფაშინიანის ხელისუფლება დღეს დაჩქარებული ტემპებით ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას, პირველ რიგში კი - საფრანგეთთან და აშშ-ისთან - ამ ქვეყნებში ისტორიულად ძლიერი სომხური ლობი არსებობს.

მართალია, ყარაბაღის თემაზე აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაპირისპირება დამთავრდა, მაგრამ გადაუწყვეტელი რჩება სასაზღვრო საკითხები და, რაც მთავარია, ზანგეზურის საგზაო დერეფნის შემდგომი ბედი - პრეზიდენტი ალიევი ცდილობს, ყარაბაღის ომებში გამარჯვების შემდეგ ოფიციალური ბაქოსთვის შექმნილი საუკეთესო პერიოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ გაჭრას 40-50-კმ-იანი ისტორიული გზა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე, სომხეთის სიუნიკის რაიონზე გავლით, რაც საერთო ჯამში, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელ, სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფნად გადაიქცეოდა...

2-irani2-1721899427.png
ირანული კამიკაძე-შაჰიდების მასობრივი გამოჩენა სომხეთის არმიის არსენალში ყველაზე სახიფათო გახდება აზერბაიჯანისთვის...

ეს არ აწყობთ სომხეთში და არც მეზობელ ირანში, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზანგეზურის დერეფნისთვის ახალი შეიარაღებული შეტაკებებიც კი მოხდეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის...

დღეისათვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებიან, სომხეთის არმიასთან შედარებით, რასაც ასევე განაპირობებს თურქეთის გარდა, ისრაელიდან თანამედროვე შეიარაღების მიწოდება ბაქოსთვის.

რუსეთიდან თანამედროვე იარაღის მიღების იმედი ფაშინიანის ხელისუფლებამ უკვე დაკარგა და ამიტომაც, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში ეძებს საბრძოლო ტექნიკის იმპორტის გზებს.

აქამდე გამოიკვეთა ინდოეთი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთის არმიის გაძლიერება ინდური წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარებითა და საზენიტო საშუალებებით დაიწყო.

მოგვიანებით ერევანს მხარში ამოუდგა მაკრონის საფრანგეთიც, რომელმაც სომხეთის არმიას „ბასტიონის“ ჯავშანმანქანების გარდა, უკვე გაუგზავნა „მისტრალის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და მობილური რადიოლოკაციური სადგურები, ეხლა კი, როგორც ჩანს, ირანის ჯერი დგება, რაც მოსალოდნელიც გახლდათ...

მოსალოდნელი იმიტომაც, რომ თეირანში ძალიან არ მოსწონთ აზერბაიჯან-ისრაელის ასეთი მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა და ამის საპირწონედ იწყებენ აზერბაიჯანთან დაპირისპირებული სომხეთის სამხედრო გაძლიერებას, ირანული იარაღით...

3-irani-1721899114.jpg

ირანული Majid-ის ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარებით სომხეთი შეძლებდა აზერბაიჯანის არმიის ისრაელიდან ნაყიდი Harop-ის კამიკაძე-დრონების მასობრივი საჰაერო თავდასხმების მოგერიებას, სწორედ იმ „ჰაროპებისა“, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს 2020 წლის 44-დღიან ყარაბაღის ომში ბაქოს გამარჯვებაში...

არის კიდევ ერთი საკითხი - თუკი სომხეთი მართლაც აპირებს 500 მლნ დოლარის ირანული წარმოების შეიარაღების შეძენას, საიდან უნდა იშოვოს ამხელა თანხები სამხრეთ კავკასიის რეგიონის ამ, ეკონომიკური პრობლემების მქონე პატარა ქვეყანამ, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 2024 წელს მხოლოდ 1,4 მლრდ დოლარს შეადგენს?

ძალიან ძნელი წარმოსადგენი იქნება, რომ ირანული „შაჰიდების“ საყიდელი ფული საფრანგეთის და მით უმეტეს - აშშ-ის სომხურმა ლობმა გაიღოს, ამ ქვეყნების სპეცსამსახურები არ დაუშვებენ, რომ მათგან წასული მილიონებით ირანის ბიუჯეტი გაძლიერდეს...

უფრო სავარაუდოა, რომ თავად ირანმა გამოუყოს მრავალწლიანი კრედიტი ერევანს, ირანული იარაღის საყიდლად...