"დარეკა 112-ში, დახმარებას ითხოვდა და დაუსახელებელია მკვლელის ვინაობა" - რა დეტალები ხდება ცნობილი თელავში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"დარეკა 112-ში, დახმარებას ითხოვდა და დაუსახელებელია მკვლელის ვინაობა" - რა დეტალები ხდება ცნობილი თელავში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე?

თელავში, სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა, ერთ-ერთი დაღუპული, 29 წლის არჩილ გაწირიძე ამავე სოფლის რწმუნებულის ძმაა, ის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა, შველას ითხოვდა მეორე დაჭრილი 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი, დაჭრილი სასწრაფომ რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ მიყენებული ჭრილობებით ისიც მალე, კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკვლელობაში ბრალდებულს, რომლის ვინაობის თქმა, სიკვდილამდე კახამ შეძლო და სამართალდამცავებს უთხრა, რომ ისინი თანასოფლელმა თამაზ წიქარაძემ სასიკვდილოდ დაჭრა. თაზო წიქარაძე არჩილის კარის მეზობელი და შვილის ნათლიაა. ამ დრომდე პოლიცია იცავს წიქარაძის საცხოვრებელ სახლსაც, სადაც დამნაშავის დედა ცხოვრობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელის შესასვლელში მდებარე ლუდის საწარმოსთან მოხდა, სადაც ჩამოსასხმელი ლუდი იყიდება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფაქტს ინციდენტში მონაწილე სამი პირის გარდა სხვა თვითმხილველი არ ჰყავს. ამიტომ არავინ იცის, რატომ დატრიალდა ამხელა ტრაგედია და რატომ ესროლა თამაზ წიქარაძემ ერთად გაზრდილ ბიჭებს.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, თავდაპირველად ერთმანეთს წიქარაძე და გაწირიძე დაუპირისპირდნენ, წიქარაძემ სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა, ისევ დაბრუნდა იქ და პირველად 29 წლის არჩილ გაწირიძეს ესროლა, ამის შემდეგ ტყვია კახა ზათიაშვილსაც დაახალა, რომელიც კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობით გაოგნებულები არიან მეზობლები. ისინი ამბობენ, რომ დამნაშავეს და გარდაცვლილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომ არ იციან რას უკავშირდება კონფლიქტი, რადგან ჩხუბი მათ არასდროს მოსვლიათ.

"ამბობენ, 2-3 გასროლის ხმა გაუგიათ. იქ რომ მისულან აჩიკო ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ, კახა ჯერ კიდევ გონზე ყოფილა, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ეძებენ ახლა თაზოს და ვერ პოულობენ. ამბობენ ნასვამები იყვნენო, იშვიათად სვამდა თაზო, მთვრალი არ გვინახავს. აჩიკო თბილისში ცხოვრობდა და აქ იყო მშობლიურ სოფელში ჩამოსული. რატომ ესროლეს, არ ვიცი. არადა, სამივე ძალიან კარგი ბიჭები არიან, თან ძალიან ახლოს ცხოვრობენ, კარგი ძმაკაცები და მეგობრები იყვნენ. საერთოდ, არც ჩხუბი და არც არაფერი გაგვიგონია. კარგი, წყნარი ბიჭები იყვნენ. ზოგი ამბობს ნასვამები არ იყვნენო. ჯერ არაფერი ვიცით"- ამბობს ადგილობრივი.

სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ისინი სახლებში გადასვენეს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აჩიკო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სოფელში, პასუხი არ გვაქვს კითხვაზე რატომ გაიმეტა თაზომ აჩიკო და კახა სასიკვდილოდ. სამივეს დადებითად ვახასიათებ. ცუდს დამნაშავეზეც ვერ ვიტყვი. მომხდარზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სამივე კარგი ბიჭი იყო და ვერც კი წარმოვიდგენდით ასეთი რამე რომ შესაძლებელი იყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი თამაზი 32 წლის არის. დაოჯახებული არ არის. დედასთან ერთად ცხოვრობს, მამა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული. ვარჯიშობდა, თითქმის ყოველ დღე დადიოდა სავარჯიშოდ დარბაზში. ამ ტრაგედიის წინა დღესაც დარბაზში ვნახე ორივენი, ერთად ვარჯიშობდნენ. რა მოხდა იმ დღეს, არ ვიცით. გაკვირვებული ვართ ყველანი. არანაირი უთანხმოება მათ შორის ადრე არ ყოფილა. არავინ არ არის ამ შემზარავი ფაქტის შემსწრეც და ამიტომ არავინ იცის რა მოხდა იქ. მართლა არ გაგვიგია რომ რაიმე კონფქლიქტი ყოფილიყო ამ ბიჭებს შორის. თაზო წიქარიძის ბავშვობის მეგობარია აჩიკო. მეზობლები არიან, მათი სახლები ერთმანეთის წინ დგას. ნათელმირონებიც არიან. დღედაღამ ერთად იყვნენ. რა მოხდა არ ვიცით, აჩიკო სუს-ში მუშაობდა სპეცრაზმელად. ადგილზეა გარდაცვლილი არჩილ გაწირიძე და კახა ზათიაშვილი გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ისიც გარდაიცვალა. ერთი იარაღით არიან მოკლულებიო. არის ვარაუდი, რომ კახა იყო გამშველებელი. თურმე მან დარეკა 112-ში, დახმარებას ითხოვდა და დაუსახელებელია მკვლელის ვინაობა. თვითონ თაზოზეც ცუდის თქმა არ შემიძლია. კონფლიქტი არავისთან არ მოსვლია, ამიტომ ყველას ეს უკვირს რა შეიძლება მომხდარიყო იქ ისეთი, რომ ასეთი მოუშუშებელი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა თუ მოხუცი ყველა ამ კითხვაზე პასუხს ეძებს. ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რა მოხდა არავინ იცის. მთვრალი თაზოც არ მინახავს. თითქმის ყოველდღე ვარჯიშობდა, ხშირად მოდიოდა დარბაზში. არჩილი თბილისში ცხოვრობდა მეუღლესთან და თავის პატარასთან ერთად. იქ მუშაობდა და ახალი ჩამოსულია სოფელში. არჩილს დარჩა მეუღლე და ერთი შვილი, კახა 52 წლის არის, მასაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გვიან დაქორწინდა კახა, უფროსი შვილი მეოთხე კლასის მოსწავლეა და პატარა წელს უნდა წავიდეს სკოლაში. კახა ლუდის ბარში მუშაობდა. სადღაც დაიწერა წილების გაყოფაზე იყო კონფლიქტიო, არანაირ წილების გაყოფაზე არ არის ლაპარაკი. კახა უბრალო თანამშრომელი იყო იქ. არის ვერსია, რომ კახა აშველებდა მათ. წარმოუდგენელია ისეთი მდგომარებაა სოფელში, ნათელმირონობა აკავშირებთ წიქარაძეებს გაწერაძეების ოჯახთან. აჩიკოს ბავშვის ნათლია ყოფილა თაზო წიქარაძე. ქუჩა კვეთს, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს არის მათი სახლები. ოჯახებით კარგი ურთიერთობა იყო, ერთად გაზრდილები არიან, ერთმანეთს ხასიათებიც კარგად იცოდნენ. კახაც ძალიან დინჯი, გაწონასწორებული ბიჭი იყო. ვერ ვფიქრობთ რა უნდა მომხდარიყო მათ შორის. იარაღი როგორ აღმოჩნდა თაზოს ხელში არ ვიცით არაფერი. რომ ვერ მოესწრო კახას იმის თქმა, რომ თაზომ ესროლა, ალბათ ამას ვერავინ იფიქრებდა. ამბობენ ეძებენო. გაქცეულია ამ დანაშაულის მერე. ნასვამი თუ იყო და ამ ნიადაგზე მოხდა, ვფიქრობ თავის თავს შეიძლება რამე ავნოს ამხელა დანაშაულის შემდეგ. ისიც არ ვიცით ნასვამი იყო თუ არა, რადგან ის მთვრალი თითქმის არ გვინახავს. სროლის ხმაზე რომ მიცვივდნენ დახვდათ ეს უმძიმესი ფაქტი. სოფლის დასაწყისში პირველივე სახლია, სადაც ეს ლუდხანაა, ჩამოსასხმელი ლუდი იყიდება იქ. ახლოს არ არის მოსახლეობა. კიდევ იყო თუ არა ვინმე მათთან ერთად, არავინ იცის. ამბობენ, მხოლოდ ეს სამი იყოო. ბავშვებმა გაიგეს სტადიონზე თამაშის დროს სროლის ხმა და აცნობეს სხვებს. კახამ კი მოასწრო დარეკვა და სასწრაფოს გამოძახება. გუშინ საღამოს საათებშია მომხდარი ეს დანაშაული. ორივე მოასვენეს უკვე სახლებში, თაზოს კი ამ დრომდე ეძებენ. არ ვიცით არაფერი, ვერ პოულობენ, იმალებაო. მაშინვე გაიქცაო. სასწაულია ამას ვერ წარმოიდგენს ადამიანი. მთელი სოფელი განადგრებულები ვართ, დიდი და პატარა ამ ამბით. აჩიკო ახლა შვებულებაში იყო და ჩამოვიდა სოფელში, დედამისი ტიროდა შვებულება ჰქონდა აღებულიო. სპეცრაზმში იყო, იქ მუშაობდა. თაზო არსად არ მუშაობდა. არც მის ფსიქიურ პრობლემებზე მსმენია რამე და არც არაფერი შემიმჩნევია. წიგნების კითხვა უყვარდა, უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ კითხვა უყვარდა. გაოგნებულბი ვართ ყველანი, რადგან სამივე კარგი პიროვნებები იყვნენ. ყველა გაკვირვებულები ვართ და იმედია პოლიცია დაადგენს რეალურად რა მოხდა. კახაც ამ უბანში გაზრდილია, უბრალოდ პაპა და ბებოს სახლშია გადასული საცხოვრებლად და იქ ცხოვრობდა თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად. რეფერალურში გადაიყვანეს და კლინიკაში გარდაიცვალა. ძალიან გაგვანადგურა ამ ამბავმა, ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენთაგანისთვის", - ამბობს ადგილობრივი.

ჯერჯერობით უცნობია რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და ალბათ მეტი დეტილი დამნაშავის დაკავების შემდეგ გაირკვევა. ფაქტია, ის ამ დრომდე მიმალვაშია და მას ბრალის აღიარების მიზნით, პოლიციაში მისვლა ამ დრომდე არ უცდია.