The Daily Telegraph-ის სკანდალური სტატია: კამალა ჰარისი ტრამპზე უარესია?! - "წარმოიდგინეთ, რა ქაოსი მოჰყვება ნოემბრის არჩევნებში ჰარისის გამარჯვებას" - კვირის პალიტრა

The Daily Telegraph-ის სკანდალური სტატია: კამალა ჰარისი ტრამპზე უარესია?! - "წარმოიდგინეთ, რა ქაოსი მოჰყვება ნოემბრის არჩევნებში ჰარისის გამარჯვებას"

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით -„კამალა ჰარისი - მუქარა დასავლეთის უსაფრთხოებისათვის“ (ავტორი - კონ კოფლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასაგებია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივა დასავლურ ალიანსში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ქაოსი მოჰყვება იმას, თუ ნოემბრის არჩევნებში კამალა ჰარისი გაიმარჯვებს და იგი აშშ-ის მომდევნო მთავარსარდალი გახდება.

უკიდურეს შემთხვევაში, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, ჩვენ ვითვალისწინებთ, თუ რას უნდა მოველოდოთ, როცა იგი თეთრ სახლში მეორედ შესვლის უფლებას მიიღებს. უსაფრთხოების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, ნატოს მომავალსა და უკრაინის ომის მიმართ, მან უკვე ნათლად გამოაცხადა თავისი პოზიცია, რომელიც დასავლელი ლიდერებისათვის ცნობილია, თუმცა ისინი მას არ იზიარებენ. დონალდ ტრამპის მუდმივმა მუქარებმა, რომ თუ ევროპა სამხედრო ხარჯებს არ გაზრდის, მას შეუძლია, უკრაინას დახმარება შეუმციროს, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბევრი დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებას ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს, რომელიც დასავლური ალიანსის მომავალს ემუქრება.

ვლადიმერ პუტინს ფსონი აქვს დადებული იმაზე, რომ დასავლეთი სერიოზულად არ უყურებს საკუთარი ინტერესების დაცვას და ზოგჯერ შეიძლება ძალიან დიდი შეცდომაც კი დაუშვას. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა დაინახა, თუ რა მოჰყვა ავღანეთიდან აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ჯარის ქაოსურ გამოყვანას 2021 წლის ზაფხულში.

ჯო ბაიდენის როლი ამ კატასტროფაში მიჩქმალული იყო მისი ლიბერალი მომხრეების მიერ იმ ქება-დიდებით, რომელიც მან მიიღო საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის გამო. მაგრამ როგორ მოიქცევა კამალა ჰარისი საგარეო-პოლიტიკური პრობლემების გადაჭრისას?

გასათვალისწინებელია, რომ მას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობებში მანამ, სანამ ვიცეპრეზიდენტად არ აირჩევდნენ. საშინაო პოლიტიკური საქმიანობითაც მას მაინცდამაინც დიდი მოწონება არ დაუმსახურებია. ძირითადი მიზეზი, რის გამოც კამალა ჰარისი ვიცეპრეზიდენტად იქნა არჩეული, იყო ის, რომ დემოკრატები იმედოვნებდნენ - მემარცხენე იდეების მქონე ფერადკანიანი აქტივისტი ქალის მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებს მიმზიდველობას შეჰმატებდა.

რას და როგორ გააკეთებს კამალა ჰარისი თეთრ სახლში, არავინ იცის. ამაზე მეტყველებს ორშაბათს აშშ-ში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტთან დაკავშირებით მომხდარი ამბავი, რომელიც ნათლად აჩვენებს - კამალა ჰარისს ჯერ კიდევ ბევრი ნიუანსის სწავლა მოუწევს სახელმწიფო მმართველობის სფეროში. ჯო ბაიდენი კოვიდით იყო ავად და ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ვერ მოახერხა, კამალა ჰარისმა კი ისრაელის პრემიერთან საუბარს ინდიანას შტატის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე დასწრება ამჯობინა. გარდა ამისა, ვიცეპრეზიდენტი არ მივიდა კონგრესში მასთან შესახვედრად, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოდიოდა. კრიტიკოსებმა კამალა ჰარისის ასეთ ქცევას „ბოიკოტი“ უწოდეს და ეს ხდება მაშინ, როცა დემოკრატიულ პარტიაში ღრმა განხეთქილებაა, ახლო აღმოსავლეთის მოვლენებთან დაკავშირებით - კონგრესის დემოკრატი წევრებიდან ზოგი მხარს პალესტინელებს უჭერს, ზოგი კი - ისრაელს.

კამალა ჰარისმა თავი ვერ გაართვა თითქმის ვერც ერთ საგარეო-პოლიტიკურ საკითხს - მათ შორის - მიგრანტებთან დაკავშირებულ პრობლემას. ერთადერთი, რაც მას წვლილად შეიძლება ჩაეთვალოს, არის ის, რომ გვატემალაში ვიზიტის დროს, 2021 წელს, მან იქაურ მოსახლეობას მოუწოდა, - ნუ დააპირებთ აშშ-ში შესვლას მექსიკის საზღვრის გავლითო. ამის მიუხედავად, საზღვარზე უკანონო გადასვლამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

თავისი მოვალეობებისადმი ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება იმას მოწმობს, რომ კამალა ჰარისის პრეზიდენტობა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევა იქნება დასავლური ალიანსისათვის, ვიდრე - დონალდ ტრამპის არჩევა. ასეთი გამოუცდელი ფიგურის მოსვლას თეთრ სახლში, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერის მანტია ექნება მოსხმული, უდავოდ მიესალმებიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა, რომელთა მთავარ მიზანს მსოფლიოში დასავლური გავლენის განადგურება წარმოადგენს.

წყარო