ქართულმა სპეცსამსახურებმა ეს უნდა წაიკითხონ: კრემლის საარჩევნო სპეცოპერაციები - დეზინფორმაცია, "სამხრეებიანი ჟურნალისტები" და ქვეყნებს შორის შუღლის ჩამოგდება - კვირის პალიტრა

ქართულმა სპეცსამსახურებმა ეს უნდა წაიკითხონ: კრემლის საარჩევნო სპეცოპერაციები - დეზინფორმაცია, "სამხრეებიანი ჟურნალისტები" და ქვეყნებს შორის შუღლის ჩამოგდება

2024 წლის შემოდგომა მრავალი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი, ზოგიერთის მომავალი განვითარებისთვის კი - გადამწყვეტიც. მსოფლიოს ორ ათეულამდე ქვეყანაში დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგები განსაზღვრავს მათ მომავალ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს. მსოფლიო ზესახელმწიფოები, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ, ღიად და ფარულად, მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარი. ასე იყო და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება.

თუმცა ყველას თავისებურად ესმის „მხარდაჭერა“: ზოგიერთი სახელმწიფო ამ დროს დემოკრატიული პრინციპების უზენაესობას ანიჭებს პრიორიტეტს (მათთვის გამარჯვებულია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს), ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება კი ყველა საშუალებას იყენებს, რათა მისი ინტერესების გამტარებელი პარტია დარჩეს ან მოვიდეს რომელიმე ქვეყნის სათავეში. არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და რომ იტყვიან: „ქურდს ქუდი ეწვისო“, - რუსეთის ხელისუფლება „დედას იფიცება“, - როდის იყო ჩვენ სხვა ქვეყნების საპრეზიდენტო/ საპარლამენტო არჩევნებში ვერეოდითო. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსკოვს არ დაეჯერება: უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე მსოფლიოში თითქმის არ იყო ქვეყანა, სადაც გამართულ არჩევნებ/რეფერენდუმებში რუსეთი არ ჩარეულიყოს. ეგაა რომ - ხან უმართლებს და ხან -არა.

რუსეთის ხელისუფლებას ნამდვილად აქვს „ობიექტური მიზეზი“, რომ ხელი აფათუროს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში: ის ხომ საბჭოთა იმპერიის სამართლებრივი მემკვიდრეა! 1918-1991 წლების პერიოდში მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, რომლის საპრეზიდენტო/ საპარლამენტო არჩევნებზე კრემლს ზემოქმედება არ მოენდომებინა. შედეგები ცვალებადი იყო: ზოგიერთ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში (მაგალითად, ფინეთი) „რბილი ძალის“ გამოყენებით მოსკოვი ახერხებდა მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის (პრეზიდენტ ურჰო კეკონენის) ხელისუფლების სათავეში თითქმის სამი ათეული წელი შენარჩუნებას, ზოგ ქვეყანაში (იტალია, საფრანგეთი და სხვ.) კი - „გავლენის აგენტების“ პარლამენტსა და მთავრობაში გაყვანის მეტს ვერ „ქაჩავდა“.

ამ მხრივ გამორჩეული მაინც ინდოეთი იყო, სადაც საბჭოთა სპეცსამსახურებს დიდი არჩევანი ჰქონდათ „აგენტ-ინფორმატორების“, „გავლენის აგენტების“ თუ, უბრალოდ, ”სანდო პირების“ მრავალრიცხოვან “არმიას” შორის. მათგან მოსკოვს, პირველ რიგში, “გავლენის აგენტები” აინტერესებდა, რადგანაც სწორედ მათ ხელში იყო ან მოკლე პერიოდში აღმოჩნდებოდა ინდოეთის (ეს „ფორმულა“ ანალოგიურად მუშაობს ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვისაც) პოლიტიკური სისტემის მართვის სადავეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 1960-1980 წლების ინდოეთი არის იმის ქრესთომატიული მაგალითი, თუ როგორ მუშაობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები განვითარებად ქვეყნებში. ამ მეთოდს „მასობრივი შეღწევის სტრატეგიაც“ შეიძლება ვუწოდოთ, რაც გულისხმობს აგენტურის გადაბირებას, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მასმედიაში.

„მიტროხინის არქივიდან“ დასტურდება, რომ ინდოეთში, 1967 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, "კა-გე-ბე" აფინანსებდა, როგორც კომუნისტურ პარტიას და სხვა მემარცხენე ძალებს, ასევე - პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის „მშობლიურ“ - „ინდოეთის ეროვნულ კონგრესს“. გარდა ამისა, საბჭოთა სპეცსამსახურები ცალკე აფინანსებდნენ რამდენიმე აგენტისა და „კონფიდენციალური კონტაქტის“ წინასაარჩევნო კამპანიასაც. ასეთი, ძალზე მნიშვნელოვანი „გავლენის აგენტი“ ყოფილა ერთ-ერთი მინისტრი (ოპერატიული მეტსახელი ABAD), რის შესახებ ინდირა განდიმაც არ იცოდა.

ინდოეთში კა-გე-ბეს ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა მხოლოდ „თავისიანების“ დახმარებით არ შემოიფარგლებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა ინდირა განდის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციასაც. 1967 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "კა-გე-ბეს" ნიუ-დელის რეზიდენტურის პოლიტიკური დაზვერვის მიმართულების უფროსის, იური მოდინის ორგანიზებით ჩატარდა „ინდოეთის ეროვნულ კონგრესში“ ინდირა განდის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის, სადოშივ კანოჯი პატილის (1898–1981) კომპრომეტირების რამდენიმეეტაპიანი სპეცოპერაცია.

collageooo-1721976910.jpg

„მონადირე“ და მისი „მსხვერპლი“: იური მოდინი და სადოშივ პატილი

პირველ ეტაპზე ნიუ-დელიში მდებარე აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო განყოფილებაში მოქმედმა საბჭოთა აგენტმა (ოპერატიული მეტსახელი „მიხეილი“) იური მოდინს გადასცა საელჩოსა და საკონსულოს ოფიციალური დოკუმენტებისა და ხელმოწერების ნიმუშები. შემდეგ "კა-გე-ბეს" რეზიდენტურის „ოტოს“ (ოპერატიული ტექნიკის მიმართულება) თანამშრომლება დაამზადეს აშშ-ის საკონსულოს ყალბი ბლანკი, სადაც ჩაბეჭდეს სადოშივ პატილის მაკომპრომეტირებელი ტექსტი და გააყალბეს ბომბეიში აშშ-ის კონსულის ხელმოწერა. ამ „საიდუმლო წერილში“ კონსული აშშ-ის ელჩს ვითომ „ატყობინებდა“: -სადოშივ პატილს ამდენ ფულს ვუხდით, ის კი ძალიან „ჩაეხუტა“ პაკისტანის დაზვერვასო. რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუე იყო. მესამე ეტაპზე ეს გაყალბებული „საიდუმლო წერილი“ იური მოდინმა "კა-გე-ბეს" მიერ გადაბირებულ ერთ-ერთ ინდოელ ჟურნალისტს გადასცა და მეორე დღესვე „სენსაციური ინფორმაცია“: -პატილი ამერიკელებზე და პაკისტანელებზე მუშაობსო, – მთელ ინდოეთს მოედო. "კა-გე-ბემ" მიზანს მიაღწია: სადოშივ პატილი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და მალევე მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდა.

ინდოეთში 1967 წლის გაზაფხულზე (თებერვალ–მარტი) ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კა-გე--ბეს თავმჯდომარე ვლადიმერ სემიჩასტნიმ საბჭოთა პოლიტბიუროს უპატაკა: „გიხაროდენ“, ინდოეთის ახლად არჩეული პარლამენტის 30–40 პროცენტს ჩვენ ვაკონტროლებთო!

„გავლენის აგენტურის“ სპეციფიკა მოითხოვს მათ სისტემატიურ „მონიტორინგს“ და მუდმივად „მოკლე საბელზე“ ყოლას. ინდოეთში "კა-გე-ბე" „გავლენის აგენტების“ მანიპულირების უძველეს, თუმცა მაინც ძალზე ეფექტიან მეთოდს იყენებდა. პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის „მოსკოველი მეგობრები“ რეგულარულად აფრთხილებდნენ ჩინეთიდან, პაკისტანიდან და აშშ-დან „მოსალოდნელ საფრთხეებზე“: მისი თანმდებობიდან ჩამოგდების და ფიზიკური ლიკვიდაციის „ამერიკულ გეგმებზე“.

1973 წლის ნოემბერში ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო ეწვია. მის პატივსაცემად დედაქალაქ ნიუ დელიში დიდი ბანკეტი მოაწყეს, სწორედ იქ გაუზიარა ინდირამ ფიდელს საკუთარი შიშები: „ამერიკელებმა, როგორც სალვადორ ალიენდე მოკლეს, ისევე უნდათ ჩემი ლიკვიდაციაცო“.

ფიდელ კასტრო უმალ დაეთანხმა.

blogi-4-1721976821.jpg

ინდირა და ფიდელი

"კა-გე-ბე" ასევე ოსტატურად ავრცელებდა დეზინფორმაციას და არწმუნებდა ინდირა განდის, რომ ინდოეთში არსებული პრობლემები ამერიკელების შექმნილია და ოპოზიციის უკანაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დგასო. რეალურად კი, ამერიკელებს ინდოეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურდათ. სწორედ ამ მიზნით, 1974 წლის ოქტომბერში ინდოეთს ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ეწვია. ამ ორ ქვეყანას შორის „დათბობა“ მოსკოვის გეგმებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ვიზიტს "კა-გე-ბეს" რეზიდენტურა და მისი აგენტურული ქსელი სრულ მზადყოფნაში შეხვდა. „გავლენის აგენტებს“ გადაეცათ ვითომ „ამერიკელების შეთქმულების“ საბჭოთა საგარეო დაზვერვის დეზინფორმაციის სამსახურში შეთხზული ისტორიები. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, სხვა წამყვანი მინისტრები და პარლამენტის წევრები გაოცებულები კითხულობდნენ ინდურ გაზეთებში დაბეჭდილ ახალ-ახალ ისტორიებს „ამერიკელების საშინელი გეგმების“ შესახებ. ამგვარი აგრესიული დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად ამერიკელების ბოროტებაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა ინდირა განდიმ ჰენრი კისინჯერთან მოლაპარაკებების დროს პირდაპირ დასვა კითხვა: „თქვენი სპეცსამსახურები როდის გეგმავენ ჩემს ლიკვიდაციასო“. მრავლისმნახველ კისინჯერსაც კი გაუჭირდა სიტუაციის განმუხტვა. პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის იმდენად სჯეროდა "კა-გე-ბეს" მიერ მოგონილი საგაზეთო ისტორიების, რომ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმა განიხილა ეს საკითხი.

"კა-გე-ბეს" ზემოაღნიშნული დეზინფორმაციული ოპერაციების უმნიშვნელოვანესი რგოლი იყო აგენტურული ქსელი ინდოეთის მასმედიაში: ჟურნალისტები; პუბლიცისტები; ყველა ასაკის ექსპერტ-ანალიტოკოსები; ჟურნალ-გაზეთების გამომცემლები და ა.შ. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში ინდოეთში მათ გადაბირებასა და ოპერატიულ ხელმძღვანელობას (“კურატორობას“) ახორციელებდნენ საბჭოთა „სამხრეებიანი ჟურნალისტები“: გაზეთ „ტრუდის“ კორესპონდენტის ლეგენდას შეფარებული ა. ხაჩატურიანი და საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ ჟურნალისტის ლეგენდით მოქმედი ვ. ჩერეპახინი. რა გასაკვირია, რომ ისინი ხშირად ხვდებოდნენ ინდოელ ჟურნალისტებს, არჩევდნენ გადაბირების კანდიდატებს და შემდეგ უკვე „მეგობრულად“ უზიარებდნენ „სრულიად შემთხვევით“ ხელში ჩავარდნილ „საიდუმლო დოკუმენტებს“ (რეალურად, დეზინფორმაციას). შემდეგ კი: ზოგი ფულს დახარბებული, ზოგი კი - მართლაც „სასარგებლო იდიოტი“ ჟურნალ-გაზეთების „ინდოელი ლომი“ პირველ გვერდზე უშვებდა დასავლეთის ქვეყნების საწინააღმდეგო „სენსაციურ ინფორმაციას“.

სამწლიანი „საგანგებო მდგომარეობის“ შემდეგ ინდირა განდიმ გადაწყვიტა, რომ უკვე სრულად აკონტროლებდა ქვეყანაში სიტუაციას და 1977 წლის მარტში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ეს საკითხი კრემლთანაც იყო შეთანხმებული და „საბჭოთა მეგობრები“ წინასწარ ულოცავდნენ ინდირას გამარჯვებას. „კრემლმა“ "კა-გე-ბეს" დაავალა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალურად დახმარებოდა ინდირა განდის. დაიგეგმა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით - КАСКАД. საბჭოთა საგარეო და სამხედრო დაზვერვები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მხოლოდ "კა-გე-ბეს" ოპერატიულმა თანამშრომლებმა არჩევნების წინ აგენტებთან 130-მდე ფარული შეხვედრა ჩაატარეს, „გავლენის აგენტებთან“ ღია და ოფიციალურ კონტაქტებს კი - ვინ მოთვლის. გაძლიერდა ზეწოლა ინდოეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაზე: მათ ინდირა განდის პარტიასთან ერთობლივი კოალიცია უნდა შეექმნათ. 1977 წლის 15 თებერვალს ნიუ დელიში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოში მიიწვიეს ინდოეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, 1974 წელს „ლენინის ორდენით“ დაჯილდოებული ჩანდრა რაჯეშვარ რაო (1914–1994) და პარტიის ეროვნული საბჭოს მდივანი ნ. კრიშნა. მოსკოვიდან ჩამოსულმა „ამხანაგებმა“ ინდოელ

rao-1721976800.jpg

ჩანდრა რაჯეშვარ რაო

კომუნისტებს ჭკუა დაარიგეს და არჩევნებისთვის 3 მილიონი რუპიაც გადასცეს.

თუმცა, როგორც იტყვიან, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“: ინდირა განდისა და კომუნისტების ბლოკმა სასტიკი მარცხი იწვნია ოპოზიციასთან. ამის შემდეგ საბჭოთა საელჩომ შეწყვიტა ოფიციალური კონტაქტები ინდირა განდისთან, თუმცა სამაგიეროდ, "კა-გე-ბეს" ნიუ-დელის მთავარმა რეზიდენტურამ აღადგინა საიდუმლო კონტაქტები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, „სამხრეებიანი ჟურნალისტის“, ვიქტორ ჩერეპახინის მონაწილეობით.

1977 წლის აგვისტოში ინდოეთში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, საბჭოთა პოლიტბიურომ დაამტკიცა სრულიად საიდუმლო დირექტივა, ამ ქვეყანაში "კა-გე-ბეს" ოპერაციების გააქტიურიების შესახებ. დირექტივის სახელწოდება ძალზე მრავლისმეტყველია: „ახალ პირობებში სსრკ-ის სასარგებლოდ ინდოეთის მმართველ წრეებზე ზემოქმედების ზომების შესახებ“. ამის შემდეგ "კა-გე-ბემ" უფრო გააძლიერა ამერიკიდან და ჩინეთიდან „მომდინარე საფრთხის“ დეზინფორმაციული ოპერაციებით ინდოეთის ახალი ხელისუფლების დაშანტაჟება. პარალელურად კი, საბჭოთა დაზვერვა ახალი მთავრობის წევრებზე კომპრომატებს აგროვებდა. შედეგმაც არ დააყოვნა: 1978 წლის ივნისში მათ მოახერხეს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჩარან სინგჰის დისკრედიტაცია და ინდირა განდის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი იძულებულ გახდა, გადამდარიყო.

(მეთერთმტე ნაწილის დასასრული)