102 წლის კაცის მოგონებები: "ხალხს პროდუქტი მოჰქონდა, მაგრამ გაფრთხილებული ვიყავით, არაფერი მიგვეღო, - არ თქვან, საბჭოთა კავშირი დამშეული და გაჭირვებულიაო... შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო" - კვირის პალიტრა

102 წლის კაცის მოგონებები: "ხალხს პროდუქტი მოჰქონდა, მაგრამ გაფრთხილებული ვიყავით, არაფერი მიგვეღო, - არ თქვან, საბჭოთა კავშირი დამშეული და გაჭირვებულიაო... შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო"

"დიმიტრი ვეშაგურიძე 1922 წლის 1-ლ მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

მეორე მსოფლიო ომში 1942 წლის 1-ლ იანვარს გაიწვიეს. იბრძოდა უკრაინის მეოთხე ფრონტზე, 82-ე დივიზიის 215-ე პოლკის შემადგენლობაში. დაიჭრა, თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ისევ ფრონტს დაუბრუნდა და ბერლინამდე ბრძოლით ჩავიდა; მონაწილეობდა ფაშიზმისგან ევროპის გათავისუფლებაში; სამშობლოში 1949 წელს დაბრუნდა, დაოჯახდა და მას შემდეგ, მშობლიურ სოფელში ცხოვრობს, შრომობს. ბატონმა დიმიტრიმ თუშური ტრადიციული ყველის ტექნოლოგია შეისწავლა და ათწლეულების განმავლობაში ამ საქმეს მისდევდა; დღესაც მხნედაა; ომში გატარებული თითოეული დღე, ბრძოლის ყველაზე რთული დღეები, ფრონტელი მეგობრები კარგად ახსოვს... ძალიან უყვარს სტუმრები, განსაკუთრებით - ახალგაზრდები. მშობლიურ მიწაზე უფრო ტკბილი არაფერიაო", - ხშირად ამბობს და მომავალ თაობას ქართული მიწის სიყვარულისკენ მოუწოდებს..."

"...დიმიტრის არ უყვარს ომის ეპიზოდების გახსენება, კითხვებზე არ პასუხობს. ამბობს, სიტყვა "ომი" უნდა გაქრეს, არ უნდა არსებობდეს. სამყაროს მხოლოდ შრომა და სიყვარული გადაარჩენსო... მიუხედავად ომის პერიოდში გამოვლილი საშინელი ანტისანიტარიის, შიმშილისა და ბევრი უბედობისა, ჯანმრთელია, დღემდე ვერ ისვენებს და მიუხედავად 102 წლისა, მაინც ასრულებს პატარ-პატარა სამუშაოებს..." - ამბობს დიმიტრი ვეშაგურიძის რძალი ასმათ დევდარიაძე...

საინტერესოდ განვლილი ცხოვრების შესახებ თავად დიმიტრი ვეშაგურიძე თუშეთიდან გვესაუბრა...

- დავიბადე 1922 წლის 9 მაისს, თუშეთში, სოფელ ვერხოვანში, მეცხვარის ოჯახში. სამი წლის შემდეგ გაჩნდა ჩემი ძმა, რომელიც 11 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა... 7 წლის რომ გავხდი, ოჯახი მთიდან ბარში ჩამოვიდა და ქვემო ალვანის სკოლაში შემიყვანეს. ამ წელს გარდამეცვალა დედა და ობლად დავრჩით 7 და 3 წლის ძმები... ორი მამიდა მყავდა, მათ ძალიან დიდი ამაგი მიუძღვით ჩემს გაზრდაში, დედის მაგივრობას მიწევდნენ. ერთი წლის შემდეგ მამა მეორედ დაოჯახდა, კარგი დედინაცვალი გვყავდა, ძმებს შვილებივით გვზრდიდა. შემდეგ გაჩნდნენ ჩემი დები... რვა კლასი რომ დავამთავრე, ოჯახური პირობების გამო ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება და მამასთან ერთად ცხვარში წავედი, საერთო ძალისხმევით ოჯახის შენახვა შევძელით.

- ომში როდის წახვედით?

- 19 წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო და ოცი წლის ფრონტის ხაზზე გავხდი... 1941 წლის ბოლოს გამომიძახეს კომისარიატში და ხუთ ალვანელ ბიჭთან ერთად, თელავისკენ გზას ფეხით გავუდექი. დეკემბერი იყო, ახალი წელი ახლოვდებოდა, სოფელში და მთელ რაიონში დიდი თოვლი იდო. ამ თოვლში ფეხით წავედით, გზაზე დაგვიღამდა. კალოშები მეცვა, სულ სველი ვიყავი. ის ღამე მეგობართან გავათენეთ, მეორე დღეს თელავში ისევ ფეხით წავედით. ქვემო ალვანიდან თელავამდე დაახლოებით 30 კილომეტრია და დიდ თოვლში ამხელა გზა სულ ფეხით გავიარეთ. თელავიდან თბილისში მატარებლით ჩავედით, იქიდან 400 ქართველი წვევამდელი ბაქოში ჩაგვიყვანეს და სტალინგრადის გავლით - მოსკოვში, იქ კი ეს ახალგაზრდები სხვადასხვა ნაწილში გაგვანაწილეს. მოსკოვში მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩაგვრეკეს. ღამე იქ გავათენეთ. დილით სასადილოში წაგვიყვანეს, პური გვაჭამეს. შემდეგ იარაღის გამოყენება ნაწილობრივ შეგვასწავლეს. შემდეგ მე იაროსლავის სასწავლო ბანაკში მოვხვდი, სადაც სერჟანტის კურსები გავიარე. იქიდან კუიბიშევის სამეთაურო კურსებზე გამგზავნეს და როცა დავამთავრე, შინაგანი ჯარების 82-ე დივიზიაში მოვხვდი, 205-ე პოლკში, მესამე ასეულის მეთაურად. ბრძოლით გავიარეთ კარპატების მთები, ვიბრძოდით პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში... ყოველთვის წინა ხაზზე ვიბრძოდი. ალბათ იღბლიანი ვიყავი, რადგან მხოლოდ ერთხელ დავიჭერი და ერთი თვე ჰოსპიტალში ვიწექი. გამოჯანმრთელების შემდეგ ფრონტზე დავბრუნდი, გერმანიამდე ბრძოლით ჩავედით... გერმანიაში ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში სამხედრო ფორმით რომ გადავდიოდით, ხალხი ჩვენს შესახვედრად გზაზე გამოდიოდა. პური, მოხარშული კარტოფილი ან სხვა პროდუქტი მოჰქონდათ. გაფრთხილებული ვიყავით, რომ არაფერი მიგვეღო, შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო. ზოგჯერ ჩუმად პურს მაინც ვიღებდით, როცა ძალიან გვშიოდა. არადა გვეუბნებოდნენ, - არ მიიღოთ, არ თქვან, საბჭოთა კავშირი დამშეული და გაჭირვებულიაო.

ომი რომ დამთავრდა, ჩვენი დივიზია უკრაინაში უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნეს. პარტიზანული ბრძოლები მიდიოდა. 1947 წელს პირველად ვისარგებლე 10-დღიანი შვებულებით და სახლში ჩამოვედი. ოჯახში დამხვდა პატარა, ორი წლის ძმა... შემდეგ ისევ უკრაინაში დავბრუნდი და 1949 წლის გაზაფხულზე დამსახურებული ჯილდოებით შინ გამომიშვეს.

- ომიდან დაბრუნების შემდეგ როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?

- დაბრუნებიდან ერთ თვეში ცხვარში წავედი. ორი წლის შემდეგ სწავლა დმანისის ტექნიკუმის ყველის მრეწველობის სპეციალობაზე დავიწყე... 1952 წელს გარიგებით დავქორწინდი ძალიან წყნარ, თბილ და მეოჯახე გოგონაზე. ვაჟი და გოგო შეგვეძინა... ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა წითელწყაროს რძის ქარხანაში დავიწყე ყველის ოსტატის თანამდებობაზე, სადაც ვამზადებდი სხვადასხვა სახის ყველს, არაჟანს, ხაჭოს... ქარხანა 1990 წელს დაიხურა და საკვებმოპოვების ბრიგადირად გადავედი... 2000 წელს დავბრუნდი მშობლიურ ქვემო ალვანში და მეუღლესთან ერთად მესაქონლეობას, მევენახეობას, მებოსტნეობას ვეწეოდი. 11 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა. ამის გამო ემიგრაციიდან შვილი, რძალი დაბრუნდნენ, ერთად ვცხოვრობთ. მყავს ერთი შვილიშვილი - დიმიტრი ვეშაგურიძე და ხუთი წლის უსაყვარლესი შვილთაშვილი - მეგი.

- ომზე მოგონებები არ გიყვართ?

- არ იცით ომი და რა უნდა მოგიყვეთ?! ომი ხოცვა-ჟლეტვაა, ომში ან შენ მოგკლავენ, ან შენ უნდა მოკლა. თქვენ ვერ გაიგებთ, რა საშინელებაა, როცა მიმოიხედავ და ხედავ ნანგრევებად ქცეულ ქალაქებს და სოფლებს, სისხლსა და ტალახში ამოსვრილ, დაჭრილ მებრძოლებს ან მათ გვამებს... ირგვლივ საშინელი სუნია, ისმის კვნესა, ყვირილი, ისტერიული სიცილი... ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია.

ასმათ დევდარიაძე:

- დიმიტრი 1943 წელს უკრაინაში დაიჭრა. სანგარში მჯდომს წარბში მოხვდა ასხლეტილი ტყვია. ვეღარ ხედავდა, თვალები სისხლით და ტალახით ჰქონდა ამოვსებული. სანგრიდან ამოიყვანა რიგითმა - ჩინეევმა და სანიტარიულ ნაწილამდე ზურგით ატარა. იქ გაუწიეს პირველი დახმარება და ლვოვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც თვეზე მეტხანს მკურნალობდნენ... ომის დამთავრებას შეხვდა გერმანიაში. გახარებული მებრძოლები ჰაერში ისროდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ... მისთვის ეს სიხარული მეორე დღეს დამთავრდა, რადგანაც მათი დივიზია სასწრაფოდ უკრაინაში გაგზავნეს საბრძოლველად. იქ ბევრი რამ გადახდა, მაგრამ არ ლაპარაკობს. ამბობს, საიდუმლოა და მოყოლა არ შეიძლებაო.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"