რუსეთი ნატოს ამცირებს?! - "შაჰიდები" უკრაინას უკვე ნატოს საჰაერო სივრციდან უტევენ: ერთი ჩამოაგდეს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

რუსეთი ნატოს ამცირებს?! - "შაჰიდები" უკრაინას უკვე ნატოს საჰაერო სივრციდან უტევენ: ერთი ჩამოაგდეს, მაგრამ...

რუსული „შაჰიდების“/„გერანების“ ყოველი ღამით თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე უკვე თავად უკრაინელებიც კი შეეგუენ და ამ უპილოტო კამიკაძე-დრონების დიდ ნაწილს აგდებენ კიდეც...

ამიტომაც 25 ივლისს, გამთენიისას, უკრაინის ოდესის ოლქის საპორტო ქალაქ იზმაილზე რუსული კამიკაძე-დრონების ღამისეული შეტევა რუსი ოკუპანტების მორიგ საჰაერო თავდასხმად შეფასდებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი...

1-izma-1721989025.jpg
რუმინეთის არმიის საზენიტო „გეპარდმა“ პირველად - ნატოს ისტორიაში ჩამოაგდო რუსული საბრძოლო საფრენი აპარატი - „შაჰიდ“/„გერანის“ ტიპის კამიკაძე-დრონი...

უკრაინულ იზმირზე თავდასასხმელად მფრენი მორიგი რუსული „შაჰიდი“ ამ ქალაქამდე 11 კმ-ის დაშორებით ჩამოაგდეს, ოღონდ არ უკრაინელმა, არამედ... რუმინელმა მეზენიტეებმა, „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარიდან გაშვებული ჭურვების ჯერით...

გამოდის, რომ ნატომ ბოლოსდაბოლოს მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას და მის მეზობელ ალიანსის წევრ ქვეყნებს ნება დართო, თავიანთი ტერიტორიებიდან გაეხსნათ საზენიტო ცეცხლი, თუკი რუსული კამიკაძე-დრონები მათი საზღვრის სიახლოვეს გამოჩნდებოდნენ?

არა, ნატოს ჯერ კიდევ არ ყოფნის ამის გამბედაობა, უბრალოდ, რუსული „შაჰიდი“ რუმინეთის საჰაერო სივრცეში მიფრინავდა, უკვე მერამდენედ, და რუმინეთის ხელისუფლებას აევსო მოთმინების ფიალა და ჩამოაგდო რუსული კამიკაძე-დრონი.

2-izm-1721989145.jpg
25 ივლისს რუმინული დასახლების, პლაურუს სიახლოვეს, რომელიც უკრაინულ იზმაილს ესაზღვრება, აღმოჩენილი იქნა სამი რუსული „შაჰიდ“/„გერანის“ ფრაგმენტები...

ნატოს ხელმძღვანელობა არ ღალატობს თავის „მოთმინების“ პოზიციას და კიდევ აცხადებს, რომ მისი წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსული საბრძოლო საფრენი საშუალების მიერ წინასწარგანზრახული არ ყოფილა...

ამასვე ამტკიცებდა ნატო ზუსტად ერთი წლის წინათაც, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ასე ახლოს, სულ რაღაც ნახევარ კმ-ში პირველად მიუახლოვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 24 ივლისის ღამეს რუსულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ქალაქ რენის პორტზე.

ქალაქი რენი უკრაინა-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს, მდინარე დუნაის დელტაში და იქ მოქმედი სავაჭრო პორტი ნატოს წევრი რუმინეთიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული.

რუსეთი განსაკუთრებული დაუნდობლობით ბომბავს უკრაინის საზღვაო პორტებს ოდესაში, ჩერნომორსკში, იუჟნიში, ნიკოლაევში, რათა გაანადგუროს საპორტო ინფრასტრუქტურა და უკრაინას გაუძნელოს საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტი, რაც დღეს ომში მყოფი უკრაინის ხაზინის სავალუტო მარაგის ერთ-ერთ მთავარ შემავსებელ საშუალებას წარმოადგენს.

შავი ზღვის პორტების სისტემატური დაბომბვის ფონზე, უკრაინამ სცადა გამოსავლის პოვნა და მარცვლეულის სავაჭრო გემებზე დატვირთვა რენისა და იზმაილის პორტებში დაიწყო, რომლებიც მდინარე დუნაის დელტაში მდებარეობენ. მდინარე დუნაი შავ ზღვას უერთდება და ამასთან, მასზე უკრაინა-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარი გადის.

შეცდომები ყველა ომში ხდება, როდესაც მებრძოლი ქვეყნების მეზობლების სასაზღრო ტერიტორიებიც კი ზარალდება, მაგრამ უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე, მდინარე დუნაის დელტაზე არსებული უკრაინული საპორტო ქალაქების - იზმაილისა და რენის სისტემატური დაბომბვების ბოლო პერიოდში ახალი, ძალზე საშიში ტენდენცია გამოიკვეთა...

შავი ზღვის სანაპიროდან იზმაილამდე პირდაპირი ხაზით 80 კმ-მდეა, რენიმდე კი - 120 კმ-ი, მაგრამ მდინარე დუნაის კალაპოტი დაკლაკლინია და რუსულ „შაჰიდებს“ ბევრად მეტი მანძილის გაფრენა მოუწევდათ, მდინარის დელტას რომ აჰყოლოდნენ, რა დროსაც იზრდება მათ ჩამოგდების ალბათობა იმ უკრაინული მობილური საზენიტო ჯგუფების მხრიდან, რომელთა ტყვიამფრქვევიანი და პროჟექტორიანი "პიკაპები" მდინარის სანაპიროზე არიან ჩამწკრივებულნი.

3-izm-1721989108.png
უკრაინული იზმაილი, მდინარე დუნაის დელტა და რუმინული დასახლება პლაურუ...

შესაბამისად, რუსეთის გენშტაბში „შაჰიდების“ ფრენის მარშრუტს ისე აპროგრამებენ, რომ ეს კამიკაძე-დრონები მაქსიმალურად აცდნენ უკრაინელი მეზენიტეების ჩასაფრების ადგილებს.

შესაბამისად, არჩეული იქნა ახალი მარშრუტი, რომელიც, სავარაუდოდ, ნაწილობრივ გადის უკრაინის მეზობელი, ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივცეშიც, სადაც მას უკრაინელი მეზენიტეები ვერ მიწვდებიან, ხოლო ნატოს დირექტივა მკაცრად მოუწოდებს თავის წევრ ქვეყნებს, რომ არაფრის დიდებით არ ჩამოაგდონ ის რუსული დრონები და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც საზღვრისპირა უკრაინული ქალაქებისკენ მიფრინავენ, ღმერთმა არ ქნას, პუტინი „გაგვიბრაზდესო“ და...

რუსული კამიკაძე-დრონი, რომელიც საზღვრიდან 11 კმ-ის სიღრმეში რუმინულმა „გეპარდმა“ ჩამოაგდო, აუცილებლად უკრაინულ იზმაილზე თავდასასხმელად მიფრინავდა ანუ რუსეთი მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო, როგორც თავისი, ისე - ბელარუსის ტერიტორიიდან, ეხლა იქამდეც კი მივიდა, რომ საჰაერო შეტევებს უკრაინაზე უკვე თვით ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლითაც კი ცდილობს...

„ოღონდ რამე არ მოხდეს“ შიშით შეპყრობილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა კი ჯიუტად იმეორებს -დიახ, ჩემი წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე მართლაც აფეთქდა რუსული დრონი, მაგრამ ეტყობა, გზა შეეშალა და ეს წინასწარგანზრახული არ იყოო...