მეფუტკრეობით „მოწამლულნი“ - კვირის პალიტრა

მეფუტკრეობით „მოწამლულნი“

მიხეილ და გიორგი ჯაშიაშვილები ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საფუტკრე მეურნეობას უძღვებიან. ქალაქიდან სოფლად წასული ძმები წლებია, მუხლჩაუხრელად შრომობენ. მიხეილი პიანისტია და წლების წინ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა, მათ შორის, მამასთან სტუდიაში, წერდა ფონოგრამებსაც მომღერლებისთვის, ინსტრუმენტალისტებისთვის. გიორგი ჯაშიაშვილს სპორტისა და ფიზკულტურის აკადემია აქვს დამთავრებული კარატეს განხრით. შავი ქამრის, პირველი დანის მფლობელია და თბილისში ბავშვებს ავარჯიშებდა, შეჯიბრებებზე გაჰყავდა, პარალელურად პრესტიჟულ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელიც გახლდათ. ყოველივე ეს ახლა მათთვის წარსულია, რადგან ძმები მეფუტკრეობამ შეიყოლია.

მიხეილ ჯაშიაშვილი:

- გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩემი დიდი პაპა სოფელ ვარდისუბნიდან თბილისში სამუშაოდ გადმოვიდა, დედაქალაქში დარჩა და მეუღლეც აქაური შეირთო. შემდეგ პაპა, მამა, მე და გიორგი თბილისში დავიბადეთ, სოფელი არ გვქონია. ეზო-კარი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, 1989 წელს მამამ სააგარაკედ იყიდა ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, ზაფხულობით ჩამოვდიოდით მხოლოდ. სახლი მაინც მიტოვებულივით იყო. აქაურობას ყურადღებას ნათესავები აქცევდნენ... 2007 წლიდან დამებადა იდეა, სკები შემეძინა. საერთოდ, რაღაც ისეთი საქმის წამოწყება გვინდოდა სოფლის მეურნეობაში, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ვყოფილიყავით. სოფელიც ძალიან გვიყვარდა და გადავწყვიტეთ, სოფლის ცხოვრება აგვერჩია. განსაკუთრებით მეფუტკრეობა მოგვეწონა, ცოტათი არაორდინარულია, მასობრივიც არ არის, ამ საქმეს ბევრი არ მიჰყვება, უმეტესად მაინც მოხუცები.

3579f51d-3d13-4c42-9ed8-ecbd90e513fa1-1721995588.jpg

- ერთია დარგის არჩევა მუშაობისთვის, მაგრამ მეორე - ცოდნა, რომელიც მეფუტკრეობას სჭირდება.

- საერთოდ, ეს სფერო მომწონდა, დავდიოდი გამოფენებზე და უამრავ ლიტერატურას ვყიდულობდი. ბევრს ვკითხულობდი ინტერნეტშიც. 2008 წელს, სოფელში გადმოსვლიდანვე, მეორე წელს მეფუტკრეობის ინსტიტუტში მივედი, რომელსაც ვენერა სტეფანიშვილი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთწლიანი კურსი გავიარე, თავისი პრაქტიკით. შევისწავლე როგორც დედების ხელოვნურად გამოყვანა, ასევე რძეზე მუშაობაც. თაფლსა და მის გამოწურვაზე ხომ ლაპარაკი არ არის, ეს დამწყებსაც შეუძლია.

პირველივე წლებიდან დავისახეთ მიზნად, რომ ჩვენი მეურნეობა სრულყოფილი ყოფილიყო. დავიწყეთ ყველაზე რთულიდან, დედები ხელოვნურად გამოგვყავდა. დედების მარაგი უნდა გქონდეს, რათა გამრავლება ადვილი იყოს, საქმეში დამოუკიდებელი დარჩე და მუდმივად სხვისი ჩარევა არ გჭირდებოდეს. უკვე 2010 წლიდან ამ ყველაფერს ბიზნესის სახე მიეცა.

2007 წელს ორი სკა შევიძინეთ, ბევრს ერთად არ მოვედე, ვიცოდი, რომ რთული დარგი იყო, ფუტკარი შეცდომას არ გვაპატიებდა, თან შეცდომებს ზედმეტი ხარჯიც ახლავს. საქმე მალევე გამოგვივიდა, სკები გავამრავლეთ და ახლა 160-ზე ვართ ასული.

0f986481-059f-46f9-bcdc-227ce3317054-1721995588.jpg

ჩვენი სახლის ნაკვეთი ნახევარი ჰექტარია, 2017 წელს აქვე ავაშენეთ 80 კვმ სამეურნეო ნაგებობაც, სადაც მისაღები, გამოსაწური და თაფლის დასაფასოებელი ოთახებია. კიდევ რამდენიმე უნდა მოვამატოთ. სკების გადასაადგილებლად ორი მისაბმელი გვაქვს - 56-სკიანი და 30-სკიანი. ამჟამად ისინი ყვარლის რაიონის სოფელ შილდაშია. იქ 2010 წლიდან ვმთაბარობთ ცაცხვზე, ჩვენი სახლიდან 50 კილომეტრში, დაღესტნის საზღვართან ვართ და მესაზღვრეებიც ამოდიან ხოლმე. საოცარი ადგილია. აკაციით რომ დაიწყება, მოჰყვება ცაცხვი, კუნელი, მინდვრის ყვავილი, რასაც ნაირყვავილს ვეძახით. სეზონზე იქ მიგვყავს, ზაფხულის ბოლოს კი სკები ჩვენს ნაკვეთზე ბრუნდება.

სტაციონარულად რაც გვიწყვია მიწაზე, ის სკები არ მთაბარობს, ეს სარძევე საფუტკრეებია. ამოღებისას მაშინვე მაცივარია საჭირო, განსაკუთრებულ პირობებში დაბინავება. ჩვენი საქმის მომავალი მიმართულება გვინდა მერძევეობა იყოს, თუმცა მთაბარობაზე უარს არ ვამბობთ.

dceaa621-f620-4dd4-a2e2-390a8d38749f-1721995588.jpg

- ესე იგი, ფუტკრის რძეს ყიდით?

- კი, დიდი რაოდენობით. ჩვენგან მას სხვებიც იღებენ და ყიდიან. ჩვენი მიზანია, მსხვილი მწარმოებლები გავხდეთ. ჩვენი მთავარი პროდუქტის, ფუტკრის რძის გარდა, კიდევ ცხრა დასახელების პროდუქტი გვაქვს: თაფლი, ფიჭიანი თაფლი, დინდგელი, დინდგელის სპირტხსნარი, ყვავილის მტვერი, ჭეო, ცვილი, ცვილის მალამო, თაფლის არაყი. თაფლის არაყს 5-6 წელიწადია ვაყენებთ.

- სასიამოვნოა, რომ ეს საოჯახო საქმეა...

- პირველ წლებში მარტო ვიყავი. თავიდან იყო სწავლისა და შეგუების პროცესი, სახლის მოწესრიგებასაც წლები დასჭირდა. შემდეგ დავოჯახდი, აქაური ქალი შევირთე ცოლად. 2013-ში ბავშვი გაგვიჩნდა, იმავე წელს ჩემი ძმაც აქეთ გადმოვიდა. იმხანად საქმე "რელსებზე" შედგა და ისეთი პირი უჩანდა, რომ შეგვინახავდა. ერთად დიდი ენთუზიაზმით შევუდექით მეურნეობას, საქმეში ჩემი მეუღლეც ჩაერთო. მერე ჩემი ძმაც დაოჯახდა, მეუღლე თბილისელი ჰყავს და ისინიც აქ ცხოვრობენ. ყველანი ერთ სახლში ვართ.

მთავარი რაღაცები ჩემსა და ჩემს ძმაზეა, მაგრამ მეუღლეებიც აქტიურად მონაწილეობენ თაფლის გამოწურვაში, რძის ამოღებაში გვეხმარებიან. მარტივ საქმეებში ბავშვებსაც ვიხმარებთ, შრომას ვაჩვევთ - ფუმფულების ამოყრაში, კოვზით ჯამებიდან რძის ამოღებაში, რაც ოთახის პირობებში კეთდება. ფუტკართან არ ვუშვებთ, რომ არ დაკბინონ.

სამომავლოდ გვინდა მერძევეობა 80 ოჯახზე ავიყვანოთ და სეზონურად აქაურ ქალებს დავასაქმებთ.

- მუსიკას მთლიანად უგანეთ?

- არა, კომპოზიციასაც ვქმნი და ვუკრავ კიდეც. მუსიკა სულ ჩემთანაა. საერთოდ, ძმებს მიზანი გვქონდა, საიმედო საქმე შეგვექმნა, რათა მატერიალურად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით. მანამდე რასაც ვსაქმიანობდი, იქიდან მიღებული თანხა ცხოვრებისთვის არ იყო საკმარისი. სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენს პროდუქტებს რეკლამას ვუწევთ, გვაქვს სახლში მიტანის სერვისი თბილისსა და თელავში... ეს საქმე ჩემთვის მეცნიერებაა, ფილოსოფიაც არის, ცხოვრების წესია, სწავლობ ზრუნვას, თორემ ფუტკარი შეცდომებს არ გაპატიებს და დაზარალდები. მეფუტკრეობა ცხოვრების განმავლობაში უწყვეტი სწავლაა. მოკლედ, ეს საქმე ფინანსურად ზურგს მიმაგრებს, მიყვარს როგორც დარგი, მეცნიერება და თან მაძლევს საშუალებას, ჩემთვის ძვირფას ხელოვნებაშიც ვრჩებოდე. შემოდგომიდან შედარებით თავისუფალი პერიოდია და ამ დროს ვუკრავ, ვმეცადინეობ, კომპოზიციებსაც ვწერ... ვმდიდრდები შინაგანად. მაქვს საქმე და თვითონ ვარ ჩემი თავის პატრონი.

fbcfe9c4-c81a-4e7a-a766-5a643f3613d9-1721995588.jpg

- ასე ახალ დარგში თავის მოსინჯვას, გარისკვას სხვებსაც ურჩევთ?

- ჩემი მაგალითი სხვებისთვის რამდენად მისაღები იქნება, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აქ წამოსვლა ერთგვარი მისია იყო, სოფელში დაბრუნება და ჩემი წილი მიწის დაკავება. ვიცით, როგორი დაცარიელებულია სოფლები და ამის გააზრება ძალიან ძნელია... რაღაცას რომ მოსწყდები და მასთან რამდენიმე თაობის განმავლობაში კავშირი არა გაქვს, შემდეგ იქ დაბრუნებული, სხვა თვალით უყურებ. ჩემთვის აქ დაბრუნება გააზრებული ნაბიჯი იყო... ყველას ვურჩევ, მშობლიურ მხარეებს მიუბრუნდნენ, ხელახლა დაასახლონ სამშობლო. ეს ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენ ამით მომავალს ვუყრით საფუძველს და ყველაფერს ჩვენს შვილებს გადავცემთ, რომ მხოლოდ ბიზნესის სახე არ ჰქონდეს. ვიცი, ეს ცოტა ხმამაღალი ფრაზებია, მაგრამ მაინც ეცადონ. ბევრი რამ გადამიტანია მეც, მქონია უმოსავლო წლები, გამოვიარეთ გაჭირვება, მაგრამ სადაც შეგიძლია რამე გააკეთო, იქ უნდა იმოქმედო. ამის სურვილი აუცილებელია.