სეკა, დურაკა და ლელობურთი
ასეთი ცუდი საქმეა "პროვოკატორობა" - აღდგომის დღესასწაულზეც კი შარზე უნდა ვიყო და "სამაიმუნოს" ვეძებდე... ამიტომ ძნელია ხოლმე...
მაგრამ ამ დღეებში "გამიმართლა": ჯერ ერთი, საშინელი ვირუსი მქონდა და სიცხით გათანგული ლოგინში ვეგდე (ახლაც ასე ვარ) და აქედან გამომდინარე, დაბოღმილი ვიყავი (ეს კი "პროვოკაციისთვის" "მისწრებაა"); მერე მეორე - ხელისუფლებამაც და ქალაქის სარეკლამო თუ რაც ჰქვია, სამსახურმაც უხვად დამასაჩუქრა სააღდგომოდ "საპროვოკატორო" მასალით: უცხოელი სტუმარი მყავს, მე ვერ დავყვებოდი ქალაქში ავადმყოფობის გამო, ამიტომ "დამოუკიდებლად დაბოდიალობდა" და ორშაბათს საღამოს მახარა - რაღაც ახალი სერიოზული კომპანია "გაიჩითა", მთელი ქალაქი ბილბორდებით არის სავსე, ალბათ ბევრ სამუშაო ადგილსაც შექმნის, თქვენმა პრეზიდენტმა გუშინ ხომ ეს გამოაცხადა პრიორიტეტულადო.
უცხოელებთანაც კი არ ვაკრიტიკებ პრეზიდენტს, ჩვენს გაჭირვებას ჩვენვე უნდა მივხედოთ, ამიტომ, - აბა რა, ეგრე! რაო, რა ფირმაა-მეთქი? - ვკითხე (ქართული ასოების კითხვა შარშანვე ისწავლა).
- ზუსტად არ ვიცი, "სეკა, ბურა, დურაკა" - ასე ეწერაო...
ახლა აგიხსნით, რაში ყოფილა საქმე: სლოტ-კლუბებსა და სათამაშო სახლებში უამრავი თამაშია ისედაც, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე იქ რომ შევიდა, წააგო და მეორედ აღარ მივიდა - ჩვენ ხომ რევოლუციამდელი, უტვინო ტიპები ვართ და მაგიტომ ბლეკ-ჯეკი და პოკერი ვერ დაძლიეს.
შესაბამისად, მოსახლეობის "უკეთესად მომსახურების" მიზნით, მათთვის დაამატეს "ბურა" (თანაც ე.წ. ორკარტა, რადგან სამკარტა "რთულია"), "სეკა" (ქორწილებში თამაშობდნენ ჩემს ბავშვობაში, სოფლებში, 5-კაპიკიანი "კონით", სანამ ქეიფს შეუდგებოდნენ) და, რაც მთავარია, "დურაკა" - მოხუცებზე ზრუნვა ხომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია?!
საერთოდ, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასეა: ეროვნული ტრადიციები ამ ქვეყნების შემოსავლის წყაროდაა ქცეული და ეს ჩვენი "ეროვნული" თამაშები რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?! "ლოხების" მეტი რაა; თუკი სიახლე გაამართლებს, იგეგმება სხვა თამაშების ჩართვაც: "ტუალეტობანა" (უწესრიგოდ გაშლილ ბანქოზე, ბანქოსავე ოთხი ქაღალდით "ტუალეტს" ააშენებ და მერე მოთამაშეები რიგრიგობით აძრობენ ქაღალდებს: ვისაც "ტუალეტი" "ჩამოეშლება", ის წაგებულია), "ქვეშაფსია ქალი" (ამის წესები არ ვიცი, დაგიზუსტებთ), "ფურთი", "ჩერე"... მერე, მხოლოდ ბანქო ხომ არ არის? - კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, მოკლე ვირი, ჟოპა-სტენკა (ეს მაგარი თამაშია, 70-80-იანებში თბილისის სკოლებში "ცვეტში" იყო: სკოლის დერეფანში ვინმეს პანღურს უთავაზებ და კედელთან დადგები, კედელი - დაცვაა; იმან ვინმე უნდა მოძებნოს, ვინც კედელთან არ დგას, რომ ამოჰკრას, მანამდე - "ჟოპაა")... ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია და ქართველი ხალხი კი ბრძენია...
ახლა, ვითომ ვშაყირობ და ვიღაცა კი მეტყვის, სათამაშო ბიზნესი - ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ნორმალური წყაროა და ასეა ეს ყველა ქვეყანაშიო, მაგალითად - ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაშიო... სდექ! მაიცათ! ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ ლას-ვეგასში, ნიცასა და ბადენ-ბადენში "დურაკას" და "ტუალეტობანას" თამაშობენ?
რა ვუთხრა ახლა მე ამ პატიოსან ჰოლანდიელს, რომ მთხოვოს, მასწავლე ეგ თამაშებიო?!
და საერთოდ, ევროკავშირი და ცივილიზაციაო - ალკოჰოლური სასმლის რეკლამა აკრძალულია იქ და ჩვენც ასე უნდა გავაკეთოთო, აზარტული თამაშების რეკლამა არ არის აკრძალული დედაქალაქებში?! მით უმეტეს, იდიოტური თამაშების?!
P.S. სხვათა შორის, ეროვნული თამაშების ქვეყნის შემოსავლის წყაროდ ქცევა მხოლოდ მე არ მითქვამს ამ კვირაში: გურიაში ჩასულმა პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის მინისტრმაც სწორედ ეს თქვეს შუხუთის ლელოს დროს, მაგრამ ორი რამ ვერ გავიგე: პირველი - რა შუაშია გარემოს დაცვის მინისტრი? ტურიზმის უფროსმა არ უნდა მიხედოს მაგ ამბავს? მეორე - ასეთი სახით ლელო ტურისტებს ვერ დააინტერესებს და ე.ი. რამეს შეცვლით, ხომ? ბევრი საუკუნის განმავლობაში არსებულ ტრადიციას (და არა 1841 წლიდან, როგორც "ტელე-სამების" ერთ-ერთ არხზე თქვეს) ტურისტების გამო გადააკეთებთ?
და როგორ მოხდება ეგ - ჩახვალთ და გურულებს ეტყვით, - "აწი ასთე კარა, ისთე უნდა ითამაშოთო"? ერთი უნდა გამოგყვეთ და ჩემი ყურით მოვისმინო, რას გიპასუხებენ.
"პროვოკატორი"
ჟურნალი "გზა"