უძველესი დასურათებული სახარება ეთიოპიაშია - კვირის პალიტრა

უძველესი დასურათებული სახარება ეთიოპიაშია

გარიმას კოდექსი ანუ გარიმას ორი სახარება უძველესი შემონახული ეთიოპიური ხელნაწერი წიგნებია. ეს მანუსკრიპტები ინახება ეთიოპიის ქალაქ ადუას მახლობლად მდებარე წმინდა გარიმას მონასტერში. ერთ-ერთი ხელნაწერი _ გარიმა 2 წარმოადგენს ყველაზე ძველ ილუმინირებულ, ანუ ფერადი მინიატიურებითა და ორნამენტებით შემკულ ქრისტიანულ მანუსკრიპტს. წიგნები დათარიღებულია რადიონახშირბადული ანალიზით 330 და 650 წლებს შორის პერიოდით. ეს კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტში მოეწყო, ეთიოპიის კულტურული მემკვიდრეობის საქველმოქმედო ფონდის ეგიდით.

ძველეთიოპიური აქსუმის სამეფო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, ვინც ქრისტიანობა მიიღო IV საუკუნეში. ეთიოპიაში ქრისტიანობა იქადაგა პირველად წმინდა ფრუმენტიმ, რომელიც შემდგომში აბისინიის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემის თანახმად, ისააკ გარიმა - ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის ათი წმინდანიდან ერთ-ერთი, ეთიოპიაში 494 წელს ჩავიდა და დიდი როლიც შეასრულა ეთიოპიის გაქრისტიანების მეორე ტალღაში. ფრუმენტი აქსუმელი წმინდანია ეთიოპური, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიებისთვის.

მარკოზ მახარებელი, გარიმას კოდექსის ილუსტრაცია
მარკოზ მახარებელი, გარიმას კოდექსის ილუსტრაცია

წმინდა გარიმას ცხოვრების თანახმად, ის ბიზანტიის იმპერატორთა ოჯახის წევრი იყო და აქსუმში კონსტანტინოპოლიდან წმინდა პანტელეიმონის მოწოდებით ჩავიდა. გარიმა ეთიოპიაში ცეცხლოვანი ეტლით მოდიოდა. როცა ადგილობრივი მცხოვრებნი უარს ამბობდნენ ქრისტიანობის მიღებაზე, თავისი ლოცვით მათ თავზე ელვას მოავლენდა. სიცოცხლის ბოლოს გარიმამ დააარსა მონასტერი, სადაც მიცემული აღთქმის თანახმად, ერთ დღეში გადაწერა სახარება. როგორც ლეგენდა გვამცნობს, როცა მან შეატყო, რომ სამუშაოს დასრულებას ვერ ასწრებდა, ილოცა, უფალმაც შეისმინა და მზე დროებით გააჩერა...

მანუსკრიპტები გარიმა 1 და გარიმა 2 სხვადასხვა კალიგრაფიით არის გადაწერილი, თუმცა ერთ სტილშია შემკობილი. პირველ წიგნში 348 გვერდია, რომელთაგან პირველი 11 გვერდი მეტად მდიდრულად არის ილუსტრირებული. მეორე წიგნი 322 გვერდისგან შედგება, სადაც მინიატიურებით ილუსტრირებულია პირველი 17. მათ შორის არის ოთხი მოციქული - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ასევე, იერუსალიმის ტაძრის უჩვეულო გამოსახულება, ყვავილები, თაღები, სვეტები. უცნაურია, რომ მინიატიურებზე ისეთი 20 სახის ფრინველია წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა ეთიოპიაში არ ბინადრობს. მეცნიერები ილუსტრაციების სტილში სირიულ და ირანულ გავლენებს ხედავენ.

ეთიოპელი მღვდელმსახური გარიმას კოდექსით
ეთიოპელი მღვდელმსახური გარიმას კოდექსით

ტექსტი წარმოადგენს ახალ აღთქმას, რომელიც შესრულებულია გეეზით-აბისინიის უძველესი წმინდა დამწერლობით. ანტიკური სამხრეთ სემიტური გეეზი შემდგომში აქსუმის სამეფოსა და ეთიოპიის იმპერატორთა ოფიციალური ენაც გახდა. ცალკე საოცრებას წარმოადგენს პირვანდელი სახით შემონახული გარიმა 1-ის ყდა. ოქროთი მოვარაყებული სპილენძით მოჭედილია ფიცრები, რომელთა ცენტრში დიდი ჯვარია. მისი ცარიელი ბუდეები მოწმობს, რომ ის ადრე პატიოსანი თვლებით იყო მოოჭვილი. გარიმა 2-ის ყდა კი ვერცხლისგან არის დამზადებული X საუკუნეში. გარიმას კოდექსი ეთიოპიაში მოგზაურობის დროს ბრიტანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა ბეატრის პლეინმა 1950 წელს აღმოაჩინა.

history.com-ს მიხედვით

"ისტორიანი" .#129