ექვთიმეს შვილობილი ლიდა, ანუ ციმბირელი თაყაიშვილები
ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექვთიმესა და ნინოს საკუთარი შვილი არ ჰყავდათ. მაგრამ ხშირად მესმოდა, რომ მათ ჰყავდათ შვილობილი ლიდა, რომელიც ზოგან პოლტორაცკაიას გვარით მოიხსენიებოდა, ზოგან თაყაიშვილის, უმეტესად კი - პოლტორაცკაია-თაყაიშვილის გვარით.
ასე გრძელდებოდა ძალიან დიდხანს, სანამ თავად არ დავიწყე ექვთიმეს ბიოგრაფიისა და ცხოვრების ეტაპების შესწავლა. მიზეზი ამისა კი გახდა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ექვთიმეზე შექმნილი მრავალი სტატიისა თუ ე.წ. ექვთიმოლოგების კვლევისა, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ამ კვლევებისა იყო ზედაპირული და დოკუმენტაციათა თავწყაროებსა და დედნებს მოკლებული. მაგალითისთვის, უზუსტობა იყო ექვთიმეს დაბადების ადგილსა და თარიღში, მშობლების გარდაცვალების თარიღებსა თუ დეტალებში და მრავალ სხვა ფაქტში, რომელთა დამახინჯებაც მნიშვნელოვნად ცვლიდა წმინდანის ცხოვრებისეულ დეტალებს. მათ შორის იყო ერთგვარი ბურუსით მოცული ისტორია ექვთიმესა და ნინოს შვილობილზე, რომელზეც მწირი ცნობები გაგვაჩნდა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თაყაიშვილების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ლიდა იყო ექვთიმეს მეუღლის - ნინო პოლტორაცკაიას ნათესავი.
2019 წლის ზაფხულის მიწურული იყო, როცა ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მარიამმა მაცნობა, რომ ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე ამოიკითხა ინფორმაცია ციმბირში მცხოვრები თაყაიშვილების შესახებ, რომლებიც ექვთიმეს შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს. იმ პერიოდში ვამთავრებდი კვლევას თაყაიშვილების გვარის სხვადასხვა გენეალოგიური შტოს შესწავლაზე. რა თქმა უნდა, დავინტერესდი ამ ფაქტით და მარიამს ვთხოვე, დაჰკავშირებოდა ინფორმაციის ავტორს და მეტი გაგვეგო მისგან ამის თაობაზე. მარიამის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ეს ადამიანი კონტაქტზე აღარ გამოსულა. და ჩვენც მივიჩნიეთ, რომ ეს მორიგი ცრუ ინფორმაცია იყო.
2021 წლის დეკემბერში ისევ მარიამს ირკუტსკიდან დაუკავშირდა ვინმე სერგეი თაყაიშვილი, რომელიც იცნობდა რა "ფეისბუკის" "თაყაიშვილების გვერდზე" არსებულ ინფორმაციას, ითხოვა, დავხმარებოდით მისი წარმომავლობის დადგენაში. გვითხრა, რომ სამიოდე წლის წინ იმყოფებოდა საქართველოში თაყაიშვილების გასაცნობად, რაც ვერ შეძლო; და შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი ძალებით მოეძიებინა სათანადო ინფორმაცია.
ასე დაიწყო ყველაფერი. სერგეი მონდომებული ახალგაზრდა აღმოჩნდა და სწრაფადვე მომაწოდა თავისი ოჯახის გენეალოგიური ხე, რომელიც იწყებოდა მისი ბაბუის მამიდან - გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილიდან.
გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი დაბადებული იყო 1881 წელს. მას ჰქონდა უმაღლესი საინჟინრო განათლება მიღებული სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელსა და შემდეგ აკადემიაში. ჰქონდა შესანიშნავი სამხედრო კარიერა რუსეთის საიმპერატორო არმიაში პრაპორშჩიკიდან პოლკოვნიკის წოდებამდე, მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905 წწ.) და პირველ მსოფლიო ომებში, იყო საინჟინრო პოლკის მეთაური.
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მსახურობისას გიორგი დაქორწინდა ირკუტსკელ ლიდია ჟელეიშჩიკოვაზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი - კონსტანტინე, გიორგი და ტატიანა. რევოლუციის შემდეგ, 1917 წლიდან გიორგის ოჯახი დასახლდა თბილისში და ის გახდა დამოუკიდებელი საქართველოს არმიის საინჟინრო ძალების უფროსი, მიენიჭა გენერლის წოდება და აქტიურად ჩაერთო საკუთარი ქვეყნის მშენებლობაში. აღსანიშნავია, რომ გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი (1881-1924) არის საინჟინრო ძალების ერთადერთი გენერალი საქართველოს ისტორიაში. რუსეთის მე-11 არმიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ გიორგი ოჯახით რჩება საქართველოში და აქტიურად ებმება განმათავისუფლებელ კონტრრევოლუციურ მოძრაობაში; კერძოდ, არის მონაწილე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა, რისთვისაც აპატიმრებენ და სიკვდილით სჯიან. მისი ოჯახი - მეუღლე სამი მცირეწლოვანი შვილით იმავე დღეს ტოვებს თბილისს და მიემგზავრება რუსეთში, კერძოდ, გიორგის მეუღლის მშობლიურ ქალაქ ირკუტსკში.
სწორედ გიორგის უფროსი შვილის - კონსტანტინეს შვილთაშვილია სერგეი, რომელთან ერთადაც დავიწყე აქტიური კვლევა მათი ოჯახის შესახებ. საინტერესოა, რომ სერგეის ბაბუა - კონსტანტინე კარგად თამაშობდა ჭადრაკს და იყო თბილისის ჩემპიონი თავის ასაკობრივ ჯგუფში (ჭადრაკის მკვლევრის, დავით გურგენიძის მოგონებებიდან). სერგეიმ მომაწოდა ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი - გენერალ გიორგი თაყაიშვილის სამხედრო ნამსახურობის ცნობა, ბრძანებები დაჯილდოების შესახებ, ფოტოები, საეკლესიო ჩანაწერები შვილების დაბადების თაობაზე, საგამოძიებო საქმე და ბრძანება გიორგის სიკვდილით დასჯაზე და სხვა. ასევე მაცნობა, რომ მისი მოხუცი ნათესავის ინფორმაციით, გიორგის შესაძლებელია ჰყოლოდა და - სახელად ლიდა. თუმცა კი მასზე და მშობლებზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. ასე გამოჩნდა ამ ისტორიაში პირველად ვინმე ლიდას სახელი.
ამ პერიოდში ვმუშაობდი კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ექვთიმეს ბიბლია გრაფიასა და საარქივო დოკუმენტებზე.
სხვა მრავალი საინტერესო დოკუმენტის გაცნობასთან ერთად გადავწყვიტე შემესწავლა ექვთიმესადმი მიმართული წერილები, რომლებიც მრავლად არის შენახული ექვთიმეს არქივში. ყურადღება მიიპყრო ერთმა წერილმა, რომელსაც ეწერა - ლიდა თაყაიშვილის წერილი ნინო პოლტორაცკაიასთვის. წერილი რუსულ ენაზეა, აქვე გთავაზობთ წერილის ქართულ თარგმანს.
ლიდა თაყაიშვილის წერილი დეიდისადმი (თარგმანი რუსულიდან):
1901 წლის 27 ივნისი
ძვირფასო და საყვარელო დეიდა!
როგორ არის თქვენი და ძვირფასი ბიძიას ჯანმრთელობა. მე, ღვთის წყალობით ჯანმრთელად ვარ. ჩვენ 1901 წლის აპრილში უფროსი გარდაგვეცვალა. 1 ივნისს გვქონდა გამოცდა, მე ვერ ჩავაბარე, იმიტომ რომ ყბაყურათი ვიყავი ავად. მაგრამ მასწავლებელმა გამოცდის გარეშე გადამიყვანა, იმიტომ რომ კარგად ვსწავლობ. ახალი უფროსი ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. მაგრამ ძიძები ძალიან, ძალიან ცუდები არიან. მათ მხოლოდ ის ბავშვები უყვართ, რომლებიც ფულს უხდიან, ისინი ასეთ ბავშვებს არ უბრაზდებიან და ყველაფერ კარგს აძლევენ. ერთ ძიძას ჰყავს ქალიშვილი, ბიჭი და ქმარი. ქალიშვილი თხოვდება და ის მას მზითვს უმზადებს. ერთი გოგონა მას ეხმარება რეცხვაში და ის მას ჩემზე მეტ ყურადღებას აქცევს. მე აქ ძალიან ცუდად ვარ, ყველა გულს მტკენს. ადრე ყველაფერს ვითმენდი, ახლა აღარ შემიძლია და მორჩა. თქვენ მოგწერეთ. ჩემი მეგობრები ძალიან ამაყები არიან, ერთი კარგი მეგობარი მყავს, მას ელენე ჰქვია. ღამ-ღამობით ვტირი, თქვენ ყველას გიხსენებთ. ჩემო საყვარელო დეიდა, მოდით ჩემთან. მე ძალიან მოწყენილი ვარ და სულ ვტირი.
გკოცნით ყველას. ვრჩები თქვენს მოსიყვარულედ
ლიდა თაყაიშვილი
წერილის შინაარსმა და პათოსმა შემძრა: პატარა გოგონას თხოვნა, რომ დეიდამ და ბიძამ წაიყვანონ სახლში ბავშვთა პანსიონიდან იქ არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო და მაფიქრებინა, რომ ლიდა თაყაიშვილი სთხოვს ნინო პოლტორაცკაიას პანსიონიდან გაყვანას; რის შემდეგაც ექვთიმემ და ნინომ სავარაუდოდ იშვილეს ლიდა. ეს აზრი გაამყარა ექვთიმეს მოგონებებში არსებულმა ჩანაწერმა, რომ "მან და ნინომ იშვილეს ნათესავის, კოწია თაყაიშვილის შვილი - ლიდა".
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამასობაში სერგეიმ აღმოაჩინა და მომაწოდა ქაშვეთის 1877 წლის #2 საეკლესიო წიგნის ჩანაწერები ("მეტრიჩესკაია კნიგა"), საიდანაც გაირკვა, რომ 1877 წლის 29 აპრილს აზნაური კონსტანტინე ბესარიონის ძე თაყაიშვილი, 32 წლის, დაქორწინდა 20 წლის ევგენია ფელიქსის ასულ რიშკოვიჩზე. მოწმეები - სასიძოს მხრიდან - გუბერნიის მდივანი სემიონ სემიონის ძე ბენლიანშავსკი და აზნაური გრიგორი ივანეს ძე კანდელაკი, ხოლო სარძლოს მხრიდან - თავადი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქელაძე. აქვე აღნიშნულია, რომ სარძლოს მამა გახლდათ ტიტულოვანი მრჩეველი.
დავიწყე ინფორმაციის მოპოვება და აღმოვაჩინე, რომ კონსტანტინე ბესარიონის ძე თაყაიშვილი დაბადებული იყო 1845 წელს. მასზე ჩანაწერი არსებობს ჩემ მიერ ადრე მოკვლეულ საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულ აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წიგნში (საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, სინოდალური კანტორა, ფონდი 489, ანაწერი 6, დოკუმენტის #568/10). ეს ორი დოკუმენტი - ჩანაწერი კონსტანტინეს დაბადებისა და ქორწინების თარიღებზე ამტკიცებს, რომ ეს ერთი და იგივე პირია.
თაყაიშვილების გვარის კვლევისას თაყაიშვილთა სხვა შტოებთან შედარებით მწირი ინფორმაცია გამაჩნდა აჭში მცხოვრებ აზნაურ როსტომ თაყაიშვილსა და მის ოჯახზე. მათ შესახებ მქონდა მონაცემები ისტორიული დოკუმენტიდან - რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის მიერ 1850 წლის 6 დეკემბერს დამტკიცებული "იმერეთისა და გურიიის თავად-აზნაურთა სია" ("გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები", თბილისი, მეცნიერება, 1993 წ. გვ. 67). ამ დოკუმენტით დასტურდებოდა როსტომისა და მისი ოჯახის წევრების დიდგვაროვანი (სახაზინო აზნაური) წარმოშობა.
სქემაზე წარმოდგენილია როსტომ თაყაიშვილის ოჯახის გენეალოგიური ხე. დოკუმენტის მიხედვით, როსტომს ჰყავდა ორი ვაჟი - თაყა და ბესარიონი (ბესიკა). თაყა ადრევე დაოჯახდა, ჰყავდა 6 შვილი და სავარაუდოა, რომ გურული ოჯახების ტრადიციის შესაბამისად, როგორც უმცროსი ვაჟი, ცხოვრობდა მამისეულ ოჯახში, აჭში. ამას ადასტურებს ოჯახიდან გარდაცვლილთა აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეზოში დასაფლავების ფაქტები. რაც შეეხება ბესარიონს - მას ჰყავდა ერთადერთი ვაჟი - კონსტანტინე. აღმოვაჩინეთ საინტერესო დოკუმენტი - ოზურგეთის მაზრის 1880 წლის 29 თებერვლის სასამართლოს დადგენილება, რომ კონსტანტინეს ჰქონდა თავად პლატონ მიქელაძის ვალი 1.066 რუბლის ოდენობით, რის გამოც სასამართლომ 300 რუბლად გაუყიდა მის მფლობელობაში არსებული ლიხაურის აჭის უბანში მდებარე მიწის ნაკვეთები (სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ КАВКАЗЪ-ის 1880 წლის 11 თებერვალს #42 ნომერში).
ალბათ ეს გახდა სამწუხარო მიზეზი იმისა, რომ კონსტანტინემ საბოლოოდ დატოვა გურია და გადასახლდა თბილისში, სადაც 1877 წელს იქორწინა ევგენია რიშკოვიჩზე. ცნობისთვის, პლატონ მიქელაძე გახლდათ ბესარიონის ნათესავის - სოფელ ჭანიეთში მცხოვრები ქაიხოსრო თაყაიშვილის ასულის - ელისაბედის მეუღლე. ასევე აღმოვაჩინეთ საინტერესო ცნობა, რომ კონსტანტინე 1880 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო პოლიციაში (საქართველოს მმართებლის მთავარი სამმართველოს 1879 წლის გამოცემა КАВКАЗСКIЙ КАЛЕНДАРЬ, გვ. 26).
მე განვაგრძობდი კვლევას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში, სადაც ექვთიმესადმი მიწერილ მრავალ წერილთა შორის აღმოვაჩინე გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილის წერილიც გთავაზობთ წერილის ქართულ თარგმანს.
გიორგი თაყაიშვილის წერილი ექვთიმესადმი (თარგმანი რუსულიდან):
ღრმად პატივცემულო ექვთიმე სიმონის ძევ!
მადლობელი ვარ თქვენი ზრუნვისთვის და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. ერთმა ჩემმა ნაცნობმა - საშა ერისთავმა მითხრა, რომ რომელიღაც საგვარეულო მამულში მაქვს წილი. ხომ არ იცით - სიმართლეა ეს თუ არა? მინდა შეგაწუხოთ კიდევ ერთი სათხოვრით. მე თბილისის ალექსანდრეს ბავშვთა თავშესაფარში მეზრდება და - ლიდა, ის ახლა 12 წლამდეა. გამუდმებით უჩივის ცუდ მოპყრობას და მთხოვს იქიდან წამოყვანას. ხომ არ შეგიძლიათ მაცნობოთ, ვის სახელზე უნდა შევიტანოთ თხოვნა მის ქალთა გიმნაზიაში გადაყვანაზე და შეიძლება თუ არა წარმატების იმედი გვქონდეს. ამას გარდა, მე არ ვიცი, როგორ უნდა შედგეს ეს თხოვნა. თუ თქვენ არ გაგიძნელდებათ, გთხოვთ, მიხვიდეთ მასთან თავშესაფარში და გაიგოთ, რატომ გრძნობს იქ თავს ცუდად. თქვენი რჩევის შესაბამისად, პეტერბურგში გავაგზავნე მეტრიკა, ყოველდღე ველი პასუხს და გულითადად ვმეცადინეობ მათემატიკაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას შეწუხებისთვის და ვრჩები თქვენს ერთგულ გიორგი თაყაიშვილად.
ქუთაისი, 6 ივლისი, 1901 წელი. აქვე გიგზავნით დის წერილს, მიწერილს ჩემს დეიდასთან - ნოვოჰანნასთან.
წერილიდან ირკვევა, რომ გიორგი სწავლობს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. იგი ექვთიმეს ემადლიერება, რომ მისი რეკომენდაციით საბუთები გააგზავნა პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად და აცნობებს, რომ მისი უმცროსი და ლიდა თბილისის ალექსანდრეს ბავშვთა სახლში იმყოფება ძალზე ცუდ პირობებში, რაზეც მეტყველებს მისი დედის დისადმი - ნოვოჰანნასთვის მიწერილი წერილი, რასაც უგზავნის ექვთიმეს და სთხოვს, რომ ლიდა გამოიყვანოს ბავშვთა სახლიდან და შეიყვანოს ქალთა გიმნაზიაში. ე.ი. ზემოთ აღნიშნული ლიდას წერილი მიმართული იყო არა ნინო პოლტორაცკაიასადმი, არამედ მისი ალალი დეიდისადმი (ნოვოჰანნა), რომელიც გიორგისა და ლიდას მშობლების გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ, გარკვეულ ხანს ზრუნავდა ობლებზე, შემდეგ კი ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო ობოლი და-ძმა ბავშვთა სახლებში ჩააბარა: გიორგი - ქუთაისში, ხოლო ლიდა - თბილისში.
აქედან ჩანს, რომ ექვთიმე თავიდანვე ზრუნავდა მის დაობლებულ ნათესავზე - გიორგიზე და მისი წერილის მიღების შემდეგ - 1901 წელს, მან და ნინომ იშვილეს გიორგის და - ლიდა, იგი გამოიყვანეს ბავშვთა სახლიდან და ზრუნავდნენ მასზე. აღსანიშნავია, რომ გიორგიზე ზრუნავდა ექვთიმეს უფროსი ძმა ვარლამიც, რომელიც სამხედრო იყო გენერალ-მაიორის წოდებით.
მაშასადამე, ლიდა თაყაიშვილი იყო გენერალ გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილის უმცროსი და. იგი დაიბადა 1889 წელს, 1901 წლიდან 1921 წლამდე ცხოვრობდა ექვთიმესა და ნინოს ოჯახში, მიიღო კარგი განათლება. 1921 წელს ექვთიმე საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრებთან ერთად ქართულ განძს მიჰყვება ემიგრაციაში - საფრანგეთში, თან მიჰყავს მეუღლე - ნინო, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო თბილისში ტოვებს შვილობილ ლიდას - ნინო პოლტორაცკაიას ნამზითევ 7-ოთახიან საცხოვრებელ ბინაში ოლღას ქუჩაზე (დღევანდელი კოსტავას ქუჩა). ცნობილია, რომ ლიდას, ექვთიმეს ემიგრაციაში წასვლიდან ერთი თვის შემდეგ, ექვთიმესა და ნინოს ბინა ჩამოართვეს. იგი მძიმე სულიერ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფე춂ოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლიდა ცო춍ად გაჰყვა ნინოს უმცროს ძმას - ალექსანდრე (საშა) პოლტორაცკის, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ვაშლოვნის ქუჩაზე, კომუნალური სახლის ერთ 24 კვმ ოთახში. ლიდა იყო საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიური მებრძოლი, რის გამოც ოთხჯერ დააპატიმრეს.
ექვთიმე, 1945 წელს ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე თვეს ცხოვრობდა სასტუმრო "თბილისში". შემდგომ მან ისურვა ცხოვრება შვილობილთან ახლოს, ვაშლოვნის ქუჩაზე არსებულ სახლში. ლიდას და ალექსანდრეს ოთახის გვერდით ერთი 16 კვმ ოთახი ეკუთვნოდა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელ მიხეილ მინაევს. ბორის პაიჭაძის ჩარევით, ამ ოთახის სანაცვლოდ მიხეილ მინაევს მისცეს ახალი ბინა მახარაძის (დღევანდელი გერონტი ქიქოძის) ქუჩაზე. ასე აღმოჩნდა ექვთიმე შვილობილის ბინის გვერდით. ლიდა საოცარი სიყვარულით ზრუნავდა მასზე 1952 წლამდე, როცა ის მეოთხედ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. ცნობილია, რომ უშიშროების კომიტეტში უკანასკნელი დაკითხვისას ლიდას ხელის მტევნის ძვლები გადაუმტვრიეს. შინ მისვლისას ის ექვთიმეს უმალავდა ამ ამბავს. ლიდა იმ ღამესვე დააპატიმრეს და და ციმბირში გადაასახლეს. მოხუცი ექვთიმე ისე გარდაიცვალა, რომ ლიდას ბედი მისთვის უცნობი დარჩა. აღსანიშნავია, რომ ექვთიმეს მძღოლად ამ წლებში მუშაობდა ლიდას ძმისშვილი გიორგი (ჟორა) თაყაიშვილი.
ექვთიმე გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს სრულ მარტოობაში. ლიდა გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა. იმავე წელს გარდაეცვალა მეუღლე ალექსანდრე პოლტორაცკი. მათ შვილი არ ჰყავდათ. დარჩენილი 10 წელიწადი ლიდა თაყაიშვილმა აბსოლუტურ მარტოობასა და სიღარიბეში გაატარა. გარდაიცვალა 1966 წელს, 77 წლის ასაკში. მისი საფლავის ადგილი უცნობია.
ასეთი გახლავთ წმინდანისა და მისი შვილობილის - ლიდა თაყაიშვილის სევდიანი ისტორია.
რევაზ თაყაიშვილი
მედიცინის დოქტორი. ექვთიმეს ბიძის - ერდიშელ თაყაიშვილის შვილთაშვილი,
მარტი, 2023 წელი
"ისტორიანი" .#129