სიმენსები და საქართველოზე გამავალი ინდოევროპული ტელეგრაფი
XIX საუკუნის საქართველოს სატელეგრაფო ისტორია უშუალოდ უკავშირდება ძმებ სიმენსების საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. კომპანია "სიმენსი და ჰალსკე“ 1847 წელს დააარსა სამართლის დოქტორმა, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, გამოჩენილმა გამომგონებელმა ვერნერ სიმენსმა, იოჰან გეორგ ჰალსკესთან ერთად.
ფირმის განვითარების პირველ სტადიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ვერნერის ძმები - ვალტერი, კარლი, ვილჰელმი და ოტო, ასევე ნათესავები - გეორგ და ფრიდრიხ სიმენსები. "სიმენსი“ მრავალ თემაზე მუშაობდა, მაგრამ მისი აღმავლობის საწინდარი ერთსა და იმავე წელს ისრიანი ტელეგრაფისა და სპილენძის სადენებზე რეზინის იზოლაციის ზედსადები მანქანის შექმნა გახდა. 1877 წელს კი, ფილიპ რეისისა და ალექსანდრ გრეჰემ ბელის ტელეფონის გამოგონების საფუძველზე, ვერნერ სიმენსმა ტელეფონის აპარატი შექმნა.
ძმები სიმენსების რუსეთის იმპერიაში მუშაობის დიდი ნაწილი ამიერკავკასიას უკავშირდება. მათ ესმოდათ, როგორი მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა ჰქონდა ტფილისს, როგორც მთელი კავკასიის ცენტრს, ხოლო კავკასიას, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელ რეგიონს. ამიტომ მათ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში განსაზღვრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და მისი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საინფორმაციო დერეფნის დამაკავშირებლის მნიშვნელოვანი როლი. ამიტომაც სიმენსებმა, ვენისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ, თავიანთი ფირმის ერთ-ერთი პირველი ფილიალი სწორედ ტფილისში დააფუძნეს. მათ დაინახეს, რომ ქვეყნის ადგილმდებარეობა შესაძლებელს გახდიდა ტფილისიდან ახლო აღმოსავლეთსა და შორეულ ინდოეთთან კავშირის გაბმას. სიმენსებმა ასევე ფოთისა და ბათუმის პორტების პოტენციალი გამოიყენეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის.
ვერნერ სიმენსი საქართველოში სამჯერ (1865, 1868, 1890 წლებში) ჩამოვიდა და შემდგომ დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი "მოგონებები“. წიგნში მოცემულია კავკასიის რუკა, რომელზეც დატანილია ინდოევროპული ტელეგრაფის სქემა. რუკაზე აღნიშნულია სოხუმსა და ქერჩს შორის ჩადებული წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი და სოხუმიდან თბილისზე გავლით ჯულფამდე მიმავალი სატელეგრაფო ტრასა. ავტორი დაწვრილებით წერს ინდოევროპული ტელეგრაფის მშენებლობაზე საქართველოში, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის სამუშაოებზე; განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებს - სოხუმის, ფოთის, ქუთაისის, თბილისისა და კახეთის მდებარეობისა და ბუნების აღწერას.
"ორპირიდან ცხენებით გავემგზავრეთ ქუთაისში - ამ უძველეს კოლხეთში. ქუთაისი მდებარეობს რიონის ველის ლამაზ ადგილზე, დიდი კავკაზის მცირესთან შემაერთებელი მთების ფერდობებთან. ქუთაისის მაღლა დიდი ხნის წინანდელი, ცნობილი გელათის მონასტერია, რომელიც ერთ-ერთ უძველეს მონასტრად ითვლება და, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ადგილზეა აგებული. მეორე გამგზავრების დროს დავათვალიერე რამდენიმე ათასი ფუტის სიმაღლეზე მდებარე ეს მონასტერი. იქ ასვლა ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა. მაგრამ, სამაგიეროდ, დიდად კმაყოფილი დავრჩი, როცა სიმაღლიდან ჩემ წინაშე სასწაულებრივი პანორამა გადაიშალა. ეს ტაძარი უძველესია. კავკასიის არქიტექტურული ძეგლების სიძველე იზომება არა ასეული წლებით, როგორც ევროპაში, არამედ ათასეული წლებით. ეს არ არის გაზვიადებული, რასაც კი შეხედავ, რასაც კი გაიგონებ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კავკასია კაცობრიობის კულტურის აკვანია“.
ასეთი ადგილები ბევრია ვერნერ სიმენსის წიგნში.
1858 წელს გრიგოლ ორბელიანის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე, სამხრეთ კავკასიაში გაიყვანეს პირველი ტელეგრაფი კოჯორი-ტფილისი. შემდგომ პერიოდში, კერძოდ კი 1860 წელს, ვერნერის ძმა ვალტერი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტელეგრაფის ხაზის - ტფილისი-ქუთაისი-ფოთის (ბორჯომის განშტოებით) გაყვანას. 1862 წლის 2 მარტს კი იმავე ვალტერ სიმენსსა და ორბელიანს შორის დადებული ხელშეკრულებით დაიწყო ტფილისი-მოსკოვის ტელეგრაფის მშენებლობა. ამავე წლის დამლევს პირველი დეპეშები გაიცვალა სტავროპოლთან, შემდეგ ნოვოჩერკასკთან, ხოლო 1863 წელს - მოსკოვთან. დიდ ქალაქებთან კავშირის დამყარების მნიშვნელობაზე იმავე წელს ილია ჭავჭავაძის ჟურნალ "საქართველოს მოამბეში“ ვკითხულობთ: "ამბობენ, რომ წელსვე მიიტანენ ამ მავრთულს როსტოვის ქალაქამდე, რომელიც შეერთებულია პეტერბურგთან ტელეგრაფით. ამნაირად ჩვენი ქალაქი შეერთებული იქნება ტელეგრაფით ევროპის ყველა ქალაქთან“. 1865 წელს ფირმამ გაიყვანა ტელეგრაფი ტფილისი-ერევანი-ჯულფა (აზერბაიჯანი), რომლითაც რუსეთი უშუალოდ სპარსეთს დაუკავშირდა. 1868 წელს ექსპლოატაციაში გადაეცა ტფილისი-ბაქოს ხაზი.
სიმენსმა ჯერ კიდევ 1867 წელს დაინახა საქართველოს სატელეკომუნიკაციო დერეფნის პოტენციალი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და ბერლინის, ლონდონისა და პეტერბურგის კომპანიებთან ერთად დაიწყო მუშაობა სატელეგრაფო ხაზზე ლონდონი-კალკუტა. ამასთან დაკავშირებით 1869 წელს საქართველოში ჩამოვიდა კარლ სიმენსი და ტელეგრაფის შავ ზღვაში გასატარებელი წყალქვეშა კაბელი ჩამოიტანა. სამუშაოები 1870 წელს დასრულდა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 11 000-კილომეტრიანი სახმელეთო ხაზი, რომელიც კავკასიაში გადიოდა სოხუმი-ქუთაისი-ტფილისი-ერევანი-ჯულფაზე, საზეიმოდ გაიხსნა. ამ ხაზით, რუსეთის გარდა, მსოფლიოს 34 ქვეყანა დაუკავშირდა ერთმანეთს.
საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დრომდე ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ამ ტელეგრაფის ლითონის ბოძები წარწერით SIEMENS.BROS.LONDON. მთავარი მარშრუტი კი ასეთი გახლდათ: ლონდონი-ბერლინი-ვარშავა-ოდესა-ქერჩი-სოხუმი-ზუგდიდი-ქუთაისი-თბილისი-თეირანი-ყარაჩი-კალკუტა. ხაზი 60 წლის განმავლობაში - 1931 წლამდე მოქმედებდა. მსოფლიოში ამ უნიკალური სატელეგრაფო კავშირის საქართველოს მონაკვეთი კი ზუსტად ასეთი იყო: გაგრა-სოხუმი-ზუგდიდი-ფოთი-ქუთაისი-შორაპანი-ხაშური-გორი-მცხეთა-თბილისი. იმავე 1870 წელს ინდოეთის ქალაქ მადრასიდან ტელეგრაფის კაბელი ჩაიდო მალაიზიამდე, ხოლო აქედან ტელეგრაფის საჰაერო ხაზი გაიყვანეს სინგაპურამდე, სინგაპური კი, თავის მხრივ, წყალქვეშა კაბელებით დაუკავშირდა ინდონეზიასა და ავსტრალიას. ამან შესაძლებელი გახადა, თბილისში საერთაშორისო სატრანზიტო დეპეშები მიეღოთ მალაიზიიდან, სინგაპურიდან, ინდონეზიასა და ავსტრალიიდან, ევროპის ქალაქებში კი ინდოევროპული ტელეგრაფით გადაეცათ.
საინტერესოა სატელეგრაფო ბოძების ბედი. ამ ბოძების რამდენიმე ეგზემპლარი ოკუპირებულ აფხაზეთშია შემორჩენილი, ხოლო დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ სამი ლოკაცია გვაქვს: 1) რაჭაში, სპირიდონ ტურძელაძის სახლში - 4 ცალი. სოფელ ზნაკვაში (ამბროლაურის რაიონი) დღესაც დგას სახლი, რომელიც 120-130 წლის წინ არის აშენებული ლონდონში წარმოებული "სიმენსის“ ბოძებით - სწორედ იმ ბოძებით, რომლებიც განკუთვნილი იყო ლონდონი-კალკუტის ტელეგრაფისთვის. რაჭველი სპირიდონი რევოლუციამდელ ფოთში გამდიდრებულა. ჰქონდა თავისი კინოთეატრი და სასტუმრო. სპირიდონს ეს ბოძები ფოთიდან რაჭაში ჯერ რკინიგზით (ტყიბულამდე), შემდეგ ხარებით წაუღია; 2) მცხეთაში, ნუგზარ ხუხუნაიშვილის სახლის ეზოში - 2 ცალი; 3) აბაშაში, დავით ესაკიას სახლის ეზოში - 1 ბოძი.
რაც შეეხება აფხაზეთის ბოძებს, მასშტაბური ხაზის ერთი მონაკვეთი აფხაზეთზე გადიოდა. ვერნერ სიმენსმა პირადად შემოიარა ყველა რეგიონი, მათ შორის შავიზღვისპირეთი და დაათვალიერა ის ადგილები, სადაც ტელეგრაფის ხაზს უნდა გაევლო. ტელეგრაფის მთავარი სადგური ქერჩში მდებარეობდა, დამხმარე სადგურები კი ოდესასა და სოხუმში.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბოძების დიდი ნაწილი დაკარგულია და ნაწილი სოხუმში, ჩოჩუას ქუჩაზე დგას, სადაც იმ დროს ინდოევროპული ტელეგრაფის თანამშრომლები ცხოვრობდნენ. თუმცა დღეს იქ ბეტონით ამოშენებული ღობეა.
ფეისბუკჯგუფ "სუხუმსკაია ბესედკას“ ადმინისტრატორი არტურ ჩოლოკიანი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა ბოძების იშვიათი წარწერით - SIEMENS. BROS. LONDON., ასევე მათი ისტორიით. იგი წერდა: "მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ბოძებია, რომელთაც სადღაც ეძებდნენ, თუმცა როგორ ვიფიქრებდი, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდნენ და ასე მშვიდად წააქცევდნენ. ვიცოდი, რომ პარკ "სკაზკაში“ რეაბილიტაცია დაიწყო და ხეებს ჭრიდნენ. თუმცა არ მეგონა, რომ ბოძებსაც მიადგებოდნენ. ნაკაწრების მიხედვით ჩანს, რომ ისინი ტექნიკის გამოყენებით აიღეს და ნამდვილად გადატეხეს. აი, ის თუჯის ნაწილი წარწერით SIEMENS.BROS. ეს ბოძები 150 წლისაა, თუჯი ხომ ძალიან სუსტი სუბსტანციაა“. "ზღაპარი“ სოხუმის ცენტრში არსებული ერთადერთი პარკი იყო, რომელიც ომის შემდეგ არ განადგურებულა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადარჩა იქ XIX საუკუნეში დამონტაჟებული "სიმენსის“ ბოძები. თვითმხილველთა მონაყოლით, პარკში 30-მდე ბოძი იდგა. დაახლოებით 20 მანამდე აიღეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი, სავარაუდოდ, დაზიანებულია. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავს ბოძებს ბევრგან ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სწორედ სოხუმში დარჩა ამ ბოძების ყველაზე დიდი კოლექცია შავიზღვისპირეთის მასშტაბით, ყირიმიდან თურქეთამდე.
დღეს ცნობილია, რომ ამ ბოძების უტილიზაცია არ მოხდება, მაგრამ მათი მომავალიც გაურკვეველია. საინტერესოა ბოძებზე არსებული წარწერა SIEMENS. ეს ძმები სიმენსების ლონდონური კომპანიის აბრევიატურაა. ამ კომპანიაში მზადდებოდა მათი პროდუქცია, ხოლო წარწერა BROS - შემოკლებული ვარიანტია BROTHERS-ისა.
საგულისხმოა, რომ 2013 წელს გაგრაში ინდოევროპულ ტელეგრაფს სკულპტურა დაუდგეს, რომელზეც ტელეგრაფის მარშრუტი და კილომეტრაჟია მითითებული. როგორც ამბობენ, ის ამჟამად ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1877-1878 წლებში, სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფის კანტორა დაინგრა, ხოლო ხაზები დაზიანდა. ომის შემდეგ ხაზები აღადგინეს, 1912 წელს კი ჩოჩუას (ყოფილი კალინინის) ქუჩაზე ინდოევროპული ტელეგრაფის ახალი კანტორა გახსნეს, ხოლო გვერდით ტელეგრაფის თანამშრომელთათვის ორსართულიანი სახლი ააშენეს. ის დღემდე დგას, როგორც არქიტექტურული ძეგლი.
სამწუხაროდ, დანარჩენ საქართველოში ინდოევროპული ტელეგრაფის ბოძები აღარ დარჩა, ისინი 70-იან წლებში, ზუგდიდიდან დაწყებული, ეტაპობრივად აიღეს.
1970 წლამდე შემორჩა სახაზო მეურნეობა, ტელეგრაფში სალაპარაკოებსა და საერთოდ, კავშირგაბმულობის სისტემაში სახაზო ხაზები გამოიყენებოდა, კაბელის შემოსვლის შემდეგ კი ეს ბოძები მოშალეს და შესაბამისად, კავშირგაბმულობის სისტემაც შეიცვალა.
რა თქმა უნდა, უაღრესად სამწუხაროა, რომ ასეთი ისტორიული რელიკვია უკვალოდ გაქრა და აორთქლდა. ისინი ნამდვილად წარმოადგენდნენ მატერიალური კულტურის ძეგლებს, რომლებიც მოგვითხრობდნენ, როგორ შემოდიოდა ევროპა საქართველოში და ახალ ტექნოლოგიებს ნერგავდა. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია სოხუმში შემორჩენილი ინდოევროპული ტელეგრაფის ბოძების ზუსტად იმ სახით შენარჩუნება, როგორითაც ჩვენამდე მოაღწია და ეს უკვე იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საუკეთესო ვარიანტი.
სიმენსებმა თავის დროზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ინდუსტრიულ პროგრესს მისცეს ბიძგი, ხელი შეუწყვეს მის მსოფლიო ინფრასტრუქტურაში ინტეგრაციას, ხაზი გაუსვეს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანობას და ამიტომაც მნიშვნელოვანია ფართო მსოფლიომ, საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს მათ საქმიანობაზე. ამდენად, საგულისხმოა იდეა, აღდგეს ინდოევროპული ხაზის სიმბოლური მარშრუტი თავისი ნიშნულებით, ბოძებით და სხვ.
ის ნამდვილად გახდება ტურისტული ღირსშესანიშნაობა და იმავდროულად, მისი ისტორიული მნიშვნელობა იქნება საქართველოზე გამავალი ახალი სატელეკომუნიკაციო და სხვა სატრანზიტო პროექტების მტკიცე მემკვიდრეობითი საფუძველი.
აღარაფერს ვამბობ აფხაზეთთან დამაკავშირებელი საინტერესო კულტურულ-ეკონომიკური ხაზის აღდგენაზე.
ასე რომ, სიმენსებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში მთელ მსოფლიოს დაანახვეს საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა...
ვალტერ სიმენსი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1860 წლიდან რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა ტფილისში. ამ პერიოდში მან ვერნერის დავალებით გააფორმა ხელშეკრულება სპარსეთის ტერი춗ორიაზე ინდოევროპული ტელეგრაფის ხაზის გაყვანის თაობაზე. ტფილისის იმდროინდელი პრესა განსაკუთრებით აღნიშნავდა ახალგაზრდა მექანიკოსის მიერ ამ დავალების წარმატებით შესრულებასა და 1860 წელს ქუთაისში, ფოთსა და ტფილისში სატელეგრაფო სადგურების მოწყობაში მის პირად მონაწილეობას. ვალტერის გარდაცვალების შემდეგ "სიმენსის“ სავაჭრო სახლის ხელმძღვანელი ტფილისში ოტო სიმენსი გახდა, ის შემდგომ ამიერკავკასიაში პრუსიის კონსულადაც დაინიშნა. მასთან ერთად იმ პერიოდში მუშაობდნენ ჰერმან აბიხი (პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი), კონსტანტინე მამაცაშვილი (ცნობილი საზოგადო მოღვაწე) და გიორგი წულუკიძე (ინჟინერ-გეოლოგი).
1868 წელს, სწორედ ძმის გარდაცვალებასა და ინდოევროპული ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვერნერი ტფილისს მეორედ ეწვია.
სამი წლის შემდეგ, 1871 წლის 1 ოქტომბერს, გაზეთი "კავკაზი“ იუწყება მეორე ძმის - ოტოს გარდაცვალებას ტფილისში. როგორც ვალტერი, ასევე ოტო ტფილისში, დღევანდელი ვერის ბაღის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე იყვნენ დაკრძალული.
საინტერესოა, რომ იმ პერიოდშიც კი რუსეთის იმპერია ინდოევროპული ხაზის მშენებლობის პროექტის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა სიმენსებმა ეს ბარიერი გადალახეს. გეოსტრატეგიული მდებარეობის საფუძველზე განსაზღვრულ სატელეკომუნიკაციო სატრანზიტო ფუნქციას კი ნამდვილად ეწერა მასშტაბური და ეფექტიანი განვითარება, რომ არა საქართველოს ოკუპაცია და გასაბჭოება. გასაბჭოებასთან ერთად, კომპანია "სიმენსმაც“ დატოვა საქართველო. იმას, რისი განხორციელებაც სიმენსებს უნდოდათ, სჭირდებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელიც დავკარგეთ და მასთან ერთად დავკარგეთ სწორედ ის მთავარი ფუნქცია, რომელიც ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებას უკავშირდებოდა. დავკარგეთ მისია, რომელიც ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარეობდა.
ფუნქციასთან ერთად, როგორ პარტნიორებს ვკარგავდით, თავად განსაზღვრეთ: დღეს კონცერნი "სიმენსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ის წარმოდგენილია მსოფლიოს 190 ქვეყანაში და ფიფა-სა (208 ეროვნული ასოციაცია) და კოკა-კოლასთან (წარმოდგენილია 200-ზე მეტ ქვეყანაში) ერთად ამ მხრივ მსოფლიო ლიდერებშია. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, კომპანიის ბრუნვა 75-80 მილიარდი ევროს ფარგლებშია, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა 400 ათასს აჭარბებს. მისი საქმიანობა უაღრესად მრავალფეროვანია, მაგრამ პრიორიტეტად სატელეკომუნიკაციო მიმართულება რჩება. 2015 წლის მონაცემებით, კომპანიის აქტივები 132 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო წმინდა მოგებამ 2020 წელს 3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ამ მონაცემებით შეგვიძლია უხეში, მაგრამ მიახლოებითი პარალელები გავავლოთ განვითარებასა და სტაგნაციას შორის. სად შეიძლება წავსულიყავით და სად აღმოვჩნდით.
მერაბ ადეიშვილი
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
"ისტორიანი" .#129