იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში
(დასასრული.დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #128)
იდა პფაიფერი დაწვრილებით აღწერს ქალაქ ერევანს. მისი ცნობით, ერევანი არქიტექტურული სტილით დიდად არ გამოირჩეოდა. ის გამაგრებული ყოფილა ციხესიმაგრეებით. ერევანში მას უნახავს სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, მათ შორის: ქართველები, ჩერქეზები, თათრები. იდა პფაიფერი აღწერს ერევნის მცხოვრებთა ჩაცმულობას. გვაწვდის საინტერესო ცნობებს ეჩმიაძინის ტაძრის შესახებ, რომელიც სომხეთის მთავარ ტაძრად ითვლება. პფაიფერის ცნობით, ეჩმიაძინში ინახებოდა ქრისტეს ორი სამსჭვალი, ასევე ქრისტეს უკერავი პერანგი. ჩვენი აზრით, ეს ინფორმაცია არასწორია. ცნობილია, რომ ჯვარცმის შემდეგ მცხეთელმა ებრაელებმა მაცხოვრის კვართი (უკერავი პერანგი) საქართველოში ჩამოაბრძანეს. საისტორიო წყაროების მიხედვით, ქრისტიანთა უდიდესი სიწმინდე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დაბრძანებული. იდა პფაიფერი ვერ მალავს კავკასიაში მყოფი რუსებისადმი უკმაყოფილებას. როგორც მოგზაური აღნიშნავს, რუსები მას უხეშად ექცეოდნენ: "რუსებსა და კაზაკებს აქვთ ყალმუხებისნაირი სახის ნაკვთები და ამ ნაკვთების საუკეთესო თვისებებს ამართლებს მათი ქცევა. არც ერთი სხვა ხალხი არ შემხვედრია მათზე უფრო ხარბი, უხეში და მონური მიდრეკილებით. როცა რაიმეს შევეკითხებოდი, ან სულ არ მიპასუხებდნენ, ან უხეშად თუ მიპასუხებდნენ, ან იცინოდნენ და მაჩერებდნენ. ასეთი უხეში მოპყრობა ალბათ ისეთი თვალში საცემი არ იქნებოდა, მე რომ ევროპიდან არ ვყოფილიყავი ჩამოსული". როგორც ჩანს, რუსი მოხელეები უცხო მგზავრებს ძალზე ცუდად ეპყრობოდნენ. ამის გამო იდა პფაიფერი ვერ მალავს გულისწყრომას ფოსტის მოხელეების მიმართ, რომლებიც მისი თქმით, ძალიან ჩამორჩენილები და გონებაჩლუნგები იყვნენ: "28 აგვისტო. მუდმივი ტანჯვა-წამება ფოსტის ხალხის გამო. ჩხუბისა და აყალმაყალის უდიდესი მტერი ვარ, მაგრამ ამ ხალხთან ალბათ უკეთესი იქნებოდა, სახრეებით მელაპარაკა. მათ გონებაჩლუნგობაზე, უხეშობასა და უგრძნობლობაზე წარმოდგენის შექმნა თითქმის შეუძლებელი იყო. მოხელეები და მსახურები ხშირად დღის ყოველ მონაკვეთში მთვრალები იყვნენ და ეძინათ. ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას, თუ არ ეძინათ, საცოდავ მგზავრებს ამასხარავებდნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ. ამ დროს ერთ-ერთი წამოდგებოდა, ოთხთვალას გამოაგორებდა, მეორე ცხენებს თივას დაუყრიდა, საცოდავი ცხენები ხშირად დასაჭედები იყვნენ, მათი კაზმულობა წესრიგში არ იყო და გასასწორებელი და შესაკრავი ხდებოდა - და ასე უთვალავი საქმე, რომლებსაც დიდი დაყოვნებით აკეთებდნენ. იქაურებმა მითხრეს, რომ ცოტა ხნის წინათ ეს ქვეყნები რუსეთის ბატონობის ქვეშ იყო, რომ იმპერატორიც მეტისმეტად შორს გახლდათ და ჩემთვის - მარტოდ მყოფი ქალისთვის, რომელსაც მსახურებიც კი არ ჰყავდა, მგზავრობა სახიფათო უნდა ყოფილიყო".
ავსტრიელი მოგზაური შედარებას აკეთებს რუსულ და ინგლისურ კოლონიებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი რუსეთთან შედარებით გაცილებით შორს იყო დაპყრობილ ტერიტორიებისგან, მას გაცილებით მოწესრიგებული ჰქონდა მმართველობა დომინიონ ქვეყნებში, ვიდრე რუსეთს: "არ ვიცოდი, რა მეპასუხა, როცა ინგლისელების უცხო, უახლეს მამულებში, რომლებიც დედაქალაქიდან საკმაოდ დაშორებული იყო, ყველაფერი შესანიშნავად მოწესრიგებული იყო და მარტოდ მყოფ, უმოსამსახურო ქალს ისევე სწრაფად ემსახურებოდნენ, როგორც ჯენტლმენს".

იდა პფაიფერი კავკასიაში მცხოვრები თათრების ყოფა-ცხოვრებას აღწერს. თათრების ეთნიკური წარმომავლობა მას დაკონკრეტებული არ აქვს, თუმცა თუ ავსტრიელი მოგზაურის ცნობებს დავუკვირდებით, თათრები მას დასახელებული ჰყავს, როგორც ქარავნის გამყოლები. ადგილობრივი თათრების გარდა, რომელთაც მიწური სახლები ჰქონდათ და სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ის ასახელებს მომთაბარე თათრებსაც, რომლებსაც ცხენებით დაჰქონდათ კარვები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. "დღეს თათრების ბევრი მომთაბარე ჯგუფი შემომხვდა. ადამიანები ხარებსა და ცხენებზე ისხდნენ და მათზე თავიანთი კარვები და სახლისთვის საჭირო ნივთები ჰქონდათ აკიდებული. ძროხები და ცხვრები, რომელთა ნაკლებობა არ შეინიშნებოდა, გვერდითვე მისდევდნენ. თათრის ქალები უმეტესად ძვირფასი და ამავე დროს, საკმაოდ გაცვეთილი სამოსით იყვნენ. მათი აბრეშუმის კოსტიუმები ხშირად ოქროსფერი ძაფით იყო შემოვლებული. განიერი შარვლები ეცვათ, გრძელი ხიფთანი და მას ზემოთ ერთიც მოკლე, თავზე ფუტკრის სკის მსგავსი რაღაც ჰქონდათ მოხვეული. მკერდიდან ქამრამდე კაბები ასევე თუნუქით, ღილებით, ჟღარუნებით, ბეჭდებითა და მათი მსგავსი რამე-რუმეებით ჰქონდათ მორთული. ბეჭებზე თასმა ეკიდათ, რომელზეც ავგაროზი იყო ჩამოკონწიალებული, ცხვირსახოცებშიც პატარა ბეჭდები ჰქონდათ გახვეული. დიდი თავსაბურავები ეხვიათ, თუმცა სახე დაუფარავი რჩებოდათ. მათი ავლადიდება შედგებოდა კარვებისგან, დიდებული ხალიჩებისგან, რკინის ქვაბებისგან, სპილენძის დოქებისგან და ა.შ. თათრები უმეტესად მუსლიმანური რელიგიის მიმდევრები არიან. ადგილობრივ თათრებს აქვთ მათთვის დამახასიათებელი სახლები, რომლებსაც თხუნელის შექუჩებული გროვა შეიძლება უწოდოს კაცმა. მათი სოფლები უმეტესად ფერდობებსა და გორაკებზე მდებარეობს. ისინი იქ დიდ ოთახებს თხრიან. შუქი მხოლოდ შესასვლელიდან შედის. არაფერია ისე სასაცილო დასანახი, როგორიც ისეთი სოფელი, რომელიც მხოლოდ ფარდულებისგან შედგება და არც კარ-ფანჯარა, არც ქვის ღობეები და არც კედლები არა აქვს. ვაკეზე მცხოვრებნი თავისთვის იკეთებენ ხელოვნურ მიწაყრილებს, ისინი იშენებენ ქვისა და ხის ქოხებს და მიწa ისეa, რომ ქოხიდან არაფერი მოჩანს. სამოცი წლის წინ ქალაქ ტიფლისში ასეთი მიწურებიც ბევრი იყო".

თათრების დასახლებიდან იდa პფაიფერს, როგორ თვითონ წერს, 24 ვერსი აშორებდა თბილისამდე. კავკასიაში, კერძოდ კი თბილისში თათრებს იხსენიებს მორიც ვაგნერიც. როგორც გერმანელი მოგზაური წერს, თათრები "თურქულ-თათრულ კილოზე" საუბრობდნენ. ვაგნერის ცნობით, კავკასიელ თათრებს, რუსული სამხედრო ძალის ზემოქმედების მიუხედავად, მებრძოლი სული შერჩათ. ისინი ნაკლებად ემორჩილებოდნენ "რუსული პოლიციის მათრახსა და გადასახადის ამკრეფი მოხელეების მხრივ წვალებას". აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსულ დამპყრობლურ პოლიტიკას ამიერკავკასიიდან ბევრი მუსლიმანი გაექცა. ემიგრანტებმა ირანსა და თურქეთს შეაფარეს თავი.
ავსტრიელი მოგზაური თავის დღიურში მოგვითხრობს საქართველოს დედაქალაქის შესახებ. თბილისს ის ევროპულ ქალაქად მიიჩნევს და ჩილეს ერთ-ერთ ქალაქ ვალპარაისოს ადარებს. იდა პფაიფერი აღწერს თბილისის ქუჩებს, ქალაქში არსებულ გოგირდის აბანოებს, აქაურ მოსახლეობას, მათ ჩაცმულობას. "ტიფლისი მხოლოდ სადგურის ბოლო ნახევრიდან ჩანს. ძალიან განმაცვიფრა ამ ქალაქის შეხედვამ, რადგან ის, ეკლესიების გუმბათებს თუ არ ჩავთვლით, ევროპული სტილით არის აშენებული და ვალპარაისოს შემდეგ ისეთი ტიპის ქალაქი არ მინახავს. ქალაქში ბევრი გოგირდის წყაროა, თბილი გოგირდის წყარო, საიდანაც მისი სახელი წარმოდგება: ტიფლისი ან თბილისი ნიშნავს "თბილი ქალაქი". ბევრი აბაზანიდან უმეტესობა, სამწუხაროდ, ცუდ მდგომარეობაშია. შენობას თავზე ადგას პატარა გუმბათები ფანჯრებით, შენობის შიგნით წყაროები მოჩქეფს. იატაკი და კედლები ნაწილობრივ დიდი ქვის ფილებით არის დაფენილი, მარმარილო არ ჩანს. აქ არის ერთი კაცისთვის განკუთვნილი და საერთო აბაზანები; შენობაში, სადაც ქალები იკრიბებიან, მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ და მაინც აქ ისეთი სიმკაცრე არ არის, როგორც აღმოსავლეთში. ქუჩებში დაინახავთ ევროპულ და აზიურ ტანსაცმელს ისე ხშირად ერთმანეთის გვერდით, რომ სხვა ჩაცმულობა ყველას აცვიფრებს".
თბილისზე საუბრის შემდეგ იდა პფაიფერი აღწერს ჩერქეზებს: "ზოგს ჩერქეზებს აცვიათ განიერი შარვალი, მოკლე ქურთუკი, ვიწრო მუცლის ასაკრავით და გულის ჯიბეებით ექვსი-ათი "პატრონასათვის", შემოტმასნილი მოკლეყელიანი ჩექმები შიგნით შეწეული წვერებით და პატარა ტყავის ქუდი. მდიდრების ქურთუკები ნაზი, მუქი ყავისფერი მაუდისაა ვერცხლის კანტებით და ოქროს შემონაკერით. სხვა კავკასიელი ხალხებისგან ჩერქეზები განსხვავდებიან სილამაზით. მამაკაცები ტანმაღლები არიან, სახის სწორი ნაკვთებით და მოძრაობაშიც სიყოჩაღე იგრძნობა. ქალებს ნაზი, სათუთი ფორმა აქვთ, თეთრი კანი, შავი თმა, მოწესრიგებული მოძრაობა, წერწეტტანიანები, სავსემკერდიანები. მათ თურქულ ჰარემებში დიდი დაფასება აქვთ. უნდა გამოვტყდე, რომ მე სპარსულ ჰარემებში, სპარსელ ქალებში ბევრად მეტი ლამაზები მინახავს, ვიდრე თურქულში, თუ იქ ჩერქეზები იყვნენ". თუ ავსტრიელი მოგზაურის ცნობას დავუკვირდებით, აქ ორი ვერსიაა დასაშვები: 1. იდა პფაიფერმა თბილისში ნახა ჩრდილოეთ კავკასიიდან სავაჭროდ ჩამოსული ჩერქეზები და ამიტომ გვაწვდის მათ შესახებ ცნობებს. თბილისში ჩერქეზები რომ ხშირად ჩამოდიოდნენ, ამას მორიც ვაგნერიც ადასტურებს. მისი ცნობით, "ჩამოთვლილ ხალხებთან შედარებით ერთეულებად (დაფანტულად) ჩანან ტფილისში ოსები, ჩერქეზები, ლეკები, ყაზი-ყუმუხები, ლაზები, სვანები და ქურთები". მორიც ვაგნერი, იდა პფაიფერის მსგავსად თბილისზე საუბრისას გარკვეულ ადგილს უთმობს ჩერქეზი მამაკაცების აღწერას. 2. შესაძლოა იდა პფაიფერს ერთმანეთში აერია ქართველები და ჩერქეზები და ქართველების ნაცვლად საქართველოს დედაქალაქში მყოფი მოგზაური სწორედ მათზე გვესაუბრება.
ავსტრიელი მოგზაური კვლავ და კვლავ უკმაყოფილოა რუს მოხელეებთან შეხვედრით. მას განზრახვა ჰქონდა კავკასიიდან მოსკოვში, შემდეგ კი პეტერბურგში გამგზავრებულიყო, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავს, "ვუთხარი მათ (იგულისხმებიან კანცელარიის დირექტორი ლილი და გუბერნატორი. - გ. ს.) ჩემი გეგმა: აქედან კავკასიის გავლით მოსკოვში და პეტერბურგში წავსულიყავი; აქ მოგზაურობამ ისე გამაცოფა, რომ სურვილი მქონდა უმოკლესი გზა გამომენახა და რაც შეიძლება მალე გადამელახა საზღვარი".
დასავლეთ საქართველოში თბილისიდან იდა პფაიფერი 6 სექტემბერს გაემგზავრა. გზად მიმავალი მოგზაური აღწერს საქართველოს ბუნებას: "მგზავრობა უფრო და უფრო რომანტიკული ხდება. ბუჩქნარი და ტყეები ფარავენ გორაკებსა და ჭალებს, ყანებში კოპწიად ბიბინებს მწვანე ბალახი და მაღალღეროიანი თურქული მარცვლეული. არც ძველი ციხესიმაგრეების ნაკლებობა იგრძნობა. საღამოსთვის, მას შემდეგ რაც მე გაჭირვებით ოთხი სადგური გავიარე, ჩავაღწიე პატარა ქალაქ გორში, რომლის მდებარეობა განსაკუთრებით მომხიბვლელია". იდა პფაიფერი მოსახლეობის სოციალური ყოფით, საქართველოში არსებული გზებით, ხიდებითა და საერთოდ, ქვეყნის მდგომარეობით უკმაყოფილოა და ამას იმ მიზეზით ხსნის, რომ ქვეყანა რუსეთის დაქვემდებარებაში იყო: "საქართველოს უკვე ორმოცდაათი წელი რუსეთის ხელისუფლება განაგებს და მხოლოდ ცოტა ხნის წინ ისევ დაიწყეს მშენებლობა. ალბათ ვინც ორმოცდაათი წლის შემდეგ ისევ მოვა, აქ თავს დაკარგულად იგრძნობს. როგორც გზების, ასევე ხიდების დიდი ნაკლებობაა; ღრმა მდინარეებში, როგორიც მაგალითად მირაბკაა, გასაცოდავებულ ვითომ ნავებზე სხდებიან და ფონს გადალახავენ. წვიმის დროს და მოულოდნელი დათბობისას თოვლიან მთებში მდინარეები დიდდება, მგზავრმა მთელი დღე უნდა იცადოს, ან თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს. - რამხელა განსხვავებაა რუსეთსა და ინგლისს შორის კოლონიზაციებში!" ავსტრიელი მოგზაური ჯერ ქუთაისში ჩავიდა, შემდეგ რედუტ-კალეში გადავიდა. იქიდან კი ქერჩში გაემგზავრა... იდა პფაიფერის ცნობები ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს XIX საუკუნის პირველი ნახევრის კავკასიის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების შესახებ.
გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
"ისტორიანი" .#129