1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი და საქართველო - კვირის პალიტრა

1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი და საქართველო

1990-1991 წლებში ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში ფართოდ გააშუქეს საქართველოს რესპუბლიკისა და სსრ კავშირის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი. მათ შორის 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, რომელში მონაწილეობაზეც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარი განაცხადა, თუმცა აშკარა დარღვევით ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე.

სსრ კავშირის ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა, იმპერიის დაშლის პროცესის შესაჩერებლად, საკავშირო რეფერენდუმი დაგეგმა, რომელიც 1991 წლის 17 მარტს უნდა გაიმართულიყო. მისი მთავარი კითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: "თვლით თუ არა აუცილებლად, რომ შენარჩუნდეს სსრ კავშირი, როგორც განახლებული, თანასწორუფლებიანი, სუვერენული რესპუბლიკების ფედერაცია, რომელშიც სრულად იქნება დაცული ნებისმიერი ეროვნების ადამიანის უფლებები?" საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე აღნიშნული რეფერენდუმი ჩაეტარებინა, რასაც ადასტურებს უზენაესი საბჭოს დადგენილება, ვინაიდან ის ლახავდა საქართველოს სუვერენიტეტს და წარმოადგენდა დაბრკოლებას დამოუკიდებლობის გზაზე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალა საკავშირო პლებისციტი და მის საპირისპიროდ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო. საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკამ: ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და საქართველომ. ამ რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეთა შეფასებით, ეს იყო საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა, ამიტომ მათ ხელი არ მოაწერეს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობდა სსრ კავშირში შემავალი რესპუბლიკების გაერთიანებას ახალი "სუვერენული სახელმწიფოების კავშირად" და მოდერნიზებული საბჭოთა სახელმწიფოს შენარჩუნებას. ხელმოწერა ვერ შეძლეს სხვა რესპუბლიკებმაც, რადგან პროცესი ჩაიშალა. იმის გამო, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ და მისმა თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ უარი განაცხადეს საკავშირო რეფერენდუმის გამართვაზე, კომუნისტური სახელმწიფოს "გადემოკრატიულებული" მეთაური გორბაჩოვი საქართველოს ხელისუფლებას ავტონომიებში ვითარების გამწვავებით ემუქრებოდა. მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების აკრძალვისა, აღნიშნული რეფერენდუმი მაინც გაიმართა აფხაზეთის ასსრ-სა და უკვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც ვითარებას ძირითადად ადგილობრივი სეპარატისტულად განწყობილი ძალები აკონტროლებდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, საბჭოთა ხელისუფლებისგან იღებდნენ მითითებებს.

სოხუმში მიიღეს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება, აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში სრულიად საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელსაც ხელს ვლადისლავ არძინბა აწერდა. მასში აღნიშნული იყო, რომ მშვიდობა და თანხმობა შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ხალხის აზრის გათვალისწინებისა და ერთობლივი ძალისხმევის გზით. გარდა ამისა, აფხაზეთის ასსრ ხელმძღვანელობამ, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების აკრძალვისა, მაინც დაიწყო მზადება 17 მარტის რეფერენდუმისთვის. პარალელურად დაიწყო ქართული მოსახლეობის შევიწროება და ვინაიდან მათი უმეტესობა არ აპირებდა მონაწილეობის მიღებას აღნიშნულ რეფერენდუმში, მაგალითად, გალის რაიონი, საერთოდ ამოიღეს საარჩევნო სიებიდან.

აფხაზეთში ჩატარებულ 17 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ვახტანგ გვარამიამ, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" მოხსენებითი ბარათი გამოაქვეყნა. აღნიშნულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "რეფერენდუმი აფხაზეთში მომზადდა და ჩატარდა როგორც საკავშირო, ასევე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის უხეში დარღვევით". კონკრეტულად ჩამოთვლილია ფაქტები, როგორიცაა: საარჩევნო სიების გაყალბება, პროცესში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა და სხვა.

copy-of-aberdeen-press-and-journal-1722082860..png
Aბერდეენ Pრესს ანდ ჟოურნალ-ის 28 თებერვლის პუბლიკაცია "გორბაჩოვი ემუქრება საქართველოს ლიდერს"

1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი ძალებით გაააქტიურა სამხედრო და პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოსთან, რაზეც წერდა ბრიტანული და ირლანდიური პრესა.

ბრიტანულმა გამოცემამ Aberdeen Press and Journal-მა 28 თებერვალს გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით, "გორბაჩოვი ემუქრება საქართველოს ლიდერს", რომელშიც განხილულია როგორც დაგეგმილი რეფერენდუმი, ისე საბჭოთა ხელისუფლების ქმედებები რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს მიმართ. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ "საქართველო არ აპირებს მონაწილეობის მიღებას საკავშირო რეფერენდუმში. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი კი ულტიმატუმს უყენებს საქართველოს ხელისუფლებას. ის პირადად დაემუქრა ზვიად გამსახურდიას, თუ არ დათანხმდებოდა მონაწილეობის მიღებას, საქართველოს ჩამოაშორებდა ორ რეგიონს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს". ავტორი აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული რეგიონების ხელმძღვანელობას სურდა სსრ კავშირში დარჩენა და აპირებდნენ, საკავშირო რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. სტატიაში მოყვანილია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები 1991 წლის 27 თებერვლის უზენაესი საბჭოს სესიიდან: "პრეზიდენტი გორბაჩოვი დაემუქრა საქართველოს ორი რეგიონის ჩამოშორებით, თუ ხელისუფლება არ დათანხმდება სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას". სტატიაში ხაზგასმულია, რომ "საქართველო იბრძვის სრული დამოუკიდებლობისთვის და მიეკუთვნება იმ რესპუბლიკების ჯგუფს, რომლებიც უარს ამბობენ, დაეთანხმონ და ხელი მოაწერონ ახალ ხელშეკრულებას". ამავე ნომერში ვკითხულობთ, რომ "გორბაჩოვის ულტიმატუმზე ზვიად გამსახურდიამ უპასუხა, რომ ეს არის არა ჩემი, არამედ ჩემი ხალხის პოზიცია. ეს საკითხი ჩემთვის სხვაგვარად არ არსებობს". იმავე დღეს მსგავსი შინაარსის სტატია დაიბეჭდა ირლანდიურ გამოცემა Irish Independent-ში, სათაურით "გორბაჩოვის ულტიმატუმი საქართველოს".

saqartvelos-respublika-2-1722082860.jpg
ფოტო-რეპორტაჟი ცხინვალიდან "საქართველოს რესპუბლიკის" 1991 წლის 19 მარტის ნომერში

მიხაილ გორბაჩოვის მუქარის შესახებ ესაუბრა ზვიად გამსახურდია რუსეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელ *პოლოფს, რომელიც 1991 წლის 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა ვიზიტით საქართველოში და შეხვდა მას. აღნიშნული ვიზიტის შესახებ მომზადებული მოხსენებიდან სათაურით "გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას", ვარკვევთ, რომ ძირითადი განსახილველი თემები იყო: მოსკოვთან დაპირისპირების საკითხი და დაძაბულობა სამაჩაბლოში. საუბრის დროს "გამსახურდიამ ასევე აჩვენა პოლოფს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის ბორის პუგოსა და გორბაჩოვის ტელეგრამები, სადაც ისინი მოუწოდებენ, დამორჩილებოდა სსრ კავშირის კანონმდებლობას ან პასუხი ეგო შედეგებზე".

1991 წლის 24 მარტს შუნდაყ თრიბუნე-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "გორბაჩოვი ვერ ახერხებს სრული მხარდაჭერის მოპოვებას". მასში აღნიშნულია, რომ გორბაჩოვმა ინტერვიუს დროს, როდესაც საუბრობდა საკავშირო რეფერენდუმის შემდეგ საბჭოთა კავშირის მომავალზე, დაადანაშაულა დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკების - ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და საქართველოს მეთაურები, რომ ისინი თავიანთი უარითა და წინააღმდეგობით "უბიძგებენ თავიანთ ხალხს ისტორიული ჩიხისკენ".

100476191-3145271848870645-2667824918799843328-n-1722082860.jpg
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია საარჩევნო ყუთთან(1991 წ.)

Irish Independent-ში 20 მარტს გამოქვეყნდა პუბლიკაცია "ექვსი გარდაცვლილი საარჩევნო დაპირისპირებისას". სტატიაში აღწერილია 17 მარტს ე.წ. სამოკავშირეო რეფერენდუმთან დაკავშირებული ინციდენტი სამაჩაბლოში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "დაახლოებით 6 კაცია დაღუპული შაბათ-კვირას საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. აქ მოხდა შეტაკება რეფერენდუმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის". სტატია, სავარაუდოდ, ეყრდნობა რუსულ წყაროს, რადგან მოხმობილია მხოლოდ ოსური მხარის მონაცემები: "როგორც სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ანატოლი ჩეხოევი აცხადებს, ოთხი კაცია მოკლული რეგიონის ცენტრალურ ქალაქ ცხინვალში, ღამით, ვიდრე კვირას გაიმართებოდა რეფერენდუმი, ხოლო ორი კი მოკლეს რეფერენდუმის შემდეგ". აქვე ავტორი აღნიშნავს, რომ "სხვადასხვა მონაცემით, 43 000-მდე კაციდან, რომელთაც მიიღეს რეფერენდუმში მონაწილეობა, მხოლოდ 9-მ დააფიქსირა "უარი" კავშირში დარჩენაზე". რაც შეეხება აღნიშნული რეფერენდუმის მიმდინარეობას, ის წარიმართა საბჭოთა ჯარებისა და ოსი ექსტრემისტების ძალადობისა და იძულების ფონზე. დაძაბული ვითარება იყო აფხაზეთშიც. ამასთან, ქართველი მოსახლეობა მას პროტესტს უცხადებდა და არ მონაწილეობდა. შემდეგ გაირკვა სხვადასხვა გაყალბების ფაქტიც. ამდენად, რთულია რეალური შედეგების დადგენა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში "საკავშირო რეფერენდუმის" შესახებ არსებულ დარღვევებზე საუბრობდნენ უცხოელი ჟურნალისტებიც. მაგალითად, ცხინვალში დარღვევები და საბჭოთა სამხედროების ჩართვა აღბეჭდა "როიტერის" ფოტოკორესპონდენტმა, ხოლო აფხაზეთში არსებულ სარეფერენდუმო უბნებზე არსებულ ვითარებაზე დაწერა შვეიცარიულმა გამოცემამ.

მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. სამოკავშირეო რეფერენდუმის გამართვიდან რამდენიმე დღეში, 1991 წლის 23 მარტს, ზვიად გამსახურდიასა და რსფსრ-ის ხელმძღვანელ ბორის ელცინს შორის გაიმართა მოლაპარაკებები ყაზბეგში. შეხვედრისას განიხილეს მომავალი თანამშრომლობისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხები. აქ კი განვიხილავთ Dუნდეე ჩოურიერ-ში გამოქვეყნებულ სტატიას "ქართული სამშვიდობო ხელშეკრულება", რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ლიდერებს შორის "გაფორმდა ხელშეკრულება და უნდა დასრულდეს სამხრეთ ოსეთში მცირე სამოქალაქო ომი, რომელმაც უკვე შეიწირა 44 კაცი". პუბლიკაციის ბოლოს მოყვანილია ლიდერების სიტყვები, რომ "ჩვენი შეთანხმების შემდეგ დასრულდება დაპირისპირება სამხრეთ ოსეთში. ორივემ ხელი მოვაწერეთ მშვიდობის დამყარებას". ბორის ელცინი ამ პერიოდში რუსეთის სუვერენიტეტის მოპოვებისთვის იბრძოდა და ამდენად, შესაძლოა, ის საქართველოსთვის სიტუაციურ მოკავშირედაც კი ჩანდა.

ყაზბეგში გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ვერ უზრუნველყო მშვიდობის დამყარება ცხინვალის რეგიონში, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლებამ 1991 წლის აპრილის დასაწყისიდან იქ ახალი საჯარისო ნაწილები გაგზავნა და დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.

ბრიტანულ პრესაში აქტიურად შუქდებოდა საქართველოში მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც იყო 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. დასმულ კითხვას - "თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე?" - რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, ამავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ასევე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ. ამავე პერიოდში ბრიტანული გამოცემა Newcastle Journal-ი განიხილავდა საქართველოში რეფერენდუმის წინ არსებულ ვითარებას, მკითხველს აცნობდა 1991 წლის 28 მარტს, პოლიტიკური ბლოკის, "მრგვალი მაგიდის" მიერ მთავრობის სასახლის წინ ორგანიზებულ მიტინგზე ზვიად გამსახურდიას წარმოთქმულ სიტყვას. მისი გამოსვლა უკავშირდება მოსკოვში გორბაჩოვის მცდელობებს, კვლავ გაუხანგრძლივოს არსებობა სსრ კავშირს. "თბილისში დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკის საქართველოს ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ თავის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გორბაჩოვმა აჩვენა რეალობის აღქმის ნაკლებობა, როდესაც ქუჩაში გამოიყვანა შეირაღებული ძალები. არანაირ სამხედრო იარაღს არ შეუძლია დაიცვას მსოფლიოს უკანასკნელი იმპერია. ნამდვილი ძალა არის რესპუბლიკებში, ეს არის მსოფლიო ისტორიის ლოგიკა".

1991-wlis-31-martis-saqartvelos-damoukideblobis-ardgenis-referendumis-biuleteni-1722082860.jpg
1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ბიულეტენი

ზვიად გამსახურდიას აღნიშნულ გამოსვლასა და რეფერენდუმის წინ საქართველოში არსებულ ვითარებაზე წერს გამოცემა Irish Independent-იც. ამასთან დაკავშირებით იგი მკითხველს ამცნობს, რომ 5 000-ზე მეტი მომხრის წინაშე გამოსვლის დროს, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, "დარწმუნებულია, რომ მისი ხალხი ხმას მისცემს მთიანი სახელმწიფოს (იგულისხმება საქართველო. - გ. ბ.) დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც კომუნისტებმა 70 წლის წინ დაამხეს"

8cbbd3b2-3a79-41e6-b3fa-1a171bb7-2-1722082861.jpg
თბილისის საქალაქო საბჭოში სტუმრობისას ნიქსონს სუვენირი - ეროვნული სტილით შესრულებული გობელენი გადასცეს ("საქართველოს რესპუბლიკა", 1991 წლის 31 მარტი)

უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია შეხვდა საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით მყოფ სსრ კავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩს, როდრიგ ბრაიტვაიტს, რა დროსაც მან გააცნო "31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას". ელჩმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს სახელით მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, რადგან უცხოელი ჟურნალისტების მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესები ხშირად არასწორად შუქდება, ის მოითხოვს საქართველოს საკითხის "სამთავრობო დონეზე განხილვას". ზვიად გამსახურდიამ გამოთქვა სურვილი, რომ "გამოიყოს საერთაშორისო სამთავრობო ექსპერტები, რომლებიც დააფიქსირებენ და განიხილავენ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებებთან". შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების შესახებ. ბოლოს ელჩმა აღნიშნა, რომ "შეხვედრის შედეგები განხილული იქნება თავისი ქვეყნის სამთავრობო დონეზე". მნიშვნელოვანია, რომ 31 მარტის რეფერენდუმს დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. გაიმართა შეხვედრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ზვიად გამსახურდიასთანაც.

გამოცემა Aberdeen Evening Experss-ში ვკითხულობთ: "საქართველოს დედაქალაქ თბილისში მყოფი ჟურნალისტების ცნობით, საქართველოში მიიღეს დადგენილება რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ საბჭოთა კავშირისგან. ასევე გვატყობინებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველო იქნება მეორე რესპუბლიკა, ლიტვის შემდეგ, რომელიც გამოაცხადებს დამოუკიდებლობას".

1991 წლის 17 მარტის "საკავშირო" რეფერენდუმი მიზნად ისახავდა სსრ კავშირში შემავალი რესპუბლიკების კვლავ საბჭოთა გავლენის ქვეშ მოქცევას და საბოლოოდ მათი სუვერენიტეტის შელახვას. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისა, მართებულად მოიქცა, როდესაც არ მისცა კრემლს უფლება, თავის ტერიტორიაზე ჩაეტარებინა აღნიშნული რეფერენდუმი და მზადება დაიწყო იმავე თვეში, 31 მარტს, დაგეგმილი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის გასამართავად. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესებს ფართო გამოხმაურება ჰქონდა დასავლეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში, რის მაგალითიც არის ჩვენ მიერ განხილული პუბლიკაციები.

გიორგი ბუცხრიკიძე

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი

"ისტორიანი" .#129