რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობისას
ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან სსრ კავშირში ქართული ეროვნული მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების ცალკეული დარგი გამორჩეულად განვითარდა.
მართალია, ეს უპირველესად თვით ქართველი ერისთვის დამახასიათებელი ნიჭიერების დამსახურება გახლდათ, თუმცა ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ სსრ კავშირში ბრეჟნევის მმართველობის დაწყების შემდეგ უფრო შესაფერისი პირობები შეიქმნა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველ კომუნისტთა შორისაც მრავლად იყვნენ პატრიოტულად მოაზროვნენი, რომლებიც ეროვნული კულტურის აღმავლობას ხელს უწყობდნენ.
განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ქართულმა კინემატოგრაფიამ, რაც საერთაშორისო დონეზეც კი შესამჩნევი გახდა.
ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაცია ხელს უწყობდა ჩვენი ეროვნული თვითშეგნების დაცვასა და განმტკიცებას, რაც სსრ კავშირის არსებობის პერიოდში ყოველთვის უაღრესად აქტუალური გახლდათ.
* * *
ქართველ კომუნისტთა ერთ ნაწილში არსებული პატრიოტული სულისკვეთების შესახებ მიუთითებდა სსრ კავშირისა და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი ალექსანდრე ჩიკვაიძეც (1932-2012), რომელიც 1973-1977 წლებში რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის თბილისის ორჯონიკიძის (ამჟამად - ვაკის) რაიონის რაიკომის პირველ მდივნად მუშაობდა. მის წიგნში "პოლიტიკური ჭადრაკი სამი სხვადასხვა ქვეყნის ელჩის თვალით" (2004) ვკითხულობთ: "საქართველოს კომუნისტური პარტია, უფრო სწორად, საქართველოს პარტიული აქტივი განსხვავდებოდა სხვა რესპუბლიკების პარტიული აქტივისაგან. ეს იყო არა იდეოლოგიური ერთიანობა, არამედ წმინდა წყლის სახელმწიფო მმართველობის სისტემა. რა თქმა უნდა, ეს ფენომენი მეტ-ნაკლებად მთელ საბჭოთა კავშირსა და განსაკუთრებით ცენტრში შეიმჩნეოდა, მაგრამ ქართველი კომუნისტები გაცილებით ნაკლებად იყვნენ იდეოლოგიზებულნი. მთავარი ქართველობა იყო და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ქართული გენის ბუნებრივი ნიჭიერებიდან გამომდინარე, ქართველი პარტიული ჩინოვნიკი ალბათ ყველაზე გამჭვირვალედ ნიღბავდა ირონიას, როდესაც ვინმე კაპიტალიზმის დაწევა-გადასწრებაზე ან კიდევ რაიმე სხვა ფუჭი ლოზუნგის ირგვლივ მსჯელობდა. ხშირ შემთხვევაში სასიკეთოდ დომინირებდა ადამიანური ფაქტორი, ნამდვილი პატრიოტიზმი" (ხაზგასმა აქაც და შემდეგშიც ჩვენია. - ნ. ჯ.).
* * *
1964 წელს კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიერ გადაღებული და კინოშედევრად აღიარებული მხატვრული ფილმის "ჯარისკაცის მამა" (სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი) რეჟისორი რევაზ (რეზო) ჩხეიძე (1926-2015) იგონებდა: "ვიდრე ფილმს რესპუბლიკის გარეთ გაიტანდი, ადგილობრივ მთავრობას უნდა ენახა. ხელმძღვანელობა წასულია მოსკოვში, საკავშირო სესიაზე. არადა, თუ სურათი დროზე არ ჩავაბარეთ, 1964 წლის გეგმის შესრულებას არ ჩაგვითვლიან და მერე მტრისას, ამას მძიმე სანქციები მოჰყვება. მაშინ კინოკომიტეტის თავმჯდომარე იყო ოთარ ქინქლაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, მებრძოლი და გაბედული. განათლების მინისტრადაც იყო ნამუშევარი, რუსთაველის თეატრის დირექტორადაც... ოთარმა გადაწყვიტა საქმე:
- წადით მოსკოვში და ჩააბარეთ ფილმი.
ფაქტობრივად ერთი დღე გვაქვს, კვირაა და ახალი წელი მოდის. საკავშირო კინოკომიტეტის თავმჯდომარე იყო ალექსი ვლადიმიროვიჩ რომანოვი, პარტიული მუშაკი. მან ეს ფილმი ნახა კვირადღეს, ცოლთან ერთად. დარბაზში სხვა არავინ იჯდა: ისინი, მე და ხმის რეჟისორი. ისინი ფილმს უყურებენ, მე მათ ვუყურებ. ვხედავ, ცოლს მოსწონს, იცინის, ქმარს გაჰკრა რამდენჯერმე ხელი, ბოლოს იტირა კიდეც. რომანოვი კი ბლოკნოტში რაღაცას იწერს. ფილმი რომ დამთავრდა, წამოვიდა ჩვენკენ და პირველად იკითხა:
- მთავარი როლის შემსრულებელი მსა춝ი춐ბია თუ ტიპაჟი?
მე ვუთხარი:
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტია...
- Эта картина на экраны Советского Союза не выйдет! (ეს ფილმი საბჭოთა კავშირის ეკრანზე არ გავა!) - დაბეჯითებით მითხრა.
- Ваш герой, солдат, бьет лейтенанта. По уставу Советской Армии это запрещается. Мы не можем агитировать нарушение устава! (თქვენი გმირი, ჯარისკაცი ურტყამს ლეიტენანტს. საბჭოთა არმიის წესდებით, ეს იკრძალება. წესდების დარღვევის აგიტირება ჩვენ არ შეგვიძლია!)
დარბაზიდან რომ გადიოდა, მოტრიალდა და გვითხრა:
- თავდაცვის სამინისტროს აჩვენეთ და დასკვნა დაწერონ.
მოსკოვში იყო საკმაოდ ცნობილი ქართული რესტორანი "არაგვი". ასეთი ტრადიცია იყო, თუ ვინმე დისერტაციას დაიცავდა ან ფილმს ჩააბარებდა, "არაგვში" იხდიდა ბანკეტს. ვასია სტალინი დადიოდა იქ, მიქოიანის შვილები. კედლებზე ირაკლი თოიძის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ეკიდა, ქართულ სიმღერებს მღეროდნენ და ქართული კერძები იყო. ჩვენც იქ გვქონდა სუფრა მომზადებული, ხალხი დაპატიჟებული. ბანკეტი, რა თქმა უნდა, გავაუქმეთ. ახალი წელი ისე გავატარეთ, გარეთ არ გამოვსულვართ, ლოგინიდანაც არ ავმდგარვართ.
4 იანვარს კინოკომიტეტიდან გვირეკავენ და გვეუბნებიან:
- ამა და ამ საათზე თავდაცვის სამინისტროში უნდა მოხვიდეთ, ფილმი მოიტანოთ და აჩვენოთ.
- ვინ უნდა ნახოს?
- სამინისტროს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ.
გამისკდა გული, მაგრამ საბრძოლო გან춛ყობილება მაქვს. საბჭოთა არმიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კა-გე-ბე-ზე უარესია... იდეოლოგიას აკონტროლებდნენ.
შემოვიდნენ ეს გენერლები, თავი დაგვიქნიეს. ეტყობა უთხრეს, რომ რაღაც წესდება დავარღვიეთ, ანტისაბჭოთა ფილმი გადავიღეთ. დაიწყო ჩვენება და ვატყობ, რომ სხვანაირად უყურებენ, სხვა ხალხია, კარგი რეაქცია აქვთ, იცინიან, ერთმანეთს გადაულაპარაკებენ-ხოლმე რაღაცას. ბოლოს ცრემლებიც იწმინდეს და რომ დამთავრდა, ტაშიც დაუკრეს. წამოვიდნენ ჩვენკენ და შემოგვარტყეს წრე. პოლიტსამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვოსტოკოვი მეკითხება:
- რა უნდა თქვენს მინისტრს?
მე ვუთხარი:
- ჩვენი მინისტრი თბილისშია და მას შენიშვნა არა აქვს. ამხანაგ რომანოვს კი ჰგონია, რომ წესდება დავარღვიეთ, არ შეიძლება ჯარისკაცმა ჩინით უფროსს გაარტყას.
- Он же ничего не понял! Старик же не солдат. Он отец! (ის ვერაფერსაც ვერ მიხვდა! მოხუცი ხომ ჯარისკაცი არ არის. ის მამაა!).
მერე გასცა ბრძანება, მთელმა საბჭოთა კავშირმა, ყველა ნაწილმა უნდა ნახოსო და ათასი ასლის შეკვეთა მოგვცა. როცა არმიისთვის ასლებს ყიდულობდნენ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, დამატებით ანაზღაურებას ვიღებდით. ასე ბედნიერად დამთავრდა ეს ამბავი.
მერე უკვე თავდაცვის მინისტრმა როდიონ მალინოვსკიმ ნახა, მერე ბრეჟნევმა და ატყდა ერთი ამბავი. ბრეჟნევმა დაურეკა ვასილ მჟავანაძეს და მიულოცა, კარგი ფილმი გადაგიღიათო. მჟავანაძეს კი არა აქვს ნანახი. ეს უკვე სირცხვილად ითვლებოდა. დარეკა საქართველოს წარმომადგენლობაში და მოსთხოვა, ახლავე მაჩვენეთო. იმ დროს მეც მოსკოვში ვიყავი და წარმომადგენლობიდან შემატყობინეს, მობრძანდით, მჟავანაძეს "ჯარისკაცის მამის" ნახვა უნდაო.
მივედით, მივიტანეთ ფილმი. დარბაზის კარში გივი ჯავახიშვილი დაგვხვდა. სხვათა შორის, ძალიან ინტელიგენტი და მშრომელი ადამიანი იყო. მან მიგვიყვანა მჟავანაძესთან და წარგვადგინა" (რეზო ჩხეიძე, "იდექი ისე, როგორც ბერმუხა", შეადგინეს ინეზა ავალიანმა და ნინო ჩხეიძემ, თბ., 2013).
დიდი მსახიობი სერგო ზაქარიაძე (1909-1971), რომელმაც ფილმში "ჯარისკაცის მამა" ბრწყინვალედ განასახიერა მთავარი გმირის როლი, აღნიშნავდა: "ფილმის პრემიერას ბევრ ქვეყანაში დავესწარი. საბერძნეთში მარწმუნებდნენ - მახარაშვილი ტიპური ბერძენიაო, საფრანგეთში - რომ ეს იყო კოლა ბრუნიონი, იაპონიაში - იაპონელი გლეხი. პოლონური კინოჟურნალის რედაქტორმა განაცხადა - მახარაშვილი ძალიან ჰგავს მამაჩემსო, ხოლო არგენტინელი რეჟისორი ფერნანდო ბირი დაბეჯითებით ამბობდა - ზედგამოჭრილი მამაჩემიაო. ე.ი. ჩემს გმირს ჰქონია ყველა ის თვისება, რომელიც ყველა ეროვნების ადამიანისთვისაა ახლობელი. ნაციონალური სახე იქცა ინტერნაციონალურ სახედ".
სახელოვანი ინდოელი რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი რანბირ რაჯ კაპური (1924-1988) აღნიშნავდა: "ფილმში ასახული მოვლენები ინდოეთის ნებისმიერ სოფელში შეიძლებოდა მომხდარიყო. თვალწინ დამიდგა ჩემი საყვარელი მამა, რადგან "ჯარისკაცის მამა" ძლიერ ჰგავს პრიტვარაჯა კაპურს. ისეთივე თანაგრძნობით სავსე თვალები, ისეთივე სათნო სახე".
ზემოხსენებული მხატვრული ფილმით აღფრთოვანებულთა შორის იყო გამოჩენილი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, სსრ კავშირის სახალხო არტისტი ირაკლი ლუარსაბის ძე ანდრონიკოვი (1908-1990), რომელმაც რევაზ ჩხეიძეს მისწერა: "ზუსტად ისევე, როგორც ვერავინ უარყოფს, რომ კოსმოსის ათვისების საქმეში მოპოვებული მიღწევები მშვენიერი და განსაცვიფრებელია, ასევე არავის ეპარება ეჭვი თქვენი ფილმის დიდ ღირსებაში. ხელოვნების სფეროში ეს ისე იშვიათად ხდება, რომ თამამად შემიძლია ვთქვა - თითქმის არასდროს!"
აქვე დავძენთ, რომ ირაკლი ანდრონიკოვის მამა, პროფესორი ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი (1872-1939), სახელგანთქმული ადვოკატი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამფუძნებელი გახლდათ. მისი უმცროსი ვაჟი და ირაკლი ანდრონიკოვის ღვიძლი ძმა - ელეფთერი (1910-1988) - ცნობილი ფიზიკოსი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. თავისი უფროსი ძმისგან განსხვავებით, იგი ანდრონიკაშვილად იწერებოდა.
ერთხელაც, როდესაც ლეონიდ ბრეჟნევი მორიგი ვიზიტით ეწვია საქართველოს და მას სერგო ზაქარიაძე წარუდგინეს, სსრ კავშირის იმჟამინდელი მესვეური გადაეხვია "ჯარისკაცის მამას" და უთხრა:
- როცა მოსკოვში იქნებით, მინახულეთ!
იმ პერიოდში სერგო ზაქარიაძე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი გახლდათ. მან თავისი მოსკოვში ჩასვლით ამ თეატრისთვის უდიდესი საქმე გააკეთა. კერძოდ, რუსთაველის თეატრს იგივე კატეგორია მიანიჭეს, რაც მოსკოვის დიდ თეატრს ჰქონდა. ეს კი ნიშნავდა თეატრის კოლექტივის მაღალ ანაზღაურებასა და პენსიას, ასევე ხანგრძლივ შვებულებებსაც, რაც იმხანად ბევრ ხელოვანს სანატრელი ჰქონდა.
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე (1929-2016) იგონებდა: "მოსკოვიდან დაბრუნებულმა სერგო ზაქარიაძემ კულტურის მინისტრის მოადგილის აკაკი დვალიშვილის კაბინეტში ასეთი რამ გვიამბო: "ბრეჟნევის თანაშემწემ გამაფრთხილა:
- მხოლოდ ათი წუთი გაჩერდებით!
გაიღო ბრეჟნევის კაბინეტის კარი და შევედი. იგი წამოდგა და შემეგება. გადამეხვია, გადამკოცნა, სავარძელზე თავის გვერდით დამისვა...
- მამაჩემს მაგონებ. ყველა საპატიო უცხოელს "ჯარისკაცის მამას" ვაჩვენებთ ხოლმე...
დიდხანს მესაუბრა, ბოლოს მკითხა:
- რამე სათხოვარი ხომ არ გაქვს?
- რუსთაველის თეატრის მსახიობებს დაბალი ხელფასები აქვთ... თეატრი მსოფლიოში ცნობილია... კატეგორიის გარეშე რომ გადავიყვანოთ, ეშველებათ-მეთქი.
- მე თანახმა ვარ! გაამზადონ დოკუმენტაცია და მოგიწერთ ხელს. შემდეგ ყურადღება მიაქციეთ, საგეგმო კომიტეტში არ შეგიმცირონ...
ათ წუთზე ბევრად მეტი დრო გავიდა. წამო춚იწიე ასადგომად. მკლავზე მომკიდა ხე춍ი და მითხრა:
- გაგაფრთხილეს, რომ მალე გამოდიო, არა? ახლა შესვენება დაიწყო, ეს ჩემი პირადი დროა...
ერთხანს კიდევ დამტოვა. როცა ბრეჟნევის კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ხალხი გაოგნებული მიყურებდა, ამდენ ხანს რომ დავრჩი გენერალურ მდივანთან. ორმოც წუთზე მეტხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი. ბრეჟნევის შემდეგ კულტურის მინისტრ ფურცევასთან წავედი. მელოდებოდა, ვუამბე ყველაფერი. გადაწყდა, რომ მომზადებულ დოკუმენტს იმავე დღეს მიეცემოდა შესაბამისი მსვლელობა".
ამ ამბის შემდეგ გავიდა დრო. ბრძანებულება იგვიანებდა, ღელავდა თეატრი, ღელავდა ბატონი სერგო. გაირკვა, რომ პროექტი სუსლოვთან იყო გაჩერებული. სუსლოვი კი საშინელი ანტიქართული განწყობილების კაცი იყო, ვერ იტანდა საქართველოს.
საქმეს საშველი რომ არ დაადგა, ვასილ მჟავანაძემ კარგი რამ მოიფიქრა: ბრეჟნევი ჩადიოდა ბაქოში და ზაქარიაძე გაგზავნა, რათა აეროდრომზე დახვედროდა ბრეჟნევს. შეხვედრის დროს სერგოს უნდა ეთქვა, რომ მთელი საქართველო მისი მადლიერია, რადგან რუსთაველის თეატრს დაეხმარა. მართალია, ჯერ ბრძანება არ მოსულა, მაგრამ ალბათ, მალე მოვა, მთავარია ხალხმა იცის თქვენი სიკეთის ამბავიო. ასეც მოხდა. დადგმულმა სცენარმა გაამართლა. როცა სერგო დაუნახავს, ბრეჟნევი მისკენ წამოსულა და გადახვევია. სერგოს უხელთია დრო და მადლობა გადაუხდია ქართველი ხალხის სახელით. ბრეჟნევს ძალიან ესიამოვნა თურმე:
- უსათუოდ მოვიკითხავ, გადაწყვეტილებამ აქამდე რატომ დაიგვიანაო" (ვასილ კიკნაძე, გამოთხოვება მოგონებებთან/მემუარები, თბილისი, 2007).
ლეონიდ ბრეჟნევმა თავისი დაპირება მართალია, ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეასრულა. გარკვეული ხნის შემდეგ, საკავშირო მთავრობის ბრძანებით, რუსთაველის თეატრს მიენიჭა იგივე კატეგორია, რაც მოსკოვის დიდ თეატრს ჰქონდა. სამწუხაროდ, ამას ვერ მოესწრო აღნიშნული კეთილი საქმის ხელშემწყობი დიდი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე, რომელიც სულ ცოტა ხნით ადრე, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
* * *
ცნობილი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი, ოთარ თაქთაქიშვილი (1924-1989), რომელიც 1965-1984 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრად მუშაობდა, თავის ბალტიელ კოლეგებთან გამორჩეულად მეგობრობდა.
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე (1929-2016) იგონებდა: "ტრიუმფით დამთავრდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები. ბატონმა ოთარმა იქ თავი გამოიჩინა, როგორც დიდი კულტურის მქონე მინისტრმა. მან თარჯიმნებად ქართველი გერმანისტები წაიყვანა. მაშინ ეს ძალიან დიდი გაბედულება და უნიკალური შემთხვევა იყო. როგორც წესი, თარჯიმნებად მიჰყავდათ რუსები, რადგან რუსული უნდა ყოფილიყო ურთიერთობის ენა. ამ შემთხვევაში კი რუსული არცერთ მხარეს არ დასჭირდებოდა.
ქართული კულტურის დღეების შემდეგ, პოლიტბიურომ, მიხეილ სუსლოვის მეთაურობით საგანგებოდ განიხილა მოძმე რესპუბლიკების კულტურის დღეების საკითხი და მიიღეს მათთვის ჩვეული, იმპერიული გადაწყვეტილება. არამცთუ დემოკრატიულ ქვეყნებში, არამედ მოკავშირე რესპუბლიკებსაც ერთმანეთთან კულტურის დღეები ასეთი ფორმით აღარ უნდა ჩაეტარებინათ. შემოიღეს "საბჭოთა კულტურის დღეები", რაც ნიშნავდა რუსეთის მონაწილეობას ყველა რესპუბლიკის კულტურულ დეკადაში. ამ დროს საქართველოს და ესტონეთს უკვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ტალინში ჩატარებულიყო ქართული კულტურის დღეები. ბრეჟნევის საქართველოში ყოფნის დროს შევარდნაძის სიტყვაშიც გაიჟღერა ამ ფაქტმა, მაგრამ დადგენილების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა... აიკრძალა მოძმე რესპუბლიკების წარმომადგენელთა ერთი-ერთზე შეხვედრა...
- აგვიკრძალეს ესტონეთში მარტო წას춚ლა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, - ამბობს ბატონი ოთარი და "ვეჩეთი" რეკავს მოსკოვში, ცეკაში. დაუკავშირდა ერთ-ერთ მდივანს, დემიჩევს, რომელიც პასუხობს: "გადმორეკეთ ნახევარი საათის შემდეგ, საკითხზე სუსლოვს დაველაპარაკებიო".
ბატონი ოთარი იმწამსვე რეკავს ესტონეთის ცეკას მესამე მდივანთან. ესტონეთს ძალიან უნდოდა ქართული კულტურის დღეების ჩატარება. ბატონი ოთარი მდივანს ისე ელაპარაკება, რომ მიახვედროს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს ღონისძიება: "ხომ გახსოვთ, ქართული კულტურის დღეები ესტონეთში პოლიტბიუროს დადგენილებამდე იყო გადაწყვეტილი. თქვენ ხომ უკვე გამოაცხადეთ ამის შესახებ. ალბათ, რადიოშიც იქნებოდა, ყველგან. აბა, ხალხის მოტყუება როგორ შეიძლება, რას იტყვის ესტონელი ხალხი... უნდა დავურეკო ამხანაგ დემიჩევს და აი, ვეტყვი, რომ ესტონეთში დიდი სამზადისია. თანაც, ბრეჟნევმა იცის, შევარდნაძემ თავის სტატიაში ხომ ახსენა ესტონეთში ჩვენი კულტურის დღეები... ასე როგორ შეიძლება ხალხის გაბითურება!"
მივხვდი, რომ ესტონეთის ცეკას მდივანს მთელი სამოქმედო ინფორმაცია გადასცა. გააგებინა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. მე კაბინეტიდან გამოსასვლელად წამოვდექი.
- ნუ მიდიხარ, დარჩი, არ გაინტერესებს?
ათი წუთის შემდეგ რეკავს ესტონეთის ცეკას მდივანი და ბატონ ოთარს ეუბნება: "ესტონეთის რადიომ ეს-ეს არის გადმოსცა მასალა ქართული კულტურის დღეების შესახებ. ჩვენ უკვე დავუკავშირდით მოსკოვში ცეკას, ყველამ იცის ქართული კულტურის დღეების შესახებ. ხალხი ვერ გაგვიგებს, ხალხში უკმაყოფილება იქნება, თუ ჩაიშლება ღონისძიება".
ბატონი ოთარი იცინის: "აი, ვასო, რა ჭკვიანი ხალხია ესტონელები. ხელად მიხვდა ჩემს საუბარს. ათ წუთში ყველაფერი გააკეთეს. ახლა მე დავურეკავ ამხანაგ დემიჩევს". დარეკა. დემიჩევმა უთხრა: "ესტონეთი შეშფოთებულია ღონისძიების ჩაშლით. რაკი ბრეჟნევი ინფორმირებულია, დეკადა უნდა ჩატარდეს!"
ბატონმა ოთარმა პირდაპირ მაჩვენა, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეროვნული საქმე. ამ მხრივ ის ხომ მართლაც დიდი პატრიოტი იყო, საქმით პატრიოტი" (ვასილ კიკნაძე, გამოთხოვება მოგონებებთან/მემუარები, თბილისი, 2007).
აქვე განვმარტავთ, რომ ზემოხსენებული მიხეილ სუსლოვი (1902-1982) - სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1947 წლიდან) და პოლიტბიუროს წევრი გახლდათ. სტალინურ ეპოქაში დაწინაურებულმა ამ პარტიულმა ფუნქციონერმა თავისი პოზიციები ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდშიც მყარად შეინარჩუნა. ხრუშჩოვისეული "დათბობის" შემდეგ, განსხვავებულად მოაზროვნე ინტელიგენციისა და დისიდენტთა დევნა-შევიწროების ინიციატორი იყო. განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა ბრეჟნევის ზეობისას, როდესაც იგი მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა და განათლებას, კულტურასა და სახელმწიფო ცენზურას კურირებდა. ამის გამო, მას "რუხ კარდინალად" მოიაზრებდნენ.
რაც შეეხება ასევე ზემოხსენებულ პeტრe დემიჩევს (1918-2010), იგი მსახურობდა: სსრკ კომპარტიის ცკ-ის მდივნად (1961-1974), კულტურის მინისტრად (1974-1986) და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (1986-1988).
* * *
1972 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე (1902-1988), თანამდებობიდან პენსიაზე გასვლის მომიზეზებით გადადგა. ეს მან საკავშირო ხელისუფლების ზეწოლით გააკეთა.
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე (1928-2014), რომელიც 1972 წლის 1 აგვისტოდან მსახურობდა რესპუბლიკის კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, ხოლო მანამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრი (1965 წლიდან) გახლდათ. აქვე განვმარტავთ, რომ ამ სამინისტროს შემდგომში - შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდა.
ასე დაიწყო ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელის რანგში, რაც 13 წელიწადს გრძელდებოდა.
* * *
ვასილ მჟავანაძე ასეა დახასიათებული ედუარდ შევარდნაძის მემუარებში "ფიქრი წარსულსა და მომავალზე" (2006): "ჯარში მსახურობდა და ქართულად ლაპარაკი უჭირდა... და როდესაც ერთი მწვავე, და춙საბუთებელი გამოსვლის პასუხად ქარ쵺ული ხალხური ლექსით მიმართა აუდი춗ორიას: "თეთრსა და წითელ ღვინოსა, განა ორივეს სმა უნდა, პირზედ მომდგარსა სიტყვასა განა ყველასა თქმა უნდა", მოულოდნელობისგან დარბაზი ლამის ტაშით დაინგრა...
მჟავანაძე საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად ხრუშჩოვის რეკომენდაციით აირჩიეს. ეს იყო დანიშვნა მხოლოდ პირადი ერთგულების ნიშნით. ხრუშჩოვისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ხელმძღვანელი მისი კაცი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ხშირად ხდება პოლიტიკაში, მჟავანაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხრუშჩოვის გადაყენებაში.
ახლობლებთან ურთიერთობაში მჟავანაძე არ მალავდა, რომ სტალინის პიროვნების კულტის ასეთი ფორმითა და მასშტაბით მხილებაში ხრუშჩოვის თანამოაზრე არ იყო, ხოლო როცა 1961 წელს, პარტიის XXII ყრილობაზე სტალინის ნეშტის მავზოლეუმიდან გამოსვენების საკითხი დაისვა, მჟავანაძემ, როგორც იტყვიან, აქტიური პოზიციის დაკავებას არცთუ ვაჟკაცური ხერხით აარიდა თავი.
მისგან მაქვს გაგონილი (რა თქმა უნდა, ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ): მაშინ, როცა სიტყვით უნდა გამოსულიყო, წინა ღამით, სასტუმროში ცივ წყალში იბანავა, გაცივდა და მეორე დღეს ხმაჩახლეჩილი და ყელშეხვეული ცკ-ის მეორე მდივანთან გამოცხადდა. ლაპარაკი მართლა უჭირდა და გამომსვლელთა სიაში საქართველოს მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი ჩააწერინა. რა თქმა უნდა, ეს "მაქინაცია" ხრუშჩოვის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. გამოსვლის ტექსტი მზად იყო და მჟავანაძემ მთავრობის თავმჯდომარეს შესთავაზა სიტყვით გამოსვლა. ამავე დროს, შეჰპირდა: "ამ გამოსვლასთან დაკავშირებით თუ რამე გართულდა, მე, როგორც ცკ-ის პირველი მდივანი და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, დაგიცავო".
ჯავახიშვილი წესიერი კაცი იყო, თანაც მჟავანაძისგან დავალებულიც და იძულებული გახდა სხვისი ტექსტით, მავზოლეუმიდან სტალინის ნეშტის გამოსვენების წინადადების მხარდაჭერით, ყრილობაზე გამოსულიყო. რა თქმა უნდა, საქართველოში ამ გამოსვლას ცუდი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ მჟავანაძემ სიტყვა შეასრულა და სანამ ის ცკ-ის პირველი მდივანი იყო, ჯავახიშვილისთვის ხელი არ უხლიათ. სხვათა შორის, გივი ჯავახიშვილი ჩემი პირველი მდივნობის დროსაც 5-6 წელი კვლავ დარჩა მთავრობის თავმჯდომარედ.
ეს ეპიზოდი იმიტომაც გავიხსენე, რომ პოლიტიკაში არცთუ იშვიათია ასეთი და მსგავსი "ეშმაკობანი", ხოლო როცა ხრუშჩოვი გადააყენეს, ორივემ შვებით ამოისუნთქა.
მჟავანაძე სუფთა კაცი იყო, მაგრამ ნელ-ნელა მოექცა არცთუ პატიოსან გარემოცვაში... ხრუშჩოვი მას ომის წლებიდან კარგად იცნობდა. იგი მოქმედი არმიის გენერალი, ნაბრძოლი, ძალზე ლმობიერი, მიმნდობი და გულუბრყვილო კაცი იყო. ბევრი სარგებლობდა მისი ამ ხასიათით, ხელს ითბობდა მისი უახლოესი წრეც.
მე კარგად მეპყრობოდა, რამაც გამაბედვინა მისთვის სიმართლე მეთქვა იმაზე, რაც ხდებოდა რესპუბლიკაში, რას ამბობდა ხალხი, რა უკმაყოფილება მწიფდებოდა საზოგადოებაში. ამის პასუხად და, ალბათ, სხვა რამის გამოც, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დამნიშნა, შემდეგ მინისტრად დამაწინაურეს".
(დასასრული შემდეგ ნომერში)
ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
"ისტორიანი" .#129