თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე "ერთგული საკუთარი ფესვებისა" - კვირის პალიტრა

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე "ერთგული საკუთარი ფესვებისა"

მხატვრისა და მოცეკვავის გრძელი გზა აღიარებისკენ ბრაზილიასა და საფრანგეთში

ნაწილი II

(დასასრული. დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #128)

1962 წელს მხატვარმა თამარ დე ლეტე-ვაჩნაძემ მონაწილეობა მიიღო სან-პაულოში გამართულ ფესტივალ შელეარტე-ზე ჯგუფურ გამოფენაში და ექსპოზიციაში პორტრეტები წარმოადგინა.

მიუხედავად ბრაზილიური წარმატებისა და ევროპიდან მიღებული შეგონებებისა, თამარი მაინც საფრანგეთში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 1959 წლის 20 ოქტომბერს ის მეგობარს სწერდა: "მინდოდა დღეს შენთვის მომეწერა. მსურს იმ იდეის შესახებ გიამბო, რომლითაც ჩემი ბრაზილიაში ჩამოსვლიდან მცირე ხნის შემდგომ დავკავდი. იდეა, რომელიც დღითი-დღე მტკიცდება და რომლითაც ახლა შეპყრობილი ვარ! უნდა დავბრუნდე ევროპაში, დავბრუნდე ნებისმიერ ფასად. ბრაზილიაში დაცულად და უზრუნველად ყოფნას მირჩევნია გაჭირვებასა და ბრძოლაში ყოფნა საფრანგეთში ან სხვაგან, ევროპაში. მე ევროპელი ვარ და ვერასდროს, ვერასდროს გავხდები ამერიკელი. მე მსურს იქ დაბრუნება. ბრაზილიას ძალიან დიდი შარმი აქვს. ბრაზილიელები, რომელთა გაცნობის საშუალებაც მომეცა, ყველანი გასაოცარი ხალხია. ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩემთვის, ვუყვარვარ და მაფასებენ. მე გადავუხდი მათ ამ სიყვარულსა და პატივისცემას, როდესაც მოვაწესრიგებ ჩემს გიჟურ ბედისწერას, მაგრამ მე თავს ვთვლი ემიგრანტად, რადგან აქ არა მყავს ნამდვილი მეგობრები, ძლიერი მფარველები...

მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც უნდა ვაკეთებდე, მე არასდროს ვიქნები ვინმე სხვა. ყველაზე მომხიბლავი კი არის ის, რომ არ მინდა ვინმე სხვად ვიქცე... ევროპა, ეს ხომ მარილია ამა სოფლისა, თავისი ნაკლოვანებებით, სისუსტეებით, შეცდომებით, თუმცა მაინც ასეა... ვაპირებ გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა ევროპაში დასაბრუნებლად, მე ამისათვის ვმუშაობ. ამ ყველაფრისთვის უამრავი რამ არის გადასაჭრელი და უზარმაზარი დაბრკოლებები გადასალახავი. იმედი მაქვს, დავბრუნდები..."

qolgis-reklama-1722084470.jpg
ქოლგის რეკლამა

1963 წლის ნოემბერში სან-პაულოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თამარ დე ლეტეს ნამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართა. საფრანგეთში მისი საბოლოო დაბრუნების წინადღეს კი შეთავაზება მიიღო ქალაქ სან-პაულოს კულტურის სასახლის ბალეტის განყოფილების მმართველის თანამდებობაზე. თუმცა, მხატვარმა ყველაფერს ევროპაში დაბრუნება ამჯობინა. დაიწყო დაძაბული, დატვირთული, მაგრამ ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება...

kristian-diori-1722084470.jpg
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები

პარიზში დაბრუნებიდან მალევე ჟურნალისტი ივონა ჟანი თავის რეპორტაჟში წერდა: "როგორ მოახერხა თამარ დე ლეტემ, ქორეოგრაფმა და დიზაინერმა, გამხდარიყო დომინანტი ორ მნიშვნელოვნად განსხვავებულ ტექნიკაში და მოეხდინა მათი კომბინირება, რათა შეექმნა საოცნებო ბალეტები?

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად თამარი. მისი ლამაზი სახელი დედამ შეარჩია, რომელსაც არ დავიწყებოდა საკუთარი სამშობლო, საქართველო. ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. თამარის მამა უნგრელია. ის დაიბადა ვრცელ ვაკეებზე, სადაც ქარი აბიბინებს ხორბალს, სადაც გაუხედნავი ცხენები ყალყზე დგებიან და ბოშათა ვიოლინოები ღამღამობით კვნესიან. დიახ, ეს მოხდა მესამე ქვეყანაში, ისეთივე პოეტურში, როგორშიც პატარა გოგონამ დღის სინათლე პირველად იხილა: მინიატიურების, ოაზისებისა და მაგიური ლეგენდების სპარსეთში.

მართლაც, თამარი დაიბადა ჯიშიანი ბედაურების ნიშნის ქვეშ! მათსავით ისიც ყალყზე დგებოდა, სულ პატარამ რომ დაიწყო ცეკვა... მისი კარიერა ქართული ცეკვებით იწყება. 11 წლის განმავლობაში იგი ეცნობოდა ცეკვისა და ხელოვნების სამყაროს, თუმცა მუხლზე მიღებულმა ტრავმამ მისი მოცეკვავის კარიერა დაასრულა. გოგონას მხნეობა არ დაუკარგავს და სწორედ აქ იწყება ჩვენი ზღაპარი, უფრო სწორად კი ნამდვილი ამბავი. ნახატებმა, რომლებიც თამარის სახელს უკავშირდება, მე გადამიყვანა ოცნებათა სამყაროში და თითქმის ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზღაპარს ვყვებოდი!..

გადავწყვიტე მისგან ინტერვიუს აღება ისეთ დღეს, როდესაც ვიცოდი, რომ არ ჰქონდა ჩვეული სამუშაო გრაფიკი. იგი ქმნის მთლიან ბალეტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ წერს ამბავს, არჩევს მუსიკას, ხატავს სცენარებს, ქმნის კოსტიუმებს, ინიშნავს ნაბიჯებს და აკეთებს ყველა ტექნიკურ დეტალს. ბალეტის ბოლომდე მიყვანაზე პასუხისმგებელ ქორეოგრაფსა და მკერავებს კი ადვილი დავალება აქვთ, რადგან მათ უმცირეს დეტალებამდე გამზადებული სამუშაო ხვდებათ...

tristani-da-izoldas-kostiumis-eskizebi-1-1722084469.jpg
„ტრისტანი და იზოლდას“ კოსტიუმebის ესკიზები

ბალეტები ბავშვებისთვის, რომელიც თამარმა დადგა სან-პაულოში; სპექტაკლი, რომელიც მან მოამზადა რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სასახლისთვის და მის უჯრებში მჭიდროდ ჩალაგებული მრავალი პროექტი ირწმუნება, რომ იგი შეძლებს ყველა რთული სამუშაოს შესრულებას.

საყურადღებოა ბალეტი სახელად "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა", რომელსაც ტანია ლესკოვა წარმოადგენს მალე რიო-დე-ჟანეიროს მუნიციპალურ თეატრში".

თამარი საფრანგეთში სრული დატვირთვით შეუდგა შემოქმედებითი იდეების განხორციელებას:

1963 წელსვე პარიზში ის გამოფენებს მართავს: XVI უბნის გალერეაში, კაპუცინების გალერეაში, პარიზის სალონ "სოფიტელ გრუპი 36"-ში და შNIAშ-ში ანუ საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნულ საზოგადოებაში.

1964 წლის აგვისტოში ლოკრონანის რიგით მეორე ფესტივალისთვის სპექტაკლ "ბრეტონული ლეგენდების" მონაწილეთა კოსტიუმები გააფორმა.

1965 წელს პარიზში თამარ დე ლეტემ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში "ქალები და ყვავილები". ექსპოზიცია კაპუცინების გალერეაში გაიხსნა.

1966 წელს პარიზში, რეალმონის თეატრისთვის შემდეგი ხუთი სპექტაკლის კოსტიუმები გააფორმა: "ტერფსიქორას მკვლელები", "ნატალი და ტაქსი-ბირდი", "გაუბედავი", "მეფეთა ნამცხვარი", "თქვენს მისასალმებლად".

1968 წელს კომპანია "რეალმონტისთვის" შექმნა კოსტიუმების სერია.

1968 წლის 17 ოქტომბერს შანზ-ელიზეს თეატრში ჟანინ შარატისა და მისი ჯგუფის Bალლეტ დე Fრანცე-სთვის აქტიურად მუშაობდა და ათ დღეში დეკორაციები და კოსტიუმები შექმნა. ამის დასტურად დე ლეტეს არქივში დაცულ ერთ-ერთ დოკუმენტში წერია: "ეს ნამუშევარი საბალეტო საზოგადოებას წარმოუჩენს ღირებულ კომპოზიტორს, ჟაკ ტიერაკს, რომლის პარტიტურაც გამოყენებულია "ქიმერისთვის" ძალიან მცირე ცვლილებებით. პირველ მოსმენაზე დაუკრეს "ბეზანსონის" ფესტივალზე, სულ ცოტა ხნის წინ. უხვი, ლირიკული, მელოდიური მუსიკა, რომელიც კარგად ეთანხმება თემატიკას: ქიმერის მიერ მონუსხული კაცი მას შესწირავს ბედს, დიდებას, მეგობრობას და თვით სიყვარულსაც, რათა აღმოჩნდეს უსასრულობისა და არარაობის წინაშე".

ბრაზილიიდან საფრანგეთში დაბრუნებული თამარ დე ლეტეს შემოქმედებითი განწყობების შესახებ საუკეთესო წარმოდგენას გვიქმნის ინტერვიუ, რომელიც მასთან ფრანგმა ჟურნალისტმა 1963 წელს ჩაწერა: "თითოეული ჩემი ნახატი და პორტრეტი არის ძიება... მათ შესაქმნელად მე დავდივარ სახლში, რათა ჩემს კლიენტებს დრო არ დავაკარგვინო. კვირაში ორჯერ ნახევარი საათით ეს ყოველთვის შესაძლებელია. მე ვხატავ ბევრ ესკიზს, ანფასს, ¾-ს, პროფილს. ვსაუბრობ ჩემს მოდელთან, ბავშვთან თუ ზრდასრულთან, და ნელ-ნელა ვშთანთქავ მას. იმ მომენტიდან, როდესაც მას მთლიანად ჩემში ვატარებ, ვიწყებ ტილოზე ხატვას.

tristani-da-izoldas-kostiumis-eskizebi-2-1722084469.jpg

როდესაც მოდელი აღარ პოზირებს, მე მას მახსოვრობით ვხატავ, ერთგვარად ხელახლა ვქმნი, რათა იგი იყოს არა ყველაზე მიმსგავსებული პორტრეტი, არამედ ხელოვნების ნიმუში ამაღლებული პერსონაჟით. შემდგომ, როდესაც ნახატი თითქმის დასრულებულია, მოდელი ერთხელ ან ორჯერ კვლავ მოდის ატელიეში საბოლოო შტრიხებისთვის. პორტრეტის დასახატავად ექვსი თვიდან ერთ წლამდე მჭირდება... გარდა ამისა, ვქმნი თეატრისა და ბალეტის კოსტიუმების მაკეტებს, წიგნის ილუსტრაციებს, კარიკატურებს. გადავიღე რამდენიმე მცირე ანიმაციური ფილმი ძველი ფრანგული სიმღერების თემატიკაზე, ფინანსურად კი მეცენატი ნინა ადრიანოვი მეხმარებოდა. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც ძალიან მომხიბლა, ვისურვებდი ამ მიმართულებით მეტი მემუშავა.

ახლა აღებული მაქვს ნახატების სერია, რომელიც ასახავს გრაფინია სეგიურს, "ღვთაებრივ გრაფინიას", როგორც მას მონტერლანი უწოდებდა... ბევრი საყვარელი ავტორი მყავს! შატობრიანი, მონტერლანი, კორნელი, ბერნანოსი, ბულგაკოვი. ამ უკანასკნელის "ოსტატი და მარგარიტა" ჩვენი დროის შედევრია. ასევე დოსტოევსკი, გრაფინია სეგიური და ბევრი სხვა... მხატვართა შორის მიყვარს გრანაში, დიურერი, ბრეიგელ უფროსი, ცნობილი როგორც ხავერდოვანი ბრეიგელი. და საზოგადოდ, "პრიმიტივისტები". არა აქვს მნიშვნელობა, ფლამანდიელია, ჰოლანდიელი, ფრანგი თუ იტალიელი. რაც შეეხება უფრო ახლო პერიოდის მხატვრებს - ვუიარი, ტულუზ ლოტრეკი, ვან გოგი, ბონარი, ბრაკი, კლიმტი და მთლიანად იაპონური და ჩინური შემოქმედება. რაც შეეხება საყვარელ მოქანდაკეებს, ეს არის ესკიმოსთა ქანდაკებები და მაიოლი...

ვფიქრობ, უსარგებლოა მხატვრობაზე დიდხანს დაყოვნება. ის ან მოგწონს, ან არა. ესაა ერთადერთი კრიტერიუმი. გაქვს თუ არა სურვილი ასეთი ნამუშევრის საკუთარ ოთახში ხილვის, აღძრავს ის თქვენში მხიარულებასა და სიამოვნებას თუ არა. სულ ესაა. მსურს გითხრათ სეზანის ფრაზა, მხატვრისა, რომელიც არ მომწონს, მაგრამ მან ძალიან სამართლიანი რამ თქვა: არსებობს ფერების ლოგიკა. მხატვარი უნდა დაემორჩილოს მხოლოდ მას და არასდროს გონებრივ ლოგიკას. თქვენი ნებართვით, საუბარს დავამთავრებ ციტატით გოგენის "ნოა ნოადან" (ასე ჰქვია დღიურს, რომელსაც გოგენი ტაიტიზე ყოფნისას წერდა):

"რა მნიშვნელობა აქვს შენთვის რეალობას, როგორც ასეთს? ვინაიდან თვალის ორი წყვილი არასდროს არის იდენტური, ბუნება მხოლოდ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოვიპაროთ მისგან სიმბოლოები, იდეა ჩვენი მისადმი გრძნობებისა".

tamari-choxashi-1722084469.jpg
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ჩოხაში

1970 წელს ქალაქ ალბერვილში თამარ დე ლეტემ რამდენიმე საყურადღებო პროექტი წამოიწყო. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი გაზეთი წერდა: "მისის თამარ დე ლეტე ჩვენთან ჩამოვიდა სან-პაულოდან (ბრაზილია), სადაც ის ძალიან წარმატებული იყო. იგი გამოექცა მკაცრ კლიმატს და ეს ერთგვარი უპირატესობაც კია ჩვენთვის, რამდენადაც ის ახლა ჩვენს კედლებშია. მისი არსენალი ძალიან მრავალფეროვანია: თავდაპირველად ეს იყო კლასიკური ცეკვა, რომელსაც იგი სიღრმისეულად ფლობს, გაზარდა რა ცნობილმა რუსმა მოცეკვავემ, ეგოროვამ. მხატვრობაში ის კიდევ უფრო უკეთესია. ჩვენ ვნახეთ მისი არაერთი ტილო, რომლებიც ავლენენ ხელნაკეთობის სრულყოფილებასა და დელიკატურ გრძნობას. ამ ხელოვნებას, ცხადია, თან ერთვის ნახატი და დეკორაცია (უფრო კონკრეტულად, თეატრალური). საბოლოოდ კი თეატრი, რომლისთვისაც მან განამტკიცა თანამშრომლობა მომხიბლავ მსახიობთან, მისის დანიელ კოფესთან, რომელიც ჩვენთან სხვადასხვა კომპანიიდან მოდის და რომლისთვისაც ჩვენი კლასიკოსი და თანამედროვე ავტორები არ არიან უცხონი.

tamari-erovnul-kabashi-1722084469.jpg
ეროვნულ კაბაში

ამ საგნების შესწავლისთვის ახალგაზრდობის სახლმა გამოთქვა სურვილი, გამოყოს ორი ოთახი ამ შესანიშნავ ხელოვანთათვის, რათა მათ მადლობა გადაუხადონ.

რაც შეეხება მხატვრობას, მისის დე ლეტემ, Aმის დე Vიეუხ ჩონფლანს-ის (1930 წელს დაფუძნებული საზოგადოება, რომელიც ქალაქ კონფლანის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება) თანხმობით, კონფლანში გააფორმა სან-სებასტიანის სამლოცველოს ინტერიერის დეკორაციის განახლების პროექტი, XV საუკუნის სტილში. მისი ზედამხედველობითა და მისივე ესკიზების მიხედვით, მოსწავლეები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ამ ნამუშევრის შესრულებაში. ეს იქნება დაუვიწყარი გაკვეთილი გამოყენებითი ხელოვნებისა. წინამოსამზადებელი ნახაზები, რომელთა აღფრთოვანების საშუალებაც უკვე მოგვეცა, წარმატებით განხორციელებას გვიქადის.

თეატრისთვის კი მისის დე ლეტემ გადაწყვიტა ჟან ჟიროდუს სპექტაკლ Ondine-ს დადგმა. აქაც ყოველივე იმას მოასწავებს, რომ მივუახლოვდებით სრულყოფილებას".

კვლავ მივყვეთ თამარ დე ლეტეს შემოქმედებით სტატისტიკას:

1972 წელს ნაციონალური ოპერის თეატრების გაერთიანებამ თამარ დე ლეტეს ბალეტ Dyade-სთვის კოსტიუმების მოდელები დაუკვეთა.

1975 წელს ლუქსემბურგში, ფრანგული კულტურის ცენტრში თამარის ნახატებისა და პორტრეტების გამოფენა გაიხსნა. ადგილობრივი პრესა წერდა: "მთელი ლუქსემბურგი გულმოდგინედ ცდილობდა ოთხშაბათ საღამოს ფრანგული კულტურის ცენტრში გამართულ, თამარ დე ლეტეს ნამუშევრებისადმი მიძღვნილი გამოფენის ვერნისაჟზე დასწრებას. განსხვავებულ, თუმცა შესანიშნავ გამოფენაზე.

თამარ დე ლეტე მძაფრად შეიგრძნობს სამყაროს მშვენიერებას, სიხალასეს, განსაკუთრებით კი მის სიჩუმეს. მას შემდეგ, რაც მან ლუქსემბურგში წარმოადგინა საკუთარი ნახატები, ვაღიარეთ, რომ თამარ დე ლეტე ხატავს არა საერთოდ გამოფენის, არამედ თითოეული დამთვალიერებლისთვის.

როგორ დავახასიათოთ მისი მხატვრობა? ეს რთულია. მან შექმნა ორიგინალური რეალობა იმავე ტილოს, ზეთის, გუაშის, პასტელისა და რაც მთავარია, ძველებური მეთოდის - კვერცხის გამოყენებით.

მადლენ ვოტიესა და ბერნარ ჰუგეს აღზრდილმა იცხოვრა ბრაზილიაში, გასაოცარი სამბას, ბრწყინვალე ჟღერადობისა და ფანტასტიკური სინათლის ქვეყანაში. მადლობა მას იმ სიხარულისთვის, რომელსაც გვაჩუქებს მსოფლიო რიტმზე აყოლით. ასევე მადლობა საფრანგეთის საელჩოსთან დაახლოებულ კულტურის ატაშეს, რათა მოგვცა საშუალება ასეთი ხარისხის ნამუშევრებით აღფრთოვანებისა.

ეს აუცილებლად სანახავი გამოფენა ღიაა 7 აპრილამდე".

1976 წელს ლუქსემბურგში, ფრანგული კულტურის ცენტრში თამარ დე ლეტეს ექსპოზიცია გაიხსნა.

1978 წელს პარიზში, Gალერიე დუ XVI-ში მხატვარმა პორტრეტებისა და დეკორაციების გამოფენას უმასპინძლა

1979 წელს ლილის მუნიციპალური თეატრისთვის გააფორმა ბალეტ "რომეო და ჯულიეტას" დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები.

1980 წელს გალერეა ტელიერში 17-დან 29 აპრილის ჩათვლით მხატვარმა გამოფენა გახსნა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ფიგარო" წერდა: "მრავალმხრივი ნიჭის მქონე ხელოვანი, თამარ დე ლეტე განსაკუთრებით ცნობილია თავისი გასაოცარი პორტრეტებით. მადლენ ვოტიესა და ბერნარ ჰუგეს სახელოსნოების მოსწავლემ უკვე შეასრულა უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანი სამუშაო.

ნატურმორტები, დეკორატიული პანელები, ხშირად მისტიკური კომპოზიციები, სირინოზები, ქიმერები, ზღაპრული სამყაროები, მუსიკოსი ბავშვები... იგი ფერების უბადლო შემხამებელია, მის ჩრდილებს უსასრულო ვარიაციები აქვს, კომპოზიციებს კი მშვენიერი ბალანსი".

1980 წელსვე პრესტიჟულ შალონ დე Paris-ში თამარ დე ლეტემ ეთერ ფაღავასთან ერთად ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

1981 წელს პარიზის კულტურული კომისიის შენობამ მხატვრის ახალ ექსპოზიციას უმასპინძლა. ამასთან დაკავშირებით გამოფენის საინფორმაციო ბიულეტენში ეწერა: "მამით უნგრელმა და დედით ქართველმა თამარ დე ლეტემ მთელი თავისი ახალგაზრდობა საფრანგეთში გაატარა. ათი წლის განმავლობაში ის სამხატვრო საქმიანობას ბრაზილიაში (სან-პაულუს სალონში) მისდევდა, ხოლო მოგზაურობისადმი აშკარა სიყვარულს (გამოფენები ლუქსემბურგში, კანადაში) მისთვის ხელი არ შეუშლია ეცხოვრა პარიზში, თავის ნავსაყუდელში.

arkivis-camogeba-1722084470.jpg
თამარ დე ლეტეს არქივის მომზადება საქართველოში წამოსაღებად

მან შექმნა სრულიად ორიგინალური პროცესი ერთ ტილოზე ერთდროულად ზეთის, გუაშის, პასტელისა და ზოგჯერ კვერცხის გამოყენებითაც, როგორც ამას ძველი მხატვრები აკეთებდნენ.

მრავალმხრივი ნიჭის მქონე თამარი განსაკუთრებით ცნობილია თავისი პორტრეტებით, ნამუშევრებით ბალეტისა და თეატრისთვის, გამორჩეული ილუსტრაციებით.

მისი რომანტიკული მხატვრობა წარმოაჩენს მთელ ხიბლს დელიკატურობის, სინაზისა და პოეზიისა. შესრულების მგრძნობიარე სინატიფე კი გულგრილს არავის ტოვებს.

მის ილუსტრაციებსა და საბალეტო ნიმუშებზე მოთხოვნაც დიდია: ის მუშაობს ტესა ბომონისთვის, ჟანინ შარასთვის, კლერ მოტისთვის, ლილის ოპერისა და კომიკური ოპერის თეატრებისთვის. თეატრში იგი ქმნის ნამუშევრებს მოლიერის, სარტრის, გარსია ლორკას, კამიუს პიესებისთვის".

1982 წელს პარიზში Bოულევარდ დეს Fრერეს Vოისინ-ში გაიხსნა მხატვრის ექსპოზიცია "პორტრეტები და დეკორაციები".

1985 წელს თამარ დე ლეტე გამოფენებს აწყობს პარიზში: გალერეებში "მონპარნასი", "შემოდგომის სალონი", "მწიგნობარი"

1986 წლის 12-18 თებერვალს დე ლეტემ მონაწილეობა მიიღო ხელსაქმის ოსტატთა ბაზრობაში.

იმავე წლის 11 მარტიდან 4 აპრილამდე გალერეა Lეს Mუსეს-მა ვერნისაჟს უმასპინძლა.

1987 წელს თამარ დე ლეტე საფრანგეთის თავისუფალ არტისტთა საზოგადოების წევრი გახდა.

1991 წელს პარიზის მერიამ მოიწონა თამარ დე ლეტეს მიერ შექმნილი საშობაო წარმოდგენის პროექტი. ამასთან დაკავშირებით პარიზის მერი ჟაკ შირაკი მხატვარს სწერდა: "თქვენ გსურდათ გაგეცნოთ ჩემთვის შემოთავაზება, რომ შემდგომი საშობაო ღამის წარმოდგენა ქალაქის მერიის მოედანზე იყოს მთლიანი პარიზის საშობაო წარმოდგენა.

ნება მიბოძეთ, თავდაპირველად გადაგიხადოთ მადლობა გამოჩენილი ინტერესისთვის ამ დემონსტრაციისადმი, რომელსაც მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვინაიდან იგი გამოხატულებაა შობის ღამისა.

ჩანს, თქვენი იდეა ნაწილობრივ ემთხვევა იმას, რაც 1992 წლის ზამთრისთვის იყო გადაწყვეტილი... სავარაუდოდ, ეს იქნება რეკონსტრუქცია შუა საუკუნეების პარიზისა. იმ პერიოდისა, როდესაც ეკლესიები და საკათედრო ტაძრები დიდი რელიგიური მგზნებარებით შენდებოდა.

რაც შეეხება მონტაჟსა და ფინანსებს, მსურს, ყოველივე დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელიც გადავწყვიტე 7 წლის წინ პირველი საშობაო წარმოდგენის შექმნისას, კერძოდ კი თვითდაფინანსება და მოგებათა გადანაწილება ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე.

გთხოვთ, ირწმუნოთ, ძვირფასო მისის, ჩემი თქვენდამი პატივისცემა".

1993 წლის ოქტომბერში პარიზში, მხატვრის სახელოსნოში (Bოულევარდ დეს Fრერეს Vოისინ) გაიხსნა გამოფენა "ზოდიაქოს ნიშნები და ალეგორია".

2012 წელს მხატვრის ილუსტრაციებით გააფორმეს ჟილბერ ლასკოს წიგნი "ეროტიკული პოეზია". ამასთანავე, პასტელით შესრულებული ილუსტრაციები გამოიფინა გალერეა Lეს Mუსეს-ში.

1983 წელს ხელოვანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ის საქართველოდანაა. სწორედ ამიტომაც მოითხოვა, ბინადრობის დოკუმენტში ჩაეწერათ ტერმინი: "ლტოლვილი საქართველოდან". ბრეტონიდან ჩვენ მიერ ჩამოტანილ არქივში შემონახულია ორი უნიკალური დოკუმენტი, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:

"საფრანგეთის რესპუბლიკა, პოლიციის მთავარი განყოფილება, პარიზი, 1983 წლის 19 მაისი

პოლიციის პრეფექტურა, VI უბნის ბიურო/1, 75 - 1 675 133

მისის თამარა დე ლეტე

მეზობელი ძმების ბულვარი, 17

75015 პარიზი

მისის, გიდასტურებთ მიღებას თქვენი წერილისა, რომელშიც გაპროტესტებულია ბინადრობის ლიცენზირებულ ბარათზე აღნიშნული მოქალაქეობა და რომლის აღებაზეც თქვენ სამართლიანად თქვით უარი.

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ შედგენილია ახალი ბარათი თქვენს სახელზე, სადაც მოქალაქის გრაფაში აღნიშნულია: "ქართველი ლტოლვილი" და საბუთი დამზადების პროცესშია ლევალუას ციფრულ ცენტრში.

აუცილებლად შეგატყობინებთ ამ ბარათის ჩემს ხელში მოხვედრისთანავე.

გთხოვთ, ირწმუნოთ ჩემი თქვენდამი პატივისცემისა.

პოლიციის პრეფექტი

პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსისთვის

კლერ გომ-გოლიე"

* * *

"შინაგან საქმეთა და დეცენტრალიზაციის სამინისტრო, მარეგულირებელი და სამართალწარმოების დეპარტამენტი

1983 წლის 19 მაისი

მისის, თქვენ გსურდათ ჩემთვის გეცნობებინათ თქვენი შეშფოთების შესახებ, მას შემდგომ, რაც მიიღეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველ ლტოლვილებზე გაცემულ ბინადრობის მოწმობების ახალ ციფრულ ვარიანტზე მითითებული იქნებოდა "საბჭოთა ლტოლვილი".

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ რამდენიმე შემთხვევაში ამგვარი დასახელების გამოყენება ტექნიკური შეცდომის შედეგია, რომელიც ძალიან სწრაფად აღმოიფხვრა.

ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მიხვიდეთ პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაგიმზადებენ ბინადრობის უფლების დამადასტურებელ საბუთს წარწერით: "ქართველი ლტოლვილი".

გთხოვთ, ირწმუნოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მარეგულირებელი და სამართალწარმოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უცხოეთის მოქალაქეთა და ტრანსსასაზღვრო მოძრაობის საკითხებში: J. STORDEUR"

თამარ დე ლეტე მთელი თავისი ცხოვრება ცდილობდა არ მოსწყვეტოდა საკუთარ ფესვებს, არ დაეკარგა შემოქმედებითი კონტაქტი საქართველოსთან. სწორედ ამიტომაც ის პარიზის ქართული ეკლესიისთვის ჯერ ღვთისმშობლის, შემდეგ კი მეფეთა მეფე თამარის ხატებს ქმნიda. თამარ დე ლეტეს ვაჟმა, ზოლტან ჟორდანიამ დედის მოღვაწეობის აღწერისას ასეთი ეპითეტი გამოიყენა: "უსამშობლოდ დარჩენილი, ერთგული საკუთარი ფესვებისა".

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, პროფესორი

"ისტორიანი" .#129