მითი და სინამდვილე მსხვერპლშეწირვის შესახებ
რატომ ითხოვდა იაჰვე მის სადიდებლად ბავშვების შეწირვას და საიდან მოდის ეს "წეს-ჩვეულება"
ძველი იუდეველები ბიბლიამ რჩეულ ერად წარმოაჩინა, ხოლო ახალმა აღთქმამ მსოფლიოს ქრისტიანული ღმერთი მოუვლინა. ამასთან, დიდი ხნის განმავლობაში ეს უძველესი ერი ბავშვთა მკვლელად იყო დასახული.
ბიბლიის თანახმად, ღმერთი იაჰვე ისრაელის ყველა პირველი შვილის მისთვის ძღვნად მირთმევას ითხოვდა: "წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე ჩემია იგი" (ძველი აღთქმა. გამოსვლა 13:2). ამ ადგილს წმინდა წიგნიდან ხშირად ასე ხსნიან, რომ ბავშვები იაჰვეს პატივსაცემად მოკვდინებული უნდა ყოფილიყვნენ.
წმინდა წერილის მიმდევართა რელიგიურ საზოგადოებაში ინახებოდა და ხელახლა გაიაზრებოდა ადრეული ქანაანის კულტურის მრავალი საკულტო ტრადიცია. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ ცეცხლი სიბილწისგან წმენდდა. ჰოდა, ინკვიზიტორთა გადაწყვეტილება, კოცონზე დაეწვათ ჯადოქრები და ალქაჯები, დასაბამს სწორედ აქედან იღებს. ცნობილია ჰინომის ველზე, ძველქანაანური მიწისქვეშეთის ცეცხლის ღვთაების - თოფეთის საკერპოს არსებობაც, სადაც ჩვილებს სწირავდნენ.
ჰინომის, ებრაულად კი "გაი ბენ-ინომ" ანუ "ჰინომის შვილების ველი" წარმოადგენს ყველაზე ღრმა და ციცაბო ხევს იერუსალიმის რეგიონში. ის სათავეს იღებს ისრაელის ცენტრალური წყალგამყოფიდან, "კინგ-ჯორჯის" ქუჩიდან ქალაქის ცენტრში და ეშვება ძველი იერუსალიმის გალავნიდან, კვეთს იუდეის უდაბნოს და მკვდარ ზღვასთან გადის. სწორედ აქ, იერუსალიმის ფერხთით, ოდესღაც ყველაზე საშინელი კერპთაყვანისცემის ადგილი იყო. გადმოცემის თანახმად, აქ მოდიოდნენ ებრაელი წინასწარმეტყველნიც, რათა კერპთაყვანისმცემლობას შებრძოლებოდნენ. რადგან მოსახლეობას ამ ველზე ჯერ საკუთარი შვილები მოჰყავდათ შესაწირად და შემდეგ, ის გარდაცვლილ დამნაშავეთა, სნეულთა და დახოცილ ცხოველთა დასაწვავ ადგილად იყო გამოყოფილი. ხევმა ქრისტიანობასა და ისლამშიც ჯოჯოხეთის სახელი დაიმკვიდრა. ამგვარად, "გაი-ბენ-ინომ" დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა ცეცხლოვან "გეენად" და ძვ.წ. II საუკუნიდან, გარდაცვლილ ცოდვილთა საზღაურ ადგილად იქცა.
სისხლის წვიმები ცეცხლში
ქანაანელთა მსგავსად, "სემის შვილებმაც" იწყეს თავიანთი პირველი შვილების წყლის, მიწისა და ქვესკნელის დიდი მეუფისთვის მიცემა, რომელსაც ყოველივე პირველქმნილი ეკუთვნოდა. ჰინომის ველზეც და სხვა ადგილებშიც, მათ ვაალის/ბაალის (ბატონის) სამსხვერპლოთა შენებას მიჰყვეს ხელი, რათა "ცეცხლოვან გეენაში" საკუთარი შვილები დაეწვათ.
ძველი ქანაანის მიწებზე, გათხრებისას, არქეოლოგებმა უთვალავი რაოდენობით ბავშვთა დამწვარი ნაშთი აღმოაჩინეს. ასევე, უძველესი ტაძრის გათხრებისას ქანაანურ ქალაქ გეზერში, ერთ გამოქვაბულში მრავალი ბავშვის სამარხი იპოვეს.
იუდეველთა ღმერთი უბრალო მსხვერპლს არ ითხოვდა: "პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე. ასევე ძროხისა და ცხვრის პირველმოგებულიც; შვიდ დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე" (გამოსვლა 22:29-30).
წინადაცვეთის რიტუალი, ძველი ტრადიციით, სწორედ მერვე დღეს სრულდებოდა. შესაბამისად, ეს ადგილი ბიბლიიდან შეიმეცნებოდა, როგორც წინადაცვეთილთა მსხვერპლად გაღების მოთხოვნა.
ბავშვები, რომლებსაც დაბადებიდან წინასწარ ჰქონდათ დასახული რაიმე მისიის აღსრულება, განსაკუთრებული ხერხით ინიშნებოდნენ. გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნოე და იაკობი უკვე წინადაცვეთილები დაიბადნენ.
არქაულ ეპოქაში, ძველი სემიტების წინაპრებიდან, ბავშვთა მსხვერპლშეწირვა ჩვეულებრივ წესად იყო მიღებული. მაგალითად, ისინი ალოობის წინ ამას ღმერთებისთვის კარგი მოსავლის სამადლობლად აკეთებდნენ.
კართაგენელებს, ქანაანელი ფინიკიელების შთამომავლებს, სპილენძის კრონის (ძველსემიტური ღმერთი - ელი) ქანდაკება ჰქონდათ, რომელსაც ხელისგულები წინ - მიწისკენ გაეწვდინა. ბავშვები, რომლებსაც მასზე დააწვენდნენ, პირდაპირ "ცეცხლოვან უფსკრულში" ცვიოდნენ. იუდეველებმა ფინიკიის მაგალითზე კოლოსალური სიმაღლის ხარისთავიანი სპილენძის მოლოქის ქანდაკება შექმნეს. მეფეთა ბიბლიურ წიგნში მოთხრობილია, რომ იუდეველთა მეფე ახაზმა მოლოქის სამსხვერპლოზე საკუთარი ვაჟი დაწვა.
ღმერთმა თავის ხალხს უბრძანა, მისთვის მოსეს ხელით ყოველი პირველნაშობი შეეწირა (ძვ.წ. XV-XIII სს.), თუმცა მოგვიანებით, მისივე პირით განაცხადა:
"თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს. პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან საკუთარი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმინდარი გაეუწმინდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა" (ლევიანნი 20:2-3).
გამოდის, ღმერთმა იაჰვემ არათანამიმდევრულობა გამოიჩინა, ხოლო ხალხმა ამ განკარგულების აღსრულება არ ინება. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, დაახლოებით ძვ.წ. 622 წელს იუდეველთა მეფე იოსიამ ღმერთთან ახალი აღთქმა დადო და იუდეველებს მოლოქისთვის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა საბოლოოდ აუკრძალა. ამასთან, ამ სისხლიანი ღვთაების სამსხვერპლოების ნგრევა დაიწყო.
წინასწარმეტყველ იეზეკიელთან ამგვარი წინააღმდეგობრიობა თავად ღმერთისგან მოწოდებული შემდეგი სიტყვებითაა ახსნილი: "გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით, ყოველი პირველშობილის გატარებით ცეცხლში, რომ გაეჩანაგებინა ისინი, რათა მიმხვდარიყვნენ, რომ უფალი ვარ" (იეზეკიელი 20:26). ე.ი. მსხვერპლშეწირვის მოთხოვნა მკაცრი გამოცდა ყოფილა ისრაელიანთათვის.
მამის "ტვირთი"
კარგია, რომ "სიონის შვილებმა" არ გადმოიღეს ქანაანელთა წეს-ჩვეულება, ადამიანის სისხლით გაემყარებინათ ღმერთთან მნიშვნელოვანი შეთანხმებანი.
გეზერის გათხრებისას უძველეს სამარხებში ახალგაზრდა ქალისა და ყმაწვილკაცის რამდენიმე ჩონჩხიც აღმოჩნდა. ისტორიკოსებმა ივარაუდეს, რომ ქანაანელებს ისინი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით, მსხვერპლად შესწირეს და მომლაპარაკებელმა მხარეებმა მსხვერპლად შეწირულთა ნაწილებს შორის გაიარეს.
იუდეველთა მამამთავარმა აბრაამმა ღმერთთან აღთქმის დადებისას, სამი წლის ხბო, თხა და ცხვარი შესწირა მსხვერპლად.
"როცა მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის" (დაბადება 15:17).
მართალია, აბრაამს არ მოუწია შვილის მსხვერპლად გაღებამ, მაგრამ ის მზად იყო ამის გასაკეთებლად. როგორღაც ღმერთმა მისი მორჩილების გამოცდა ისურვა და უბრძანა, მსხვერპლად შვილი - ისააკი გაეღო. აბრაამმა აჰკიდა ვირს შეშა, მორჩილად წაიყვანა შვილი და მორიას მთას მიადგა. მთის მწვერვალზე მან ისააკი შეშის თავზე დააწვინა. მხოლოდ მაშინ, როცა დანა აიღო და შვილზე ხელი აღმართა, ზეციდან უფლის ანგელოზმა შეაჩერა...
მსხვერპლად რომ მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებს არ სწირავდნენ, ამის შესახებ ბიბლიურ მსაჯულთა წიგნშიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ. იუდეაში მსაჯულებს სახალხო ლაშქრის წინამძღოლებს ეძახდნენ, მაგრამ ზოგიერთი მხედართმთავარი მიიჩნევდა, რომ ცუდია ის მსაჯული, რომელიც მეფობაზე არ ოცნებობს. მაგალითად, ერთხელ, გალაადის ტერიტორიას ყამონიანები დაესხნენ თავს. მხსნელად ადრე განდევნილი და ყაჩაღობით მცხოვრები იფთახი მოევლინათ. ის ისრაელიანთა ლაშქრის მეთაურობას დათანხმდა მხოლოდ ერთი პირობით: რომ ლაშქრის გარდა, "სრულიად გალაადის შვილთა" წინამძღოლიც უნდა გამხდარიყო. სანამ ყამონიანებთან შეტაკება დაიწყებოდა, ოფთახმა დაიფიცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მსხვერპლად შესწირავდა ადამიანს, რომელიც შინ დაბრუნებისას პირველი შეხვდებოდა. ბედის ირონიით, "პირველშემხვედრი" მისი ერთადერთი ქალიშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცეკვით შეეგება გამარჯვებულ მამას. საბრალო გოგონა მამის ფიცს შეეწირა.
ცილისწამების მსხვერპლნი
"გოების" (წინადაუცვეთლების) სიკვდილით დასჯის იდეა, რომლებიც თორას შეისწავლიდნენ, ებრაელებს მტკივნეულად დაუბრუნდათ უკან. მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული იყო რწმენა, რომ ისინი მაცის (უფუარი პური) დამზადების დროს, ქრისტიანთა ან სხვა სარწმუნოების მიმდევართა სისხლს იყენებდნენ.
მაგალითად, რუსეთში დიდი სახალხო რეზონანსი გამოიწვია "ბეილისის საქმემ". სასამართლო პროცესზე ებრაელ მენახემ-მენდელ ბეილისს ბრალი ედებოდა 12 წლის მოსწავლის, ანდრეი იუშინსკის რიტუალურ მკვლელობაში 1911 წლის 12 მარტს. საბოლოოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბეილისი გაამართლა, თუმცა ამ გახმაურებული საქმის გარდა, კიდევ რამდენიმე, ნაკლებად ცნობილი საქმეც არსებობდა. ბეილისი 1920 წელს გადასახლდა ნიუ იორკში. 1926 წელს ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი "ჩემი ტანჯვის ისტორია".
მაგალითად, ველიჟის საქმე, რომელიც 1823 წელს რუსეთის იმპერიის ქალაქ ველიჟში ებრაელების მიერ ჯარისკაცის ქვრივის სამი წლის ვაჟის, ფიოდორის მოკვდინებას შეეხებოდა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბიჭუნა სინაგოგაში მოკლეს, მისი სისხლი ბოთლებში ჩამოასხეს და სხვადასხვა ქალაქში გადაიტანეს. იქ ამ სისხლით ტილოს ასველებდნენ, რომელსაც წვავდნენ და ფერფლს მაცის მოსამზადებლად ცომში უმატებდნენ...
რა თქმა უნდა, ახლა ყველა ეს "ებრაული ბოროტმოქმედება" ცილისწამებად ითვლება, მაგრამ საუკუნე-ნახევრის წინ ასე არ ფიქრობდნენ.
1844 წელს, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლევ პეროვსკის თხოვნით, ცნობილმა ფილოლოგმა ვლადიმირ დალმა ეს საკითხი შეისწავლა და დაწერა ბროშურა: "გამოძიება - ებრაელების მიერ ქრისტიანი მცირეწლოვანი ბავშვების მოკვდინებისა და მათი სისხლის გამოყენების შესახებ". ის მხოლოდ ვიწრო წრისთვის, ათი ეგზემპლარის ოდენობით გამოიცა. არსებობს ვერსია, რომ ამ ამბიდან გარკვეული ხნის შემდეგ "რუსული არქივის" გამომცემელმა პიოტრ ბარტენევმა, ავტორის ნებართვით, კვლავ გადაწყვიტა მისი დაბეჭდვა უფრო ფართო აუდიტორიისთვის. მაგრამ ვიღაც ებრაელმა, რომელიც სტამბაში მუშაობდა, ღამით მთელი აკრეფილი შრიფტი დაშალა, ხოლო ბროშურიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი (მითითებულია გვერდების ნუმერაციაც კი - 72-82) ამოხია და მოსკოვიდან აორთქლდა. თუმცა, ბროშურის რამდენიმე ეგზემპლარი მაინც შემორჩა. საინტერესოა, რომ 2010 წელს რუსეთის ქალაქ ორენბურგის სასამართლომ ეს ბროშურა ექსტრემისტული მასალების ნუსხაში შეიტანა და მისი გავრცელება აკრძალა...
ირინა ჯანდიერი
"ისტორიანი" .#129